8 მაისს საქართველო მსოფლიოსთან ერთად კვლავ ირბენს!

AutoSharing Option
მსოფლიო რბენა - ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 8 მაისს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით უკვე მესამედ გაიმართება. 2015 წელს მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან 5000 ადამიანი დარეგისტრირდა.

მონაწილეების რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com 2016 წლის 4 მაისამდე. მათ, ვისაც სურს, რომ სანომრე ნიშანზე საკუთარი სახელიც ეწეროს, რეგისტრაცია უნდა გაირონ 13 მარტის ჩათვლით. ამ შემთხვევაში მონაწილის სახელი იქნება დატანილი სანომრე ნიშანზე და მთელი მსოფლიო გაიგებს, რა ჰქვიათ იმ ადამიანებს, რომლებიც დარბიან იმისათვის, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს.

მსოფლიოს 6 კონტინენტი, 33 ქვეყანა და 100 000-ზე მეტი მორბენალი. მონაწილეები შეიძლება იყვნენ როგორც პროფესიონალი სპორტსმენები, ასევე მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია, მონაწილეობის მსურველი 18 წლის იყოს. ასაკში სხვა შეზღუდვა არ არსებობს. 2015 წლის ყველაზე ასაკოვანი მორბენალი 92 წლის შოთა სამუშია გახდა, რომელმაც 3.61 კმ გაირბინა.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. ტრადიციული ფინიშის ხაზის ნაცვლად იქნება სპეციალური "ფინიშ მანქანა", რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს). როგორც კი "ფინიშ მანქანა" გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრებას.

Sportall.Ge

დარეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ ინდივიდუალურ სანომრე ნიშანს, რომელსაც დაიმაგრებენ მაისურზე. შედეგების კონტროლი ხორციელდება ავსტრიის ქალაქ სპილბერგიდან.

ყოველ მე-5 კმ-ზე განთავსებული იქნება გამაგრილებელი პუნქტები წყლით და ხილით. მორბენალს, რომელიც შეჯიბრებას გამოეთიშება, უკან, სტარტზე სპეციალური ავტობუსი დააბრუნებს.

მსოფლიო რბენის შედეგად გამოვლინდება 2 გამარჯვებული - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი. მათ შესაძლებლობა მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ 2017 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევენ. გლობალური ჩემპიონები კი საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო.

საქართველოში მონაწილეობის ფასია 30 ლარი. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს შეგროვებული თანხის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული