თბილისი 16-17 აპრილს საცეკვაო სპორტის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლებს

AutoSharing Option
16-17 აპრილს თბილისი საცეკვაო სპორტის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლებს.

ოლიმპიადა ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება. ოლიმპიადის ფარგლებში, საქართველოს 8 ქვეყნის წარმომადგენლები (გერმანია, უკრაინა, ბელორუსი, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, ირანი) ეწვევიან, ქვეყნის მასშტაბით კი 2 000-მდე მონაწილე მიიღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო ოლიმპიადის ფარგლებში ასევე ტარდება: საქართველოს ღია ჩემპიონატი ჩერლიდინგში, ტურნირი სასკოლო გუნდებსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის, ჩემპიონატები - Para Cheer და Para Dance, სადაც სხვა გამომსვლელებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვებიან ეტლით მოსარგებლე პირები, სმენა და მხედველობადაქვეითებული მოზარდები საერთაშორისო თასის თანამედროვე და საესტრადო ცეკვებში.

ოლიმპიადას სხვადასხვა
ქვეყნიდან მოწვეული საერთაშორისო მსაჯები გაუძღვებიან. ჩერლიდინგი სპორტის სახეობაა, რომელიც მოიცავს შოუსა და სანახაობრივი სპორტის სახეობის ელემენტებს - ცეკვას, ტანვარჯიშისა და აკრობატიკის ელემენტებით. საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ფედერაცია კი შედის მსოფლიო და ევროპულ უმსხვილეს სპორტულ სტრუქტურებში: ICU-ს (International Cheer Union), რომელიც არის უმსხვილესი და ლიდერი ჩერლიდინგის სპორტული ფედერაცია მსოფლიოში, ასევე არის ECU-ს (European Cheer Union) და IDO-ს (International Dance Organization) წევრი.

ოლიმპიადის მიზანია ქვეყანაში კულტურისა და სპორტის განვითარება, ფიზიკური კულტურისა და სპორტის საშუალებით ჯანმრთელობის განმტკიცების ხელშეწყობა; ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი, სპორტული და კულტურული ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა. ასევე, ქალთა სპორტული ჯგუფების აქტიური ჩართულობა სპორტულ და კულტურულ ცხოვრებაში და ჩერლიდინგის, როგორც ერთ-ერთი აქტიური სპორტული მიმართულების განვითარება ქვეყანაში.

ჩერლიდინგი ამერიკასა და ევროპაში ძალზე პოპულარული და განვითარებული სპორტია. ოლიმპიადა საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ფედერაციის, თანამედროვე და საესტრადო ცეკვების ეროვნული ფედერაციისა და IDO-ს ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიება ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურის პალატის მხარდაჭერით ტარდება.

ოლიმპიადის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან ახალი ამბების სააგენტოები: "აიპრესი", "სითიკვირა", "ფრონტნიუსი", "Sportall.ge", "პირველიინფო" და გაზეთი "პრაიმთაიმი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული