მოჭადრაკეთა ჩემპიონს ქალებში ბოლო ტური დაასახელებს

AutoSharing Option
თბილისელი დიდოსტატი ნინო ხურციძე უნიკალური შედეგის მქონე მოჭადრაკეა, არა იმიტომ, რომ ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონატებსა და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადებზე მრავალი ჯილდო აქვს მოხვეჭილი, ხოლო ქალებში ოთხჯერ (1989, 1993, 2005, 2006) მოიპოვა საქართველოს პირველობა; ჩვენს დიდოსტატ მანდილოსანთაგან იგი ერთადერთია, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატი ვაჟებშიც მოიგო - ეს მოხდა 1998 წელს.

წლევანდელ საიუბილეო 70-ე ქალთა პირველობაზეც მას ფავორიტთა შორის ასახელებდნენ და ხურციძეც წინასწარ გაცემულ ავანსებს ამართლებს: 6 ივნისს, ქვეყნის პირველობის ბოლოსწინა ტურში, შავი ფიგურებით 24-ე სვლაზე ინგა ხურცილავა დაამარცხა და 8
ქულით ლიდერობა შეინარჩუნა.

7 ივნისს, მე-11 ტურში, სწორედ უახლოეს კონკურენტს - ნინო ბაციაშვილს დაუპირისპირდება.

ტიტულის მეექვსედ მოსაპოვებლად ყაიმიც ჰყოფნის. 6 ივნისს ბაციაშვილმა თეთრი ფიგურებით 59-ე სვლაზე ქვეყნის ხუთგზის ჩემპიონ მაია ლომინეიშვილს აჯობა და 7,5 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა, რითაც კარიერაში პირველად გვირგვინის დაუფლების რეალური შანსი გაუჩნდა, ოღონდ მისი გამოყენება, თანაც შავი ფიგურებით, იოლი არ იქნება, თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, შეუძლებელი არაფერია.

ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ეროვნულმა ოსტატმა ლიკა კობეშავიძემ, რომელმაც 53-ე სვლაზე სოფიკო გურამიშვილს გააჩერებინა საათი და, ფაქტობრივად, კვარცხლბეკისკენ მიმავალი გზა გადაუღობა.

მაკა ფურცელაძემ, რომელმაც შესანიშნავად დაიწყო ტურნირი, მაგრამ მერვე-მეცხრე ტურებში საგრძნობლად დაშორდა მეწინავეებს, 6 ივნისს მერი არაბიძე დაამარცხა.

დაზავდნენ: სოფიო გვეტაძე - ანა კუჭავა, ასევე, სოფიკო ხუხაშვილი და სალომე მელია, ოღონდ საამისოდ 104 სვლა დასჭირდათ.

ათი ტურის შემდეგ: ხურციძე - 8, ბაციაშვილი - 7,5, ლომინეიშვილი, მელია - 6,5-6,5, გურამიშვილი, ფურცელაძე - 5,5-5,5, ხუხაშვილი, გვეტაძე - 5-5, ხურცილავა - 4,5, არაბიძე - 3, კუჭავა, კობეშავიძე - 1,5-1,5 ქულა.

7 ივნისს, ბოლო ტურში ითამაშებენ: ხურციძე - ბაციაშვილი, გურამიშვილი - ხურცილავა, არაბიძე - კობეშავიძე, მელია - ფურცელაძე, კუჭავა - ხუხაშვილი, ლომინეიშვილი - გვეტაძე.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის საპრიზო ფონდია 16.000 ლარი, რომელიც ასე განაწილდება: გამარჯვებული 5000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე-მეხუთე ადგილებზე გასულნი, შესაბამისად, საოჯახო ბიუჯეტს 4000-3500-2000 და 1500 ლარით გაიმდიდრებენ.

2013 წლის საქართველოს ჩემპიონს ნაკრებში მიიწვევენ და ევროპის გუნდურ ჩემპიონატში იასპარეზებს; ოქროს და ვერცხლისმედალოსნებს ჭადრაკის ფედერაცია 2014 წლის კონტინენტის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დააფინანსებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული