სად? "ლელოს" რედაქციაში.
როდის? გუშინ.
დიახ, ჩვენი სტუმარია "რა? სად? როდის?" საქართველოს კლუბის პრეზიდენტი და სატელევიზიო ტელეშოუს წამყვანი გიორგი მოსიძე.
მერედა, სად ტელეშოუ და სად "ლელოო", იკითხავს, ალბათ.
ვნახოთ!
- რა ადგილი უკავია, ბატონო გიორგი, სპორტს თქვენს ცხოვრებაში?
- ბავშვობისას მამას ხშირად დავყავდი ფეხბურთისა და კალათბურთის საყურებლად, მერე თავად ვვარჯიშობდი სხვადასხვა სექციაში კლასიკური ჭიდაობიდან დაწყებული რაგბით დამთავრებული. მოსწავლეობისას თბილისის კალინინის რაიონის ფრენბურთელთა გუნდის წევრი ვიყავი, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისას ბადმინტონში საქართველოს უნივერსიადის მესამე პრიზიორიც გავხდი და საკავშირო პირველობაზე უნდა
თბილისის 58-ე საკალათბურთო სკოლა დავამთავრე. კახა შენგელია პარალელურ კლასში სწავლობდა. კალათბურთის ნიჭით დიდად არ გამოვირჩეოდი, მაგრამ ყოველდღე შვიდ საათს ვატარებდი მოედანზე. სპორტული ჟინი დღემდე გამომყვა - კვირაში ორი დღე ფეხბურთს ვთამაშობ, რეგულარულად ვცურავ.
ერთი სიტყვით, ვცდილობ, ფორმაში ვიყო, როგორც ყველა ჭეშმარიტი ქართველი მამაკაცი, ჭარბ წონას ვებრძვი, მართალია, ყოველთვის არ გამომდის, მაგარამ ხომ ვცდილობ...
ყმაწვილობისას, მგონი, მე-7 კლასში ვიყავი, "ლელოსა" და "სოვეტსკი სპორტიდან" ვიწერდი სტატისტიკას - ვინ სად თამაშობდა, გოლები ვინ გაიტანა. რვეულები მაქვს რეპორტაჟებით სავსე - თუ როგორ ეუფლება თბილისის "დინამო" უეფას თასს, ცხადია, გამარჯვებულ გუნდში მე და ჩემი მეგობრები ვთამაშობდით.
ჩემი თაობისთვის უცხოური გუნდების მონაწილეობით მატჩების ხილვა უდიდესი ბედნიერება იყო.
- სად უყურებდით მატჩებს? მაშინ ხომ საქართველოს ტელევიზია ასე ხშირად ვერ უჩვენებდა უცხოურ ფეხბურთს.
- რეპორტაჟების საყურებლად პანტიანში ავდიოდით ბიჭები. ასე რომ, "პანტიანის თაობა" ვარ. ერთი კერპი არასდროს მყოლია. ჩემი საყვარელი ფეხბურთელები იყვნენ ვან ბასტენი, გულიტი და რაიკაარდი. ჰოლანდიის გულშემატკივარი ვიყავი. დღესაც ასეა, საქართველოს ნაკრების შემდეგ მე და ოთარ ტატიშვილი ჰოლანდიას ვქომაგობთ.
რაც შეეხება საკლუბო გუნდებს, თბილისი "დინამოს" გარდა, არც ერთზე თავს არ ვიკლავ, უბრალოდ, ლამაზი ფეხბურთი მიყვარს, ამიტომ იმ გულშემატკივრების არ მესმის, ღაწვებს რომ იხოკავენ. მაგალითად, ჩვენს კლუბში ბიჭები გიორგი ბაქრაძის თავკაცობით "მანჩესტერ იუნაიტედს" გულშემატკივრობენ, თან ისე თავგადაკლულად, რომ ძალიან შემაწუხეს და მათს ჯინაზე "მანჩესტერ სიტის" ვქომაგობ. სამი წელიწადია, "სიტი" "მანჩესტერზე" წინ არის და ჩვენი ბიჭებიც ჭკუაზე არ არიან.
დღეს რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციასაც ვაწყდები - ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ნაწილი სპორტისადმი გულგრილია. მთელი დღე შეუძლიათ, ინტერნეტთამაშებით გაერთონ, თავად კი ერთხელაც არ გააგორებენ მოედანზე ბურთს. მაგალითად, მე ტელევიზორთან ფეხბურთის საყურებლად რომ ვჯდები, ჩემი უფროსი ვაჟი პროტესტის ნიშნად ოთახიდან გადის. მისი თაობისთვის, ჩემისგან განსხვავებით, სპორტი პრიორიტეტი არ არის, სიამოვნებას ვერ ხედავენ.
- როდის გაგიჩნდათ საზრიანთა კლუბის ჩამოყალიბების იდეა?
- სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისას. მე და ჩემმა თანამოაზრეებმა - ლაშა კილაძემ და სხვებმა, რომლებიც დღესაც მრავლად არიან კლუბში, გადავწყვიტეთ, ისეთი თამაშები ჩაგვეტარებინა, რომლის მსგავსი უწინ ჩვენთან არასდროს გამართულა. ეს იყო 1991 წელს, ასე რომ, გაისად 25 წელი შეგვისრულდება. თუმცა მაშინ ამგვარი იდეის განხორციელება იოლი არ იყო, რადგან საქართველოში უშუქობა, ბნელი და უკუნი მეფობდა.
სიძნელეების მიუხედავად, მიზანს მივაღწიეთ, დღეს უკვე საქართველოში ყველაზე ხალხმრავალი ორგანიზაცია ვართ, 40.000 წევრი გვყავს. ისინი რეგულარულად იკრიბებიან და თამაშობენ. თაობები გამოვზარდეთ. ჩვენს პოპულარობას ხელი ტელევიზიამაც შეუწყო.
"რა? სად? როდის?" ორ მიმართულებად იყოფა: ერთია ეგრეთ წოდებული ტელეშოუ, რომელიც შაბათობით გადის ტელეეკრანზე - კლუბის ექვსკაციანი გუნდი ტელემაყურებლების წინააღმდეგ, მეორე კი სპორტული ვერსიაა, სადაც უამრავი გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს. ყველას ერთდროულად უწევს 72 კითხვაზე პასუხის გაცემა. უძლიერესი ყოველთვის სუფთა წესებით ვლინდება - ვინც მეტს გამოიცნობს, ცხადია, ის გაიმარჯვებს.
გასულ შაბათ-კვირას საქართველოს 21-ე ჩემპიონატი ჩავატარეთ. დავით რაფავას და ბესიკ ბუთურიშვილის ექვსეულებმა თანაბარი ქულები მოაგროვეს და პირველი ადგილი გაიყვეს, მესამეზე დავით სიჭინავას გუნდი გავიდა. სამივენი წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატში იასპარეზებენ.
რაც შეეხება ტელეშოუს, აქ სხვაგვარი სიტუაციაა, ობიექტურად შეუძლებელია იმის დადგენა, ვინ უფრო ძლიერია - ტელემაყურებელი თუ მათ წინააღმდეგ მოთამაშე გუნდი. ბევრი სუბიექტური ფაქტორი მოქმედებს, მაგალითად, ვიღაც წინა დღეს შეუძლოდ იყო და ვერ გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები, როგორც საჭიროა, ან წამყვანია ცუდ ხასიათზე და ვიღაცას ჩაუთვალა, ან არ ჩაუთვალა პასუხი.
არც არის ამის დაზუსტება საჭირო, რადგან ეს შოუა და მაყურებელს ეს მოსწონს და სიამოვნებს.
ხშირად გვეკითხებიან, რამდენად სამართლიანია ჩვენი თამაშები. სპორტული ტურნირები, როგორც გითხარით, ნამდვილად სამართლიანია, ტელეშოუ კი არც არის ჩაფიქრებული, როგორც ობიექტური პაექრობა. ტელემაყურებელს არ აინტერესებს ტელეშოუების სამართლიანობა. აქ მთავარია, რომ ვიღაც დაიჩაგროს, რომ შემდეგ მას თანაუგრძნონ. ამიტომაც ჩვენს შოუსაც ჰყავს გმირები, ანტიგმირები, ჩაგრულები.
მაგალითად, იჩაგრება ოთარ საბაშვილი, რათა მერე აღდგეს ვითარცა ფენიქსი. ტელეშოუ ეს არის დრამა-ტრაგედია და კათარზისი. ცხადია, ამას ხელს უწყობს წამყვანიც. ამიტომაც ჩემ მიმართ ხალხს ორგვარი დამოკიდებულება აქვს: ერთი ნაწილის აზრით, მე შეკრული ვარ მოთამაშეებთან და მათს წარმატებასა და კეთილდღეობაზე ვზრუნავ, მეორე ნახევარს კი მიაჩნია, რომ მოთამაშეებს ვემტერები, ტირანი ვარ და პირველსავე ძელზე უნდა ჩამომკიდონ.
ალალად გეტყვით, არავითარი შეთანხმება მოთამაშეებთან. სხვა საქმეა, რომ პასუხების გაცემაში ვერევი. ალბათ, გახსოვთ შემთხვევები, მოთამაშეებისთვის აზრები შემიცვლევინებია. ზოგს სწორი ვერსია აქვს და ჩემი ჩარევის შემდეგ მცდარად მპასუხობს, ან - პირიქით. აქაც, ფაქტობრივად, თანაბარი მდგომარეობაა და ყველაფერი ეს შოუს ნაწილია. უამისოდ, მერწმუნეთ, გადაცემა უინტერესო იქნება.
- რა თემატიკა სჭარბობს თქვენთან შემოსულ შეკითხვებში?
- არაერთგვაროვანია. მრავლად არის სპორტული თემატიკა, ფეხბურთი და ოლიმპიზმი სჭარბობს. ბევრად მეტი შეკითხვა შემოდის, ვიდრე მაგიდაზე იდება, ჩვენი მოაზროვნეები კარგად ერკვევიან სპორტში, მაყურებელთა შეკითხვები კი იმდენად სუსტია, რომ მათს მაგიდაზე გამოტანას აზრი არ აქვს, ადვილად გამოიცნობენ.
ჩვენ საკუთარი, ასე ვთქვათ, ვიწრო ფანკლუბები გვაქვს, ზოგი ფეხბურთს ქომაგობს, ზოგი კალათბურთსა და რაგბის. ევრობასკეტისა და რაგბიში მსოფლიოს თასის გათამაშების საქომაგოდ ჯგუფებსაც კი ვადგენთ.
- სად აპირებთ გამგზავრებას?
- მე და ჩემს მეგობრებს კალათბურთი გვიყვარს, ზაზა ფაჩულიასთან ვმეგობრობთ და ხშირად ვიწვევთ კლუბში. ისიც, როცა თბილისშია, ხშირად გვსტუმრობს შეკითხვებით. ჩვენც არაერთი ღამე გაგვითენებია ნბა-ში მისი მატჩების საყურებლად. ახლაც 10-კაციანი ჯგუფით გავემგზავრებით საქომაგოდ ხორვატიაში. ქართველ კალათბურთელებს, თუ ისინი ფორმაში იქნებიან, პირველი ეტაპის გადალახვა არ უნდა გაუჭირდეთ.
ჩვენს კლუბში მორაგბეთა ფანკლუბის ლიდერია დავით რაფავა. სწორედ მისი მეთაურობით წავა რამდენიმე კაცი ინგლისში მსოფლიოს თასის მატჩების საყურებლად.
- როდის აპირებთ ახალი სეზონის დაწყებას?
- მას შემდეგ, რაც ზაფხულის ციებ-ცხელება ჩაივლის.
- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- ბევრი რამ გვაქვს ჩაფიქრებული, მთავარი კი ის არის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ. 24 ქვეყნის საუკეთესო გუნდები გვეწვევიან. საპრიზო ადგილებისთვის, ცხადია, ჩვენებიც იბრძოლებენ.
- სად გაიმართება შიჯიბრება?
- რა თქმა უნდა, თბილისში, კერძოდ, სად, მოგვიანებით გაირკვევა.
- როდის არის დაგეგმილი ჩემიონატი?
- 13-15 ნოემბერს. როგორც გითხარით, ასეთი მაღალი დონის ასპარეზობას პირველად ვმასპინძლობთ, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ სტუმრები კმაყოფილი დარჩნენ. კარგი იქნება, ჩვენი საყვარელი გაზეთი "ლელო" პარტნიორობას თუ გაგვიწევს და ამ შეჯიბრებას გააშუქებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"