[ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა] წაიკითხეთ, გაიკითხეთ

AutoSharing Option
...ერთ-ერთი ქართველი სპორტსმენის ინტერვიუს ვუყურებ. ჩამოყალიბებული, წარმატებული სპორტსმენის ინტერვიუს ვუყურებ. წარმატებული სახეობის სპორტსმენის ინტერვიუს. და ჟურნალისტის ჩვეულებრივ, დაზეპირებულ კითხვაზე მიდის ჩვენი წარმატებული ბიჭის პასუხი - "ვიბრძოლე, ბრძოლობით მოვიგე, ტრენერმა მაქსიმუმი გააკეთა და მინდა, ეს მოგება ჩემ ტრენერს და მთელ საქართველოს მივუძღვნა"...

...აი, ეს არის რა, - თქვა წარმატებულმა სპორტსმენმა. ნუ, შეიძლება სიტყვა-სიტყვით ეგ არ იყო ნათქვამი, მაგრამ დაახლოებით ეს თქვა.

შემდეგ შეიცვალა თემა, შეიცვალა სიუჟეტი და არავის არ ახსოვდა ის წარმატებული სპორტსმენი, რომელიც წარმატებული სახეობის წარმომადგენელი იყო. ჟურნალისტმა თავისი საქმე
გააკეთა, ჟურნალისტს ჩაეთვალა და ალბათ, ის ჟურნალისტი საერთოდ არ ფიქრობს, რამდენად საინტერესო იყო საუბარი წარმატებულ სპორტსმენთან.

იმიტომ, რომ ის ჟურნალისტი საკუთარ თავს წარმატებულ ჟურნალისტად თვლის. და წარმატებული ჟურნალისტები საქართველოში საკუთარ თავზე არ მუშაობენ. არასწორია ეს. წარმატებული ჟურნალისტები, უბრალოდ, კარგად გამოიყურებიან და კამერის წინ იძაბებიან. ყველა არა, მაგრამ ძირითადად, იძაბებიან.

იმავე დღეს ვუყურებ ერთ-ერთი არაქართველი, მაგრამ მაინც წარმატებული სპორტსმენის ინტერვიუს. იმ სიუჟეტში არ არის ამოჭრილი ყველა კითხვა, იმ სიუჟეტში არ არის ამოჭრილი იმ საუბრის მთელი მუღამი. ჟურნალისტი თავისუფლად, მშვიდად ესაუბრება სპორტსმენს და სპორტსმენი თავისუფლად, მშვიდად პასუხობს ჟურნალისტს. ორივეს სიამოვნებს ის, რასაც აკეთებს და ორივე მართლა წარმატებულია. ისინი არ იძაბებიან და ისინი არ ფიქრობენ. ზედმეტს არ ფიქრობენ და ორივემ იცის საკუთარი საქმე.

ჟურნალისტი სწორ კითხვებს უშვებს და წარმატებული სპორტსმენისგან სწორ პასუხებს იღებს. ყველაფერი მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს. სიუჟეტი დასრულდა და ის სიუჟეტი გახსოვს. არ იძაბები, არ ფიქრობ არხის შეცვლაზე, არ ფიქრობ ყველაფერზე, იმ სიუჟეტის გარდა და არ იღლები წარმატებული ჟურნალისტის და წარმატებული სპორტსმენის წარუმატებელი დიალოგით, რომელიც უნიჭოდ არის დამონტაჟებული.

მართლა არ იღლები. იმ სიუჟეტზე პროფესიონალებმა იმუშავეს და ის სიუჟეტი საინტერესოა. რა მარტივი პროცესია, არა? აკეთებ შენ საქმეს, ის, რესპონდენტი აკეთებს თავის საქმეს და არხის პრესტიჟიც ზემოთ ადის. ყველა თავის საქმეს აკეთებს და შენი ტელეაუდიტორია კმაყოფილია. იდეაში, ეს მთავარი უნდა იყოს.

არ შეიძლება, ჩვენთანაც ეგრე რო იყოს? ჟურნალისტი ინტერვიუზე მომზადებული რომ მივიდეს? სპორტსმენმა რომ, ზრდილობის გამო, სამი წლის წინ ნათქვამი ოდნავ შეცვალოს და ახსოვდეს, რომ "ტრენერი" არ არის ქართული სიტყვა? რომ არხის პროდიუსერმა წარმატებულ და ხელოვნურად გაპიარებულ ჟურნალისტს საყვედური უთხრას? და ის, წარმატებული ჟურნალისტი რომ დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ შეუცვლელი არ არის და უკეთ მოემზადოს შემდეგი ინტერვიუსთვის? არ შეიძლება, რომ ყველაფერი ხელოვნური არ იყოს?

ხო შეიძლება, ეს თემები ვინმემ გაითვალისწინოს და იმ ორ წუთში, რაც იმ კონკრეტულ სიუჟეტს უნდა დაეთმოს, მაყურებელმა მიიღოს საინტერესო ნამუშევარი და არა - რუტინული ონანიზმი, რომელიც წარმატებული წყვილის აღელვებული ჭორაობაა და არა - სიუჟეტი.

ალბათ, შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება და ალბათ, ამისთვის არ არის საჭირო არხის რეორგანიზაცია და დაძაბვა. არავინ არ უნდა დაიძაბოს. არავინ არ უნდა იყოს ხელოვნური. არავინ არ უნდა ნერვიულობდეს. არავის არ უნდა ეგონოს, რომ ის შეუცვლელია. ყველა უნდა იყოს პროფესიონალი და ყველა საკუთარ თავზე უნდა მუშაობდეს.

ყველაფერი ძაან მარტივია. და ალბათ, ჩვენი წარმატებული საზოგადოებისთვის - ძაან რთული. სპორტსმენი მადლობის გარდა, ხანდახან სხვა რამეზეც უნდა ლაპარაკობდეს. სხვა რამეც საინტერესოა. თუ იმ წარმატებულმა სპორტსმენმა იცის, რომ "სხვა" რამეც არსებობს. არ არის აუცილებელი, რომ ყველა ქართველ სპორტსმენს ჰქონდეს წაკითხული სიყრმეში მაინ რიდი ან ფენიმორ კუპერი.

თუმცა, რატომაც არა? რა არის ამაში ცუდი? და დააყენეთ ჩვენი ახალი გენერაციის სპორტსმენები და ჰკითხეთ, რამდენს გაუგია მაინ რიდი ან ფენიმორ კუპერი? რამდენმა იცის ჰერბერტ უელსი? რამდენს აქვს წაკითხული ტომ სოიერის თავგადასავალი? რამდენმა წაიკითხა ჟიულ ვერნი? ბევრს გაეცინება და დაიბნევა.

არ არის აუცილებელი, რომ საქართველოში იყოს ჟიულ ვერნის ან რომელიმე სხვა მწერლის ფანკლუბი. მართლა არ არის აუცილებელი. არ არის აუცილებელი, რომ სპორტსმენი "შემჯდარი" იყოს რომელიმე მწერალზე. ერთ-ერთ ინტერვიუში ესეც მოვისმინე - "ბოლო დროს კოელიოზე ვზივარ".

ალბათ, ეს სასიამოვნოა. კოელიოზე ჯდომა. და არ არის აუცილებელი, რომ სპორტსმენმა ყველაფერი იცოდეს.

სპორტსმენი თავის საქმეში უნდა იყოს მაგარი და ხანდახან, უფროსებს უსმენდეს, კითხულობდეს და არ ნერვიულობდეს. წარმოიდგინეთ, რა იდეალურ სამყაროში ვიცხოვრებდით? და ჟურნალისტი საკუთარ თავზე ცოტას თუ წაიმუშავებს და გაცვეთილი ფრაზებით არ დაგვღლის, საერთოდ არაჩვეულებრივი იქნება.

ჟურნალისტებიც იგივეს უნდა აკეთებდნენ. და ჟურნალისტები უნდა აქცევდნენ ყურადღებას საკუთარ გარეგნობას.

ალბათ, არხის პროდიუსერი ამას მარტივად უნდა აგვარებდეს. ყოველთვის არ არის მომგებიანი სისადავე. ყოველთვის არ უნდა იყო ჩაცმული ელტონ ჯონივით. ყოველთვის არ უნდა იქცევდე ყურადღებას ეპატაჟური ვიზუალით.

ხანდახან, ჩვეულებრივი უნდა იყო და ხანდახან ეს კარგია. ხანდახან, ჟურნალისტიც კარგი უნდა იყოს. და ხანდახან, ის სიუჟეტიც საინტერესო იქნება. ნუ, ჯერ მხოლოდ ხანდახან და შემდეგ, ყველაფერი დაიხვეწება. და არ გაგიჩნდება სხვა არხზე გადართვის სურვილი. რაც ჯერ ლოგიკური და ბუნებრივია.

შემდეგი თემა. ჟურნალისტი აგვიანებს ბრიფინგზე. ან აგვიანებს შეხვედრაზე რესპონდენტთან, რომელსაც არ აქვს ზედმეტი დრო და სადღაც გასასვლელია. და ჟურნალისტი რეკავს - აუუ, იცით, ცოტა მაგვიანდება (ის ჯერ ადგილზე მისულიც არ არის) და მიდი რა, სთხოვე, რომ დარჩეს. ეხლავე, ძაან მალე მოვალ და ეგრევე გაგიშვებ (ის შენ და სპორტსმენს გაგიშვებს. სად?).

შაბლონური და ესეც მაგარი გაცვეთილი ფრაზა არაპროფესიონალისგან, რომელიც "ქართულად" აგვიანებს, "ქართულად" (ვითომ) ნერვიულობს და "ქართულად" მომზადებული (ანუ, მოუმზადებელი) მოვა ინტერვიუზე, ინერვიულებს, დაავიწყდება, რა უნდა ჰკითხოს სპორტსმენს და ყველაფერი ქართულად, ანუ წარუმატებლად მოყომარდება.
ის ჟურნალისტი ბედნიერია, რომ პროდიუსერთან სიუჟეტის მასალა მიაქვს, სპორტსმენი ნერვებზეა და მთელი საქართველო იღებს კიდევ ერთ იდიოტურ სიუჟეტს, რომლის ყურებაც არავის არაფერს არ აძლევს. მაგრამ არხის პროდიუსერი კმაყოფილია და ჟურნალისტი არ იღებს გაფრთხილებას დაგვიანების და ცუდი მასალის მომზადების გამო.

მთავარია, საეთერო დრო შეივსო და მთავარია, იმ ჟურნალისტმა იმუშავა. რაზე, როგორ იმუშავა? ეს არავის არ აინტერესებს. ეს უკვე დიდი ხანია, ბევრს არ აინტერესებს. ჟურნალისტების პროგრესი ჩვენთან "ხოდში" არ არის.

იდეალური საქართველო სხვა სართულებიდან შენდება. აქ ჯერ ძაან ქვემოთ ვართ და მაინც ვცდილობთ შემდეგი ერთი კვადრატული მეტრი ძვირად და ჩვენთვის იდეალურ ფასად გავასაღოთ. ყველაფერი გაიყიდება. ყველაფერი გასაღდება - წარმატებული ჟურნალისტის ერთჯერად აზროვნებასთან ერთად.

ჟურნალისტმა რესპონდენტს ალოდინა, სპორტსმენმა დაკარგა სავარჯიშო, დასვენებისთვის გამოყოფილი დრო და ამაზე არავინ არ ფიქრობს. ამაზე ფიქრი არასწორი, არაქართულია. დაგვიანება მოსულა და დაგვიანებას ყოველთვის აქვს მიზეზი. კამერა არ იყო. "პრობკაში" მოვხვდი და ხო გესმის რა, ამათ დედას .....ი (ვის დედას ახსენებს? ალბათ, ვინც ის საცობი შექმნა). ცოტაც დამელოდე რა!

ჟურნალისტი მართლა არ ფიქრობს საბოლოო შედეგზე და ამ შემთხვევაში, სპორტსმენის არაერუდირებული საუბარიც არ გახსოვს. უკვე არ ფიქრობ, რომ სიტყვა - "ტრენერი" ცუდია. რომ სიტყვა - "ცქერა" სასაცილოა. რომ სიტყვა - "ბრძოლობით" არასწორია. და რომ ამ ფრაზებს ტელეეთერში არა მხოლოდ წარმატებული სპორტსმენისგან, ბევრი წარმატებული ჟურნალისტისგანაც ისმენ.

და ესეც მაგარი ჩვეულებრივი თემაა. სიტყვათა მარაგში ცოტა ვიჭედებით და ამ პრობლემას ვატარებთ. მიდი, მიდი, საყვარელო, გაიარე, შენ აქ ზედმეტი ხარ, ვეუბნებით პრობლემას, რომელიც მორცხვად დგას და ელოდება, რომ მას ყურადღებას მიაქცევენ.

ჩვენთან პრობლემებს არ ემეგობრებიან. მთავარია, კოელიოზე "ვიჯდეთ" და რამდენიმე "ჭკვიანი" წიგნი გვქონდეს წაკითხული. ან, გაგონილი. ესეც წავა. პირველ ჯერზე, ესეც საკმარისი იქნება. ჩაგეთვლება. ჩვენთან ძირითადად, ჩათვლებით ხდება ეს. წარმატებული ჟურნალისტი ერუდირებული არ უნდა იყოს. ერთჯერადობაა მოდაში.

ერთ-ერთ რადიოში მივიყვანე სპორტსმენი და, ჟურნალისტი ეთერის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მთხოვს - "აუ, მიდი რა, უცბად მიკარნახე ან "ვაბშე", ჩამომიწერე რა ამ ბიჭის წარმატებები. მოასწრებ?"

ეს ხდება ეთერის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე და, ბუნებრივია, ის ეთერი უკვე ჩაგდებულია. ჟურნალისტი აზრზე არ არის, რაზე უნდა ესაუბროს სპორტსმენს და აქვს იმედი, რომ სტანდარტული კითხვები (მომავალ გეგმებზე, მოკითხვაზე, "ტრენერზე", ბოლოდროინდელ წარმატებებზე) საკმარისი იქნება.

ჟურნალისტი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, რომ იმ სპორტსმენთან გაცილებით მეტზე შეიძლება საუბარი. ჟურნალისტი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, რომ ის სპორტსმენი მზად არის მეტისთვის, შენთვის...

ჟურნალისტისთვის ეს არ არის მთავარი. ეთერში მოგიყვანეს, ეთერში დაგისვეს რამდენიმე სტანდარტული კითხვა, ეთერი გადაგორდა და ეთერი მორჩა, მოყომარდა...

და ის, ჟურნალისტი, მიიღებს კომპლიმენტებს - რა საინტერესო რესპონდენტი გყავდა! რესპონდენტი, შეიძლება, მართლა საინტერესო იყო, მაგრამ საუბარი იყო ცუდი, ქართული...

წაიკითხეთ, ხანდახან ეს საინტერესოა.

და გაიკითხეთ, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები. ხანდახან ესეც აუცილებელია.

დიდი მადლობა, ნუ ხართ ხელოვნურები, გამოცვალეთ სტილისტი და წაიკითხეთ... თუნდაც ტომ სოიერი.

მომავალ შეხვედრამდე, მეგობრებო.

ზურა თალაკვაძე
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 6 /
mivesalmebi am yvelapers magram es qveyanaa da ara samotxe sadac yvelaferi idealuria.mec zalian minda ase iyos magram???!!!mainc mirchevnia sportsmeni tavis saqmeshi,mindorze,leibze,auzshi iyos propesionali da jurnalisti ki martlac nakitxi erudirebuli da ara yalbi.is rac tqven gsurt batono zurab aryopila araris da ariqneba chventan sanam iqneba sportsmenis tu jurnalistis darekvebit da natesaobit chasma saqmeshi,sanam iqneba trabaxi da atasi msgavsi ram.chem garshemo rogorc bevrtan arian martlac uganetlebulesi adamianebi magram arvici albat es qartuli seni trabaxi da"mariajoba"senia an shezeni an tandayolili qartveli eris
0
ავტორს დიდი მადლობა,ასეთი სიმართლე კარგა ხანია არ წამიკითხავს! იგივე მდგომარეობაა თითქმის ყველა სფეროში, პროფესიონალიზმს დღეს არავინ არ აფასებს,და იმ არაპროფესიონალიზმზე პასუხის მომთხოვნიც არავინაა! თუნდაც ამ საიტზე ზოგჯერ ისეთი ნაჯღაბნი იდება ყველაზე გაუნათლებელი მკითხველიც მიხვდება რომ სტატიის ავტორი გაგებაში არარის რას წერს...დამახინჯებულ ქართულ ენაზე და უცხოური სიტყვების უადგილოდ ჩაკვეტებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.. ხშირად ისეთი შთაბეჭდილება გრჩება რომ ჟურნალისტი რესპონდენტს არ უსვამს მწვავე შეკითხვებს იმის გამო რომ არ აწყენინოს,რაც მკითხველისთვის მინიმუმ უინტერესო ხდება. წარმატებები ზურა თალაკვაძე და ასე გააგრძელე!
winston
17:46 23-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული