ბებერი კონტინენტის თერთმეტი დედოფალი - ბათუმიდან ბელგრადამდე

AutoSharing Option
"ჭადრაკის დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ. ჯერ კიდევ ნონა გაფრინდაშვილს, მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ალექსანდრიას და ნანა იოსელიანს ვქომაგობდი.

მიხარია საერთაშორისო სარბიელზე ჩვენი დიდოსტატების წარმატებები. სამწუხაროდ, ბოლო წლებში უწინდელივით ვეღარ ვადევნებ თვალს ჩვენებურთა თამაშს.

ძალიან გამახარა სალომე მელიას ევროპის ვიცე-ჩემპიონობამ. თქვენი გაზეთიდან შევიტყვე, რომ ქართველებს ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი არ გვყოლია (!).

გულშემატკივრები მადლიერი დაგრჩებით, თოთხმეტივე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს თუ გაგვაცნობთ. წინასწარ გიხდით მადლობას" - გიორგი ცნობილაძე (თბილისი)

მოჭადრაკე ქალთა (ისევე, როგორც ვაჟთა) ინდივიდუალურ ევროპის ჩემპიონატებს 2000 წელს ჩაეყარა საფუძველი.

ბებერი
კონტინენტის ბრძენთა თამაშის მოყვარულ ქალბატონებს აჭარის დედაქალაქმა უმასპინძლა.

ბათუმში 32-მა დიდოსტატმა და საერთაშორისო ოსტატმა მოიყარა თავი. მათ შორის უძლიერესი ნოკაუტსისტემამ გამოავლინა.

უკრაინელმა ნატალია ჟუკოვამ მეორე წრეში ნინო გურიელს მოუგო (1,5:0,5), ნახევარფინალში რუსი ტატიანა სტეპოვაია დაამარცხა (2,5:0,5) და ფინალში ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ მაია ჩიბურდანიძის მძლეველ ეკატერინა კოვალევსკაიას (რუსეთი) დაუპირისპირდა და 2,5:1,5 აჯობა.

ოქროს მედალი ჟუკოვას ერგო, ვერცხლის - კოვალევსკაიას, მესამე ადგილებზე მაია ჩიბურდანიძე და სტეპოვაია გავიდნენ, რადგან ბრინჯაოს მედლისთვის მატჩი არ გამართულა.

2001 წლის ევროპის ჩემპიონატი ვარშავაში (პოლონეთი) გაიმართა. იქ უკვე კონტინენტის სხვადასხვა ქვეყნის 150-მა წარმომადგენელმა იასპარეზა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. ჩემპიონატის ფინიშზე 11 შესაძლებლიდან 8-8 ქულა მოაგროვეს ნატაშა ბოიკოვიჩმა (სერბეთი), ეკატერინა კოვალევსკაიამ (რუსეთი), კრისტინა ფოიშორმა (რუმინეთი), ალისა გალიამოვამ, ტატიანა სტეპოვაიამ (ორივე - რუსეთი), ქეთევან არახამიამ (საქართველო) და ელმირა სკრიპჩენკო-ლოტიემ (მოლდოვა.

მაშინ იგი ცნობილ ფრანგ დიდოსტატ ჟოელ ლოტიეზე იყო გათხოვილი). დაინიშნა ტაიბრეიკები.

მეოთხედფინალში არახამიამ მოუგო სტეპოვაიას, კოვალევსკაიმ - ბოიკოვიჩს, გალიამოვამ სძლია ფოიშორს. ნახევარფინალში სკრიპჩენკო-ლოტიემ გალიამოვას, კოვალევსკაიამ კი არახამიას აჯობა.

პირველი და მესამე ადგილებისთვის ფინალური ორთაბრძოლები ელმირამ და ქეთევანმა მოიგეს და საპრიზო ადგილებიც ასე განაწილდა: 1. სკრიპჩენკო, 2. კოვალევსკაია, 3. არახამია.

2002 წელი. ვარნა (ბულგარეთი)
საკუთარი კედლები შესანიშნავად გამოიყენა ანტოანეტა სტეფანოვამ და 11 შესაძლებლიდან 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა სომეხი ლილით მკრტიჩიანი, რომელსაც ვერცხლი ერგო. 8 ქულით მესამე იყო ალისა გალიამოვა (რუსეთი).

2003 წელი. სტამბოლი (თურქეთი)
ამ ჩემპიონატის აღმოჩენა იყო რუსი ტატიანა კოსინცევა, რომელმაც ცნობილ დიდოსტატებს აჯობა, მაგრამ ბოლო ტურში შვედ პია კრამლინგთან დამარცხდა და 8 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს მარი სებაგთან (საფრანგეთი) იყოფდა. 8,5-8,5 ქულით პირველ-მეორე ადგილებს კრამლინგი და ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა) ინაწილებდნენ. დაინიშნა ტაიბრეიკები, რომლებიც კრამლინგმა (ჩემპიონი გახდა) და კოსინცევამ (მე-3 ადგილი) მოიგეს. ვერცხლი ჩმილიტეს დარჩა.

2004 წელი. დრეზდენი (გერმანია)
აქ ჩემპიონის ტიტულის მფლობელი 12-მა ტურმაც ვერ გამოავლინა, რადგან ალექსანდრა კოსტენიუკმა (რუსეთი) და ჟაოფინ პენმა (ჰოლანდია) 9,5-9,5 ქულა მოაგროვეს. ტაიბრეიკი კოსტენიუკმა მოიგო და დაფნის გვირგვინიც მას ერგო. ბრინჯაოსთვის პაექრობაში ანტოანეტა სტეფანოვამ ნატალია ჟუკოვას, ნანა ძაგნიძესა და ირინა ტუროვას (რუსეთი) აჯობა.

2005 წელი. კიშინიოვი (მოლდოვა)
ფინიშამდე ერთნაირი ქულებით (9-9 თორმეტიდან) მივიდნენ კატერინა ლაგნო (უკრაინა) და ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი). ტაიბრეიკი ლაგნომ მოიგო და ჩემპიონობაც მოიპოვა. 8,5 ქულით მესამე ადგილზე ელენა დემბო (საბერძნეთი) გავიდა.

2006 წელი. კუშადასი (თურქეთი)
რუსი მოჭადრაკე ეკატერინა პოლოვნიკოვა 2005 წელს თურქ დიდოსტატ სუატ ატალიკზე გათხოვდა და საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდა.

2006 წელს მან კუშადასში ნორმალურად ითამაშა (თუმცა, როგორც ამბობენ, წილისყრაშიც ეხმარებოდნენ მასპინძლები და ეკატერინა ატალიკი ზოგიერთ სახელოვან დიდოსტატს საერთოდ არ შეხვედრია, ბოლოსწინა ტურში პოლონელ ზავადსკასთან პარტია ყაიმით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ პოლონელმა უწყინარ პოზიციაში ეტლი დაკარგა და დამარცხდა, ბოლო ტურში კი ნატალია ჟუკოვამ რამდენჯერმე რეალურად მოსაგებ გზებს ვერ მიაგნო და პაექრობა ყაიმით დასრულდა) და 8,5 ქულით ჩემპიონობა მოიპოვა.

8 ქულით მეორე ადგილი დაიკავა ჰოლანდიაში გათხოვილმა და ამ ქვეყნის სახელით მოსპარეზე თეა ბოსბუმ-ლანჩავამ. 7,5 ქულით მესამე იყო ლილით მკრტიჩიანი.

2007 წელი. დრეზდენი (გერმანია)
აქ თერთმეტი შესაძლებლიდან 10 ქულით ჩემპიონობა ტატიანა კოსინცევას (რუსეთი) ერგო. 8-8 ქულით, შესაბამისად, მეორე-მესამე ადგილები ანტოანეტა სტეფანოვამ და ნადეჟდა კოსინცევამ გაინაწილეს.

2008 წელი. პლოვდივი (ბულგარეთი)
თერთმეტი შესაძლებლიდან 8,5 ქულით ოქროს მედალი მეორედ დაიმსახურა კატერინა ლაგნომ. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებისთვის ექვსი მოჭადრაკე იბრძოდა. ტაიბრეიკებით მეორე ადგილი ვიქტორია ჩმილიტემ, მესამე კი ანა უშენინამ (უკრაინა) დაიკავა.

2009 წელი. სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი)
8,5-8,5 ქულით პირველი-მეორე ადგილები ტატიანა კოსინცევამ და ლილით მკრტიჩიანმა დაიკავეს. ტაიბრეიკებში კოსინცევამ გაიმარჯვა და მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. მე-3 ადგილი ნატალია პოგონინას ხვდა.

2010 წელი. რიეკა (ხორვატია)
საპრიზო ადგილები ასე განაწილდა 1. პია კრამლინგი (9 ქულა), 2. ვიქტორია ჩმილიტე (8,5), 3. მონიკა სოჩკო (პოლონეთი, 8).

2011 წელი. თბილისი (საქართველო)
თერთმეტი შესაძლებლიდან 9 ქულით პირველი ადგილი ვიქტორია ჩმილიტემ დაიკავა. გამარჯვებულს ნახევარი ქული ჩამორჩა და მე-2 ადგილი ერგო ანტოანეტა სტეფანოვას. 8-8 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს ელინა დანიელიანი (სომხეთი) და სვეტლანა მატვეევა (რუსეთი) იყოფდნენ. რადგანაც ტაიბრეიკები გაუქმდა, დამატებით მაჩვენებლებით ბრინჯაო სომეხმა დიდოსტატმა მოიპოვა.

2012 წელი. გაზიანტეპი (თურქეთი)
კვარცხლბეკი. 1. ვალენტინა გუნინამ, ტატიანა კოსინცევამ (ორივე - რუსეთი) და ანა მუზიჩუკმა (სლოვენია) 11 შესაძლებლიდან 8,5-8,5 ქულითა და დამატებითი მაჩვენებლებით პირველი-მესამე ადგილები გაიყვეს.

2013 წელი. ბელგრადი (სერბეთი)
გულშემატკივრებმა უკვე იციან მედლების მფლობელთა ვინაობა; შეგახსენებთ მხოლოდ: 1. ჰოანგ თან ჩანი (უნგრეთი, 9), 2. სალომე მელია (საქართველო, 8), 3. ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი, 8).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული