საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 74-ე ჩემპიონატზე მედლები განაწილდა

AutoSharing Option
ხუთი მოგება და ოთხი ყაიმი - ასეთი შედეგით დაასრულა დიდოსტატმა ბელა ხოტენაშვილმა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 74-ე ჩემპიონატი, ცხრა შესაძლებლობიდან 7 ქულას მოუყარა თავი და ვადამდე მოპოვებული საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა.

გუშინ, 20 მარტს, მეცხრე ტურში იგი შავი ფიგურებით სოფიკო ხუხაშვილს შეუთანხმდა ყაიმზე.

ასევე დაზავდნენ მირანდა მიქაძე-ნინო ხომერიკი, სოფიო გვეტაძე-ნინო ხურციძე, თამარ წერეთელი-სალომე მელია, ანა კუჭავამ კი შავი ფიგურებით მერი არაბიძეს გააჩერებინა საათი.

ამდენად, 6 ქულით ვერცხლის მედალი ნინო ხურციძეს ერგო. მას ნახევარი ქულით ჩამორჩა სალომე მელია, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა.

საგულისხმოა, რომ შეჯიბრების დებულების თანახმად, ჩემპიონი ეროვნული ნაკრების კანდიდატი გახდა. სამივე მედალოსანს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დააფინანსებს.

საბოლოო შედეგები: ბელა ხოტენაშვილი - 7, ნინო ხურციძე - 6, სალომე მელია - 5.5, სოფიო გვეტაძე - 5, თამარ წერეთელი - 4.5, მერი არაბიძე - 4.5, ნინო ხომერიკი - 4, ანა კუჭავა - 3.5, მირანდა მიქაძე - 3, სოფიკო ხუხაშვილი - 2 ქულა.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი - 17.500 ლარი პირველ ხუთეულზე ასე გადანაწილდა: I - 5.500, II - 4.500, III - 3.500, IV - 2.500, V - 1.500 ლარი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბელა გილოცავთ!გვიხარია რომ ჩვეულ ფორმას იბრუნებთ,ეს საქართველოს ნაკრებს ძალიან წაადგება აპრილის თვეში,ლატვიაში
sano
12:21 21-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული