ბა­ა­დურ ჯო­ბა­ვა: ოქ­როს­თან ასე ახ­ლოს არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ

AutoSharing Option
ამას წი­ნათ მინ­ს­კ­ში, მო­ჭად­რა­კე ვაჟ­თა ევ­რო­პის მე-18 ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ქარ­თ­ველ­მა დი­დოს­ტატ­მა ბა­ა­დურ ჯო­ბა­ვამ 11 შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან 8.5 ქუ­ლა მო­აგ­რო­ვა და უარე­სი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტით ვერ­ცხ­ლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

13 ივნისს, კონ­ტი­ნენ­ტის ვი­ცე-ჩემ­პი­ონს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ში მი­ნის­ტ­რ­მა ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვილ­მა უმას­პინ­ძ­ლა. შეხ­ვედ­რას და­ეს­წ­რ­ნენ ხუთ­გ­ზის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი ნო­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი გი­ორ­გა­ძე, მსოფ­ლი­ოს ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი ნა­ნა იოსე­ლი­ა­ნი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ჭად­რა­კე ვაჟ­თა მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი და კა­პი­ტა­ნი ზუ­რაბ სტუ­რუა.

სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე ეს ბა­ა­დურ ჯო­ბა­ვას მე­ოთხე ჯილ­დოა - 2009 და 2016 წლებ­ში ბრინ­ჯა­ოს, 2010 წელს
კი ვერ­ცხ­ლის მე­და­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. ქარ­თ­ველ მო­ჭად­რა­კე ვაჟ­თა­გან 2003 წელს ზუ­რაბ აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვი­ლი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, ხო­ლო 2001 წელს ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი ერ­გო.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:
"ქართველი სპორტსმენები ბოლო დღეებში დიდი გამარჯვებებით გვანებივრებენ: თეოდორა კახიანი პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა; გამთენიისას ზაზა ფაჩულიამ გაგვახარა... ამ ორ გამარჯვებას ბაადურ ჯობავას წარმატება უძღოდა წინ. შარშან - ბრინჯაო, წლეულს - ვერცხლი, გაისად ბათუმში, ალბათ, ოქრო იქნება. ამ ცოტა ხნის წინ ნანა ძაგნიძემ ქალთა შორის მოიგო ევროპის ჩემპიონატი... ნათელია, რომ ქართული ჭადრაკი აღმავლობის გზაზეა. ვიმედოვნებ, ფედერაციის ძალისხმევით ჩვენი მოჭადრაკეები უფრო დიდი გამარჯვებებით გაგვახარებენ".

გიორგი გიორგაძე:
"სპორტის სამინისტრო ჭადრაკის ფედერაციის მთავარი მხარდამჭერია და ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა შედეგებშიც აისახება. ბაადურმა მართლაც დიდ წარმატებას მიაღწია. დარწმუნებული ვარ, მისთვის არც ჩემპიონობის მოპოვებაა აუღებელი სიმაღლე. მადლობა ყველას, ვინც გვიქომაგა".

ნონა გაფრინდაშვილი:
"ჩვენთვის ბაადურის მეორე ადგილი გამარჯვების ტოლფასია. არცთუ სახარბიელო სტარტის შემდეგ მან სასწაული მოახდინა - ზედიზედ შვიდი პარტია მოიგო! შარშან მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ვაჟთა შორის საუკეთესო შედეგი ჰქონდა. ის დიდი მომავლის სპორტსმენია და მისგან უკეთეს მიღწევებს ველით".

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ევროპის ვიცე-ჩემპიონს ვესაუბრეთ.

- კონტინენტის პირველობისთვის სპეციალურად არ მოვმზადებულვარ, - გვითხრა ბაადურ ჯობავამ. - შეჯიბრებამდე შვედური მალმიოს საერთაშორისო ტურნირში მივიღე მონაწილეობა - ექვსი მოჭადრაკე წრიული სისტემით შევხვდით ერთმანეთს, პირველი-მეორე ადგილები გავიყავი. მერე საფრანგეთის საკლუბო ჩემპიონატში თერთმეტჯერ დავუპირისპირდი მეტოქეებს. ყოველივე ეს ჩემთვის კარგი სათამაშო პრაქტიკა გამოდგა.

- თუმცა ტურნირი არცთუ სახარბიელოდ დაიწყეთ...
- სტარტზე იოლად ვძლიე მეტოქეს. მეორე დილით თავი შეუძლოდ ვიგრძენი. 39-ზე მეტი მქონდა სიცხე. მაინც წავედი სათამაშოდ - ვიფიქრე, სომეხ გაბუზიანს მალევე დავუზავდები-მეთქი, მაგრამ შუა პარტიისთვის უკეთესი პოზიცია მივიღე და მოგებაზე დავიწყე ფიქრი. სხვადასხვა ფერის კუთა ენდშპილში უხეში შეცდომა დავუშვი და დავმარცხდი.

მესამე ტურში ახალგაზრდა რუს სარანასთან ზედიზედ ხუთჯერ შევცდი და ის პარტიაც დავთმე. ეს უკვე კატასტროფა იყო - კაცს, რომელიც მედლებისთვის ბრძოლაში ჩავები, სამი შესაძლებლობიდან მხოლოდ ერთი ქულა მქონდა.

- და თქვენც ტურნირისთვის თავის დანებებას აპირებდით...
- ემოციების მოთოკვა გამიჭირდა, ამას ავადმყოფობაც ემატებოდა. პერსპექტივას ვერ ვხედავდი, მაგრამ ისიც მეუხერხულებოდა, რომ ტურნირი მიმეტოვებინა - მსგავსი რამ არასდროს გამიკეთებია. ასეთ სიტუაციაში მეუღლე - ალექსანდრა დიმიტრიევიჩი (იგი ბელგრადელი დიდოსტატია, საჭადრაკო ოლიმპიადებზე სლოვენიის პირველ დაფაზე უთამაშია, მინსკში არბიტრად იყო მიწვეული) დამეხმარა ძალიან: ცხელი ჩაი და წამლები არ მომკლებია.

მომდევნო დღეებში თავი უკეთ ვიგრძენი. პრესტიჟის აღსადგენად და რეიტინგის შესანარჩუნებლად მოგებებზე დავიწყე თამაში. თანდათან სატურნირო მდგომარეობაც გავიუმჯობესე. მე-9 ტურში შავი ფიგურებით ინგლისელი გევინ ჯონსი რომ დავამარცხე, მივხვდი, რომ კვარცხლბეკს მივუახლოვდი.

ბოლო ტურში ჩემპიონობის მოსაპოვებლად რუს მატლაკოვთან მხოლოდ მოგება მაძლევდა ხელს. შუა თამაშში ხელსაყრელი პოზიცია მივიღე და ევროპის ჩემპიონატებზე ოქროსთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ. სამწუხაროდ, 41-ე სვლაზე შევცდი და მეტოქეს დაზავების შანსი მივეცი.

საბოლოოდ სამმა მოჭადრაკემ თანაბარ ქულებს მოვუყარეთ თავი. დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონობა მატლაკოვს ერგო, მე კი ვერცხლის მედალს დავჯერდი.

- ჩემპიონატებზე კოეფიციენტებით მედლების განაწილება სამართლიანად მიგაჩნიათ?
- პირველობა რომ მომეპოვებინა, გეტყოდით, სამართლიანია-მეთქი, ახლა კი ვამბობ, რომ ეს უსამართლობაა... ცხადია, ეს ხუმრობით. ისე, მედლების ბედს, მართლაც, დამატებითი მაჩვენებლები არ უნდა წყვეტდეს. 2009 წელს ბუდვაში რამდენიმე მოჭადრაკემ საბოლოოდ თანაბარი ქულები მოვაგროვეთ. ტაიბრეიკებში მაშინ ტომაშევსკისთან დავმარცხდი, ხოლო მესამე ადგილისთვის პაექრობაში ინარკიევს ვძლიე. მომდევნო წელს რიეკაში იან ნეპომნიაშჩიმ მოიპოვა ჩემპიონობა. ვერცხლისა და ბრინჯაოს გასანაწილებლად რუს არტიომ ტიმოფეევს ვაჯობე და მეორე ადგილი დავიკავე. ასე რომ, თანაბარი ქულების შემთხვევაში ტაიბრეიკები უფრო სამართლიანი მიმაჩნია.

- ორი ბრინჯაო გქონდათ, ახლა ვერცხლი შეატყუპეთ. წყვილი ოქროც გვინდა...
- (ეცინება) მეც მინდა, მაგრამ ხომ ხედავთ, არ მითმობენ... 2011 წელს სწრაფ ჭადრაკში გავხდი ევროპის ჩემპიონი. კლასიკურში მსგავს წარმატებას ვეცდები, გაისად მივაღწიო ბათუმში, სადაც ვაჟთა ევროპის მე-19 ჩემპიონატი გაიმართება.

- იქამდე დიდი დროა. ახლა რას აპირებთ?
- ივლისის მიწურულს კოპენჰაგენის ღია საერთაშორისო ტურნირში მოვსინჯავ ძალებს, მერე ესპანეთის ლიგაში ვითამაშებ. ყველაფერი ეს მსოფლიოს თასისთვის მომზადებაში დამეხმარება. ამ შეჯიბრებას კი 2 სექტემბრიდან თბილისი უმასპინძლებს. აქამდე მსგავს ტურნირებში მხოლოდ ორი საფეხური გადავლახე, მესამე ზღუდე აუღებელი დამრჩა.

ვეცდები, ამჯერად ნავსი გავტეხო. ისე, ფინალში გასვლაც არ იქნებოდა ურიგო, რადგან პრეტენდენტთა ტურნირისკენ გამეხსნებოდა გზა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და ქომაგების თანადგომით, ოცნების ასასრულებლად არაფერს დავიშურებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული