"ოლიმპიადაზე საქართველოს ჰიმნს ავაჟღერებ!" - ექსკლუზივი ტატო გრიგალაშვილთან

AutoSharing Option
ტატო გრიგალაშვილს ახალგაზრდული ასაკიდანვე ჰქონდა წარმატებები, მაგრამ იგი ძიუდოს სამყაროში მაინც სწრაფად შემოიჭრა, მიყოლებით გაიმარჯვა რამდენიმე ტურნირზე და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იმედიცაა მოახლოებულ ოლიმპიადაზე.

ცოტა ხნის წინ ჩატარებულ თბილისის გრან-პრიზე 21 წლის სპორტსმენი, მოულოდნელად, სუსტად გამოიყურებოდა. მალევე მას კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ჩანს, წარუმატებლობა ამანაც განაპირობა. ტატოს ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება უწევს, თუმცა ჩვეული ფორმა მალევე უნდა დაიბრუნოს...

- ადრეული ასაკიდანვე გვახსოვს თქვენი წარმატებების შესახებ, თუმცა ფართო აუდიტორია მაინც 2020 წლიდან უფრო გიცნობთ. რამ განაპირობა ამ მასშტაბის პროგრესი?
- 2017 წელს, თბილისის
გრან-პრიზე -73 კგ წონით კატეგორიაში გამოვდიოდი. მწვრთნელებმა აღმოაჩინეს ჩემში გარკვეული თვისებები, რომლებზედაც იმედს დაამყარებდნენ. 2018 წელს უკვე დღევანდელ წონაში, -81 კგ-ში ავინაცვლე და ანტალიის გრან-პრიზე მედალიც მოვიპოვე. ამის შემდეგ ჩემი მხრიდანაც იქნა შეცდომები დაშვებული, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა გარკვეული შედეგები, მთავარი წარმატებები მაინც 2020 წელს დიუსელდორფის მაღალი დონის გრანდ-სლემის მოგებით დაიწყო. ყოველთვის ვცდილობ, ვიმუშაო საკუთარ თავზე და გავიზარდო როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.

- ძირითადად, რაზე გიწევს მუშაობა მწვრთნელებთან ერთად, რა ასპექტებში ხართ კმაყოფილი და სადაა საჭირო შედარებით მეტი ყურადღების გამახვილება?
- ვცდილობ, თვითკმაყოფილებას არასდროს მივეცე. ნებისმიერი მომგებიანი გდებისა თუ გამარჯვების შემდეგ მაინც ვამბობ, რომ უკეთ შეიძლებოდა ყველაფერი. განვითარებასა და სრულყოფას მუდამ უნდა ესწრაფვოდე - ტექნიკური ელემენტების გამრავალფეროვნება, ფიზიკური გამძლეობა, ასევე, კონკრეტული საჭიდაო დეტალები - დგომა თუ პარტერში ჭიდაობა...

- გვინახავს მაღალი დონის, მათ შორის, ქართველი ძიუდოისტები, რომლებიც საასპარეზოდ მრავალფეროვნებით ნაკლებად გამოირჩევიან. ზოგიერთი თუ ქვეჭიდშია ძლიერი, ბევრისთვის ეს სუსტი წერტილია. თქვენზე დიდი იმედებს ამყარებს გულშემატკივარი, მის გასამართლებლად კი ამაზე მუშაობაც მოგიწევთ. როგორ ახერხებთ ამ მრავალფეროვნებას?
- მეტოქეს ყოველთვის საპირისპირო უნდა შესთავაზო - უნდა იცოდე მისი პლუსები და შენი უპირატესობები მოახვიო, ასპარეზობა საკუთარ სტილზე გადაიყვანო. რა თქმა უნდა, ამაში მწვრთნელებიც გვეხმარებიან. არის მომენტები, როცა მეტოქეს ზემოდან ეჭიდავები, მაგრამ ხვდები, რომ ქვეჭიდშია გადასაყვანი, იქ მეტად გექნება წარმატების შანსი... იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად განვითარდება და შემდეგ ინტერვიუს, როგორც ოლიმპიურ ჩემპიონთან, ისე ჩაწერთ.

- ზოგადად, ძიუდოში ბევრი ტურნირია და მნიშვნელოვანია ხოლმე, თუ როდის აღწევს სპორტსმენი ფორმის პიკს. ახლა მთავარი სწორება ოლიმპიადაზეა. ზოგიერთ სპორტსმენს მეტი დასვენება სჭირდება, ზოგს კი პირიქით - ეს ფორმიდან აგდებს. თქვენ შემთხვევაში როგორაა?
- კორონავირუსის დაფიქსირებას თუკი რაიმე დადებითი შეიძლება ჰქონდეს, ისაა, რომ მცირე ხნით დაასვენო ორგანიზმი და მეორე - აღარ გექნება შიში, რომ იგი კიდევ უფრო მნიშვნელოვან დროს შეგეყრება და უფრო მნიშვნელოვანს გამოგატოვებინებს. რა თქმა უნდა, მთავარი საზომი ოლიმპიადაა, პიკშიც მაგ დროს უნდა ვიყო. ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ძალების ბოლომდე აღდგენას შევძლებ, ოლიმპიადაზე კი საქართველოს ჰიმნი უნდა ავაჟღერო!

- ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია სამწვრთნელო შტაბთან ერთად შესაძლო მეტოქეებისა და არბიტრების წინასწარ, დეტალური განხილვა და მიმართავთ თუ არა რჩევებისთვის ქართველ მსაჯს, ვლადიმერ ნუცუბიძ
ს?
- როცა მეტოქის ვინაობას ადგენ, შემდეგ მცირე დროა და წინასწარ ყველაფრის გათვლა შეუძლებელია. მთავარია, თავად იყო ბოლომდე მზად; იცოდე, როგორ წარმართო შეხვედრა, მისი თითოეული წამი. ძიუდოში მთავარია, ისე იყო მომზადებული, მსაჯის გადაწყვეტილებები ხელს ვერ უშლიდეს შენს გამარჯვებას. რაც შეეხება ბატონ ვლადიმერს, საკმაოდ ხშირად იცვლება წესები, არის სიახლეები და ამაზე, რა თქმა უნდა, ვესაუბრებით.

- რას იტყოდით თქვენს საჭიდაო წონასა და ძირითად კონკურენტებზე?

- ძიუდოს გეოგრაფია უკვე სერიოზულად გაიზარდა და კონკურენციამ იმატა. ჩემს წონაში ყოველთვის გამორჩეული იყო ბელგიური სკოლა; რუსებს მაღალი დონის სპორტსმენები ჰყავთ და იაპონელები ყველგან ცდილობენ, ფავორიტები იყვნენ!

- არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ძიუდოში დაძაბულობა გვახსოვს. ახლა რა ვითარებაა გუნდში, როგორ ხდება კონკურენციის მიღება? რაც შეეხება -81კგ-ს, საინტერესოა, რომ ოლიმპიადა დროულად რომ ჩატარებულიყო, იქ ლუკა მაისურაძე გაემგზავრებოდა...
- ახლა შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ დამშვიდებული სიტუაციაა გუნდში, ერთმანეთთან ყველანი მეგობრულად ვართ. რაც შეეხება ლუკას, მე ყოველთვის იმ აზრზე ვიყავი, რომ ჯანსაღ კონკურენციაში ვინც უკეთ იქნება მზად, ის უნდა გაემგზავროს. ადრე სხვანაირად იყო, ახლა მეტი დრო და შანსი მაქვს. შესაბამისად, სამშობლო უნდა გავახარო! ამჟამად კი გუნდში ყველაზე დაძაბული კონკურენცია 90 კგ წონით კატეგორიაშია. ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური - ორივე მშვენიერ ფორმაში იმყოფება...

- საუბრობთ სიმშვიდეზე... კიდევ რა შეიცვალა გუნდში ლაშა გუჯეჯიანის მოსვლით, დანერგა თუ არა განსხვავებული მეთოდები?
- გუჯეჯიანის ვარჯიშები მრავალფეროვნებით გამოირჩევა და არც მომაბეზრებელია. სამწვრთნელო შტაბმა ძალიან კარგად იცის, თუ როგორ უნდა გადაანაწილონ სპორტსმენებმა ძალები და აღადგენინონ დაკარგული ენერგია. იმედი გვაქვს, ოლიამპიადაზე იმდენ ოქროს მოვიპოვებთ, რომ ლაშა გუჯეჯიანი ქართული ძიუდოს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მწვრთნელი გახდება.


altგრიგალაშვილი ყატარის მასტერსის ჩემპიონია [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 9 /
კი დაუკრეს უკვე.
დიმა
10:47 27-07-2021
0
პირადად მე ჩხვიმიანის ბექაურის და გრიგალაშვილის დიდი იმედი მაქვს ოლიმპიადაზე
მაია
15:44 09-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული