ბიუჯეტი საზოგადოების მღელვარებისა - რატომ ჭადრაკი?

AutoSharing Option
ქართულ სპორტში ბოლო დღეების ყველაზე ცხელ თემად ჭადრაკის განვითარების 4-წლიანი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება იქცა, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ 30 დეკემბერს გააკეთა და რომლითაც სპორტის ამ სახეობას ბიუჯეტიდან 38 500 000 ლარი გამოეყოფა.

არავინაა წინააღმდეგი, საქართველოში ჭადრაკი კიდევ უფრო განვითარდეს და ადრინდელი დიდება დაიბრუნოს, მაგრამ საზოგადოების უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ სხვა, უფრო მეტად თუ არა, არანაკლებ წარმატებული სახეობების ბიუჯეტი უმნიშვნელოდ იზრდება.

მაგალითად, ძიუდოს ფედერაციის ბიუჯეტი 2 300 000 ლარი იქნება, ჭიდაობისა - 2 500 000, წყალბურთისა - 1 800 000, ფეხბურთისა და
კალათბურთის - 7-7 მილიონი ლარი, რაგბისა - 12 მილიონი.

ამათგან, შარშანდელთან შედარებით, ჭიდაობის ფედერაციის ბიუჯეტი იზრდება ნახევარი მილიონით, კალათბურთისა - 4.5 მილიონით, რაგბისა - დაახლოებით მილიონნახევრით, წყალბურთისა - 450 000-ით, ძიუდოსი - მხოლოდ 300 ათასით, ფეხბურთისა კი უცვლელი დარჩა.

აქვე განვმარტავთ, რომ ძიუდო, ზემოხსენებული თანხის გარდა, დამატებით კიდევ მიიღებს 1 200 000 ლარს, ოღონდ ესაა მიზნობრივი გრანტი, რომელსაც ქვეყნის მთავრობა (ალბათ, ამას იანვარში დაამტკიცებს) 20-22 მარტს თბილისში გასამართავი "დიდი პრიზისთვის" გამოჰყოფს.

ფედერაცია ამ თანხას სხვა მიზნით, შიდა მეურნეობის განვითარებისთვის ვერ გამოიყენებს, ანუ საამისოდ მას ისევ ის 2.300 000 ლარი რჩება, რაც ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის თქმით, დასახული ამოცანების შესასრულებლად საკმარისი არაა. ისე, მართლაც გასაკვირია, რომ ამ ფედერაციის ბიუჯეტი სულ რაღაც 300 ათასი ლარით იზრდება, როცა ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.

ქევხიშვილის განცხადებები
დავით ქევხიშვილი ძალაუნებურად ამ ამბების ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა, რომელმაც საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა ბიუჯეტის განაწილებასთან დაკავშირებით და მერე პარლამენტარ ძიუდოისტებსაც გადასწვდა, ორი წლის განმავლობაში ძიუდოსთვის არაფერი გაუკეთებიათ, მათგან ხელის შეშლის მეტი არაფერი გვახსოვსო.

თავდაპირველად მან სპორტის საპარლამენტო კომიტეტის წევრებზე გააკეთა აქცენტი, თუმცა ჩვენთან სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ მისი სიტყვები არა მარტო მათ, მთლიანად პარლამენტარ ძიუდოისტებს ეკუთვნოდა.

არ ვიცით, კულუარებში რა ამბები მოჰყვა მის ამ განცხადებებს, მაგრამ ფაქტია, დამატებითი განმარტების გაკეთება მოუხდა, სადაც ამტკიცებს, რომ ის და მისი მეგობრები ხელისუფლებას არ ეწინააღმდეგებიან და პირიქით, "ქართული ოცნების" წევრად რჩებიან, ხოლო მავანნი ზემდგომთათვის ინფორმაციის დამახინჯებულად მიწოდებაში დაადანაშაულა.

"ცდილობენ, ჩვენი, ამა თუ იმ ფედერაციის ხელმძღვანელის (ვისი პირდაპირი მოვალეობაც სწორედ ჩვენი სფეროს ინტერესების დაცვაა) ამ კუთხით გაკეთებული განცხადებები წარმოაჩინონ იმ კონტექსტში, თითქოს ვეწინააღმდეგებით ხელისუფლებას, რაც სრული აბსურდი და ცილისწამებაა.

პირველ რიგში, მეც და ჩემი მეგობრებიც გახლავართ იმ დიდი პოლიტიკური გუნდის წევრები, რასაც "ქართული ოცნება" ჰქვია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირში წყალი უნდა ჩავიგუბოთ და თუ რაღაც არ მოგვწონს, ყველაფერი მაინც ისე მივიღოთ, როგორც არის.

...საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელი იყო დღეს ამ ბიუჯეტის გაზრდა, რაც არ მოხდა. არა იმიტომ, რომ მთავრობას ეს არ სურდა, არამედ იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ ობიექტური ინფორმაცია იმ მოთხოვნილებებზე, რომლებსაც საჭიროებს ქართული სპორტის სხვადასხვა შტო და მათ შორის, პირველ რიგში - ძიუდო.

ამ დროს ის ხალხი, ვისი ვალდებულებაც ამ ინფორმაციის მიწოდებაა, ამას არ აკეთებს, ან აკეთებს დამახინჯებულად. უფრო მეტიც - შემდგომ უკვე ჩვენს უარყოფით შეფასებას ხატავს ისე, თითქოს მთავრობას ვუპირისპირდებით.

ბატონებო, ჩვენ მთავრობას კი არა, თქვენ გიპირისპირდებით იმიტომ, რომ თქვენი ქმედებები მხოლოდ შუღლს თესავს და მიმართულია ვიწრო ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მანდ მოხვედრილებს გავიწყდებათ, რომ ბევრი თქვენგანი სწორედ ამ სპორტმა წარმოგაჩინათ, სპორტმა, რომლისთვისაც, რბილად რომ ვთქვათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელის შეშლის მეტი არაფერი გაგიკეთებიათ" - ასეთი განცხადებით მიმართავს ქევხიშვილი სოციალურ ქსელში ოპონენტებს, რასაც აშკარად დაჰკრავს პოლიტიკური ელფერი.

პრეზიდენტი იქვე იმედოვნებს, რომ ძიუდოს ბიუჯეტის გაზრდის თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება.

რატომ ჭადრაკი?
სწორედ ამ კითხვამ ააღელვა საზოგადოება, რომელიც წლების განმავლობაში ისმენს, რომ მთავრობას სპორტისთვის ფული არ ჰყოფნის, ამ დროს კი უცებ ერთი სახეობა ამხელა თანხას იღებს...

კიდევ ვიმეორებთ - ჭადრაკის საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს, მაგრამ რა დააშავეს სპორტის სხვა სახეობებმა, მათ შორის - ჭადრაკზე მეტად წარმატებულებმაც? სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თავის განმარტებაში აქცენტი ინფრასტრუქტურასა და ხელმისაწვდომობაზე გააკეთა, მაგრამ საკითხავია, განა რა ასეთი ინფრასტრუქტურა სჭირდება ჭადრაკს, ვიდრე - სათამაშო სახეობებს ან თუნდაც ინდივიდუალურებს, საჭიდაო თუ საწყლოსნო სახეობებს, მძლეოსნობას, ზამთრის სახეობებს? ან რატომ არაა ხელმისაწვდომი ჭიდაობები, კალათბურთი და სხვა? ინვენტარისა და კეთილმოწყობის მხრივ, რა მდგომარეობაა, ზოგადად, ქვეყანაში, სპორტის რამდენიმე, საზოგადოების შედარებით უცნობი სახეობის მაგალითზე მიმოვიხილოთ.

მშვილდოსნობაში, სადაც პირად პირველობაში ქალთა შორის ევროპიდან ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ჩვენ გვყავს - ქეთევან ლოსაბერიძე (მის შემდეგ მთელი 20 წელიწადი - ლოს ანჯელესიდან მოყოლებული, ათენის ოლიმპიადის ჩათვლით, კორეელებს ვერ გააგდებინეს ხელიდან ოქროს მედალი), ხოლო გუნდში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა გამოდის, იმდენად შეუფერებელი პირობებია, სპორტსმენები სასროლეთზე ქვეწარმავალს პოულობენ, ხოლო ნაკრები ზამთარში ანგისაში ისეთ ციცქნა ოთახში ემზადება, მინისტრის კაბინეტი იმასთან შედარებით მართლა სტადიონია (ორივეს მასშტაბის ნახვა და შედარება ყველას შეუძლია).

ასპინძაში ბავშვები სახლში გამოთლილი მშვილდ-ისრებით ვარჯიშობენ, როცა 21-ე საუკუნეში მოზარდები მშვილდს სათამაშოდ აღარ თლიან...

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ესებუა ადრე ისეთ დარბაზში ემზადებოდა, მისი უცხოელი კონკურენტები მსგავსში ქუდის გამოსატანად არ შევლენ.

ტყვიის სროლაში ლეგენდარული სპორტსმენი გვყავს - ნინო სალუქვაძე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბითაც რამდენიმე რეკორდის ავტორია, საქართველოდან ერთადერთია, ვისაც სამივე სინჯის მედალი მოუპოვებია და ყველაზე მეტ ოლიმპიადაში გამოსულა. ამ მხრივ მას მსოფლიოში ჯერჯერობით მხოლოდ ორი ჩუბინი უსწრებს - თოფოსანი ლატვიელი აფანას კუზმინსი (9 ოლიმპიადა) და სერბი კონკურენტი მისსავე დისციპლინებში იასნა სეკარიჩი (8 თამაშები), თუმცა მათ თითო ოლიმპიადაზე "ველური ბარათით" იასპარეზეს.

ასეთ სპორტსმენს არ აქვს ღია სასროლეთი, ელექტროფარები, ქვეყანაში არ არსებობს 50-მეტრიანი სასროლეთი და სალუქვაძის ტირში ბიჭები დერეფნიდან ისვრიან, ამ დროს კი ტირის მომიჯნავედ... პროფილაქტიკებია განთავსებული (თან, ეს ყველაფერი სამინისტროს შენობაში ხდება)!

მას ყოველწლიურად ეუბნებიან, ოლიმპიური წელი არაა და ბაზას ვერ აგიშენებთო, ამ დროს კი... პარადოქსია - საქართველო რეგიონში ტყვიის სროლაში ყველაზე წარმატებულია, მაგრამ ყველაზე საშინელი პირობები აქაა. სომხეთსა და აზერბაიჯანს თითო-ოროლა ძლიერი მსროლელი ჰყავთ, რომლებიც შედეგებით ახლოსაც ვერ მოვლენ სალუქვაძესთან, მაგრამ ორივე ქვეყანაში სუპერთანამედროვე ბაზაა იმავე ელექტროფარებით, საუკეთესო სასტუმრო-რესტორნებითა და ყველა საჭირო ატრიბუტით.

ძიუდო ლამის ყოველწლიურად იგებს ევროპისა და მსოფლიოს გუნდურ პირველობებს, მინიმუმ - უმედლოდ არასოდეს რჩება; თან ამას აკეთებენ როგორც უფროსებში, ასევე - ახალგაზრდებში, 7-წლიანი პაუზის შემდეგ ოლიმპიურ სახეობებში მათ დაგვიბრუნეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, მაგრამ არც ამ სახეობას და არც "თავისუფალსა" თუ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას ხეირიანი სავარჯიშო დარბაზი არ აქვთ, სადაც უცხოურ გუნდებსაც მიიღებენ ერთობლივ ვარჯიშებზე.

უცხოელები კი არა, დარბაზები თავისთვის არ ჰყოფნით. განსაკუთრებით - "თავისუფალსა" და ბერძნულ-რომაულს, რომლებსაც ბოლო წლებში რამდენიმე ბაზა წაართვეს და ზოგან ბაზრობა გახსნეს, ზოგი კი სხვა სახეობებს გადასცეს.

ყველა დარბაზში იმდენად დიდი სიმჭიდროვეა, რომ ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა დავით მოძმანაშვილს ფეხზე გვერდით მოვარჯიშე წყვილის ფალავანი დაეცა. ამ ტრავმის გამო მან ლამის მთელი სეზონი გამოტოვა.

მორაგბეების გასაჭირი საყოველთაოდ ცნობილია - სტადიონი საერთოდ არ ჰქონდათ და არც სადმე უშვებდნენ. ახლა "ავჭალა" აუშენეს, მაგრამ საკითხავია, რამდენად შეესაბამება 2-ათასიანი სტადიონი იმ გუნდის ამბიციებს, რომელიც უკვე მერამდენედ გავიდა მსოფლიოს თასის ფინალურ ეტაპზე.

აქ ისეთ სახეობებზე ვისაუბრეთ, რომლებსაც შედეგებიც აქვთ, თორემ რამდენად უჭირთ ტანვარჯიშს, ველოსპორტს, ნიჩბოსნობას და სხვებს, იოლად წარმოიდგენთ.

დღევანდელის ჩათვლით, ყველა მთავრობისგან გვესმის, რომ ფული არ აქვთ, თუმცა, როცა დასჭირდათ, ხომ გამოძებნეს? საინტერესოა, რატომ არ მოიძებნა, მაგალითად, ძიუდოს სუპერთანამედროვე ბაზისთვის, რომელიც 13 მილიონი ჯდებოდა და რასაც შარშან ჰპირდებოდნენ მათ. მეტი რა უნდა გააკეთონ ძიუდოისტებმა, რომ ნორმალური სავარჯიშო პირობები ეღირსოთ, რასაც იმსახურებენ? ბოლოს და ბოლოს, ქვეყანაში ერთი ნორმალური დარბაზი არაა, სადაც შესაძლებელი იქნება მსოფლიოს პირველობის გამართვა.

ძიუდოს დარბაზის არ იყოს, სადაა ის შეპირებული სპორტის სასახლე? ნუთუ 38 მილიონზე მეტი ჯდება და იმიტომ ვერ აშენებენ?

ჭადრაკის ზემოაღნიშნულ ბიუჯეტთან დაკავშირებით ითქვა, რომ ამ თანხის უმეტესი ნაწილი 2018 წელს ბათუმში გასამართავი საჭადრაკო ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებზე დაიხარჯება, მაგრამ, განა რა ამდენი ხარჯი უნდა ჰქონდეს იმ შეჯიბრებას, სადაც გუნდები თავიანთი ხარჯით ჩამოვლენ?

გვესმის, რომ ეს ციფრი 4-წლიან პერიოდზეა გადანაწილებული, მაგრამ იმავე 4-წლიან მონაკვეთში რამდენს მიიღებენ, ვთქვათ, ძიუდო და კალათბურთი, იოლად გამოთვლით.

საზოგადოებას ძალაუნებურად გაუჩნდა ეჭვი, რომ ჭადრაკისადმი ასეთი ყურადღება ყიფიანის პირველ მოადგილეს, სახელოვან მოჭადრაკესა და ევროპული ფედერაციის ახალარჩეულ პრეზიდენტ ზურაბ აზმაიფარაშვილს უკავშირდება.

სიმართლე გითხრათ, მისი დადანაშაულება გვიჭირს - თუ მართლაც მან გასწია ლობირება, გამოდის, თავის სახეობაზე იზრუნა, მაგრამ უფრო გასაკვირი სამინისტროს პოზიციაა, რომელმაც საკითხი მთავრობის სხდომაზე გაიტანა - რატომ არ მიაწოდა ინფორმაცია სხვა სახეობებზეც? საერთოდ, რატომ არ ზრუნავს სამინისტრო იმაზე, რომ ყველა სახეობას, მინიმუმ, ერთი თანამედროვე ბაზა მაინც ჰქონდეს. მსგავსი საკითხების წამოჭრა და მთავრობამდე მიტანა-გატანა ხომ სწორედ სამინისტროს პირდაპირი მოვალეობაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
რა ჭადრაკი ადამიანებოო, ხო არ გასულელდით? 2 მილიონი ძიუდოს და 38 მილიონი ჭადრაკს? რატოოო? მედლები ისედაც მოაქვთ და ეგეც ეყოფათ? მოტივაციას უკარგავენ სპორტსმენებს!!
აზრზე მოდით ხალხო!!
11:44 14-01-2015
1
რასაც მოასწრებ შენია,რაც არა დაკარგულია
ატკატი
03:55 14-01-2015
1

სიახლეები პოპულარული