დედოფალი - ნონა გაფრინდაშვილი 75

AutoSharing Option
ფოტოზე: ნონა გაფრინდაშვილი და ალა კუშნირი. 1969 წ.
1962 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩისას, ნონა გაფრინდაშვილი დედასთან ერთად სასტუმრო "მოსკოვში" ცხოვრობდა. 17 ოქტომბერს დილით ტელეფონმა დარეკა. ნონამ ყურმილი აიღო, შიშოვი რეკავდა - ბიკოვა გადადებულ პარტიაში დაგნებდათ და ჩემპიონობას გილოცავთო.

ნონას სახე გაუბრწყინდა. უნებურად საათს დახედა - თერთმეტს ორი წუთი აკლდა. 21 წლის ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა მაშინდელ მსოფლიოს ჩემპიონ ელიზავეტა ბიკოვას 9:2 მოუგო.

ასე დაიწყო ქართველ ქალთა სახელოვანი საჭადრაკო ეპოპეა, რომელიც სამ ათეულ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა.

- მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მატჩში იოლად
გავიმარჯვე, - გაიხსენა 54 წლის წინანდელი ამბები სახელოვანმა დიდოსტატმა. - 21 წლის ასაკში რომ გავხდი ჩემპიონი, ეს მაშინ წარმოუდგენლად მიაჩნდათ. მატჩის შემდეგ თენგიზ გიორგაძეს ბიკოვასთვის უკითხავს - ნონაზე რას ფიქრობთო. ნიჭიერი გოგო ჩანს, ტალანტია, ბევრს მიაღწევს, თუმცა ამჯერად მას არ უნდა გაემარჯვაო. რატომო, უკითხავს გიორგაძეს; მის წინ სხვები იდგნენო რიგში. თენგიზს ღიმილით უპასუხია: ქალბატონო ლიზა, გვაპატიეთ, რომ ასე მოხდა, რას იზამთ, ქართველებს რიგში დგომა არ გვიყვარს - ნონა ურიგოდ გაძვრაო.

- მილოცვებს, როგორც ვიცი, მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ თვლა არ ჰქონდა...
- მოსკოვიდან მატარებლით წამოვედით. ლესელიძიდან მოყოლებული, მატარებელი ყველა სადგურზე დიდხანს ჩერდებოდა, რადგან ყველგან ზღვა ხალხი გვხვდებოდა. ჩემს კუპეში სუფრა არ აშლილა, ისე ჩამოვედით თბილისში.

რკინიგზის სადგურზე ტევა არ იყო. მამაჩემმა იმ ჭეჭყვაში ცალი ფეხსაცმელი დაკარგა. მერე იყო ფანტასტიკური შეხვედრა ოპერის თეატრში. ამის დავიწყება შეუძლებელია. ყველაზე დიდი ჯილდო და დოვლათი ხომ ხალხის სიყვარულია.

- ქალბატონო ნონა, მსოფლიოს ჩემპიონობაზე სამჯერ ალა კუშნირთან ითამაშეთ... გულშემატკივრებისგან მსმენია, კუშნირი ყოველგვარ ხრიკს მიმართავდა, რომ გაფრინდაშვილისთვის ნერვები მოეშალა და პაექრობა მოეგოო. მართალია?
- არ დაიჯეროთ, ჭორია. ჩვენ ერთმანეთს ახლოს ვიცნობდით და უდიდეს პატივს ვცემდით. ცხადია, მხოლოდ საჭადრაკო დაფასთან გვქონდა უკომპრომისო ბრძოლა. 1969 წელს ალამ მოითხოვა, მატჩი მოსკოვში გაიმართოს, რადგან ჯანმრთელობის გამო ბალტიისპირეთში ვერ ვითამაშებო.

ის ორთაბრძოლა ტალინში იყო დანიშნული და ყველაფერი მზად ჰქონდათ. მაშინ კუშნირს ვუთხარი: "ალა, ჩემთვის საქართველოში თამაში ორმაგად რთულია, რადგან გულშემატკივართა წნეხის გაძლება გამიჭირდება, ამიტომ ნებისმიერ ადგილას თამაში მირჩევნია. უბრალოდ, ხალხი ვერ გაიგებს, მოქმედი ჩემპიონი პრეტენდენტის სურვილებს რატომ თანხმდება. გინდა, შეხვედრა სოჭში შედგეს, გინდა მოსკოვში, ოღონდ პაექრობის ნახევარი თბილისში გაიმართოს-მეთქი".

მართლაც ასე მოხდა: პირველი ნახევარი საქართველოს დედაქალაქში გაიმართა. რუსთაველის თეატრში პირველი პარტია რომ წავაგე, ხალხთან შეხვედრას მოვერიდე და სათადარიგო გასასვლელით გავიპარე. 4 პარტიის შემდეგ მეტოქე წინ იყო.

დასვენების დღეს მეგობრებთან ერთად ფეხბურთზე წავედი - თბილისის "დინამოს" თამაშს ვუყურე მოსკოვის "ტორპედოსთან". ვიხალისე, რადგან ჩვენებმა მოიგეს. ყურადღება არ მიმიქცევია ზურგს უკან გულშემატკივართა ჩურჩულისთვის: "მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მატჩს აგებს და რა ეფეხბურთებაო".

ორდღიანი განტვირთვის შემდეგ კუშნირს ჯერ შავებით მოვუგე პარტია, მერე - თეთრებით და ქულით დავწინაურდი. მოსკოვში მატჩის მეორე ნახევარი ისე ჩავამთავრე, პარტიაც არ დამითმია. საბოლოოდ 8.5:4.5 გავიმარჯვე და გვირგვინი შევინარჩუნე...

* * *
ნონა გაფრინდაშვილმა 1962 წელს 9:2 (+7=4-0) დაამარცხა ელიზავეტა ბიკოვა და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. მერე ოთხჯერ დაიცვა ეს წოდება: 1965 - გაფრინდაშვილი-ალა კუშნირი 8,5:4,5 (+7=3-3), 1969 - გაფრინდაშვილი-კუშნირი 8,5:4,5 (+6=5-2), 1972 - გაფრინდაშვილი-კუშნირი 8,5:7,5 (+5=7-4), 1975 - გაფრინდაშვილი-ნანა ალექსანდრია 8,5:3,5 (+8=1-3), 1978 წელს კი მაია ჩიბურდანიძესთან დათმო წოდება - 6,5:8,5 (+2=9-4).

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს 11 გუნდური (1963, 1966, 1969, 1972, 1974, 1978, 1980, 1982, 1984, 1986 - სსრკ, ხოლო 1992 - საქართველოს ნაკრებში) და 9 პირადი ოქროს მედალი, ითამაშა 128 პარტია (+94=26-8). საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებშიც ხუთჯერ გაიმარჯვა.

ქართველი მოჭადრაკე 1978 წელს გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა. ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-1986).

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი (1989-1996), 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-2002). ჩვენი ქვეყნის წლის ორგზის (1969, 1975) საუკეთესო სპორტსმენმა 1982 წელს პირველი საჭადრაკო "ოსკარი" დაიმსახურა, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი (ოქროს პრიზი).

1997 წელს, ფიდეს გადაწყვეტილებით,  დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.

სწორედ ამ სასახლის წინ დღეს ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონის დაბადებიდან 75-ე წელთან დაკავშირებით მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.

იუბილეს გილოცავთ, ქალბატონო ნონა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული