სპორტული ფედერაციები სამინისტროს საქმიანობას დადებითად, პარლამენტის კომიტეტის გადაწყვეტილებას კი, არაადეკვატურად აფასებენ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციები 4 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც ეროვნული სპორტული ფედერაციების შემაჯამებელ ოქმშია ნათქვამი, 4 აპრილს, სასტუმრო "რედისონში" ეროვნული სპორტული ფედერაციები საქართველოს სპორტულ სამყაროში უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების მიზეზებისა და მიმდინარე პროცესების განსახილველად შეიკრიბნენ.

"საინიციატივო ჯგუფმა 2015 წლის 1 აპრილს თხოვნით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს, დასწრებოდნენ დღევანდელ შეხვედრას და მოეხდინათ სპორტული სამყაროს ინფორმირება აღნიშნული საკითხების შესახებ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა და სამინისტროს
სხვა მაღალჩინოსნება. ხოლო პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტმა არ ჩათვალა მიზანშეწონილად თავიანთი წარმომადგენლების შეხვედრაზე მოვლინება (რის შესახებაც წერილობითი ფორმით შეატყობინა ფედერაციებს).

სამწუხაროდ, სპორტულ ფედერაციებსა და მთლიანად სპორტულ სამყაროს კვლავ არ მიეცათ საშუალება მოესმინათ კომიტეტის წარმომადგენლებისგან განმარტებები და მოსაზრებები მიღებული გადაწყვეტილებებისა და შექმნილი მდგომარეობის თაობაზე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თავის მიმართვაში მოახსენა დამსწრე საზოგადოებას სამინისტროს მიერ ჩატარებული სამუშაოებისა და სპორტულ სამყაროში მიმდინარე პროცესების შესახებ, პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს.

სიტყვით გამოვიდნენ ფედერაციების ხელმძღვანელები, გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ დღესდღეისობით სრულიად აღმოფხვრილია სამინისტროს ჩარევა ფედერაციების საქმიანობაში, ეს აუცილებლად უნდა ჩაითვალოს დიდ მიღწევად სპორტის განვითარების პროცესში.

ფედერაციები არიან დამოუკიდებელნი გადაწყვეტილებების მიღებისას, სპორტი არ არის პოლიტიზირებული და ამ მონაპოვარის დაცვა მიჩნეულ უნდა იქნას უმთავრეს ამოცანად.

საგრძობლად გაზრდილია ფედერაციების დაფინანსება, რაც აისახება შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში და აჩენს სტაბილური განვითარების საფუძველს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფედერაციებსა და სამინისტროს შორის ჩამოყალიბდა საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობები.

თითოეული ფედერაციის პრობლემები სამინისტროს მიერ გაზიარებულია და მუშაობა ამ კუთხით ერთობლივად მიმდინარეობს.

ფედერაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს იმ პრობლემებზეც, რომლებიც კვლავ აქტუალურია, კერძოდ, ინფრასტრუქტურაზე, საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, და ა.შ.

მინისტრის განმარტებით, უახლოეს მომავალში მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სპორტულ სამყაროს აღნიშნული საკითხების სამართლებრივი და ეფექტური დარეგულირების საშუალებას მისცემს, ბიზნესით დაკავებული წრეებისათვის კი ბევრად უფრო მიმზიდველი გახდება სპორტში ინვესტიციების განხორციელება. მან მადლობა გადაუხადა ფედერაციების წარმომადგენლებს საქმიანი და ნაყოფიერი შეხვედრისათვის და დატოვა შეხვედრა.

გაიმართა დისკუსია მინისტრის მიერ გაკეთებული მოხსენების შესახებ, აზრთა გაცვლის შემდგომ ეროვნული სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები მივიდნენ საერთო შეთანხმებამდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოების შეფასების საკითხზე:

1. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა და რეფორმები შეფასებული იქნა დადებითად;

2. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის მიერ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქმიანობის უარყოფითად შეფასების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, არსებული ინფორმაციისა და რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა არაადეკვატურად და არასამართლიანად;

3. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციები გამოხატავენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ყველასთან, ვისაც აწუხებს ქართული სპორტის აწმყო და მომავალი, გამოვიდნენ დღევანდელის მსგავსი შეხვედრების ინიციატივით და მოიწვიონ ყველა დაინტერესებული მხარე, ხელი შეუწყონ სპორტულ საქმიანობაში სტაბილურობასა და წინსვლას. ჩვენ, სპორტული ფედერაციები, ვართ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი და გვაქვს ლეგიტიმური უფლება ვიყოთ ინფორმირებულები სპორტთან დაკავშირებულ პროცესებთან მიმართებაში და ამ პროცესებში ჩართულები.

იმ დროს, როდესაც წინ ამდენი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეჯიბრი გველის, მომავალ წელს ტარდება ოლიმპიადა რიო დე ჟანეიროში, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ფედერაციების და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობა არსებული პრობლემების გადასაჭრელად, კონფრონტაცია, რომელსაც ჩვენ დღეს თვალს ვადევნებთ, რბილად, რომ ვთქვათ, ქართული სპორტის წარმატებას ხელს ნამდვილად ვერ შეუწყობს.

ჩვენ, საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებს ნორმალური ფუნქციონირებისათვის გვჭირდება ხელშეწყობა, მშვიდი, საქმიანი გარემო და სტაბილურობის განცდა. დღეს ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ და ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც ამაში გვერდში დაგვიდგება.

საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციები ვთანხმდებით მასზედ, რომ ჩვენი შეხვედრები უნდა გაიმართოს სისტემატიურად, რათა აზრთა ურთიერთ გაზიარების მეშვეობით შევძლოთ საქართველოს სპორტული სამყაროსათვის აუცილებელი გადაწყვეტილებების ერთობლივი მიღება", - ნათქვამია შემაჯამებელ ოქმში, რომელსაც ხელს ფედერაციების წარმომადგენლები აწერენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული