ჭადრაკი

ჭადრაკი

რა ჯდება ჭადრაკის ოლიმპიადა - როგორ განაწილდება 38.5 მილიონი ლარი?

AutoSharing Option
ჭადრაკის ფედერაციის ბიუჯეტთან და, ზოგადად, სპორტის სამინისტროს თანხების განაწილებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი არ ცხრება.

სამწუხაროდ, ამ საკითხზე სათანადო განმარტებები ვერც მმართველი სტრუქტურებიდან მოვისმინეთ და გასაკვირი არაა, თუ რამდენიმე, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ვერსია არსებობს.

ამიტომ საკითხში გასარკვევად ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძეს მივმართეთ, რომელიც თავად დაგვიკავშირდა რედაქციაში წინა წერილში გაპარული ერთი უზუსტობის გამო.

თუმცა, ამ ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ჩვენც ბევრი რამე გვაინტერესებდა და ისედაც ვაპირებდით საკითხის შესწავლას.

მასთან საუბარმა მართლაც ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი და დღეს გადაჭრით შეგვიძლია თქმა, რომ იმ გაჟღერებული
38.5 მილიონიდან ოლიმპიადის და მისი თანმხლები მსოფლიოს თასისთვის დაიხარჯება 32 მილიონი, ხოლო ამ თანხის ძირითადი ნაწილი მონაწილეთა მიღებას, საპრემიო ფონდსა და სხვა აუცილებელ ხარჯებს მოხმარდება, რაც ყოველთვის თან ახლავს ნებისმიერ დიდ ღონისძიებას.

სამაგიეროდ, დავადგინეთ, რომ ამ ოლიმპიადისთვის გარანტიები თავის დროზე ქვეყნის ხელისუფლებას გაუცია, ხოლო საგანგებოდ ინფრასტრუქტურა არ კეთდება, რაზეც სპორტის მმართველნი თავდაპირველ კომენტარებში ლაპარაკობდნენ.

დანარჩენს ინტერვიუში წაიკითხავთ, თუმცა ეს თემა კვლავაც გაგრძელდება. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ჭადრაკის, როგორც სპორტის სახეობის ან ფედერაციის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს - ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ და მათი წარმატებაც ისევე გაგვიხარდება, როგორც სპორტის სხვა სახეობებისა.

საკითხავია, რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება თანხის მოძიებას სხვა დროს, როცა, მაგალითად, გაცილებით ნაკლებია საჭირო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზების ან ინვენტარის შესაძენად? ვიდრე გიორგაძის ინტერვიუს შემოგთავაზებთ, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას: ძალიან კარგი, რომ მისცეს ჭადრაკს, მაგრამ მისცენ დანარჩენებსაც.

- როგორ განაწილდება ეს 38.5-მილიონიანი ბიუჯეტი და რამდენი მოხმარდება უშუალოდ ოლიმპიადას?
- ოლიმპიადას და წინა წელს ჩასატარებელ მსოფლიოს თასს მოხმარდება 32 მილიონი ლარი, რადგან ეს ორი შეჯიბრება ერთ პაკეტშია მოქცეული - ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე აუცილებლად უნდა ჩაატარო მსოფლიოს თასი. იქ 128 მონაწილე გვეყოლება, ხოლო მისი საპრიზო ფონდი 1 530 000 ევროა. ამას დანარჩენი ხარჯებიც ემატება - მოჭადრაკეების, სპორტსმენების, საპატიო სტუმრების მიღება, გამასპინძლება და კიდევ ბევრი სხვა. თან საჭადრაკო ღონისძიებები დროში გაწერილია და დიდხანს გრძელდება.

მაგალითად, ოლიმპიადა 2 კვირა გრძელდება, მსოფლიოს თასი - დაახლოებით ერთი თვე, ბადის ამოწურვამდე. თან ჩვენთან განსაზღვრული სტანდარტები მოქმედებს.

მაგალითად, ახლა თებერვალში "დიდ პრიზს" ვატარებთ, სადაც პირდაპირ გვიწერია, რომ სასტუმრო 4-ვარსკვლავიანზე ნაკლები არ უნდა იყოს, ჩვენივე კონტინენტის მონაწილეს ბილეთის ფული 800 ევროს ეკვივალენტი უნდა გადავუხადოთ, სხვა კონტინენტისას - 12.000-ის. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ "დიდი პრიზის" ან სხვა ტურნირები იმ 32 მილიონში არ შედის, ისინი ჩვენით უნდა დავაფინანსოთ.

იმაში მხოლოდ ოლიმპიადა და მსოფლიოს თასი იგულისხმება. ძალიანაც რომ გვინდოდეს, იმ ფულს სხვა დანიშნულებით ვერ გამოვიყენებთ. გეთანხმებით, რომ საზოგადოებისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ახსნილი.

- ლაპარაკი იყო ბათუმში ამ ოლიმპიადისთვის ინფრასტრუქტურის აშენებაზეც. რა უნდა აშენდეს ამ ღონისძიებისთვის?
- ოლიმპიადას სათამაშოდ სჭირდება დაახლოებით 6-7 ათასი კვადრატული მეტრი ფართი. შარშან, როცა ფიდედან კომისია ჩამოვიდა შემოწმებაზე, მათ გვითხრეს, რომ ბათუმში სასტუმროების პრობლემას ვერ ხედავდნენ, მაგრამ სათამაშო დარბაზს რაც შეეხება, ვაჩვენეთ მშენებარე "კემპინსკი", სადაც 3 ათას მეტრამდეა, დანარჩენების გადანაწილება კი "შერატონსა" და "რედისონში" გვინდოდა.

თუმცა მოგვიანებით ბათუმის ხელისუფლებამ მათ უთხრა, რომ ქალაქისთვის სურდათ ექსპოს ტიპის თანამედროვე სივრცის აშენება, რასაც ფიდეს წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ იმ პირობით, რომ ოლიმპიადის დღეებში იქაურობას მოჭადრაკეებს დაუთმობდნენ.

მოგვიანებით კიდევ ერთი ვარიანტი გაჩნდა - ბათუმში ორი სპორტული დარბაზის აშენებას ისედაც გეგმავს სახელმწიფო, მათი ფართი კი ჩვენ სავსებით გვაწყობდა. თან არანაირი განსხვავება არაა, ექსპოში ჩავატარებთ ამ ღონისძიებას თუ - სპორტულ დარბაზში.

საგანგებოდ ამ ოლიმპიადისთვის ბათუმში რაიმეს აშენება არ იგეგმება და მით უფრო, არც ამ ბიუჯეტიდან გამოიყოფა სახსრები.

- ოლიმპიადის მონაწილეთათვის სასტუმროების სტანდარტი თუ ასე მკაცრადაა განსაზღვრული, ნორვეგიულ ტრომსოს როგორ დართეს ნება, სადაც აშკარად არ იყო ეს დონე?
- სავალდებულოა, რომ მონაწილეებმა 5-ვარსკვლავიანში უნდა იცხოვრონ, 4-იანში მსაჯების დაბინავება შეიძლება. თუმცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩვენი წინადადება იყო, რომ არავინ განგვესხვავებინა და ყველას 5-იანში ვაცხოვრებდით.

ჩვენი მეტოქე სამხრეთაფრიკული დურბანი იყო, მაღალგანვითარებული ქალაქი. მისი ბიუჯეტი 3 მილიონია და აწყობილი ინფრასტრუქტურა აქვს. არაფრის მოფიქრება არ სჭირდებოდათ, ხოლო დურბანის ექსპოცენტრი მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შედის.

ტრომსოში ოლიმპიადა მართლაც ძალიან ცუდ პირობებში ჩატარდა, მაგრამ რადგან ნორვეგიაა, არავინ არაფერს ამბობს, თუმცა, აბა, ჩვენ მოვაკლოთ რამე, ერთი ამბავი ატყდება.

- როცა ოლიმპიადა ასეთი ძვირი სიამოვნებაა, როგორ გაჩნდა მისი გამართვის იდეა?
- ეს იდეა 2012 წელს გაჩნდა, როცა საქართველოში სტუმრად მყოფი ფიდე-ს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი ქვეყნის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ილუმჟინოვის მხრიდან მაშინ გამოითქვა აზრი, რომ საქართველო გადაქცეულიყო საჭადრაკო ცენტრად. თავიდან დაიგეგმა ქალთა "დიდი პრიზის" გამართვა, თან იქვე იყო წინადადება, ხომ არ ექნებოდა საქართველოს ოლიმპიადის ჩატარების სურვილი.

ამით ივანიშვილიც დაინტერესდა და მასპინძლობისთვის საჭირო თანხით დაინტერესდა...

მოგვიანებით, როცა განაცხადის წარდგენის ვადა იწურებოდა, მთავრობას მივმართეთ გარანტიებისთვის, რადგან თან წინასწარ 10 ათასი ევროც უნდა შეგვეტანა. ეს გარანტიები მივიღეთ და ჩავებით წინასაარჩევნო კამპანიაში. განაცხადს მთავრობის საგარანტიო წერილიც თან დავურთეთ.

- რამდენ მონაწილეს ელოდებით ბათუმში?
- ფიდეში 180 ქვეყანაა გაერთიანებული. ყოველ გუნდში შედის 5 მონაწილე და პლუს თითო კაპიტანი ქალებშიც და ვაჟებშიც. ამას ემატება დელეგაციის ერთი ხელმძღვანელი და ერთიც კონგრესის დელეგატი, რადგან ოლიმპიადის წინ ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაც იმართება. თან არჩევნების წელიწადია და დიდი ვნებათაღელვაა მოსალოდნელი.

მოკლედ, თითო ქვეყნიდან, მაქსიმუმ, 14 კაცის მიღება გვევალება, რასაც ემატება 200 მსაჯი, საპატიო სტუმრები, ფიდეს ხელმძღვანელობა და სხვა. ჯამში, დაახლოებით 3 000 სტუმარს ველოდებით. თან იმართება სხვადასხვა სახის სემინარი, ბლიც-ტურნირები და სხვა აქტივობები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა პარტია გადაიცემა ონლაინ-რეჟიმში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"