ნინო ბაციაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

AutoSharing Option
19 ქვეყნის 98 მოჭადრაკე ჩაება ჩაქვში მოჭადრაკე ქალთა ევროპის მე-16 ჩემპიონატში, რომელიც შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ სტარტიდან ზედიზედ ხუთი პარტია მოიგო რუმინელმა მიხაელა სანდუმ. მე-6 ტურში მისი წინსვლა საქართველოს წლევანდელმა ჩემპიონმა და 2015 წლის გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ბათუმელმა ნინო ბაციაშვილმა შეაჩერა, რომელმაც ხელთ იგდო ლიდერობა და მე-10 ტურის წინ ეულად იდგა გათამაშების ცხრილის სათავეში.

ნინოს ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა უკრაინელი დიდოსტატი ნატალია ჟუკოვა. ამ უკანასკნელმა 2000 წელს ბათუმში ევროპის ქალთა პირველი ჩემპიონატი მოიგო. მე-10 ტურში ბაციაშვილმა თეთრი
ფიგურებით სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია ჟუკოვას და დამარცხდა, რითაც მეწინავეობაც მას გადააბარა, თუმცა ეს კიდევ არ ნიშნავდა უკრაინელის ჩემპიონობას, რადგან ნატალია ბოლო ტურში სომეხ ელინა დანიელიანს თუ ვერ მოუგებდა, მაშინ თვით სომეხ დიდოსტატს ან ბაციაშვილს შეეძლოთ ოქროს დასაკუთრება.

უკრაინელმა ჩემპიონობის შანსი ხელიდან არ გაუშვა - თეთრი ფიგურებით აჯობა დანიელიანს და ევროპის ჩემპიონატებზე 9.5 ქულით მეორედ დაიკავა პირველი ადგილი.

ბაციაშვილმა შავი ფიგურებით რუსთა იმედი ალექსანდრა გორიაჩკინა დაამარცხა და ერთი თვის წინათ ჩინურ ჩენგდუში მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე მარცხისთვის რევანში აიღო, მოაგროვა 9 ქულა და ვერცხლის მედალს დასჯერდა, რეიტინგი 26 პუნქტით გაიმდიდრა და ვაჟთა შორის დიდოსტატის ნორმატივიც შეასრულა (შეგახსენებთ, რომ ქალთა ევროპის 16 ჩემპიონატის განმავლობაში ჩვენგან კონტინენტის პირველობა არავის მოუგია. 2013-14 წლებში სალომე მელიამ დაისაკუთრა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, 2000 წელს ლეგენდარულმა მაია ჩიბურდანიძემ, 2001 წელს კი ჯერ კიდევ საქართველოს სახელით მოასპარეზე ქეთევან არახამიამ დაიკავეს მესამე ადგილები).

ჩაქვში 10 ტურის შემდეგ 7-7 ქულით მესამე ადგილის შანსს ექვსი მოჭადრაკე ინარჩუნებდა. ბოლო ტურში მათგან მხოლოდ ალინა კაშლინსკაიამ იყოჩაღა - რუსმა მოჭადრაკემ ევროპის ექსჩემპიონი ჰოანგ თან თრანგი (უნგრეთი) დაამარცხა და ბრინჯაო ერგო.

ევროპის ჩემპიონატის დებულებით, პირველ-მეთოთხმეტე ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს, ფულად პრიზებთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებიც ხვდათ. ამიტომ სრულად გაგაცნობთ მათ ვინაობას: 1. ნატალია ჟუკოვა (უკრაინა, 9.5), 2. ნინო ბაციაშვილი (საქართველო, 9), 3. ალინა კაშლინსკაია (რუსეთი, 8), 4. ელინა დანიელიანი (სომხეთი, 7.5), 5. მარინა გუსევა (რუსეთი, 7.5), 6. ოლგა გირია (რუსეთი, 7.5), 7. მონიკა სოჩკო (პოლონეთი, 7.5), 8. სალომე მელია (საქართველო, 7.5), 9. ინა გაპონენკო (უკრაინა, 7.5), 10. ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი, 7), 11. ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი, 7), 12. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 7), 13. ალისა გალიამოვა (რუსეთი, 7), 14. ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი, 7).

ჩემპიონატზე დაწესებული სოლიდური ფულადი პრიზი - 60.000 ევრო ადგილების მიხედვით ასე განაწილდა: I ადგილი - 11.000 ევრო, II - 9.000, III - 7.000, IV - 5.500, V - 4.000, VI -3.000, VII -2.500, VIII - 2.250, IX - 2.000, X - 1.750, XI - 1.600, XII - 1.500, XIII - 1.400, XIV - 1.300, XV - 1.200, XVI - XX ადგილები - 1.000-1.000 ევრო.

ევროპის წლევანდელ ჩემპიონატში თავიდან საქართველოს 28 წარმომადგენელი ჩაება. 2008 წლის მსოფლო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულ ნანა ძაგნიძეს სამი ტურის შემდეგ 2.5 ქულა ჰქონდა, მაგრამ მამის მძიმე ავადმყოფობის გამო მე-4 ტურიდან შეჯიბრებას გამოეთიშა.

პირადი ავადმყოფობით კიდევ ერთმა ფავორიტმა - 2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონმა ლელა ჯავახიშვილმა ნაადრევად დატოვა ტურნირი.

საბოლოოდ ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია: 2. ნინო ბაციაშვილი (9 ქულა), 8. სალომე მელია (7.5), 12. ბელა ხოტენაშვილი (7), 20. სოფიკო გურამიშვილი (6,5), 21. ნინო ხურციძე (6.5), 25. სოფიო გვეტაძე (6.5), 29. მაია ლომინეიშვილი (6), 30. მერი არაბიძე (6), 32. ინგა ჭარხალაშვილი (6), 38. ალექსანდრა ვახანია (6), 45. მირანდა მიქაძე (5.5), 55. ნინო ხომერიკი (5.5), 58. ნატო იმნაძე (5), 59. მერი ჟორჟოლიანი (5), 67. ციალა ქასოშვილი (5), 68. ანა გავაშელი (5), 69. მადონა ბოკუჩავა (5), 77. მარიამ ჭოლაძე (4,5), 78. ნინო ჯალაღონია (4.5), 80. ლელა ჯავახიშვილი (4), 81. თამარ ხმიადაშვილი (4), 83. ინგა ხურცილავა (4), 85. ნატა ჯიბუტი (4), 86. დიანა ლომაია (4), 90. ანა კუჭავა (3.5), 91. მარიამ თევზაძე (3), 96. ნანა ძაგნიძე (2.5), 98. თამარ ჭანტურია (2).

მირანდა მიქაძემ ქალთა შორის დიდოსტატის, ხოლო ალექსანდრა ვახანიამ და მერი ჟორჟოლიანმა საერთაშორისო ოსტატის ნორმები შეასრულეს.

დღეს, 1-ელ ივნისს ქუთაისში დაიწყება მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში (თითოეულ მონაწილეს პარტიისთვის მიეცემა 15-15 წუთი, ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით), რომლის საპრიზო ფონდია 10.000 ევრო.

პირველ ივნისს I-IV, 2 ივნისს - V-VIII, ხოლო 3 ივნისს IX-XI ტურების შეხვედრები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული