მწარე ალიყური - ეს არ იყო ვალერი ლიპარტელიანის ჭიდაობა

AutoSharing Option
ჩვენი გათვლებით, 1 აგვისტოს ოლიმპიადაზე იმედის დღე უნდა გვქონოდა, მაგრამ მეეჭვება, მსგავსი გაწბილების და კრახის მომსწრენი კიდევ გავხდეთ - აქეთ ძიუდოში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (90) მეორე წრეშივე დამარცხდა, იქით - ტყვიის სროლაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ვერ გავიდა ფინალში...

განსაკუთრებით მოულოდნელი ლიპარტელიანის მარცხი იყო ავსტრალიელ მარკ ენტონთან (იხილეთ ვრცლად). იქნებ სხვასთან, წონის ფავორიტებთან მარცხს არ გამოეწვია ამხელა იმედგაცრუება, მაგრამ ავსტრალიელი მოსალოდნელზე ბევრად მწარე ალიყურია...

ალბათ, მოვლენათა ასეთ განვითარებას არც ჩვენ ველოდით და შეხვედრის წინა დღეებში
ენტონიც იმაზე ოცნებობდა, როგორმე არ გაბითურებულიყო და სამარცხვინოდ არ წაეგო... ეტყობოდა კიდეც მის ჭიდაობას, რომ ტატამზე ილეთის გასაკეთებლად კი არ იყო გასული, მხოლოდ ის ამოძრავებდა, როგორმე ფანდი არ გაეშვა და მუდმივად გაურბოდა ჭიდაობას.

ასეთ ვითარებაში ლიპარტელიანმაც საჩუქარი უძღვნა, იმდენად დუნედ, შებოჭილად ჭიდაობდა, შენელებული კადრივით მოქმედებდა. იქნებ ვიკამათოთ მსაჯის გადაწყვეტილებაზე ერთ-ერთი გდებისას, მაგრამ მთლიანობაში - ეს არ იყო ლიპარტელიანის ჭიდაობა.

ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ - ილეთის გამკეთებელი დიდად არც ჩვენებური იყო და აკი იუკოზე მეტს ვერც გამორჩა. ის არა მარტო დუნედ მოქმედებდა, ერთფეროვნადაც ჭიდაობდა და როგორც ადრე ხშირად მოსვლია, ისევ უხეიროდ დაწყებულ თავისივე ილეთს ემსხვერპლა - ენტონიმ კონტრშეტევაზე დაიჭირა და ვაზარი მიითვალა.

ლიპარტელიანი პირველ შეხვედრაშიც გადაღლილი და მოშვებული ჩანდა კამერუნელ დეუდონე დოლასენთან (იხილეთ ვიდეო), რომელსაც გაფრთხილებებით მოუგო. მას იქვე ეტყობოდა, რომ რეზერვი არ გააჩნდა და ენტონისთან ვაზარიც რომ მიეცათ, რომც გასცდენოდა მას, ასეთი ჭიდაობით მომდევნო წრეში შანსი არ ექნებოდა.

დღეს, 2 აგვისტოს, ძიუდოისტთა ტურნირის მეოთხე დღეს, უკვე იმის თქმაც შეიძლება, რომ გუნდი მომზადებული ვერ შეხვდა ოლიმპიადას.

სამწუხაროდ, უკვე მეორე სეზონია, პეტერ ზაიზენბახერის გუნდს ერთი უცნაურობა სჭირს - სეზონის პირველ ნახევარში კარგად გამოიყურება და ევროპის პირველობაზე დამაჯერებლად გამოდის, მაგრამ სეზონის ბოლოს, ანუ უმთავრეს შეჯიბრებებზე (შარშან ეს მსოფლიოს პირველობა იყო, წლეულს - ოლიმპიადა) საკუთარ თავს არ ჰგავდა და ნაევროპალი გუნდის კვალიც არ ეტყობოდა.

თუნდაც ლიპარტელიანის გამოსვლა შევადაროთ წლევანდელ ევროპირველობასა და ოლიმპიადაზე. გადაღლა მხოლოდ ლიპარტელიანისთვის რომ შეგვეტყო, კიდევ ჰო, მაგრამ წინა დღეს ავთანდილ ჭრიკიშვილიც რომ ვერ მოძრაობდა?

ვინ გვეტყვის, რატომ ხდება ასე და რატომ არ ჰყოფნის გუნდს მომზადება მთელი სეზონის განმავლობაში? ვინ გვეტყვის, რატომ ჩავიდა ნახევარი გუნდი ოლიმპიადაზე ტრავმირებული და დალეწილ-დასახიჩრებული? დღეს უკვე იმაზეც შეიძლება ლაპარაკი, რომ მზადების ბოლო ეტაპზე ბორჯომში დისციპლინის მხრივ ყველაფერი რიგზე არ იყო და მარცხის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი ამაშიც უნდა ვეძებოთ.

საკითხავია, როდის დამყარდება ნამდვილი დისციპლინა გუნდში? განა ასე ძნელია, სპორტსმენებს შეკრებაზე მანქანით ჩასვლა აუკრძალონ და მთელი გუნდი ორგანიზებულად წაიყვან-წამოიყვანონ საერთო ტრანსპორტით? ამით ხომ შემთხვევითობის რისკიც გამოირიცხება და სპორტსმენებიც რეჟიმს, მკაცრ ხელს იგრძნობენ...

ამ ოლიმპიადაზე გუნდის ცალკეულ წევრთა გამოსვლა იმდენად უსუსურია, მხოლოდ მწვრთნელის დადანაშაულება გვიჭირს - პიროვნულად მათაც მეტი მოეთხოვებათ, მაგრამ ზოგადად გუნდის წვრთნის სისტემა რომ მოიკოჭლებს, ეს შეჯიბრებაც ადასტურებს. როდემდე უნდა იზარალოს ამ თაობამ სხვათა მიზეზით?

ნაკრები რომ მომზადებული ვერ შეხვდა ოლიმპიადას, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა. გუშინ, ლიპარტელიანის წაგების შემდეგ, ისევ შემომეხმიანა ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გურამ საღარაძე და მითხრა, მე რასაც ვუყურე, ეგ ბიჭი გადაღლილი იყოო; ხოლო საქართველოში ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებელი გურამ პაპიტაშვილის მოსაზრებას ცალკე წაიკითხავთ.

რომ არ ყოფილიყო ლაშა შავდათუაშვილი - ეს მართლაც ფენომენი, "ნისლიანი ალბიონი" ჩვენთვის საერთოდ ჩაშავდებოდა. ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა, შავდათუაშვილმა თუ შეძლო, სხვებმა რატომ ვერ მოახერხესო...

მისი ფაქტორი ათენის ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გამოსვლას მაგონებს, როცა მზადების ბოლო ეტაპზე დაშვებული შეცდომების გამო მთელმა გუნდმა ჩააგდო ტურნირი, რამაზ ნოზაძის გარდა - ახალგაზრდა, ფიზიკურად ჩინებულად მომზადებულმა ფალავანმა გაუძლო, რაც სხვებმა ვერ აიტანეს.

იმ გუნდში ფიზიკურად კარგად მომზადებულები სხვებიც იყვნენ, მაგრამ ნოზაძეს ახალგაზრდული ასაკი მათთან შედარებით დიდ უპირატესობას აძლევდა. თან, შავდათუაშვილი ამ გუნდში ყველაზე გვიან გადმოვიდა და მის მზადებაში პირად მწვრთნელებთან ერთად, ნურც ახალგაზრდულის ხელმძღვანელთა წვლილს დავივიწყებთ.

ილიადისის დრამა
ვალერი ლიპარტელიანის არ იყოს, ოლიმპიადა წარმატებით ვერც მეორე ქართველმა, გაბერძნებულმა ილიას ილიადისმა დაასრულა, თუმცა ის მესამე ადგილზე მაინც გავიდა. ძირითად ბადეში ის რუს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ კირილ დენისოვთან დამარცხდა და წონის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაც თითქოს გადაიჭრა, მაგრამ ბედი ხუმარაა და საბოლოოდ ისე მოხდა, რუსი უმედლოდ დარჩა.

ის ნახევარფინალში კუბელმა მსოფლიოს პრიზიორმა ეშლი გონსალესმა დააიპონა, რომლის ფინალში გასვლაც ლოგიკურია. მეორე ფინალისტი სამხრეთკორეელი დაე-ნამ სონგი გახდა, რაც ცოტა მოულოდნელიცაა - მას აქამდე სერიოზული ტიტული არ ჰქონია, ახლა კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. თან იაპონია კვლავაც ოქროს გარეშე დატოვა - ჯგუფში მასაში ნიშიამა დაამარცხა, რომელიც საბოლოოდ ბრინჯაოს დასჯერდა.

ეს კორეელთა მეორე ოქროა ვაჟთა ტურნირში, რითაც რუსებს გაუთანაბრდნენ.

ქალთა შორის ოცნება აისრულა ფრანგმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ლუსი დეკოსიმ, რომელმაც პეკინში ფინალი წააგო, ამჯერად კი გერმანელ კარსტინ ტილეს მოუგო.

კვარცხლბეკი
ვაჟები

90 კგ. 1. დაე-ნამ სონგი (სამხრეთ კორეა), 2. ეშლი გონსალესი (კუბა), 3. ილიას ილიადისი (საბერძნეთი), მასაში ნიშიამა (იაპონია).

ქალები
70 კგ. 1. ლუსი დეკოსი (საფრანგეთი), 2. კარსტინ ტილე (გერმანია), 3. ედიტ ბოში (ჰოლანდია), იური ალვეარი (კოლუმბია).

მორიგი კრახი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამიხსენით ილიას ილიასესი რა ქართველია მესმის ფულისსთვის უცხოეთსი წახვალ მარა სახელსა და გვარს რო შეიცვლი მაშინ უკვე ქართველი აღარაა
0
გია,ეს ილიადისია,და არა ილიასესი,აქ არ დაუფასეს შრომა და ადგა და ცავიდა,ჯარჯი ზვიადაურია ნამდვილი სახელი და გვარი,სპორტში ცოტატიც მაინც ტუ არა ხარ ჩახედული ჯობია კომენტარი არასდროს გააკეტოოოოოოოოო!
ვასკულატ
11:24 02-08-2012
0

სიახლეები პოპულარული