მარჯი საქართველოს! - მოჭადრაკე ქალთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია

AutoSharing Option
ფოტოზე: მერი არაბიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია
ტრიუმფი! მხოლოდ ასე შეიძლება შევაფასოთ საქართველოს მოჭადრაკე ქალთა გამოსვლა ჩინურ ჩენგდუში გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე. რვა მოგება და ერთი ფრე - ასეთი შედეგით დაასრულეს ჩვენმა დიდოსტატმა მანდილოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატი, მოაგროვეს 17 ქულა და ჩემპიონობა მოიპოვეს.

მსგავსი შეჯიბრება მეხუთედ გაიმართა. სამჯერ (2007, 2009, 2011 წ.წ.) ოქროს მედლები ჩინელებმა მოიპოვეს, შარშანწინ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე უკრაინელები ავიდნენ. საქართველოს ქალთა ნაკრები სამჯერ მეოთხე იყო, 2011 წელს თურქულ მარდინში კი ბრინჯაო დაისაკუთრა (მაშინ ჩვენი ქვეყნის
სპორტულ ღირსებას იცავდნენ ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია, კაპიტანი ნინო გურიელი).

და აი, მეხუთე ცდა წარმატებული გამოდგა. ბელა ხოტენაშვილმა, ლელა ჯავახიშვილმა, სალომე მელიამ, მერი არაბიძემ და ნინო ბაციაშვილმა (კაპიტანი დავით ჯოჯუა, მწვრთნელი ელიზბარ უბილავა, დელეგაციის ხელმძღვანელი - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე) მეტოქეებს წარმატების იოტისოდენი შანსიც არ დაუტოვეს: პირველ ტურში რუსეთის ნაკრებს დაუზავდნენ - 2:2, შემდეგ კი ზედიზედ დაამარცხეს ეგვიპტე - 4:0, პოლონეთი - 2,5:1,5, ყაზახეთი - 3:1, უკრაინა - 2,5:1,5, აშშ - 3:1, ინდოეთი - 2,5:1,5, სომხეთი - 3:1, ჩინეთი - 2,5:1,5 (ყაიმზე შეთანხმდნენ: თან ჟონი-ბელა ხოტენაშვილი, თინჯი ლეი-ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია-დინ ისინი; მერი არაბიძემ თეთრებით შენ იანის დამარცხებით ნაკრებს მომგებიანი ქულა მოუტანა. ლელა ჯავახიშვილი ისვენებდა).

მე-9 ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: რუსეთი-აშშ 3,5:0,5, სომხეთი-ინდოეთი 1:3, ეგვიპტე-უკრაინა 0,5:3,5, პოლონეთი-ყაზახეთი 2:2.

საბოლოო შედეგები
საქართველო-17 (საერთო მონაგარი: ბელა ხოტენაშვილი-7,5 ქულა (9 შეხვედრიდან), ლელა ჯავახიშვილი-4 (8), მერი არაბიძე -6 (7), ნინო ბაციაშვილი-4,5 (7), სალომე მელია-3 (5), სულ-25 ქულა), 2. რუსეთი-15 (25; ვერცხლის მედალი მეოთხედ მოიპოვა), 3. ჩინეთი-11 (22), 4. ინდოეთი-10 (22), 5. უკრაინა-10 (20), 6. ყაზახეთი-9 (16,5), 7. სომხეთი-7 (16), 8. პოლონეთი-6 (15,5), 9. აშშ-5 (13), 10. ეგვიპტე-0 (4) ქულა.

საპრიზო ადგილები დაფების მიხედვით
I დაფა. 1. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო), 2. ვალენტინა გუნინა (რუსეთი), 3. ჰამპი კონერუ (ინდოეთი).
II დაფა. 1. ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი), 2. ჰარიკა დრონავლი (ინდოეთი), 3. მარია მუზიჩუკი (უკრაინა), 6. ლელა ჯავახიშვილი (საქართველო).
III დაფა. 1. მერი არაბიძე (საქართველო), 2. ნატალია პოგონინა (რუსეთი), 3. შენ იანი (ჩინეთი).
IV დაფა. 1. თინჯი ლეი (ჩინეთი), 2. ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი), 3. ნინო ბაციაშვილი (საქართველო).
V დაფა. 1. ოლგა გირია (რუსეთი), 2. დინ ისინი (ჩინეთი), 3. სალომე მელია (საქართველო).

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა:

"ჩინეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა დაამტკიცეს, რომ მსოფლიოში უძლიერესები არიან. ვულოცავ ნაკრების თითოეულ წევრს, მწვრთნელებს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა მათ მომზადებაში. ქართველები ყოველთვის განებივრებულები ვიყავით ჩვენი მოჭადრაკე ქალების წარმატებებით. გულშემატკივრები რამდენიმე წელი ელოდნენ ამ დიდ გამარჯვებას. საამაყოა, რომ ახალმა თაობამ მსოფლიო საჭადრაკო ასპარეზზე ღირსეული ადგილი დაიბრუნა. გულითადად ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და კიდევ ბევრ გამარჯვებას ვუსურვებ".

მაია ჩიბურდანიძე, ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი:
"ძალიან გაგვახარეს ჩვენმა გოგონებმა. 2008 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის მოგების შემდეგ მოჭადრაკეებს გუნდურ შეჯიბრებებში ოქროს მედალი არ მოგვიპოვებია. ამიტომ გულისყურით ვადევნებდი თვალს ჩვენი დიდოსტატების თითოეულ პარტიას.

ცხრიდან რვა შეხვედრის მოგება და ერთი ფრე მართლაც უნიკალური შედეგია, მით უმეტეს, რომ გუნდში ობიექტური მიზეზით არ თამაშობდა ნანა ძაგნიძე.

ეს წარმატება მინდა მივულოცო ნაკრების თითოეულ წევრს - ბელა ხოტენაშვილს, ლელა ჯავახიშვილს, მერი არაბიძეს, სალომე მელიას, ნინო ბაციაშვილს, კაპიტან დავით ჯოჯუას, ნაკრების მთავარ მწვრთნელ ელიზბარ უბილავას, რომელმაც გუნდის მოსამზადებლად ძალა და გამოცდილება არ დაიშურა, ასევე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას და მის თავკაც გია გიორგაძეს.

სასიამოვნოა, როცა გარჯა გიფასდება. ნიშანდობლივია ისიც, რომ 2018 წელს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმი უმასპინძლებს. ჩინურმა ბატალიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული ჭადრაკი ამგვარ დაფასებას იმსახურებს..."

საერთო სიხარულს ჩვენც ვუერთდებით და ქართველ დიდოსტატ ქალბატონებს ოლიმპზე ასვლას ვულოცავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ბატონო ვაჟა მარჯი რას ნიშნავს
გიორგი
14:22 09-03-2018
0
დიდი მადლობა ამ გამარჯვებისთვის გოგონებო,გილოცავთ და გისურვებთ მომავალ დიდ გამარჯვებებს!!!!
nikola
10:30 30-04-2015
0

სიახლეები პოპულარული