თბილისში კირსან ილუმჟინოვის "ჩუმად" ჩამოსვლას ჭადრაკის ფედერაცია გამოეხმაურა

AutoSharing Option
რამდენიმე თვის წინათ ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი აფხაზეთის თვითგამოცხადებული საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა და მას სიგელი გადასცა, რასაც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საპროტესტო წერილი მოჰყვა. ილუმჟინოვმა ჩვენს ქვეყანას მოუბოდიშა, ფიდეს საპრეზიდენტო საბჭომ კი საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ერთადერთ სუვერენულ ორგანოდ აღიარა.

- სკანდალი: კირსან ილუმჟინოვი აფხაზეთის დე ფაქტო ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

და აი, გუშინ შევიტყვეთ, რომ ილუმჟინოვი თბილისში ჩამოვიდა. მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია:

"როგორც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისთვის გახდა ცნობილი, თბილისში იმყოფება ფიდეს პრეზიდენტი
კირსან ილუმჟინოვი. თბილისში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა. თავად ფიდეს პრეზიდენტმა "ტვიტერზე" გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო და ვიდეო. აღნიშნა, რომ საქართველოს დედაქალაქს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია აცხადებს: კირსან ილუმჟინოვის ვიზიტთან დაკავშირებით წინასწარი ინფორმაცია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისთვის არ მიუწოდებია არც ფიდეს სამდივნოს და არც თავად ფიდეს პრეზიდენტს.

აქედან გამომდინარე, ცხადია, კირსან ილუმჟინოვის საქმიანი ვიზიტი არ არის დაკავშირებული ჭადრაკის პოპულარიზაციასთან და ჩვენთვის უცნობია, რა მიზანს ისახავს მისი საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლა."

გუშინვე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძეს დავუკავშირდით:

- უწინ, როცა კირსან ილუმჟინოვი თბილისში ჩამოსვლას გეგმავდა და ჭადრაკით იყო დაინტერესებული, თავად ფიდეს სამდივნო ან მისი პირადი თანაშემწე გვატყობინებდა ილუმჟინოვის საქართველოში ჩამოსვლის თარიღსა და დროს. ისიც ვიცოდით, რა საქმეზე გვეწვეოდა და ჩვენც ყოველმხრივ ვცდილობდით, ორგანიზებულად შევხვედროდით, - გვითხრა გიორგი გიორგაძემ. - ამჟამად ბატონი კირსანის თბილისში ინკოგნიტოდ სტუმრობის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით შევიტყვეთ.

ეს ვიზიტი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან შეთანხმებული არაა და, შესაბამისად, არ არის დაკავშირებული ჭადრაკთან. ეტყობა, თავისი ბიზნესინტერესები აქვს ან სხვა საქმე, რომელიც ჭადრაკს არ უკავშირდება. ასე რომ ყოფილიყო, ან ჩვენს ფედერაციას, ან ევროპის საჭადრაკო კავშირის თავკაცს შეეხმიანებოდა.

- თქვენ თავად ხომ არ გიცდიათ დაკავშირება?
- რატომ, რა მიზნით? კაცს, რომელიც საჭიროდ არ მიიჩნევს, სტუმრობის შესახებ გაუწყოს, რა ვუთხრათ, თბილისში რატომ ჩამოხვედით, რატომ არ გვეწვიეთო?!

- იქნებ სექტემბერში ჩვენთან გასამართავი მსოფლიოს თასის საორგანიზაციო საკითხები აინტერესებს?
- მერე ვისგან უნდა შეიტყოს ეს ყველაფერი, თუ არა ჩვენგან? თანაც არ შეიძლება, მისი ვიზიტი მსოფლიოს თასს უკავშირდებოდეს. მართალია, ის დღესაც ფიდეს პრეზიდენტია, მაგრამ უფლებამოსილება შეჩერებული აქვს. ამიტომ მსოფლიოს თასის ჩასატარებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ამდენად, ილუმჟინოვის თბილისში ჩამოსვლის მიზეზი და მიზანი ჩვენთვის უცნობი და გაუგებარია.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჰო, აბა ბიჭო, ხაჭაპური მოენატრა და იმიტომ ჩამოვიდა.. დაარღვია კანონი? - დაარღვია. ჰოდა, გადაიხადოს ადმინისტრაციული ჯარიმა და დაადოს იმ ბოდიშს. ეს ჯარიმა მისთვის მზესუმზირის ფულია.. საწყალი მოხუცი ბიცოლაჩემი საქართველოში ცხინვალიდან რომ შემოვიდა (სხვა გზა არ ქონდა, ლარსი გადატვირთული იყო), უკან დაბრუნებისას საშინელი პრობლემები შეუქმნეს და 1 თვე აყურყუტეს აქ. ჯარიმას ასაკმა გადაარჩინა. იმისთვის თუ იყო კანონი, კირსანასთვის სხვა ქაღალდზე წერია???
giorgi
13:34 03-10-2017
0
რას გიქვიათ ჩუმად ჩამოსვლა თქვე სიაფანტებო? უჩინმაჩინის ქუდი ეხურა?
0

სიახლეები პოპულარული