ჭადრაკი

ჭადრაკი

ზურაბ აზმაიფარაშვილი: ბაქოს ოლიმპიადა ჩვენთვის გამოწვევაა

AutoSharing Option
ამას წინათ ბაქოში დამთავრდა 42-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც ვაჟთა 180 და ქალთა 141 გუნდი მონაწილეობდა. ბრძენთა თამაშის დიდ ფორუმზე ჩვენმა მანდილოსნებმა მე-10, ხოლო ვაჟებმა 24-ე ადგილი დაიკავეს. ოლიმპიადაზე მიღებულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი დიდოსტატი ზურაბ აზმაიფარაშვილი:

- აზერბაიჯანის დედაქალაქმა საჭადრაკო ოლიმპიადას უმაღლეს დონეზე უმასპინძლა. - გვითხრა მან. - ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესოდ ორგანიზებული შეჯიბრება მათ შორის, რომლებიც აქამდე მინახავს. მოჭადრაკეებს ყველა პირობა ჰქონდათ ასპარეზობისა და აქტიური დასვენებისთვის.

სამწუხაროა, რომ ქართველმა დიდოსტატებმა, განსაკუთრებით ქალებმა, რომლებიც ტურნირის ფავორიტებად მიიჩნეოდნენ,
ეს შესაძლებლობები ვერ გამოიყენეს. მეტსაც გეტყვით. ჩვენი მანდილოსნების შედეგების შეფასება გამიჭირდება და არა იმიტომ, რომ უჩვეულო მეათე ადგილი დაიკავეს.

საკუთარ თავზეც არაერთხელ გამომიცდია გამარჯვების სიხარული და მარცხის სინანულიც. ზოგჯერ ზედმეტი ემოციისგანაც კი წამიგია პარტია. ეს სპორტია და აქ გასაკვირი არაფერია, უბრალოდ, საწყენი ის არის, რომ საქართველოს ქალთა ნაკრების წევრებისთვის არც მოგებისა და არც მარცხისას იოტისოდენი ემოციაც კი არ შემინიშნავს. როცა აგებ, ვფიქრობ, ქომაგებს თვალი მაინც უნდა აარიდო. მსგავსი რამ მათ ვერ შევატყვე, მეტიც, საღამოობით ფეისბუკს ვერ ასცდნენ.

მირჩევნია, ნაკრებში ნაკლები სიძლიერის დიდოსტატი მყავდეს, ოღონდ სპორტსმენი იყოს, საკუთარი ემოციების ზომიერად გამოხატვა შეეძლოს, ბრძოლის ჟინი ჰქონდეს.

რაც შეეხებათ ვაჟებს, საბოლოო შედეგით თუ ვიმსჯელებთ, 24-ე ადგილი კატასტროფაა. ოლიმპიადის შემდეგ ჩემმა მეგობარმა სმბათ ლპუტიანმა ერევნიდან დამირეკა და ბიჭების ბრწყინვალე თამაში მომილოცა. ეს რომ მართლაც ასეა, ეს პროფესიონალებმა ვიცით, მაგრამ ქომაგებს როგორ ავუხსნათ? ისტორიაშიც ხომ 24-ე ადგილი რჩება.

არადა, ჩვენი ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცებს ემოციები მოჭარბებულადაც ჰქონდათ. ვფიქრობ, ბოლო ტურში თურქეთის ნაკრებთან მარცხი ამის შედეგიც იყოს. ბოლო ორი ტურის წინ ჩვენები მე-4 ადგილზე იყვნენ. მე-10 ტურში კომპიუტერების გუნდს - ამერიკელებს დაუპირისპირდნენ. თითქოს, წინასწარ განწირული მატჩი იყო, მაგრამ პირველ-მეორე დაფებზე ქართველებმა ქულა-ნახევარი აიღეს - ბაადურ ჯობავა ფაბიანო კარუანას დაუზავდა, მიხეილ მჭედლიშვილმა ჰიკარუ ნაკამურას მოუგო. მიზნის მისაღწევად ნახევარი ქულაც საკმარისი იყო, მაგრამ ლევან ფანცულაია და თორნიკე სანიკიძე დამარცხდნენ.

ბოლო ტურის წინ ვაჟთა ნაკრებს მე-4, მე-10 და 24-ე ადგილის დაკავების შანსი ჰქონდა. სამწუხაროდ, თურქებთან დავმარცხდით და 24-ეზე გავედით - ბიჭებმა ამერიკელებთან წინადღის მარცხი ვერ გადახარშეს. ყოველივეს მიუხედავად, მიმაჩნია, რომ მათ ჩვენს გოგონებზე უკეთ ითამაშეს. ჯობავამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ მისთვის გუნდური შეჯიბრება პირად ტურნირებზე მაღლა დგას. ის არის ლიდერი, რომელიც გუნდზე ზრუნავს, გუნდის ინტერესებს ემსახურება, პირად ტურნირებში კი კაცმა არ იცის, რას მოიმოქმედებს.

ძალიან საწყენია, რომ ბიჭებმა ის ვერ მიიღეს, რაც კარგი თამაშით დაიმსახურეს. სხვათა შორის, ოლიმპიადის წინ აქცენტი მხოლოდ ქალებზე კეთდებოდა, ფედერაციამ მათ რამდენიმე შეკრება მოუწყო, ბულგარეთიდან ცნობილი სპეციალისტი დელჩევიც ჩამოუყვანა. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ჩვენმა მანდილოსნებმა გუნდური შეჯიბრებისადმი მიდგომა უნდა შეცვალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში წარუმატებლობათა სერია გაგრძელდება.

- ბაქოს ოლიმპიადაზე "ბებერი კონტინენტის" წარმომადგენლებმა პოზიციები რომ დათმეს, როგორც ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტს, გული არ გწყდებათ?
- რეალობას ვერ გაექცევი. ჩინეთის ქალთა ნაკრები დღეს მსოფლიოში უძლიერესია. ამიტომ მათი გამარჯვება არ გამკვირვებია. აი, ამერიკის ვაჟთა ნაკრების ჩემპიონობა კი ერთგვარად მოულოდნელი იყო, იმის მიუხედავად, რომ გუნდში ვარსკვლავები ჰყავთ. მეგონა, რუსეთის ნაკრები მეტ წინააღმდეგობას გაუწევდა. ამერიკის გუნდი განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ფილიპინელი ვესლი სო გადავიდა იქ საცხოვრებლად.

ევროპელთაგან ძალიან მომეწონა უკრაინის ქალთა და ვაჟთა ნაკრები გუნდები - ღირსეულად იბრძოლეს. რაც ყველაზე მეტად მესიამოვნა, ეს იყო ერთმანეთის გატანა. მოგეხსენებათ, გუნდური ჭადრაკი ერთურთისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებას ითხოვს. ვაჟებში ამერიკელებმა და უკრაინელებმა თანაბარი ქულები მოაგროვეს. ოკეანისგაღმელებმა მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს და ოქროს მედლები ერგოთ. ქალთა და ვაჟთა ნაკრები გუნდების ნაჩვენებლების ჯამით უკრაინელებმა ნონა გაფრინდაშვილის თასი დაისაკუთრეს.

ამ ოლიმპიადამაც დაადასტურა, რომ ევროპელებს ზრდის მეტი შანსი აქვთ, ვიდრე სხვა კონტინენტის წარმომადგენლებს, ამიტომ ორი წლის შემდეგ ბათუმში ჩემპიონობის დაბრუნება რეალურად მეჩვენება.

- თქვენ ბათუმი ახსენეთ. ჭადრაკის ქომაგებმა იციან, რომ ბაქოში საჭადრაკო ოლიმპიადის ესტაფეტა საქართველომ ჩაიბარა. 2018 წელს ეს შეჯიბრება აჭარის დედაქალაქში ჩატარდება. როგორც ამ ტურნირის ერთ-ერთი მესვეური, აზერბაიჯანში გამართული ტურნირის ორგანიზაციაზე რას იტყვით?
- შეფასება რომ შეძლო, სათანადო გამოცდილება უნდა გქონდეს. ზემოთაც ვთქვი და გავიმეორებ, ბაქოში გამართული საჭადრაკო ოლიმპიადა საუკეთესო იყო, რაც დღემდე მინახავს. მე კი 13 ოლიმპიადაზე ვარ ნამყოფი: შვიდჯერ როგორც საქართველოს ნაკრების წევრი და ხუთჯერ როგორც ფიდეს და ევროპული ორგანიზაციის ფუნქციონერი. ჩემს კარიერაში პირველი იყო მანილის ოლიმპიადა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ის მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.

უკეთესი ოლიმპიადებიც მინახავს, უარესიც. მაგალითად, 2008 წლის დრეზდენის ოლიმპიადა - არ მეგონა, გერმანელები ასე ცუდად თუ ჩაატარებდნენ ამ დონის შეჯიბრებას. ორი წლის წინათ ნორვეგიულ ტრომსოში გამართული ტურნირი დაუვიწყარია ჩემთვის იმით, რომ ტენდერი მოვიგეთ და 2018 წელს ბათუმში საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მოვიპოვეთ, მე კი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი გავხდი, ფაქტობრივად, ორმაგი წარმატება გვხვდა, ამის მიუხედავად, ტრომსოს ოლიმპიადის საორგანიზაციო მხარეს დადებითად ვერ შევაფასებ: ცუდი საცხოვრებელი პირობები, უარესი საშეჯიბრო დარბაზი - ასპარეზობის მონაწილეები ყოფილი ლუდის ქარხნის სარდაფში თამაშობდნენ.

დარწმუნებული ვიყავით, რომ აზერბაიჯანელები ყველაფერს გაითვალისწინებდნენ და ტურნირს მაღალ დონეზე ჩაატარებდნენ, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ საორგანიზაციო და ოპერატიული კომიტეტები. 25 სხვადასხვა სამსახური გვერდით ედგა ორგანიზატორებს.

მე, როგორც მომავალი ოლიმპიადის ერთ-ერთი მესვეური, იმას ვაკვირდებოდი, რა ვერ გაკეთდა ისე, რაც შეიძლება ჩვენ უკეთესად გამოგვივიდეს. ბოლოს მაინც დავიჭირე ერთი მომენტი - ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალს ჩვენ უკეთ ჩავატარებთ. ეს, ცხადია, ხუმრობით. ბაქოში, მართლაც, ყველაფერი ჩინებულად იყო ორგანიზებული, რაც ჩვენთვის გამოწვევაა. ოლიმპიადების ჩატარების თამასა საკმაოდ მაღლა ასწიეს.

განსაკუთრებით გამორჩეული იყო სათამაშო დარბაზი, რომელსაც 10.000 კვადრატული მეტრი ეკავა. ერთი თვალსაჩინო ადგილი ჩვენ დაგვითმეს, სადაც საგამოფენო კუთხე მოვაწყვეთ - "ბათუმი-2018", რომელსაც ყოველდღიურად უამრავი დამთვალიერებელი ჰყავდა. სტუმრებს ბოლო დღეებში აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ზურაბ პატარაძე და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც უწევდნენ მასპინძლობას.

- ჩვენ რით ვუპასუხებთ ბაქოელთა გამოწვევას?
- ბათუმში საკმაოდ ბევრია ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების რიცხვი. ასე რომ, სტუმართა უმაღლეს დონეზე დაბინავების პრობლემა არ გვექნება. კვებისა და ტრანსპორტის საკითხიც გადაწყვეტილია. ერთადერთი, რაც გვაღელვებს, ეს არის სათამაშო დარბაზი. გვითხრეს, რომ 2017 წლისთვის ბათუმში მწყობრში ჩადგება ახალი სპორტის სასახლე, სადაც ახალგაზრდა ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. მაგრამ არა მგონია, ამ დარბაზმა ოლიმპიადაზე ჩამოსული გუნდები დაიტიოს. სულ მცირე - 5.000 კვადრატული მეტრის ფართობი გვჭირდება.

ისე არ გამიგოთ, თითქოს ჭადრაკისთვის რაღაც გრანდიოზული სასახლის მშენებლობას ვითხოვდე. მხედველობაში მაქვს ბათუმის მზარდი პერსპექტივები. ამიტომ ამ ქალაქს აუცილებლად სჭირდება ერთი კარგი საგამოფენო დარბაზი, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის კონფერენციების გამართვა და ამ შენობით 2018 წლის სექტემბერში ჩვენ, მოჭადრაკეებიც, ვისარგებლებთ ორი კვირით.

ჯერ კიდევ ორი წლის წინათ ტრომსოში ითქვა, რომ ბათუმში ექსპოს მშენებლობა იგეგმებოდა. იმედია, ეს საკითხიც მალე გადაწყდება და აჭარის დედაქალაქში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას ღირსეულად ვუმასპინძლებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"