ჭიდაობა

ძიუდო

იაპონელთა გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე - სიურპრიზი ღვინიაშვილსა და შავდათუაშვილს

AutoSharing Option
ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატამდე სამ თვეზე ცოტა მეტი რჩება, თუმცა იაპონელებმა უკვე დაასახელეს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა, სადაც ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე მომენტია.

მთავარი ისაა, რომ მონაწილე არ ეყოლებათ 90 კილოგრამში - ოლიმპიური ჩემპიონი მაშუ ბაკერი ტრავმირებულია, მხარი იტკინა, სხვა კი არ დააყენეს. ამ წონაში იაპონიის წლევანდელი ჩემპიონი შოიჩირო მუკაი გახდა, ვერცხლს კი 36 წლის ჰიროტაკა კატო დაეუფლა. მასზე აქცენტი რომ არ გააკეთეს, დიდად არც გვიკვირს, 21 წლის მუკაის მომზადება კი, ეტყობა, გამარჯვების მიუხედავად, იქაურებს მაინც არ აკმაყოფილებთ, ან სხვა წონების მეორე ნომრები
მედლის მოპოვების უფრო რეალურ კანდიდატებად მიიჩნიეს.

თუმცა ამაზე უფრო გასაკვირია კენტარო იიდას უგულებელყოფა, ვინც შარშან შემოდგომაზე კანოს ტურნირზე მესამე იყო, წლეულს კი პარიზის "დიდი მუზარადი" მოიგო. ამის მიუხედავად, ეტყობა, 18 წლის ბიჭს მაინც ვერ ენდნენ, ანდა ამ შემთხვევაშიც სხვა წონის მეორე ნომრებიც მედლების მოპოვების უფრო რეალურ კანდიდატებად მიიჩნიეს.

თუმცა ამ წონის "ღიად" დატოვება ძალიან კარგია ჩვენთვის, რადგან ეს ჩინებული შანსია ევროპის პრიზიორ ბექა ღვინიაშვილისთვის - ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი აკლდება. ამას ისიც ემატება, რომ მისთვის უხერხული მეტოქეებიდან ჩვენი ვალერი ლიპარტელიანი და რუსი კირილ დენისოვი 100-ში გადავიდნენ, ხოლო ბერძენმა ილიას ილიადისმა საერთოდ დაანება თავი ჭიდაობას.

ცხადია, ეს ყველაფერი მართლაც მშვენიერი შანსია ღვინიაშვილისთვის, თუმცა ისეც ნუ ვიფიქრებთ, თითქოს მას ასპარეზი მოუსუფთავდა: კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი დონჰან გვაკი, უნგრელი ევროპისა და მსოფლიოს ფინალისტი კრისტიან ტოტი, ევროპის მედალოსანი ფრანგები - ალექსანდრ იდირი ან აქსელ კლერჯე (ან სულაც ორივე ერთად), კაცმა არ იცის, რას იზამს ჩინელი ოლიმპიური პრიზიორი ხუნჭაო ჩენი, სათვალავიდან ამოსაგდები არც რუსი ევროპის მესამეპრიზიორი ხუსეინ ხალმურზაევია, ვისთანაც ევროპის წლევანდელ პირველობაზე დამარცხდა; ფაქტია - ევროპის წლევანდელი მოულოდნელი ჩემპიონი, სერბი ალექსანდრ კუკოლიც ანგარიშგასაწევი კაცი გახდა - აი, ის ფალავნები, რომლებიც ჩვენებურის ძირითად მეტოქეებად მიგვაჩნია, თუმცა ყველაზე სახიფათონი მაინც კორეელი და სწრაფად პროგრესირებადი ჩინელი გვგონია.

იაპონელებმა ჩვენს ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილსაც (73) მოუმზადეს სიურპრიზი - მსოფლიოზე არ იჭიდავებს მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი შოჰეი ონო, რაც ასევე ჩინებული შანსია ჩვენი ფალავნისთვის.

იაპონელიც ტრავმას იშუშებს, თუმცა იქაურებს ამ წონაში მონაწილე ეყოლებათ: სოიჩი ჰაშიმოტო, ხოლო მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული და ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტი რიკი ნაკაია გუნდურში დააყენეს. დაგვეთანხმებით, ლამის დაუმარცხებელ ონოსთან შედარებით, ჰაშიმოტო გაცილებით იოლი "ლუკმაა". ოღონდ კონკურენტები არც შავდათუაშვილს აკლია - კორეელ მსოფლიოს პრიზიორ ჩანგრიმ ანის და სხვებს თავი რომ დავანებოთ, აზერბაიჯანელი ევროპის ჩემპიონი და რიოს თამაშების ვერცხლისმედალოსანი რუსტამ ორუჯოვი მისთვის უხერხული მეტოქეა.

ვისურვოთ, გამართლდეს მოარული ხმები და მსოფლიომდე ის ზედა წონაში გადავიდეს.

თუმცა იაპონელებმა ჩვენთვის ცუდი არჩევანიც გააკეთეს: რაკი ერთი წონა გამოტოვეს, სამი გააორეს, ამ სამეულში კი 100 და მძიმე წონებიც მოხვდნენ (60-იც გააორეს, თუმცა იქ ფინალში ჩვენი გასვლის შანსი ბევრად ნაკლები გვგონია).

განსაკუთრებით დამაფიქრებელი მძიმე წონაა, სადაც ევროპის ჩემპიონებს - გურამ თუშიშვილსა და ადამ ოქრუაშვილს ერთი ძლიერი კონკურენტი დაემატათ. იაპონელებმა ტაკეში ოჯიტანი და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ფინალისტი ჰისაიოში ჰარასავა დააყენეს.

ჰარასავა თუშიშვილს ჯერ არ შეხვედრია, ოქრუაშვილს და ლევან მატიაშვილს კი ორ-ორჯერ ეჭიდავა და ყველა მოუგო. ოჯიტანიმ თუშიშვილი წლეულს პარიზში მეოთხედფინალში დაგვიმარცხა, მატიაშვილთან კი ორჯერ, ხოლო ოქრუაშვილთან ერთხელ წააგო. ამის მეტად ის ქართველებს არ შეხვედრია.

იაპონელებმა 100-ში აარონ ვულფი და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური მედალოსანი რიუნოსუკე ჰაგა დააყენეს. ფულფი წლეულს იაპონიის ჩემპიონი გახდა ამ წონაში (ჰაგა მეორეზე გავიდა), ხოლო აბსოლუტურში ფინალში დამარცხდა ოჯიტანისთან.

მათ სხვა წონებში ქვეყნის სახელის დაცვა შემდეგ ფალავნებს მიანდეს: ნაოჰისა ტაკატო, რიუჯუ ნაგაიამა (ორივე - 60), ჰიფუმი აბე (66) და ტაკენორი ნაგასე (81).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ