ქართული დელეგაციების მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე გაცილების ცერემონია გაიმართა

AutoSharing Option
120-ე საჯარო სკოლაში დღეს ქართული დელეგაციების მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე გაცილების ცერემონია გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გეზრბენის (კროსი) სახეობაში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება 120-ე სკოლის მოწავლეებმა 2015 წელს მოიპოვეს, როცა ისინი ანაკლიის მომავლის ბანაკში საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ.

აღნიშნული ჩემპიონატი უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში 2016 წლის 21 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს გუნდების მოწინააღმდეგეები იქნებიან მათი თანატოლები მსოფლიოს 26 ქვეყნიდან, ესენია - ავსტრია, ალჟირი, ბელგია-ფლანდრია, ბელგია-ფრანგული საზოგადოება, ბრაზილია, ბულგარეთი, ჩინეთი, სლოვაკეთი, ლატვია, ლუქსემბურგი,
საფრანგეთი, საქართველო, უნგრეთი, ისრაელი, იტალია, მაროკო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ესპანეთი, თურქეთი.

თბილისის 120-ე საჯარო სკოლის საზეიმო გაცილებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი, ვასილ ლიპარტელიანი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, გიორგი მამუკელაშვილი, გლდანი-ნაძალადევის საგანმანათლებლო რესუსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ლოდია, საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კიკალიშვილი, 120-ე სკოლის დირექტორი, მარინა წერეთელი, ამავე სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები დაესწრნენ.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ტარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული