პროფესიონალური რჩევები დამწყებ მორბენალს

AutoSharing Option
გიყვარს სირბილი? დარბიხარ? გილოცავ - საკუთარ თავს პატივისცემით ეპყრობი! გინდა სირბილი, მაგრამ ვერ დარბიხარ? - ამაში სეულის ოლიმპიური თამაშების პრიზიორის, მაია აზარაშვილის რჩევები დაგეხმარება.

სირბილი ყველაზე გავრცელებული სპორტის სახეობაა მასობრივ სპორტში, რადგან შეგიძლია დაიწყო ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე, ზედმეტი დანახარჯების გარეშე. მაია აზარაშვილი გაგიზიარებს, თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება დამწყებმა მორბენალმა.

სარბენი ფეხსაცმელი
სირბილში მთავარ როლს ასრულებს კარგად მორგებული სარბენი ფეხსაცმელი. ფეხსაცმელი უნდა იყოს მსუბუქი, ჰაერის გამტარობის უნარით, ძირის უკანა ნაწილი წინა ნაწილზე ოდნავ ამაღლებული.

სწორი ზომის შერჩევისთვის სასურველია, ფეხსაცმელი
შეიძინოთ დღის ბოლოს, როცა ფეხები ოდნავ შეშუპებულია. ფეხსაცმელთან ერთად, მნიშვნელოვანია ტანზე კარგად მორგებული სპორტული ტანსაცმელი ჰაერგამტარობის ფაქტურით.

სავარჯიშო გეგმა
დამწყებმა მორბენალმა პირველ დღეს არ უნდა დაისახოს ზედმეტი მიზნები. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც იწყებენ ვარჯიშს სწრაფი სირბილით, ხშირ შემთხვევაში სირბილს თავს ანებებენ და მის მიმართ შიში უჩნდებათ. მაღალი ტემპით ვარჯიშის დაწყება ნაკლებად ეფექტურია. შენი მთავარი მიზანი უნდა იყოს არა ტემპი, არამედ ინტენსიურობა. შედეგის მისაღებად კვირაში არანაკლებ 3-ჯერ 30 წთ სირბილი აუცილებელია. დროთა განმავლობაში მოუმატე დროსაც და ტემპსაც. ტემპი ისეთი უნდა შეარჩიო, რომ დამთავრების შემდეგ საუბრის თავი გქონდეს და შინ ქანცგაწყვეტილი არ დაბრუნდე. თუ თავიდან 30 წთ სირბილი გაგიჭირდა, გადადი სწრაფ სიარულზე და ისევ სირბილზე, ოღონდ ნუ შეჩერდები. გაითვალისწინე, აქ მთავარია ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა.

სირბილის დროს უნდა დაისახო სიამოვნების მინიჭება და არა ვალდებულება. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გადავა სასიამოვნო ჩვევაში.

სირბილის ტექნიკა
სირბილის დროს ნაბიჯი უნდა იყოს ბუნებრივად ზომიერი, ნიადაგს ეხები ქუსლით და გადადიხარ ტერფის წინა ნაწილზე, რაც მსუბუქი ანარეკლით მთავრდება; ხელები ოდნავ მოხრილი, დაძაბვის გარეშე მოძრაობენ წინ და უკან, მხრები მოშვებული, წელში გამართული და თავი სწორად, სუნთქვა კი თანაბარი. ტრავმის თავიდან ასაცილებლად სირბილი უნდა დავამთავროთ მსუბუქი გაწელვებით.

ეფექტი
გარდა გამძლეობის გაუმჯობესებისა, სირბილის დროს ორგანიზმში იწვება ცხიმები. მხოლოდ აუცილებელია ვარჯიშთან ერთად შესაბამისი კვება. რაციონში ხორცი, ცხიმოვანი საკვები და ცომი უნდა ჩაანაცვლო ბოსტნეულით, ფრინველის ხორცით და თევზით. დღეში 2-3 ლიტრი წყალი დაგირეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

რას იტყვი, ხომ ადვილია? გინდა იყო ლამაზი, ჭკვიანი და ჯანმრთელი? - ირბინე!
გინდა იყო ქველმოქმედი? - ირბინე!

სეულის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი მაია აზარაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული