TimeLine: გამარჯობის ნაცვლად #NBAvote Zaza Pachulia

AutoSharing Option
ზაფხულში ვიქტორ სანიკიძემ მითხრა: ბოლო დროს იშვიათია, მაგრამ მაინც შემხვედრია ისეთი ხალხი, ვინც არ იცის საქართველოს არსებობაო...

1991 წლიდან საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებში 90-იანი წლების ქართული ომიც შუქდებოდა, "ვარდების რევოლუციამაც" დიდი ყურადღება მიიპყრო; 2008 წლის ომისას ბევრმა გაიგო, რომ პატარა საქართველო დიდი რუსეთის მეზობელია, მაგრამ დღეს მაინც ვხვდებით ხალხს, რომელსაც "ჯორჯია" მხოლოდ ამერიკის შტატი ჰგონია.

უკვე გაცვეთილი ფრაზაა: შვეიცარიელმა... დანიელმა... ან თუნდაც შვედმა, შესაძლოა, არც იცოდეს, ვინ არის მისი ქვეყნის პრეზიდენტიო.

იცით, რატომ? იმიტომ, რომ მას სულაც არ
აინტერესებს პოლიტიკა. სამაგიეროდ, მშვენივრად ეცოდინება, ვინ არის ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომ მისი მამა ბოსნიიდან გადასახლდა შვედეთში...

სპორტი ხომ პოლიტიკაზე უფრო საინტერესო, უფრო მიმზიდველი და ჩამთრევია. დალაგებულ ქვეყნებში ხალხი გამოხშირვის მეთოდით არჩევს ინტერესთა სფეროს და მისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება უყურო რეპორტაჟს პარლამენტიდან, როცა სხვა არხზე ნაკრების რეპორტაჟი მიმდინარეობს. ბევრი ქართველი ვიცი, პირიქით რომ ფიქრობს.

ბოლო დროს, ამ მხრივ სიტუაცია ჩვენთანაც რეგულირდება, ხალხს პოლიტიკა სწყინდება და სპორტულად ექცევა. არა? არ გჯერათ? მაშინ ერთ შეკითხვას დაგისვამთ და ვნახოთ, ჩვენი პასუხები დაემთხვევა თუ არა ერთმანეთს: ხვალ, 15 იანვარს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები რომ იმართებოდეს, ვინ გაიმარჯვებს, თუ კანდიდატურას პოლიტიკოსებთან ერთად ზაზა ფაჩულიაც წამოაყენებს?

რა თქმა უნდა, ზაზა! #NBAvote Zaza Pachulia ! ძახილის ნიშნის წინ "პრაბელი ჩავარტყი", რომ ხმა არ გაბათილებულიყო... სწორედ კალათბურთელი ფაჩულიაა, რომელმაც ამერიკას საქართველო გააცნო, აცნობს და მომავალშიც გააცნობს; რომელიც გარნეტის გარდა, იმ ადამიანების მტერია, ვისაც საქართველოს არსებობა ჯერ არ გაუგია.

დამაინტერესა, ამერიკაში ზაზა უფრო მეტმა იცის თუ მიხეილ სააკაშვილი. ამის გამოსარკვევად ამერიკულ "გუგლში" ჩავწერე ორივეს გვარ-სახელი, იმის გამოსარკვევად, ინტერნეტსივრცეში ვინ რამდენჯერაა ნახსენები.

აი, რა შედეგი მივიღე: ფაჩულია - 533 000, სააკაშვილი - 403 000. კიდევ რამდენიმე ცნობილი გვარი ჩავწერე, პოლიტიკოსისაც, ხელოვანისაც, მაგრამ 533 000-ს ვერც ერთმა ვერ გადააბიჯა. დღეს ზაზა პირველი ქართველია. იცით, რატომაა ეს სასიამოვნო? - იმიტომ, რომ მან მიზანს არაადამიანური შრომით მიაღწია, რომ ყოველი მატჩის შემდეგ გასახდელში დასისხლიანებული ბრუნდება...
იხილეთ სახალისო ფოტოები ზაზა ფაჩულიასთვის ხმის მიცემაზე
Sportall.Ge

ერთმა ამერიკელმა მხატვარმა "ვეფხისტყაოსნის" მოტივებზე სერიოზული ნახატი შექმნა, ტარიელად კი ფაჩულია გამოსახა. საინტერესოა, მან ჯერ "ვეფხისტყაოსნის" შესახებ გაიგო თუ ფაჩულიას შესახებ.

მაგრამ ამას ახლა დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, მთავარია, მან ორივე იცის და ვინც ნახატს ნახავს, ისიც გაიგებს...

ფაჩულიასა და "ოლ სტარის" გამოკითხვასთან დაკავშირებით უამრავი ხუმრობაც გაჩნდა. ზოგმა დაწერა: "ბაგრატ III-ის შემდეგ ფაჩულია, მგონი, პირველია, ვინც ქართველი ხალხი გააერთიანა". ზოგმა ლექსი, ზოგმა სიმღერა უძღვნა. აი, იოსებ კობერიძის შემოქმედება:

"ნბა-დან მომავალო ოლსტარების ქარო,
თუ დალასის მავერიქსმა გკითხოს ვინა ხარო,
უპასუხე რომ ზაზა ხარ, არ კი უთხრა ვისი,
ამას თითონ მიგიხვდება ჩემი მავერიქსი.

მისამღერი:

ფაჩულია ვარსკვლავია,
მავერიქსის მშენებელი.
დალასი კი მხარე არის
მისი დამამშვენებელი."

ზაზას მხარდასაჭერ აქციაში მთელი საქართველოა ჩართული, თვით ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს მოსახლეობას, ხმა მისცენ ზაზას.

Sportall.Ge


ყველაზე ნოყიერი ახსნა, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი ფაჩულიას, ბლოგერმა "ალექსანდრე ჩემ" მოგვცა:

"მეც დავწერ ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერი კამპანიის მხარდასაჭერად ორიოდე სიტყვას.
მგონი, ადამიანები, რომლებსაც უტყდებათ, ერიდებათ, უსამართლობად მიაჩნიათ და ა.შ. ერთ რამეს ვერ ხვდებიან: ზაზა ფაჩულიას "ოლ სტარში" მოხვედრა და ამისთვის სრულიად ქართული საზოგადოების კონსოლიდაცია არაა მხოლოდ ზაზას "გასაქაჩად" წამოწყებული საქმე, არამედ სრულიად ქართული კალათბურთისთვის და ქართველი კალათბურთელებისთვის ეს მიღწევა შეიძლება იქცეს ისეთ ტრამპლინად, როგორიც არც კი დაგვესიზმრება სხვა მხრივ. იაო მინი რამდენიმე წელი ხვდებოდა "ოლ სტარში" ჩინეთის წყალობით. ბუნებრივია, მათთვის უფრო ადვილი იყო ამის მიღწევა, ბუნებრივია, ამერიკაში ყველა ხვდებოდა, რომ ეს ჩინეთის დამსახურება უფრო იყო, მაგრამ ფაქტია, ამან ერთიორად გაზარდა ჩინელი კალათბურთელებით დაინტერესება, ჩინელი ახალგაზრდა მოთამაშეების დისტრიბუცია მაღალი დონის გუნდებში და ა.შ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წელს ზაზას მართლა საოცრად მაგარი სეზონი აქვს და იმსახურებს ამ წარმატებას, ყოველგვარი ეროვნული ხელის მიკვრის გარეშეც.

იმავე შეცდომას ვუშვებთ ადამიანები, როცა ვაქილიკებთ ხოლმე ქართველების წარმატებას ნებისმიერ სხვა სფეროში და ვერ ვიაზრებთ, რომ ეს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას ემსახურება, ამით იმავე სფეროში მოღვაწე სხვა ადამიანების მიმართ მეტი ინტერესი ჩნდება.

მუნჯიუმ როცა გაჭრა ევროპული კინოს ჰორიზონტი და რუმინული კინო გააცნო მსოფლიოს, ამის შემდეგ რუმინულმა კინომ ძალიან დიდი ნახტომი განიცადა, უკვე მუნჯიუსგან დამოუკიდებლად.

მთელი სახელმწიფო პროექტი იყო, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ახალგაზრდა რეჟისორი აარჩიეს, კარგად განანათლეს დამატებით და დააფინანსეს. იგივე განმეორდა რამდენჯერმე და უცებ ევროპაში გაჩნდა ე.წ. რუმინული კინოს ახალი ტალღა. ქვეყანამ კომერციული და კულტურული კუთხითაც უდიდესი მოგება ნახა.

ამიტომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე ქართულ კინოს მსოფლიო ასპარეზზე, ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო არენებზე, ქართველ მწერლებსა თუ მომღერლებს, რომლებიც დიდი ტირაჟით გაყიდიან თავიანთ ნაწარმოებებს. ამიტომ უნდა ვუგულშემატკივროთ ნებისმიერ ადამიანს, ვინც სხვებზე მეტად გაჭრის სივრცეს მსოფლიო ცნობადობისკენ - ეს თითოეული ჩვენგანის წარმატებაა. თითოეულს წინ დაგხვდებათ, ამერიკაში რომ ჩახვალთ და იტყვით, აი, ზაზა ფაჩულიას ქვეყნიდან ვარო.. დამარკუს კაზინსის ფანებმა შეიძლება ამრეზით შემოგხედონ, მაგრამ მთელი დალასი გადაგეხვევათ.

გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი სხვა სფეროებშიც და ტვინის ზედმეტი ქანქურის გარეშე ვუგულშემატკივროთ ქართველებს მსოფლიო ასპარეზზე. აქ არც მულტინაციონალიზმია არაფერ შუაში და არც პროვინციალიზმი. პატრიოტიზმს სწორი გაგება სჭირდება. ამ საკითხშიც პატრიოტიზმია. პატრიოტიზმია, როცა გინდა შენი ქვეყანა უფრო წარმატებული იყოს აწმყოსა და მომავალში და არა მხოლოდ წარსულის ლანდებით ამაყობდეს.

ჰოდა, ამისთვის რაღაც აბსტრაქტული კი არ უნდა მოხდეს, არა... ძალიან კონკრეტული...

ქართველები, ინდივიდუალურად თუ გუნდურად, უნდა გახდნენ წარმატებულები, მოწინავეები, აღმომჩენები, გამომგონებლები, გამარჯვებულები და უბრალოდ კაი ტიპები.
ჰო."

ზაზა ფაჩულიაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ტეგი ზაზა ფაჩულია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წელს მანჩესტერში მომიწია ჩასვლა და იქ დღესაც კი საქართველოს გაცნობა გიორგი ქინქლაძის სახელის ხსენებით იწყება
სეფე დადიანი
18:50 14-01-2016
0
საინტერესოა, ამ ყველაფრის შემდეგ სახელმწიფო კალათბურთის განვითარებით თუ დაინტერესდება. ამჟამად მთელ ქართულ კალათბურთზე ყველა ასაკის ნაკრებებზე, ქალებზეც, ვაჟებზეც, ადმინისტრაციებზეც, მსაჯებზე, მწვრთნელებზე, ინფრასტრუქტურაზე, ინვენტარზე, ტრანსპორტზე და ა.შ. მოკლედ, ყველაფერზე ერთად წელიწადში 3 მილიონი დოლარია გამოყოფილი. მათ შორის, 10% საკალათბურთო სასახლის დარბაზზე, რომელიც ისევ ბიუჯეტში ბრუნდება. ამ ფულით იმის მიღწევა, რაც დღეს გვაქვს, მართლაც ფანტასტიკის სფეროა.
ნიკოლოზი
20:06 14-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული