TimeLine: რა არის გაზეთი?

AutoSharing Option
რა შეიცვალა ქვის ხანიდან დღემდე? "ბევრი არაფერი", ადამიანმა საკვების მოსაპოვებელი ტექნიკა უმაღლეს დონეზე განავითარა, თორემ დღესაც ძველებურად გვიხდება თითოეული ლუკმისთვის ოფლის ღვრა, ძველებურად ბრძოლით გვიწევს თავის გატანა... გოლისაც...

დიდად არც ჟურნალისტიკის სპეციფიკა შეცვლილა: ისევ ვესაუბრებით რესპონდენტს და კვლავაც ხალხზე ვართ დამოკიდებულნი - იყიდის გაზეთს, მოეწონება პუბლიკაცია, მუდმივ მკითხველად იქცევა...

ამას წინათ ძველ "სკივრში" ქექვისას აღმოვაჩინე გაცრეცილი, ფურცლები (ოთხი იყო), რომლებსაც მელნისფრად, გაკრული ხელით შესრულებული წარწერები "ამშვენებდა".

ასე იწყებოდა:

"ჩვენს გაზეთ "საბჭოთა ფიზკულტურელში" გამოქვეყნებულ სტატიებს ბევრი მკითხველი ჰყავს, აინტერესებთ, რას ვწერთ
ამა თუ იმ სპორტულ ღონისძიებაზე, მაგრამ - იქნებ მკითხველს ჩვენც ვაინტერესებთ? იქნებ სურთ გაიგონ, როგორ ეწყობა გაზეთი, ვინ მუშაობს მასზე და საერთოდ, როგორ იბეჭდება სტამბაში?

გადავწყვიტე, წინასაახალწლოდ სწორედ ჩვენი ამბები მოგითხროთ".

გაცრეცილ ფურცლებზე დაწერილი შესავალი უთუოდ გაგიჩენთ დანარჩენი სამი გვერდის წაკითხვის სურვილს. მითუმეტეს, რომ დღევანდელსა და ათწლეულების წინანდელ მასმედიას შორის უამრავ მსგავსებას აღმოვაჩენთ. მაშ ასე, განვაგრძოთ მელნით ნაწერი საგაზეთო, საახალწლო პუბლიკაციის კითხვა:

"თუ კოლმეურნეები გაღვიძებას მზეს ასწრებენ, ხოლო მუშებს დილის 7 საათიდან ურო უჭირავთ, სპორტული ჟურნალისტების საქმიანობა მაშინ ხურდება, მზე რომ გადაიწვერება. რატომ? იმიტომ, რომ სპორტულ ღონისძიებებს ვაშუქებთ, ამა თუ იმ მატჩიდან დაბრუნებულებმა ჯერ რეპორტაჟის ჩონჩხი უნდა ავაგოთ, შემდეგ მელანში ჩაწობილი "ბატის ბუმბული" უნდა მოვიმარჯვოთ, საკუთარი ფიქრები ფურცელზე გადავიტანოთ და ჩავაბაროთ რედაქტორს. თუმცა იგი ამჟამად მივლინებაშია, ზამთრის ოლიმპიადას ესწრება. ამიტომ, ყველა მასალას მისი მოადგილე იბარებს, კითხულობს და სტილისტ-კორექტორებს აძლევს საბოლოო სახის მისაცემად.

გგონიათ, წაიკითხავენ, ზედმეტ ასო-ბგერას გადაშლიან და ამით ყველაფერი მთავრდება? არა, ბატონებო - იმართება დისკუსიები მართლწერის წესებზე, ყოველ სიტყვაზე, სასვენ ნიშანზე...

- უცნაურია, - მითხრა ერთხელ სტილისტმა, - სპორტულ გაზეთში უფრო გამართული ქართულით წერთ, ვიდრე პოლიტიკურ გაზეთებში. თუმცა თქვენც გაქვთ ახირებები.
- რას გულისხმობთ? - დავინტერესდი.
- რომ წერთ "ნიათიანიო", რას ნიშნავს ეს სიტყვა, როგორ გავიგოთ?
- ყველაფერი მარტივადაა: თუ არის "უნიათო", რატომ არ უნდა არსებობდეს სიტყვა "ნიათიანი"?..

გაცილებით სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ჩვენი კორექტორი ბათუმის მწვრთნელის ინტერვიუს კითხვისას. ტექსტში ერთი და იგივე რესპონდენტი ერთბაშად ექვსი სახელით იყო მოხსენიებული. კორექტორი ავტორთან მივიდა და დაბნეულმა ჰკითხა - გამაგებინე, ბოლოს და ბოლოს, რა ჰქვია ამ კაცსო.

პასუხი:

- პასპორტით ერთი ჰქვია, ახლობლები მეორეს ეძახიას, საფეხბურთო წრეებში მესამე სახელითაა ცნობილი...

ინტერვიუ, ზოგადად "მძიმე თემაა" - კორესპონდენტს შესაწამლი აპარატივით მძიმე ჩამწერის თრევა უწევს (არ დაგვავიწყდეს, ლაპარაკია 60-იანი წლების ტექნიკაზე). თუმცა ზოგი საქმიდან იოლად გამოძრომასაც ცდილობს - მოიმარჯვებს ფურცელს და ინტერვიუს კალმით იწერს. ერთ-ერთი სხვა გაზეთის რედაქტორი ჯიუტად ითხოვს ინტერვიუს ფირზე დაფიქსირებას, რასაც კურიოზულ შემთხვევებამდე მივყავართ: ჟურნალისტმა მითხრა, ერთხელ საკუთარი ინტერვიუ ჩავწერე - კითხვასაც მე ვსვამდი, პასუხსაც მე ვცემდი, რედაქტორს ფირი რომ მოეთხოვა, ვუჩვენებდი, რომ ინტერვიუ გავაკეთე. ავიღე და ეს ინტერვიუ გაზეთში გადავიტანეო. დაუჯერებელია, მაგრამ სინამდვილეა.

არანაკლებ საინტერესო რამ მითხრა იმავე გაზეთის სხვა ჟურნალისტმა: "დინამოსთან" მატჩის შემდეგ თურქეთის ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელს მივადექი, არც რუსული იცოდა, არც ინგლისური, ვერაფერი გავაგებინე და დავემშვიდობე. მეორე დღეს გაზეთში იმ თურქი მწვრთნელის ერთგვერდიანი ინტერვიუ გავაშანშალეო.

ჩვენს გაზეთში, "საბჭოთა ფიზკულტურელი", ინტერვიუს გამოგონება სულაც არ გვჭირდება.

მდიდარი ტრადიციების გაზეთი გვაქვს და ასეთ რამეს არავინ იკადრებს. მოკლედ, მასალა თავს იყრის რედაქციაში და კიდევ უფრო შრომატევადი სამუშაო საღამოს იწყება. კიდევ კარგი, ტელევიზორი გამოიგონეს და ფეხბურთის მხოლოდ რადიოთი მოსმენა აღარ გვიწევს.

ტელევიზიის გაჩენამ საშუალება მოგვცა, ეუსებიოს თუ პელეს ფინტები საკუთარი თვალით გვეხილა და გემოვნებაზე დავაც გაჩაღდა - ზოგს ცივსისხლიანი გერმანელები მოსწონს, ზოგს ცხელი ბრაზილიელები, ზოგს პორტუგალია, რომელიც ძირითადად ეუსებიო...

ამას წინათ, მისთვის მშობლიურ ქალაქში ძეგლი გაუხსნიათ. არ გეგონოთ, რამე დაემართა, ეუსებიოს სიცოცხლეშივე დაუდგეს ძეგლი, ისევე, როგორც ჩვენს დიდ ბელადებს, რომლებიც ჩვენს გონებაში მუდამ უკვდავნი არიან.

1966 წელი ფეხბურთის მოყვარულთათვის დასამახსოვრებელი იყო - პირველად გადაიცა საბჭოთა ტელეეკრანებზე მსოფლიოს ჩემპიონატი. პირველი სენსაციაც ვიხილეთ: ჩრდილოეთ კორეამ იტალიას მოუგო. ვინ წარმოიდგენდა ამას? თუმცა ერთმა ჟურნალისტმა კი თქვა - ასეც ვიცოდიო.

თურმე კაპიტალისტურ დასავლეთში ამა თუ იმ მატჩის შედეგზე ფულს დებენ, იგებენ, ოღონდ, ეს იატაკქვეშ ხდება.

ზემოთ გემოვნება ვახსენე. ზოგს ზედმეტიც კი მოსდის და ჯიუტად ამტკიცებს, ვთქვათ, პორტუგალიასთან გერმანია არაფერიაო. მათ კატეგორიას სამსონიც განეკუთვნება და თავისი პრინციპულობის გამო დაისაჯა კიდეც. ჩვენი მეტრამპაჟე (დღევანდელ ენაზე დამკაბადონებელი - ავტ.) გერმანიის თავგადაკლული ქომაგია და სამსონს უმტკიცებდა - ფინალში ვერც ბრაზილია გავა, ვერც პორტუგალია, გფრ-ს ელოდეო. დანაძლევდნენ - თუ ფინალში გერმანელები ან ინგლისელები მოხვდებოდნენ, სამსონს მატჩისთვის არ უნდა ეყურებინა. რას წარმოიდგენდა, რომ სწორედ ეს გუნდები ითამაშებდნენ პირველ-მეორე ადგილებისთვის. ასე გამოტოვა ფინალი სამსონმა!

გაზეთში მხოლოდ ფეხბურთზე როდი იწერება, გვყავს საკალათბურთო და რაგბის მიმომხილველებიც. ჩვენი "მორაგბე" ერთთავად ამტკიცებს - რაგბი წმინდა ქართული თამაშია, სწორედ ჩვენს ხასიათშია შეუპოვრობა, გამარჯვების შერკინებით მოპოვების ნიჭი, რაც მთავარია, მორაგბეს ღონე, ენერგია სჭირდება, საამისოდ კი კარგი კვებაა აუცილებელი, ქართველებს არც მადა დაგვეწუნებაო.

საკალათბურთო მიმომხილველს პირზე აკერია 1962 წელი - ჩემპიონთა თასი სპორტის რომელ სხვა სახეობაში მოგვიგიაო?! მის გასაჩუმებლად არაერთ კოლეგას უნატრია: ნეტავ მომდევნო ათწლეულში (70-იანებში) მაინც მოიგოს ფეხბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა თასი, ან სულაც მე-20 საუკუნე როგორ უნდა დასრულდეს ისე, ჩემპიონთა თასი ერთ წელს თბილისში რომ არ ჩამოვიდესო...

გაზეთში ყველა სპორტს თავისი ადგილი აქვს. ცალკე კუთხე ეთმობა მილოცვებსა თუ სამძიმრის წერილებს. თუმცა ზოგჯერ სულაც არ არის იოლი გასარკვევი, რედაქციაში სამძიმრის წერილი მოდის თუ მოლოცვა. აი, მაგალითიც: ერთ წერილში ამოვიკითხეთ პიროვნების ღვაწლის შესახებ, გავეცანით მის განვლილ ცხოვრებას, მაგრამ არსად ეწერა, იუბილეს ულოცავდნენ, თუ გარდაიცვალა და ამიტომ მოვიდა ეს წერილი რედაქციაში. სხვა გზა არ იყო, რედაქტორთან დავრეკეთ, რომელიც, როგორც გითხარით ზამთრის ოლიმპიადაზე იყო მივლინებაში...

ასეთი შემთხვევაც ყოფილა, ოღონდ სხვა გაზეთში: დაიბეჭდა ნეკროლოგი, რომლის მთავარმა გმირმა მეორე დღეს რედაქციაში დარეკა და ღიმილით იკითხა - სააქაოდან ვრეკავ, ჯერ ცოცხალი ვარ, ალბათ, გვარი შეგეშალათო.

დასაწყისში ისიც მოგახსენეთ, რომ საგაზეთო მუშაობა დღის მეორე ნახევარში ხურდება. ეს ის დროა, როცა მეტრამპაჟეები ბოლომდე იტვირთებიან. მათ ისედაც რთული მისია აკისრიათ - ლითონის ასოები ისე უნდა ააწყონ, რომ შემდეგ ფურცელზე გადატანისას სასვენი ნიშანიც არ იყოს გამორჩენილი. ცხადია, რედაქტორი თავზე ადგას, საღამოს კარს აღებს ე.წ. დიზაინერი, სინამდვილეში სულთამხუთავი... ამას ემატება შეკითხვა ერთი მაგიდის უკნიდან - მათი, გცალია?

მათეს სიგარეტის მოსაწევად არ სცალია, თონის პურზე გასვლას ხომ აღარავინ ჩივის.

მთავარი მოვლენები კი ღამის 12 საათის შემდეგ ვითარდება, როცა ნომრის მორიგეები პირველ გვერდზე იწყებენ მუშაობას: ერთის აზრით, გაზეთის ქუდის ქვემოთ სქელი ხაზია საჭირო (სტაფილოსფერი კარგი იქნებოდაო, მაგრამ ამის საშუალება არ არის - გაზეთი შავ-თეთრია), მეორე მორიგე სურათის წარწერებს დიდ ყურადღებას აქცევს - ყველას უნდა ჰქონდეს მინაწერი, თანაც ჩარჩოში ჩასმულიო. მესამე მორიგე მაკრატლით დადის და ერთთავად ფოტოებს ჭრის - გაზეთის პირველ გვერდს მოჭრილი ფოტო ძალიან უხდებაო. თან, გამოჭრილი სურათის კლიშეს (ლითონის ფირფიტა, რომლითაც ფოტოები იბეჭდებოდა) დამზადება შედარებით იოლიაო...

ასე და ამგვარად, თუ "ზემოდან" შეკვეთა არ არის და გაზეთის ქუდის გვერდზე სტალინის ან ლენინის სურათი არ ზის, ლამაზი პირველი გვერდი გამოდის. ზედიზედ წაგებები რომ გადაებმება, მთავარ გვერდზე იპოლიტე ხვიჩიას სურათი დაგვიხატავს წარწერით - "ისევ წავაგეთ, ფეოლა"...

"ტიტანიკის" სურათიც დაბეჭდილა, მაშინ, როცა შევიტყვეთ ზესტაფონის "მეტალურგის" პირველი ლიგიდან ჩაძირვის ამბავი...

...გათენდება და გაზეთების ჯიხურებში გადავარცხნილი "ფიზკულტურა და ცხოვრება" თავმომწონედ ყელყელაობს სხვა სპორტულ, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ გაზეთებს შორის.

მაშინ, როცა მკითხველი გამყიდველს ხურდას გაუწოდებს, ჟურნალისტები უკვე მეორე დღის ნომერზე მუშაობენ. ასე ბრუნავს მედიაცხოვრება მოედანზე გაგორებული ტყავის ბურთივით..."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რამხელა სტატიაა, წაკითხვა შემეზარა. საქმე დაგელიათ? ერთი შეხედვით იდიოტობაა. სურათზე ეს ზანგი ვინაა, ის დაწერეთ ჯობს.
Tengo
11:40 02-01-2015
0

სიახლეები პოპულარული