ნინო ხურციძე მოჭადრაკეთა ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს

AutoSharing Option
კიდევ სამი ტური და თბილისის ჭადრაკის სასახლეში დამთავრდება მოჭადრაკე ქალთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც წრიული სისტემით 9 დიდოსტატი, ერთი საერთაშორისო და 2 ეროვნული ოსტატი მონაწილეობს.

4 ივნისს მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა. ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ნინო ხურციძემ, რომელმაც შავი ფიგურებით 55-ე სვლაზე მაკა ფურცელაძეს სძლია და ექვსი ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა.

6 ტურის შემდეგ ფურცელაძე მეწინავეთა შორის იყო. ბოლო ორ ტურში მარცხმა იგი ლიდერებს ჩამოაშორა.

ფაქტობრივად, უბრძოლველად - მე-12 სვლაზე დაზავდნენ მაია ლომინეიშვილი და სალომე მელია, ანა
კუჭავამ ნინო ბაციაშვილთან წააგო.

საგრძნობლად გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა საქართველოს ორგზის ჩემპიონმა ინგა ხურცილავამ - 4 ივნისს მან ლიკა კობეშავიძე დაამარცხა და 4,5 ქულით ლომინეიშვილთან, ბაციაშვილსა და მელიასთან ერთად მეხუთე-მერვე ადგილებს ინაწილებს.

84 სვლა დასჭირდა სოფიკო გურამიშვილს სეხნია - სოფიკო ხუხაშვილის წინააღმდეგობის დასაძლევად.

უფიგუროდ დარჩენილი 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ხუხაშვილი დიდხანს იცავდა თავს, მაგრამ სწორედ 84-ე სვლაზე გახდა იძულებული, საათი გაეჩერებინა.

გასაკვირია ნიჭიერი ახალგაზრდა დიდოსტატის, თანატოლებში მსოფლიოს და ევროპის პირველობების მრავალგზის ჩემპიონის - მერი არაბიძის უღიმღამო თამაში.

მას უფროსებშიც არაერთხელ უსახელებია თავი. ამჟამად კი აშკარად არ არის სპორტულ ფორმაში, რასაც სოფიო გვეტაძესთან 4 ივნისს განცდილი მარცხიც მოწმობს. მერიმ ამ ჩემპიონატზე რვიდან 5 პარტია წააგო.

სატურნირო მდგომარეობა 8 ტურის შემდეგ: ხურციძე - 6, ლომინეიშვილი, მელია, ბაციაშვილი - 5,5-5,5, ხუხაშვილი, გურამიშვილი, ფურცელაძე, ხურცილავა - 4,5-4,5, გვეტაძე - 4, არაბიძე - 2, კუჭავა - 1, კობეშავიძე - 0,5 ქულა.

5 ივნისს, მე-9 ტურში ითამაშებენ: ხურცილავა - ბაციაშვილი, ხურციძე - კობეშავიძე, გურამიშვილი - ფურცელაძე, არაბიძე - ხუხაშვილი, მელია - გვეტაძე, კუჭავა - ლომინეიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული