ჩვენებურს წილისყრამ არ გაუმართლა, როცა წონაში ყველაზე ძლიერი ერგო მეტოქედ. ტატალაშვილი კორეელს აქამდე ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დამარცხდა. ორივე ორთაბრძოლა პარიზში გაიმართა - პირველად იქაურ "დიდ მუზარადზე", მეორედ - მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე.
ქართველმა ორივეჯერ მედგარი ბრძოლა გაუმართა აზიელს და იოლად არ უბოძებია მოგება, თუმცა ვერც გამარჯვება გამოჰგლიჯა ხელიდან.
ახლანდელი ორთაბრძოლაც ასე წარიმართა - ტატალაშვილმა თითქოს
ყოველ შემთხვევაში, მისთვის არ შეგვიტყვია ის ჟინი, შემართება, როგორითაც გუშინწინ ლაშა შავდათუაშვილი გადიოდა საჭიდაოდ, თუმცა ვანგი ის დონეა, მასთან ღია ჭიდაობას ვერც გარისკავ.
ტატალაშვილმა ბლომად ენერგია კი დაახარჯინა, მაგრამ მთელ შეხვედრას მაინც კორეელი აკონტროლებდა, დომინირებდა და ჩვენებურს ერთი შანსიც არ ჰქონია.
ორთაბრძოლის შუაწელში ვანგმა მყარად აღებული ჩავლებიდან შედეგიანად გამოცელა ქართველი. აქ ტატალაშვილმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ კარგი რეაქციით იპონს დააღწია თავი. თუმცა საბოლოოდ ამით არაფერი შეცვლილა - შემდეგ წრეში კორეელი გავიდა, ტატალაშვილი კი შეჯიბრებას გამოეთიშა.
იაპონელთა პირველი და რუსთა სენსაცია
ოღონდ ამ შედეგმა საბოლოოდ ვერც ვანგი ახეირა - აქ ისევ ამოქმედდა ოლიმპიადის დაუწერელი კანონი და მორიგი ფავორიტი ჩაფლავდა. სხვა ვერაფერს დავარქმევთ კორეელის უმედლოდ დარჩენას. ის ნახევარფინალში კი გავიდა, მაგრამ იქ ჯერ მომავალმა ჩემპიონმა, რუსმა მანსურ ისაევმა მოუგო გაფრთხილებებით, მერე კი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ფრანგმა უგო ლეგრანდმა აუღო ვაზარი და მეხუთეზე დარჩა.
ამით ფრანგმა მსოფლიოს ბრინჯაოს ოლიმპიურიც შემატა, "მამლებმა" კი მეზობელ და მოსისხლე ბრიტანეთში პირველი მედალი მოიპოვეს, როგორც მონღოლებმა.
მათი გუშინდელი ჯილა ნიამ-ოჩირ საინჯარგალი ძირითად ბადეში ისაევთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი გაფრთხილებებით მოუგო ჰოლანდიელთა მსოფლიოს ორგზის და ევროპის ვიცე-ჩემპიონ დექს ელმონტს. აი, ჰოლანდიელთა ნაკრები ვაჟებშიც და ქალებშიც ჯერჯერობით უმედლოდ რჩება.
რუსთა ნაკრებმა მორიგი სიურპრიზი შემოგვთავაზა ისაევის გაჩემპიონებით. ბოლო წლების შედეგებიდან გამომდინარე, მათ ასეთ წარმატებას ძნელად თუ წარმოვიდგენდით. ცოტა უცნაურია - სამი დღის შემდეგ ვაჟებში კორეა და იაპონია ოქროს მედლის გარეშე რჩებიან, რუსეთი კი ორი ოქროთი ძიუდოისტთა საერთო ცხრილს ლიდერობს.
დღემდე ისაევის ყველაზე დიდი წარმატება მსოფლიოს ბრინჯაო იყო, რომელიც 2009 წელს როტერდამში მოიპოვა. ლონდონში მან მსოფლიოს ორი ჩემპიონი დაამარცხა - კორეელზე უკვე გითხარით და ფინალში იაპონელ რიკი ნაკაიას იუკოთი აჯობა, რომელმაც პლანეტის პირველობა შარშან მოიგო.
იაპონელი ქალები კაცებზე ამაღლდნენ
ნაკაიას წაგების მიუხედავად, იაპონიამ ოქროს მედალი გუშინ, როგორც იქნა, მაინც გაინაღდა - ქალებში კაორი მაცუმოტომ გაიმარჯვა და პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ამით მან წრედიც შეკრა - აქამდე მსოფლიოს ჩემპიონიც იყო, ხოლო აზიის პირველობაზე ორჯერ გაუმარჯვია.
მაცუმოტომ ძნელი გზა გაიარა - დაამარცხა აზერბაიჯანელი მსოფლიოს პრიზიორი კიფაიატ გასიმოვა, ძლიერი კორეელი და მონღოლი მეტოქეები, იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი ჯულია კინტავალე, ფინალში კი რუმინელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი კორინა კაპრიორიუ დააიპონა.
რუმინელმა მანამდე ახალგაზრდა უნგრელი, ამ ასაკში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ჰედვიგ კარაკასი გააგდო. ცოტა მოულოდნელი იყო ნახევარფინალში ფრანგ ევროპის პრიზიორ ოტომნ პავიასა და ამერიკელ მარტი მალოუს გასვლა.
არადა, პავიამ ავსტრიელი ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის პრიზიორი საბრინა ფილცმოზერი დაამარცხა, მალოუმ კი ევროპის ოთხგზის ჩემპიონსა და მსოფლიოს პირველობის სამი ფინალის წამგებ რუმინელ ტელმა მონტეიროს აჯობა.
ისიც უცნაურია, რომ ამ წონაში კვარცხლბეკზე მხოლოდ ნახევარფინალში გასული ოთხეული ავიდა, ანუ სანუგეშო წრიდან წარმატებას ვერავინ მიაღწია.
კვარცხლბეკი. ვაჟები.
73 კგ. 1. მანსურ ისაევი (რუსეთი); 2. რიკი ნაკაია (იაპონია), 3. უგო ლეგრანდი (საფრანგეთი), ნიამ-ოჩირ საინჯარგალი (მონღოლეთი).
ქალები
57 კგ. 1. კაორი მაცუმოტო (იაპონია); 2. კორინა კაპრიორიუ (რუმინეთი); 3. მარტი მალოუ (აშშ), ოტომნ პავია (საფრანგეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"