ჩვენებური მასთან საჭიდაოდ მერვედფინალში ტრავმირებული - ნატკენი ტუჩით გავიდა და შეხვედრის მიმდინარეობისას რამდენჯერმე დასჭირდა ექიმის დახმარება - სამედიცინო ლენტის დაწებება. ბოლოს კი გუნდის ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა თავიც გადაუხვია, რაკი სხვა გზა აღარ რჩებოდა, მაგრამ წაგებას ამ ტრავმას ვერ დავაბრალებთ.
ჭრიკიშვილი პირველივე შეხვედრაშიც ძალიან მოდუნებული, მოშვებული იყო და ხორვატ ტომისლავ მარიჯანოვიჩთანაც უღიმღამოდ ირჯებოდა.
მართალია, მას ვაზარით მოუგო, მაგრამ ანგარიში ნუ შეგვაცდენს - 31 წლის ხორვატს
სტევენსთან საწყისი ორი წუთის მერე ფიზიკურად ძალიან გაუჭირდა - ძირითადი დროის უმეტესი ნაწილი და დამატებითი დროც ამერიკელის უპირატესობით წარიმართა, რაც ლოგიკური იპონით დასრულდა.
სამწუხაროა, რომ ჭრიკიშვილს ეროვნულ ნაკრებში ადაპტაცია ასე გაუგრძელდა. ახალგაზრდულ ნაკრებში ის ბევრად სწრაფად და შემართებით ჭიდაობდა...
რევანში ოთხი წლის შემდეგ
როგორც იქნა, ძიუდოისტ ვაჟთა ტურნირში ოქროს მედალი კავკასიას გასცდა, აზიამ კი პირველად იზეიმა ჩემპიონობა. აქამდე გათამაშებული სამივე ოქრო კავკასიელებმა - ქართველმა ლაშა შავდათუაშვილმა (66), რუსთა სომეხმა არსენ გალსტიანმა (60) და რუსთა ავარელმა ფალავანმა დაღესტანიდან მანსურ ისაევმა (73) მოიპოვეს; 31 აგვისტოს კი მას 81 კილოგრამში სამხრეთკორეელი ჯაე-ბუმ კიმიც დაეუფლა.
ამ წონაში პეკინური ფინალი განმეორდა, ოღონდ ამჯერად რევანშით - კიმმა ფინალში გერმანელი ოლე ბიშოფი დაამარცხა და ოთხწლიანი ჯავრი იყარა. კიმი შესანიშნავ კარიერას იკეთებს - 2008-ში ოლიმპიადის ფინალი იჭიდავა, 2009-ში მსოფლიოზე ბრინჯაო მოიპოვა, 2010-11 წლებში კი ზედიზედ მოიგო პლანეტის პირველობა, რასაც ახლა ოლიმპიური ჩემპიონობა დაუმატა.
თან გაიმარჯვა ამავე პერიოდში გამართულ აზიის უკლებლივ ყველა ჩემპიონატსა თუ თამაშებში - ჯამში ორივე ამ პრესტიჟულ ტურნირში 5-ჯერ იზეიმა ჩემპიონობა.
ამას საერთაშორისო ტურნირებიც უნდა დავუმატოთ და ეს კაცი აგერ, მეხუთე სეზონია, იგებს ყველა მნიშვნელოვან შეჯიბრებას, სადაც კი გამოდის. ალბათ, საცოდაობაც იქნებოდა, ასეთ სპორტსმენს კარიერა ოლიმპიური მწვერვალის გარეშე დაესრულებინა.
ეს ფინალი ძიუდოს აზიურ-ევროპული სკოლების დაპირისპირების თვალსაზრისითაც საინტერესო იყო, სადაც ამჯერად გამარჯვება აზიას დარჩა, თუმცა ევროპას ნამუსს ქართველები და ჩრდილოკავკასიელები ვწმენდთ.
ცოტა მოულოდნელი იყო ჭრიკიშვილის მომგები ამერიკელის ნახევარფინალში გასვლა, რომელმაც მეოთხედფინალში ბრაზილიელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიური ბრინჯაოს ორგზის მფლობელი ლეანდრო გილეირო დაამარცხა. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ტიტულების მიუხედავად, ბრაზილიელი არაა ვარსკვლავი - აკი ვერც დამამშვიდებელში ივარგა.
დაახლოებით იგივე ითქმის სტევენსზეც - ბრინჯაოსთვის შეხვედრა აქამდე ლამის უცნობ კანადელ ანტოინ ვალოის-ფორტიერთან დათმო.
წონის აღმოჩენად სწორედ ეს 22 წლის კანადელი იქცა - უფროსებში გადმოსვლის შემდეგ მას მეორეხარისხოვანი შეჯიბრებების გარდა არაფერი მოუგია; ლონდონში კი ისეთი ფალავნები დაამარცხა, ნებისმიერი ტიტულოვანი ძიუდოისტი ინატრებდა - ქვედა წონიდან ამონაცვლებული აზერბაიჯანელი ოლიმპიური ჩემპიონი ელნურ მამადლი, ბრიტანელი მსოფლიოს ორგზის მესამე პრიზიორი ეუან ბურტონი და სერბი მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი სრდიან მრვალიევიჩი...
ევროპისა და მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ივან ნიფონტოვი ნახევარფინალში კორეელთან დამარცხდა და ბრინჯაოს დასჯერდა, თუმცა ბოლო წლების ჩავარდნის ფონზე ამითაც კმაყოფილი უნდა იყოს.
ევროპა ქალებმა იხსნეს
ევროპამ რაც ვაჟთა ტურნირში დაკარგა, ქალებში მოიპოვა - 63 კილოგრამში ათენის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანმა სლოვენიელმა ურსკა ზოლნირმა გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს ორგზის მედალოსანიცაა. აქაც აზიურ-ევროპული ჭიდილი იყო - ზოლნირმა ფინალში ჩინელი ლილი ჰუ დაამარცხა ვაზარით.
მსოფლიოს ორგზის იაპონელი ჩემპიონი იოშიე უენო ბრინჯაოს დასჯერდა, როგორც მსოფლიოს კიდევ ერთი ორგზის ჩემპიონი, ევროპის ოთხგზის გამარჯვებული, ფრანგი ჟევრის ემანე.
სპეციალისტის კომენტარი
გია თენაძე (მწვრთნელი):
"ვფიქრობ, ჭრიკიშვილის მარცხის მიზეზი მოუმზადებლობა ან ტრავმა იყო. მისი მზადების ეტაპებს არ დავსწრებივარ და ვერ გეტყვით, როგორ ფორმაშია.
მე უფრო ვფიქრობ, რომ ამერიკელთან ტრავმის გამო ვერ იჭიდავა - მისი მთელი ყურადღება მიმართული იყო არა მეტოქის დამარცხების, არამედ იმისკენ, ტრავმა რომ არ გამიზეზებოდა. ეს რომ არა, ამერიკელის ბარიერი უნდა გაევლო".
კვარცხლბეკი
ვაჟები
81 კგ. 1. ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა); 2. ოლე ბიშოფი (გერმანია); 3. ანტოინ ვალოის-ფორტიერი (კანადა), ივან ნიფონტოვი (რუსეთი).
ქალები
63 კგ. 1. ურსკა ზოლნირი (სლოვენია); 2. ლილი ჰუ (ჩინეთი); 3. ჟევრის ემანე (საფრანგეთი), იოშიე უენო (იაპონია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"