ლევან ფანცულაია: ჩემი უპირველესი მიზანია, 23 საუკეთესოს შორის მოვხვდე

AutoSharing Option
ამას წინათ, თბილისის ჭადრაკის სასახლეში მოჭადრაკე ვაჟთა 74-ე ეროვნული ჩემპიონატის მედლებისთვის ბრძოლაში 16 დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი ჩაება. ნოკაუტ-სისტემით გამართული შეჯიბრებით ქვეყნის ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა 29 წლის ლევან ფანცულაიამ.

სამი წლისას ბაბუამ ასწავლა ჭადრაკის თამაში. ბრძენთა თამაშისადმი სიყვარული უფრო მაკა ხანთაძესა და გურამ მაჭავარიანთან მეცადინეობისას გაუღვივდა. თანატოლებში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა 2002 წელს 16-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე გაიმარჯვა. უფროსებში პირველად 2008 წელს მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ოქროს მედალი, მერე თითოჯერ ვერცხლიცა და ბრინჯაოც დაიმსახურა. მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია.

-
74-ე ეროვნულ ჩემპიონატში ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, - გვითხრა ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა. - საქართველოს ნაკრების წევრთაგან მხოლოდ ორმა ვერ შეძლო მონაწილეობა. ბაადურ ჯობავა ვეიკ-აან-ზეეს დიდ საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობდა, გაიოზ ნიგალიძე კი ოჯახური პრობლემების გამო ვერ ჩამოვიდა თბილისში.

ნოკაუტ-სისტემით გამართული შეჯიბრების პირველ ორ ტურში მშრალი ანგარიშებით ვძლიე ბაჩანა მორჩიაშვილსა და დავით ბენიძეს. ყველაზე ძნელი შეხვედრა ნახევარფინალში მქონდა დავით ჯოჯუასთან, თუნდაც იმიტომ, რომ პირველ პარტიაში შავებით არასახარბიელო პოზიცა მივიღე, მაგრამ შუა თამაშის შემდეგ მეტოქის უზუსტობები გამოვიყენე და გავიმარჯვე.

მეორე პარტიაში თეთრებით ყაიმის მიღწევა არ გამჭირვებია. ფინალში მიხეილ მჭედლიშვილს დავუპირისპირდი. ოთხივე კლასიკური პარტია ყაიმით დასრულდა, 15-წუთიანები კი 1,5:0,5 მოვიგე და პირველი ადგილი დავიკავე.

- ნოკაუტ-სისტემით ჩატარებული შეჯიბრებები შენთვის ჯერჯერობით ყველაზე შედეგიანია...
- უარყოფითი მხარეების მიუხედავად, საასპარეზოდ ნოკაუტ-სისტემა ყველაზე ობიექტური მგონია. სხვათა შორის, 2008 წელსაც პირველად ოლიმპიური სისტემით გავხდი საქართველოს ჩემპიონი, ფინალში გიორგი მარგველაშვილი დავამარცხე. მომდევნო წელს ნახევარფინალურ პაექრობაში გიგა ყუფარაძეს ვაჯობე, გადამწყვეტი ორთაბრძოლა კი დავით ზარქუასთან დავთმე და მეორე ადგილს დავჯერდი.

- მარტო ეროვნულ ჩემპიონატებს არ ვგულისხმობ...
- მესმის. 2005 წელს პირველად ვითამაშე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატში. 7 ტურის შემდეგ 5,5 ქულა მქონდა. მე-8 ტურში გამოუცდელობით სერგეი კარიაკინთან, ფაქტობრივად, მოგებული პარტია წავაგე.

ამის მიუხედავად, მე-19 ადგილზე გასვლა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება მაინც შევძელი. ის მსოფლიო პირველობაც ნოკაუტ-სისტემით გაიმართა. პირველ წრეში რუსი ვადიმ მილოვი, მეორეში კი ინდოელი სურია განგული ჩამოვიშორე გზიდან.

მესამე რაუნდში ბორის გელფანდს (ისრაელი) დავუპირისპირდი. ორი კლასიკური და 15-წუთიანი პარტიების შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო, 5-წუთიან ბლიცებში მაჯობა.

ამის მიუხედავად, 2005 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მიღწეული შედეგები ჩემს კარიერაში დღემდე საუკეთესოა.

2009 წელს ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ტურში რუს ერნესტო ინარკიევთან აშკარა უპირატესობა ვერ გამოვიყენე და პარტია დავთმე, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც დავკარგე. მომდევნო წელსაც იგივე განმეორდა - ამჯერად უკრაინელ ზახარ ეფიმენკოსთან მარცხის შემდეგ.

- სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან მეათე წლისთავზე რას გეგმავ?
- ეროვნული პირველობის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატები დიდოსტატ ზურაბ სტურუასთან ვვარჯიშობთ.

ყოველდღიურად მონდომებით ვემზადები ვაჟთა ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 23 თებერვალს ისრაელის ქალაქ იერუსალიმში დაიწყება. ჩემი უპირველესი მიზანია, 23 საუკეთესოს შორის მოვხვდე, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოვიპოვო, თუმცა უკეთეს შედეგებზეც არ ვიტყოდი უარს. როგორც გითხარით, შემართებით ვარ, დანარჩენს კი შეჯიბრება გვიჩვენებს.

სოფიკო ნიკოლაძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული