TimeLine: ჩხირი კედელს, რა არის მიკრონეზია?

AutoSharing Option
ხშირად, პოლიტიკოსები ვერ აცნობენ მსოფლიოს საკუთარ ქვეყანას ისე, როგორც სპორტსმენები. ამის მაგალითს მეც არაერთხელ გადავაწყდი. თუნდაც ზაგრებულ ამბავს გავიხსენებ: ქუჩაში ერთი ხორვატი გავიცანი, ეტყობოდა, დალხენილად არ ცხოვრობდა, "ჯორჯიადან" ვარ-მეთქი, რომ ვუთხარი, გაეხარდა, კალაძე-კობიაშვილით დაიწყო და საქართველოს ნაკრების სხვა წევრებით განაგრძო...

ახლახან მსოფლიომ ფეხბურთით ერთი ქვეყანა აღმოაჩინა - მიკრონეზია. ამ კუნძულოვანი სახელმწიფოს შესახებ აქამდე ბევრმა არაფერი უწყოდა, სწორედ ამიტომ გაჩნდა არაერთი შეკითხვა: რა არის მიკრონეზია? დამოუკიდებელია, თუ რომელიმე დიდი ქვეყნის კოლონიაა? სად მდებარეობს?

მოკლედ, ამ ქვეყნისადმი ინტერესი აშკარად გაიზარდა, რასაც მიკრონეზიის
ასი ათასიანი მოსახლეობა ახალგაზრდულ ნაკრებს უნდა უმადლოდეს. რიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მიკრონეზიელმა 23-წლამდელებმა ტაიტისთან 0:30 წააგეს, ფიჯისთან - 0:38, ხოლო "გემრიელი ლუკმა" ბოლოსთვის შემოინახეს - ვანუატუსთან 0:46 დაეცნენ.

რომელ სპორტში? 46:0 ხომ არ გეცნობათ? სწორედ ამ ანგარიშით დაამარცხეს ქართველმა მორაგბეებმა რუსები. თუმცა საოცარი ის არის, რომ ვანუატუმ მიკრონეზიას რაგბში კი არა, ფეხბურთში მოუგო.

მარტივი არითმეტიკაა: მატჩი 90 წუთს გრძელდება, ვანუატუელებმა კი 46 გაიტანეს. გამოდის, მათ ორ წუთში ერთი გოლი გაჰქონდათ.

Sportall.Ge

შეხვედრას დაესწრო "სკაი ნიუსის" ჟურნალისტი კევინ დარლინგი, რომელმაც მსუბუქი შედარება მოიყვანა - ვანუატუელები 11 კუბიკით დაკომპლექტებულ გუნდს ეთამაშებოდნენ და როგორც სურდათ, ისე უქცევდნენ გვერდსო.

არ გაგიკვირდეთ და მიკრონეზიელებს მოწვეული მწვრთნელი ჰყოლიათ - ავსტრალიელი სტენ ფოსტერი, რომელსაც მატჩის შემდეგ კომენტარის გაკეთება არ დაზარებია:

"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კაცები ბიჭების წინააღმდეგ თამაშობდნენ... არა, ჩემი გუნდი უფრო საბავშვო ბაღის ნაკრებს ჰგავდა..."

მწვრთნელმა იქვე დასძინა, რომ მიკრონეზიის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე (მისი გვარი სჯობს არ დავწეროთ) კარში პირველად მატჩამდე სამი კვირით ადრე ჩადგა. იგი ფოსტერმა ქართული ფილმის გმირ "ფეოლასავით" თავად მოძებნა და გოლკიპერობა შესთავაზა.

"ვანუატუსთან მატჩი ჩემი ბიჭებისთვის დიდი გამოცდილება იყო, იმედი მაქვს, ათი წლის შემდეგ ისინი სულ სხვა ფეხბურთს ითამაშებენ", - ესეც ფოსტერის ნათქვამია.

უკეთესი იქნებოდა "სულ სხვა" ჩამოეშორებინა და მივიღებდით: ფეხბურთს ითამაშებენო.

ვანუატუ-მიკრონეზიის თამაში დიდი ამბით განვიხილე, მაგრამ მთავარ შეკითხვებზე პასუხი არ გამიცია.

რუბრიკა "ტაიმლაინი" გვაძლევს საშუალებას გავარკვიოთ, რა არის მიკრონეზია, სად მდებარეობს და ფეხბურთის გარდა რითია ცნობილი მსოფლიოს მასშტაბით.

რა ღირს ერთი ღორი?
მიკრონეზია, რომელიც ბერძნულად "მცირე კუნძულებს" ნიშნავს დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მართალია, იგი 600-მდე კუნძულისგან შედგება, მაგრამ დროშა რომ არ დაწინწკლულიყო, ლურჯ ფონზე (ოკეანეს აღნიშნავს) მხოლოდ ოთხი მთავარი კუნძული დახატეს (ვარსკვლავის სახით): იაპი, პონპეი, ჩუუკი და კოსრაე.

მიკრონეზიის ფედერაციაში მუქკანიანი ხალხი ცხოვრობს, ოკეანეთის მკვიდრნი აზიელებთან არიან არეულები. თუმცა ლურჯკანიანების ხილვაც შეიძლება. ასეთები ათწლეულების წინათ უფრო მეტნი იყვნენ - ტომის ბელადები და მათი ოჯახის წევრები ტანს მთლიანად ისვირინგებდნენ და ამით მაღალი საზოგადოების კუთვნილებას გვიჩვენებდნენ.

ასევე წლების წინათ მიკრონეზიელებს კუნძულ პალაუდან ქვის გამოთლილი ლოდები მოჰქონდათ. წისქვილის ქვა ხომ გინახავთ? - სწორედ ასეთი გახვრეტილი ქვები. უამრავ ასეთ ლოდს ეზიდებოდნენ. მაგრამ რისთვის? სავაჭროდ! ეს მიკრონეზიული ფულის ერთეულები იყო. მაგალითად, 60-სმ-იანი დიამეტრის ლოდით ერთი ღორის შეძენა შეიძლებოდა, 2-მეტრიანით - ნავის.

"ხურდებს" ფასი კიდევ უფრო ემატებოდა, თუ მისი მოჭრისას, მუშა ტრავმას მიიღებდა...

Sportall.Ge

ქვით მიკრონეზიაში სატრფოს მშობლების გულის მოგებაც შეიძლებოდა. თუმცა უფრო მარტივი ხერხიც არსებობდა: მიკრონეზიული ტრადიციის მიხედვით, ბიჭები ღამღამობით გოგონების სახლებთან მიიპარებოდნენ და ფოთლებით დაფარულ კედლებს შორის სასიყვარულო ჩხირს ("ფელაი") არჭობდნენ. თითო ჩხირს ორიგინალური ორნამენტი ჰქონდა, რომლის მიხედვით გოგონა არკვევდა, იმ ღამით რომელი თაყვანისმცემელი ეპატიჟებოდა. ჯოხის მარცხნივ გადატრიალებით ვაჟს ანიშნებდა, რომ გამთენიისას გავიდოდა; მარჯვნივ გადატრიალება ნიშნავდა, რომ დედის დაძინებას ელოდა...

ჯოხის უკან გამოგდება რასაც მოასწავებდა, ამის გამოცნობა თქვენთვის მოგვინდია.

ერთი რუსი მოგზაური მიკრონეზიელების საომარ თვისებებზე საინტერესო ამბავს იხსენებს. ბრძოლა წესებით ყოფილა: ერთი კუნძული მეორეს თავს რომ დაესხმოდა, გაიმართებოდა "ფიცხელი ომი", დამარცხებულად ცხადდებოდა ის მხარე, რომლის ერთ მეომარსაც სისხლი გამოუვიდოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ხელი გაეჭრებოდა თუ თავი გაუტყდებოდა...

ამის მოსმენისას ერთ-ერთმა კოლეგამ ღიმილით თქვა: ეს იგივეა, რაც ჭადრაკი ქიშის თქმამდე ითამაშოო. თან დასძინა, პატარაობაში ამ წესებით თამაში მეც ძალიან მიყვარდაო.

კიდევ ერთი "სერიოზული" შეკითხვა: ვანუატუსთან მატჩისას, რომელიმე მიკრონეზიელს ფეხი ხომ არ გაეკაწრა?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სხვებისთვის ჩვენი ნაკრები თუ კლუბები მიკრონეზიაა ზუსტად და ამაზე წერეთ პასუხი ვინ უნდა აგოს ????????
vato
18:46 11-07-2015
0
სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ნაკრებს და Gუნდებსაც მიკრონეზიელებიც მოუგებენ, ვინაიდან ჩვენებზე უთავმოყვარე ფეხბურთელები არ Aრსებობენ!
Chvens fexburtelebs
10:01 12-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული