თუმცა დიდი სპორტი ვერ იქნება ბავშვთა სპორტის გარეშე და დავინტერესდით, რა ვითარებაა ამ მხრივ რუსთავში. გვესაუბრება ააიპ რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ბაჩო ხაჩიძე.
- რა ამოცანები დგას თქვენი სამსახურის
- ჩვენი სამსახური ძირითადად ითვალისწინებდა 18-წლამდე ახალგაზრდების დაფინანსებას, მაგრამ ჩვენთან შეიქმნა სპორტის ახალი სამსახური, რის შემდეგაც შევიტანეთ ცვლილება და ეს ასაკი გავზარდეთ 25-წლამდე. დაფინანსების გარდა, ჩვენი სამსახურისთვის ასევე მთავარი ამოცანაა ბაზების მშენებლობა და წლეულს უკვე ვიწყებთ ახალი კომპლექსის აგებას, რომელიც 2017 წელს დასრულდება. გაისად საქართველოში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი ტარდება ხელბურთში, რომლის ერთ ჯგუფსაც რუსთავი უმასპინძლებს და ეს დარბაზიც ამისთვის შენდება, თუმცა იმ ტურნირის დასრულების შემდეგ მულტიფუნქციური გახდება, სადაც სხვადასხვა სახეობების წარმომადგენლები ივარჯიშებენ.
კომპლექსში ორი დარბაზი იქნება - დამხმარე და მთავარი, რომელიც 3 000 მაყურებელზეა გათვლილი.
ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსით ვცდილობთ სპორტის დახმარებას. ამ სამსახურის სათავეში მოსვლის შემდეგ დავიწყეთ ზრუნვა ბიუჯეტის გაზრდაზე, რაშიც შედის კვებისა და გზის ხარჯი, ბავშვებს შევუკერეთ ფორმები, რომლის მეორე ნაწილი მალე ჩამოგვივა. ამან შედეგიც გამოიღო - გვყავს ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდა მოკრივეთა შორის ნიკოლოზ ეგაძე (მგონი, 1990 წლის შემდეგ საქართველოს არ ჰყოლია ჩემპიონი), ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი მელიქიშვილი მკლავჭიდში, დიდი წარმატებებია ჭიდაობაში, ხელბურთში.
ხელბურთელთა ქვეყნის ბოლო ასაკობრივი პირველობის შემდეგ ჩვენი ორი ბავშვი ბათუმის კლუბმა აიყვანა; სპორტულ აკრობატიკაში ევროპის ჩემპიონები რუსთაველები გახდნენ, სადაც ნაწილობრივ ჩვენი დაფინანსებით გაემგზავრნენ. ასევე ვაფინანსებთ ცურვას და ვაპირებთ წყალბურთის დამატებას. ჩვენი სავარაუდო გათვლებით მათ 60-65 პროცენტით ჩვენ დავაფინანსებთ, დანარჩენს კი მშობლები გადაიხდიან.
იქ ივარჯიშებენ 2002-2003 და 2004-2005-წლებში დაბადებული ბავშვები. ქალაქში ორი აუზი გვაქვს - 25-მეტრიანი ცურვისთვის და 33-იანი - წყალბურთისთვის. თუმცა ორივე კერძო საკუთრებაა, მაგრამ მფლობელებთან თანამშრომლობით ბავშვებს ხელი არ ეშლებათ ვარჯიშში - ცურვაზე კვირაში 6 დღე დადიან, 2-3 საათით და თან თბილისთან შედარებით ბევრად შეღავათიან ფასად. გადასახადში მეპატრონეებიც შეღავათს გვიწევენ, ნაწილს ჩვენ ვაფინანსებთ, ნაწილს კი მშობლები იხდიან.
- რუსთავისთვის ტრადიციული გუნდური სათამაშო სახეობები არ გიხსენებიათ - ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი...
- ფეხბურთს და კალათბურთსაც ვეხმარებით, ოღონდ მხოლოდ ბავშვთა ჯგუფებს და არა პროფესიულ კლუბებს, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლებია, კერძო სტრუქტურაა. კალათბურთელი ბავშვები ახლახან დაბრუნდნენ საბერძნეთიდან, სადაც სამი შეხვედრა გამართეს და ყველა მოიგეს. მათაც შევუკერეთ ფორმები.
ხელბურთსა და კალათბურთში ძალიან კარგი თაობა გვყავს, რომლებიც თბილისშიც გამოდიან სხვადასხვა შეჯიბრებებზე. გარდა იმისა, რომ მატერიალურად ვეხმარებით, ყველა გზას ვეძებთ საიმისოდ, რომ როგორმე გადასახადი დავწიოთ.
რაგბიში პროფესიულ კლუბთან მერია თანამშრომლობს ბავშვთა ჯგუფების მომზადებით - ისინი აფინანსებენ, მაგრამ ეს ბავშვები ემზადებიან კლუბის სავარჯიშო პროგრამით. უახლოეს ხანებში ასეთივე სისტემის დანერგვა იგეგმება ფეხბურთსა და კალათბურთში.
- ბიუჯეტი თუ გიწყობთ ამაში ხელს, ზრდადია ის თუ როგორია მისი პარამეტრები?
- თანხა საკმარისი არასოდეს იქნება, შენ თუ არ მოერგე მას. ბიუჯეტი კი ამჟამად 1 335 000 ლარამდეა ასული. აქედან ძირითადი ხმარდება ისევ და ისევ ამ ბავშვებს, რათა კარგი შედეგები ჰქონდეთ. პროცენტულად ეს თანხა თითქმის თანაბრად ნაწილდება როგორც სასწავლო-საწვრთნელი პროცესების დაფინანსებაზე, ისე - მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაზე.
დაახლოებით 1 200 ბავშვი დადის ჩვენს სპორტსკოლებში, თუმცა ველოდებით მათი რაოდენობის გაზრდას. ადრე საერთოდ არ ფინანსდებოდა არაფერი - იშვიათად ვინმეს დაფინანსებოდა გზის, კვების, ცხოვრების ხარჯი, ჩვენ კი ეს დავიწყეთ და ოჯახებსაც მეტი ინტერესი გაუჩნდათ, მიიყვანონ ბავშვები დარბაზში. ჩვენ ამაზე იმიტომ წავედით, რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ ქალაქი სპორტში. წარჩინებულ სპორტსმენებს სტიპენდიებსაც ვუხდით - დაახლოებით 30 მოზარდს. ეს დამატებითი თანხაა, რასაც ისინი ფედერაციებიდან იღებენ ხელფასად. თან ამ სიაში არაოლიმპიური სახეობებიც შედიან. ჩვენ მათაც ზუსტად ისეთივე ყურადღებას ვუთმობთ, როგორიც - ოლიმპიურებს და არა მგონია, ამაზე ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს. ვერავინ იტყვის, რომ მათ დაფინანსება, დარბაზი ან შეჯიბრებებზე გაშვება დავაკელით.
ვფიქრობთ ბიუჯეტის კიდევ უფრო გაზრდას და სამომავლოდ მიკროავტობუსების ყიდვაც გვინდა, რათა ეს ბავშვები ჩვენი ხარჯით ვატაროთ სავარჯიშოდ. ამით გზის ხარჯი შემცირდება, რასაც სხვა საჭიროებებზე გადავანაწილებთ. კიდევ ვიმეორებ - ფული არასოდეს არაა სამყოფი, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოყოფილი თანხა დაიხარჯოს სპორტსმენებზე და არა ჩვენს პირად კომფორტზე.
- მიზნები გასაგებია და წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ პრობლემებიც გექნებათ ქალაქს...
- ქალაქის მთავარი პრობლემა სპორტული ბაზების დეფიციტია. ამჟამად რემონტდება ეგრეთ წოდებული ქიმიკოსთა დარბაზი, სადაც კალათბურთიცაა, ჭიდაობაც და ძიუდოც. პირველი ეტაპი, ალბათ, ორ კვირაში დასრულდება და მთლიანად გარემონტდება პირველი სართული, შემდეგ ეტაპზე კი დაიწყება მეორე სართულის რემონტი, დამონტაჟდება გათბობის სისტემა და ვენტილაცია. ამ დარბაზის შემომატება დიდ სამსახურს გაგვიწევს და, ალბათ, მას სპორტის სასახლე დაერქმევა. კიდევ იგეგმება რამდენიმე დარბაზის გარემონტება, რათა გადაიხუროს და შიგნიდანაც მოწესრიგდეს, ბავშვებს სავარჯიშოდ რაც შეიძლება უკეთესი პირობები რომ ჰქონდეთ.
- საოლიმპიადო კანდიდატები თუ გყავთ?
- მოკრივეები ემზადებიან სალიცენზიო შეჯიბრებისთვის - 4 სპორტსმენი. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვასილ იმერლიშვილი იბრძოლებს. ამ ეტაპზე ეს ხუთი კაცი მოიაზრება ლიცენზიის მაძიებლად, ამდენი კი ბოლო წლებში არ ყოფილა.
- ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება რამდენად იცნობს თქვენს პრობლემებს, თუ გეხმარებათ?
- ეს პრობლემები სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ყურამდეც მიტანილია და მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი პირადადაც იყო ჩამოსული ვითარების ადგილზე გასაცნობად. ისევ გავიმეორებ - ჩვენი მთავარი პრობლემა ბაზებია, რასაც ჩვენი ძალებით ვერ გავწვდებით. მინისტრი დაგვპირდა დახმარებას. არის შეპირება სპორტის სასახლის, აგრეთვე - კალათბურთისთვის ცალკე დარბაზის აშენებაზე. ამ მიმართულებით მუშაობაც დავიწყეთ - მიწა გამოიყო და, სავარაუდოდ, გაისად უკვე დაიწყება მშენებლობა. მერე უფრო თამამად შეგვეძლება პრეტენზიების წამოყენება ოლიმპიადაზეც და ყველაფერზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"