გინესის რეკორდების წიგნი: რამდენი ფუნთუშის შეჭმა შეგიძლიათ?

AutoSharing Option
ლონდონში, რეგენტს პარკის ახლოს, ქალაქის არც ისე პრეზენტაბელურ რაიონში ერთი მოკრძალებული ოფისი არსებობს.

ვერც კი მიხვდები, რომ აქ გამოიცემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი. აგერ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, მას ყოველწლიურად თავიდან წერენ და პრაქტიკულად მთელი ამ დროის განმავლობაში, პირველ ადგილს იკავებს გაყიდული ეგზემპლიარების რაოდენობით. მხედველობაში გვაქვს - გინესის რეკორდების წიგნი.

წიგნის გმირები დედამიწის მაცხოვრებლები არიან, თანაც ბევრი მათგანი იქ ისე მოხვდა, რომ თავადაც არ იცოდა ამის შესახებ. მაგალითად, რობერტ პერშინგ უოდლოუ, ისტორიაში ყველაზე მაღალი ადამიანი, რომლის დოკუმენტურად დადასტურებული სიმაღლე
2 მეტრსა და 72 სანტიმეტრს უდრის. რედაქციაში შესვლისთანავე, პირველი სწორედ უოდლოუს მაყაოს ფიგურა დაგხვდებათ.

მაგრამ, ამ ადამიანის მაგალითი გამონაკლისია, თუმცა, არა ერთადერთი. ამ წიგნში მოსახვედრად, მათი გმირების უმრავლესობამ უდიდესი ძალისხმევა დასჭირდათ. ბევრმა ამისთვის შეუძლებელიც კი გააკეთა. რა აიძულებდა მათ ამას - ეს ცალკე საკითხია. შეჯიბრების აზარტი? გამარჯვებულის შეგრძნებისთვის რბოლა?

ვისი ძაღლია ყველაზე მახინჯი?
ბოლო წლებში წიგნის მთავარი რედაქტორის პოსტს საოცრად მოძრავი და ენერგიული შოტლანდიელი კრეიგ გლენდეი იკავებს. საყვარელ საქმეზე მას შეუძლია საათობით ილაპარაკოს.

გლენდეი ჟურნალისტებს თავის კაბინეტში იწვევს, ყავას და ფუნთუშებს უკვეთავს და სტუმარს სთავაზობს... თავად სცადოს წიგნის ფურცლებზე მოხვედრა. ამისთვის, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ "დისციპლინაში რეკორდის დამყარებას სთავაზობს. ეს არის დროზე ფუნთუშების შეჭმა.

- რამდენიმე წლის წინ, თავად ვიყავი ამ დისციპლინაში რეკორდსმენი, - ღიმილით ჰყვება რედაქტორი. - მაგრამ სულ მალე ერთმა ახალგაზრდამ დაამხო ჩემი რეკორდი: სამ წუთში შვიდი ფუნთუშა გადაყლაპა.

- რომელი სპორტული მიღწევა მიგაჩნიათ ყველაზე უცნაურად?
- რთული შეკითხვაა. პირველ რიგში, მახსენდება იაპონელი ექსტრემალების გართობა, რომელსაც "ბანზაი სქაი-დაივინგი" ჰქვია. პარაშუტით კლასიკური ხტომებისგან ის იმით განსხვავდება, რომ პარაშუტი და ადამიანი 3 კილომეტრ სიმაღლეზე თვითმფრინავს ცალ-ცალკე ტოვებენ. სპორტსმენის მიზანია - დაეწიოს მხსნელ პარაშუტს, ჰაერში ჩაიცვას და შემდეგ მოასწროს მისი გახსნა. ეს არის ერთ-ერთი დისციპლინა, რომელშიც დამოუკიდებლად მონაწილეობას არავის ვურჩევთ.

- ყველაზე ხალისიანი რეკორდი რომელია?
- ასეთი ბევრია. მაგალითად, ფინეთში, რომელიც პირველ ადგილზეა ერთ მოსახლეზე დაფიქსირებული რეკორდების რაოდენობით, ყოველწლიურად იმართება შეჯიბრი მობილური ტელეფონის ყველაზე შორს გატყორცნაში. ამერიკაში ბალიშებით ჩხუბობენ, ავსტრალიაში ცხვრებს ითვლიან, გერმანიაში ულვაშებისა და წვერის სწრაფად გაპარსვაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. კალიფორნიაში კი, რეგულარულად ეწყობა კონკურსი ყველაზე მახინჯი ძაღლის გამოსავლენად. მოკლედ, ყველას ჩამოთვლა გამიჭირდება.

- სპორტთან დაკავშირებული რომელია რეკორდია ყველაზე "ასაკოვანი"?
- ალბათ, ეს რეკორდი "მარაკანას" სტადიონს ეკუთვნის. ის 1954 წელს აშენდა და დღემდე მსოფლიოს ყველაზე დიდ საფეხბურთო არენად არის მიჩნეული. შეიძლება დასახელდეს "ტურ დე ფრანსი" - თანამედროვე სპორტში ყველაზე ძველი ველორბოლა.

რატომ ვაწვალოთ ცხენი?
დღეს ამის დაჯერება რთულია, მაგრამ "გინესის წიგნის" პირველი გამოცემა, რომელიც 1955 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა, პაბებში საკითხავად იყო განსაზღვრული. უფრო ზუსტად, იმ დავებისა და კამათის გადაჭრისთვის, რომელიც ძლიერი სასმელის მიღებისას წარმოიშვება.

"წიგნის დამაარსებლად მიიჩნევა სერ ჰიუ ვივერი, რომელიც გასული საუკუნის შუაში ლუდსახარშის ქსელის - "გინესის" ხელმძღვანელი იყო, - ჰყვება გლენდეი. - ერთხელ, ირლანდიაში ნადირობის დროს, სერ ჰიუმ რომელიღაც ფრინველის მოკვლა ვერ შეძლო. მოგვიანებით, როცა ამ წარუმატებლობის შესახებ საუბრობდნენ, ვივერმა თავისი უიღბლობა იმით ახსნა, რომ ის ფრინველი ყველაზე სწრაფი იყო მსოფლიოში. მეგობრებმა ვივერი მასხრად აიგდეს და ყველაზე სწრაფი ჩიტის საკუთარი ვერსია დაასახელეს. იმისთვის, რომ ეს დავა გადაეწყვიტათ, მათ სერ ჰიუს მთელი მდიდარის ბიბლიოთეკა გადაქექეს.

სწორედ ამ კურიოზულმა შემთხვევამ მიიყვანა ვივერი იმ აზრამდე, რომ ასეთი ხასიათის კამათი - საკმაოდ ხშირია მსგავს პაბებში. მაშინ, რატომ არ უნდა გამოსცენ წიგნი, სადაც იქნება პასუხი შეკითხვებზე და ყველა წინადადება დაიწყება სიტყვით - "ყველაზე". ამ იდეამ სერ ჰიუ ვინმე ნორის და როს მაკუირტერებს დააახლოვა, რომლებიც, მოგვიანებით, "გინესის წიგნის" პირველი რედაქტორები გახდნენ. მათ თავიანთი ცხოვრების მრავალი წელი შეალიეს მთელს მსოფლიოში უჩვეულო მიღწევებისა და ფაქტების შეგროვებას. მათი უმდიდრესი არქივიდან დაიწყო დღეს ყველასთვის ცნობილი გინესის რეკორდების წიგნის ისტორია

პირველი გამოცემა წყალგაუმტარი გარეკანით გაკეთდა, რადგან წიგნი პაბებსა და ბარებში ვრცელდებოდა. მაგრამ, სულ მალე წიგნი ისეთი პოპულარული გახდა, რომ ბევრმა მოინდომა მისი პირად ბიბლიოთეკაში შეტანა. მას უკვე ერთმანეთს ჩუქნიდნენ შობაზე და დაბადების დღეებზე. ხოლო 70-იან წლებში, ის ყველაზე რეალიზებადი წიგნი გახდა და დღემდე ასეთად რჩება.

- რას წარმოადგენს გინესის რეკორდების წიგნი?
- დღეს, ჩვენი ბაზა დაახლოებით 40 ათას რეკორდს ითვლის. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, თუ რა რაოდენობის განაცხადები შემოდის ჩვენთან ამა თუ იმ მიღწევასთან დაკავშირებით. ოფისში ყოველწლიურად დაახლოებით 60 ათასი წერილი და ამანათი მოდის. მათი 90-95 პროცენტის დაფიქსირება სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეგვიძლია. ყველაზე ნათელი მაგალითი? ბევრი წერს: "მე შემიძლია საკუთარ იდაყვი ავლოკო". ძალიან კარგი! მაგრამ, სად არის აქ სიტყვა - "ყველაზე"?

- კიდევ რა მიღწევის დაფიქსირება არ შეგიძლიათ?
- ჩვენ უარს ვამბობთ ისეთი მოქმედების რეგისტრაციაზე, როგორიც არის მსოფლიოს გარშემო ცხენით მოგზაურობა. მოტივი მარტივია: საკუთარ თავს, რაც გნებავთ ის გაუკეთეთ, მაგრამ რატომ უნდა მოუწყო ცხოველს ასეთი სასტიკი გამოცდა?

ჩვენ არ შეგვიძლია რეკორდად დავაფიქსიროთ ყველაზე სწრაფი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო ავტომობილით, რადგან ვერც ერთი პრეტენდენტი ვერ ამტკიცებს, რომ ამ რეკორდის დამყარებისას, არცერთხელ არ გადაუჭარბებია სიჩქარის დაშვებული ნორმისთვის. ხოლო, კანონის დარღვევის წახალისება ჩვენთვის დაუშვებელია. კიდევ ერთი მაგალითი: მშენებლობა სისწრაფეზე. თუ ვიღაცამ სახლი ორ დღეში ააშენა, სად არის გარანტია, რომ ის ასევე სწრაფად არ დაინგრევა?

- სპორტის სამყაროშიც არის ისეთი რეკორდები, რომელთა ასახვაც არ შეიძლება გინესის წიგნის ფურცლებზე?
- დღეს, ასეთი რეკორდი არც ისე ბევრია. აი, 50-60-იან წლებში, დიდ ბრიტანეთში ძალიან პოპულარური იყო მელიებზე ნადირობა, რის წინააღმდეგაც მკაცრად ილაშქრებდნენ "მწვანეები". ამ საკითხში მოგვიწია ამ უკანასკნელთა მხარე დაგვეჭირა. არ ვმალავ, ბევრს მიაჩნია, რომ პოლიტკორექტულობის დაცვა ხანდახან ფარსს ემგვანება. მაგრამ არ უნდა დავივiწყოთ ჩვენი სამუშაოს სოციალური ფუნქცია, ამიტომაც, უფლება არ გვაქვს ჩვენი წიგნის ფურცლებზე გამოვაქვეყნოთ ისეთი მიღწევები, რომელიც შეურაცხყოფას მიაყენებს ვიღაცის გრძნობებს.

- ისეთი რეკორდები თუ არსებობს, რომლებსაც ვერასოდეს გააუმჯობესებენ?
- ვფიქრობ, არასოდეს დაემხობა ყველაზე მაღალი ადამიანის რეკორდი. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიაში დარჩება ყველაზე მსუქანი ადამიანის რეკორდი - ის 600 კილოგრამს უტოლდება. საბედნიეროდ, დღეს მცხოვრებთა წონა 300 კილოგრამს არ სცილდება - ეს თანამედროვე მედიცინის დამსახურებაა. სხვათა შორის, იმ ადამიანს, რომელიც 635 კილოგრამს იწონიდა, კიდევ ორი რეკორდი ეკუთვნის: ყველაზე მეტი წონის დაკარგვა - თითქმის 400 კილოგრამი და წონებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა ქმარსა და ცოლს შორის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული