შოთა ხაბარელი: მალე სპორტი აღარ გვექნება საქართველოში!

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიადაზე ჩვენი ძიუდოისტთა ნაკრების გამოსვლა დიდი გაწბილების და ბევრი საფიქრალის მიზეზია, ლაშა შავდათუაშვილის (66) ოქროს მედლის მიუხედავად.

რა მოხდა და რატომ ვერ აჩვენა უკეთესი შედეგი გუნდმა, რომელსაც დიდი დაფინანსება ჰქონდა და არც უცხოური შეკრებები აკლდა?

ეტყობა, გუნდში იმაზე მეტი პრობლემაა დაგროვილი, ვიდრე გარედან ჩანს.

ამ თემებზე სასაუბროდ "ლელოს" სტუმარი ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი შოთა ხაბარელია, რომელმაც გუნდში არსებულ ხარვეზებზე დაუფარავად ილაპარაკა.

- ალბათ, დღეს ყველაზე აქტუალური ოლიმპიადაზე ჩვენი გუნდის გამოსვლის შეფასებაა. თქვენ როგორ აფასებთ გუნდის გამოსვლას?

- როცა
შვიდი წონიდან ერთი ოქრო გაქვს, კარგია, მაგრამ ლაშა შავდათუაშვილის შემთხვევა განსაკუთრებულია, ის განყენებულად უნდა განვიხილოთ. ამ 20 წლის ბიჭმა გმირობა ჩაიდინა და დაგვარწმუნა, რომ მონდომების შემთხვევაში არანაირი ბარიერი არ არსებობს.

ცხადია, სათანადო წვრთნაც უნდა ჰქონდეს გავლილი. მისი გამარჯვება დიდწილად იმანაც განაპირობა, რომ ის არ იყო ცნობადი სახე და არც გაშიფრული იყო. მან ლიცენზია ბოლო ტურნირზე გაინაღდა, თორემ მანამდე მისი წასვლა არც იყო გადაწყვეტილი.

ამიტომ მეტოქეთა ყურადღების ცენტრში არ აღმოჩნდა და არც ფავორიტებში განიხილებოდა. დარწმუნებული ვარ, მას გიორგი ვაზაგაშვილი აუცილებლად მიუთითებდა, რომ არავითარი ტაქტიკური ჭიდაობა, უნდა ყოფილიყო აგრესიული.

ასეც იჭიდავა. მეტოქეებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა და კარგადაც გაართვა თავი ამოცანას.

მისი წარმატების მეორე და მთავარ მიზეზად ის მიმაჩნია, რომ მას არ გაუვლია წვრთნის ის არასწორი კურსი, რომლითაც ამ ორი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ სხვები, რადგან ახალი გადმოსულია ამ გუნდში.

ამიტომაც გადაურჩა იმ წაგებას, რაც სხვებს დაემართათ. აი, ამიტომ იჭიდავა მან კარგად სხვებისგან განსხვავებით. ჩვენ როცა ვამბობდით, რომ ეს კაცი არ ავარჯიშებდა გუნდს სწორად, არავინ გვიჯერებდა.

ერთ-ერთ შეხვედრაზე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა პირდაპირ თქვა, ჩვენ ავსტრიელს მივეცით დავალება, მაქსიმალურად დატვირთე; ვინც გადარჩება - გადარჩება, ვინც არა და სახლში წავიდესო. თითქოს ეს ბიჭები გამოსაცდელი თაგვები იყვნენ.

მე მაშინვე ვთქვი, რომ ამ მეთოდით მედლის სავარაუდო კანდიდატებს დავკარგავთ და შეიძლება ვინმე ამოტივტივდეს, ვინც ფიზიკურად გაუძლებს-მეთქი. სამწუხაროდ, არ დაგვიჯერეს და მართლაც ასე მოხდა.

შავდათუაშვილი მთლიანად ქართული სტილით მომზადებული სპორტსმენია. პეტერ ზაიზენბახერს შარშან შეცდომა მოუვიდა, როცა გუნდი მსოფლიომდე ერთი თვით ადრე მიიყვანა პიკში და ასე მოხდა ახლაც. თუ გახსოვთ, ტურნირამდე მაშინაც ამბობდნენ, რომ ბიჭები მაგარ ფორმაში არიანო. აი, სწორედ მაშინ იყვნენ პიკში, რაც არაფრით არ შეიძლებოდა.

ასევე დაუშვებელია საბაზო შეკრებაზე სპეციალური ვარჯიშების შეთავსება. სწორედ ეს იყო ის 15 შეხვედრა, რომელსაც ფიზმომზადებისას ყოველდღიურად ატარებდნენ, რაც დიდი შეცდომაა.

ბიჭებს როცა ფიზიკური კონდიციები უნდა გაემაგრებინათ, მაშინ ჭიდაობდნენ, რამაც ორგანიზმი უფრო ადრე მოიყვანა პიკში.

კიდევ ერთი დიდი შეცდომა ის იყო, რომ ერთი თვით ადრე არავის მიჰყავს სპორტსმენები შეჯიბრებებზე. ჩვენებმა კი ბრაზილიასა და არგენტინაში იჭიდავეს. ასეთი რამე დასაშვებია მხოლოდ გამონაკლისის სახით, როცა ვიღაცას სჭირდება ტურნირი, მაგრამ მასიურად არაა სწორი.

თუ დააკვირდით, იმ ტურნირებზე წონაში 7-8, მაქსიმუმ 10 ფალავანი გამოდიოდა და არცერთი არ იყო ოლიმპიელი. იმ დროს ევროპაშიც ჩატარდა შეჯიბრებები და იქ ოლიმპიელები შერჩევით გამოვიდნენ, თითო-ოროლა და არა მასობრივად.

სპორტსმენებზე ამხელა გადაფრენებიც ცუდად მოქმედებს - იაპონია, კორეა, მონღოლეთი, ბრაზილია, არგენტინა... ასეთი შორეული გადაფრენები მოქმედებს სპორტსმენებზეც - აბა, როგორია, სულ აეროპორტში ჯდომა, 14-15 საათი მგზავრობა ერთ გზაზე და ამდენივე - უკან? ამას ყველა ვერ უძლებს. სპორტსმენები მოშლილები იყვნენ და ასე ჩამოვიდნენ საქართველოში.

ბოლო შეკრება ბორჯომში კი გაიარეს, მაგრამ იმ დროს იქაურობა უკვე ვერაფერს შეცვლიდა, დაგვიანებული იყო. ამან განაპირობა ბიჭების ასეთი უსუსური ფიზიკური მდგომარეობა, როცა 2 წუთის მერე ვერცერთი ფეხზე ვეღარ დგებოდა, არც სუნთქვა უვარგოდათ.

ჩვენთვის რომ დაეჯერებინათ, ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე მდგომარეობის გამოსწორება კიდევ შეიძლებოდა. შედეგად, ბიჭებმა ზოგმა წელის და ზოგმაც სხვა სახის ტრავმები მიიღეს არაბუნებრივი დატვირთვების გამო.

100-80-კილოგრამიანი შტანგების აწევა ჩვენ არ წაგვადგება, რადგან ძალოსნები არ ვართ. ჩვენ ისეთი ფიზიკური მომზადება გვინდა, რაც ძიუდოსა და ჭიდაობაში გამოგვადგება. მიზანი 120 კილოგრამის აწევა არ უნდა იყოს.

- ზაიზენბახერმა საევროპოდ ორივე სეზონში თუ მოახერხა გუნდის სათანადოდ მომზადება, მსოფლიოსთვის რატომ ვერ ახერხებდა ამას, რატომ მოსდიოდა ეს შეცდომა?
- მზადებისას იქიდან უნდა გამოვიდეთ, რომელია სეზონის ძირითადი შეჯიბრება. ევროპა მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპია. თან გავითვალისწინოთ, რომ ევროპამდე არ გაუვლიათ იმდენი შეკრება უცხოეთში. ესეცაა ერთი მიზეზი, რომ იქ გადამწვარნი არ იყვნენ.

- ბიჭების დანაშაულს თუ ხედავთ ამ წაგებაში? ბევრი იმასაც ამბობს, რომ სპორტსმენებს მეტი არ შეუძლიათ და რა მწვრთნელის ბრალიაო...
- ვერაფრით დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ბიჭებს მეტი არ შეუძლიათ. მათ ხომ კარგად წარმოაჩინეს თავი საერთაშორისო ტურნირებში.

დიდი წილი მწვრთნელის ბრალია, ბიჭების - უფრო ნაკლები. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ამ ბიჭებმა გააპროტესტეს მწვრთნელის მოსამზადებელი გეგმა, მაგრამ არ დაუჯერეს და უთხრეს, თქვენი საქმე ვარჯიშია, ვისაც არ უნდა, წავიდეს სახლშიო... ამ ბიჭებს მეტიც რა ექნათ?

- ლიპარტელიანის კარიერა უფროსებში რატომ ვერ წარიმართა ისე წარმატებულად, როგორც - ახალგაზრდებში იყო? თითქოს არსენალიც ვერ გაამდიდრა. რა მიგაჩნიათ ამის მიზეზად და რატომ წააგო ეს ოლიმპიადა?
- ლიპარტელიანმა თავისი ტექნიკა არაერთხელ გამოავლინა და ევროპის ჩემპიონი გახდა, ორჯერ კი ფინალი იჭიდავა. თავიდან მას მართლაც გაუჭირდა, რადგან წესების ცვლილებამ აზარალა, მაგრამ მალე აუღო ალღო და ევროპაზე ტექნიკის დიდი არსენალი გამოავლინა.

თუმცა, როცა არც პიკში ხარ, არც - მზად, მაშინ ტექნიკაც დაკარგულია და ყველაფერი. იქ არც ტექნიკა ჩანს, არც ფიზმომზადება და დაბნეული ხარ. მთავარი მიზეზი ისაა, რომ მზადების პროცესი წარიმართა არასწორად.

ცოტა განსხვავებულია ავთანდილ ჭრიკიშვილის მდგომარეობა. ის ჭიდაობდა ქართულ სტილში - გადავლება, მოგვერდი, ბრუნი, შეკრულად ასპარეზობდა, მაგრამ ამ მწვრთნელმა ეს ყველაფერი დაავიწყებინა და გადავიდა ახალ სტილში.

- თქვენ რომ ყოფილიყავით მთავარი მწვრთნელი, თუ შეცვლიდით რაიმეს ამ შვიდეულში, განსაკუთრებით - 60-სა და 100-ში?
- დავიწყებ იქიდან, რომ ვარჯიშს ისევ ძველი მეთოდიკით გავაგრძელებდი და გუნდს იმის მიხედვით დავაკომპლექტებდი, ვინ როგორ ფორმაში იქნებოდა.

არაა გამორიცხული, იგივე შემადგენლობა დამეტოვებინა. ეს დამოკიდებულია, ვინ როგორ ხვდება კონკრეტულ შეჯიბრებას. ამიტომ ჩემთვის მიუღებელია 100 კილოსთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები, რომ თითქოს სპორტსმენები ერთმანეთში შეთანხმდნენ, ევროპაზე ვინც უკეთ იჭიდავებდა, ის წასულიყო ლონდონშიო.

სპორტსმენები ასეთ რამეს თუ ერთმანეთში წყვეტენ, მაშინ რა საჭირონი ვართ მწვრთნელები? ეს ქვეყნის ნაკრებია, ხალხი შენგან შედეგს ელოდება და ვინ დადგება იქ, ამას მთავარი მწვრთნელი და მწვრთნელთა საბჭო წყვეტს.

ჩემს დროსაც იყო შემთხვევა, როცა ახალგაზრდები თურმე ასე შეთანხმდნენ ერთმანეთში, მაგრამ როცა გავიგე, ორივე სახლში გავუშვი - აწი წადით და იქ შეთანხმდით-მეთქი.

თუ 100 კილოში კონკურენტთა კლასზე ვილაპარაკებთ, ცხადია, უპირატესობა ცირეკიძის მხარესაა, რასაც შედეგებიც ადასტურებს - ის მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონია, ასეთი კი დღემდე არავინ გვყავდა. ის ნომერ პირველია საქართველოში და ამით ყველაფერია ნათქვამი.

- ცირეკიძესთან დაკავშირებით ვრცელდება ხმები, რომ თითქოს დოპინგის საშიშროება ისევ იყო და ამიტომ არ წაიყვანესო...
- რაც არ ვიცი, ზუსტად ვერაფერს გიპასუხებთ, მაგრამ იმ სკანდალის შემდეგ თუ ისევ ეგ პრობლემა ჰქონდა, მაშინ ის აუღებელი ციხე-სიმაგრე ყოფილა.

- ჟორჟოლიანს დიდ ტურნირებში თითქოს მონდომება აკლია. თქვენ რას ფიქრობთ, რატომ ვერ აღწევს ის დიდ წარმატებებს?
- მგონია, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, თორემ ყველა მონაცემი გააჩნია - ფიზიკურად ერთ-ერთი საუკეთესოა.

- მძიმე წონაში კრიზისია. რითაა ეს გამოწვეული და ხომ არ აჯობებდა, გუჯეჯიანი დაგვებრუნებინა?
- გუჯეჯიანმა დაბრუნება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. წლები თავისას შვრება; თან ტრავმებიც ჰქონდა და, სამწუხაროდ, ისევ ამათზე ვართ შეჩერებულნი. ახალგაზრდებიდან ლევან მათიაშვილი კარგი ბიჭია, მაგრამ ამ ეტაპზე ლიდერად არ განიხილება.

ამ წონაში ცუდი მდგომარეობაა. მიზეზის ახსნა ცოტა რთულია, მაგრამ ქვეყნის მასშტაბითაც რომ გადავხედოთ, მძიმეწონოსნები არც მოდიან.

- ლონდონის ოლიმპიადაზე იაპონელთა ასეთ სუსტ გამოსვლაზე რას იტყვით?
- ვერაფერს გეტყვით, ეს მეც მიკვირს.

- რუსების საწვრთნელ მეთოდიკას თუ იცნობთ, რის ხარჯზე მიაღწიეს ასეთ ჩინებულ შედეგს?
- იტალიელი ეციო გამბა კარგი მწვრთნელია. ის იმავე მეთოდიკით ავარჯიშებს, რაც ჩვენს დროს იყო, არაფერი შეუცვლია, მაგრამ დისციპლინაა მაღალ დონეზე.

გამბას გუნდში მწვრთნელებად მსოფლიოს ჩემპიონები ჰყავს და მათ ამუშავებს, თვითონ კი კურირებს ვარჯიშის პროცესს. თუ დააკვირდით, ის სეკუნდანტად არც დამჯდარა და არც სხვა დროს აკეთებს ამას.

სწორიცაა - იტალიურად ან ინგლისურად რა უნდა გააგებინოს რუსს? ვიტალი მაკაროვი და სხვა მწვრთნელები კი უფრო აუხსნიან.

ზაიზენბახერმაც რომ დაუთმოს ადგილი ვაზაგაშვილს, ის გამოცდილი სპორტსმენია და ქართველი კაცის ფსიქოლოგია იცის, კარგადაც დაეხმარება ბიჭებს.

მე მინახავს გამბა ტურნირებზე - გასახდელში დგას და რჩევა-დარიგებებს აძლევს მწვრთნელებს, სპორტსმენებს, მაგრამ არანაირად არ ერევა ტატამზე.

- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, შეიძლება იმის თქმა, რომ ძიუდოში კრიზისია?
- ჩემთვის ძალზე მტკივნეულია ამ თემაზე საუბარი. ფედერაციაში არსებული მდგომარეობა ეპიდემიასავით გადაედებათ სპორტსმენებს. ფედერაცია ფედერაციას არ ჰგავს. იქ ისეთები არიან, რომლებიც არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენენ სპორტსმენებისთვის.

გინდ აღმასკომი აიღეთ, გინდ - თვითონ ფედერაციის ხელმძღვანელობა. ფედერაციას არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია; არ ძალუძთ, სპორტსმენებს რაიმე საკითხი გადაუწყვიტონ - დამოკიდებულნი არიან ოლიმპიურ კომიტეტზე, სპორტის სამინისტროზე.

მოჭიდავეები ბედის ანაბარად არიან მიტოვებულნი. როგორც ამბობენ, ზემდგომნი გუნდის დაკომპლექტებაშიც ერევიან. არაფერს ვამბობ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შეკრების დაგეგმვა, სად უნდა ჩატარდეს ის და ასეთები, რაც მწვრთნელის პრეროგატივაა.

როცა მთავარ მწვრთნელს დამხმარეს იმის მიხედვით უნიშნავ, რამდენად კარგადაა ის უფროსობისადმი განწყობილი, ეს ბიჭებზეც აისახება და აქედან მოდის ყველაფერი.

ძიუდოს ფედერაციის აღმასკომში 15 კაცია და მათში შედიან არა გამოცდილი სპორტსმენები, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები, არამედ მინისტრის მოადგილე, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დედაქალაქის სპორტის სამსახურის უფროსი, უდესიანი... აი, აქედან იწყება ყველაფერი და კიდევ უფრო ცუდია, რომ ეს მარტო ძიუდოში კი არაა, ყველგან ასეა - გადახედეთ, ვინაა კრივის, ჭიდაობის და სხვა ფედერაციების სათავეში.

ერთი სიტყვით, მართვის კრიზისია და არა ნიჭის. ასე თუ გაგრძელდა, მალე სპორტი აღარ გვექნება საქართველოში.

სპორტი პოლიტიკისგან უნდა გათავისუფლდეს, ფედერაციები კი - ზეწოლისგან, მათ დამოუკიდებლობა უნდა მიეცეთ.

- სპორტსმენების პოლიტიკაში ჩარევა რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ?
- მიმაჩნია, რომ მოქმედი სპორტსმენი პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს - მას თავისი საქმე აქვს და ის უნდა აკეთოს, ივარჯიშოს და ქვეყანას დიდება მოუტანოს, მაგრამ საკუთარი სიმპათიის გამოხატვა, იმის დაფიქსირება, რა მოგვწონს და რა - არა, ეს არაა პოლიტიკაში ჩარევა და ამის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს.

ამბაკო ავალიანმაც ასე დააფიქსირა თავისი პოზიცია, ვინ მოსწონდა და დაამატა, პოლიტიკაში არ ვერევიო, მაგრამ ამისთვის რაც მოუვიდა, ყველამ ნახეთ - პრაქტიკულად, ქუჩიდან მოიტაცეს და ქუჩური გარჩევები მოუწყვეს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამას ერთი და იგივე ადამიანები აკეთებენ.

- ვთქვათ, ხელისუფლებამ შემოგთავაზათ ნაკრების გაწვრთნა, დათანხმდებით თქვენი პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად?
- მე ჩემი შეხედულება მაშინაც მქონდა, როცა ერთი წლის წინ შემომთავაზეს. როცა ხედავ, ყველაფერი იღუპება და ამის გადარჩენის საშუალება გაქვს, არ უნდა დაიმალო, იმის მიუხედავად, რა ტალახიც უნდა გესროლონ.

არადა, ტალახი მართლაც ბევრი მესროლეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრის დაფიქსირებისთვის, მაგრამ მაინც დავთანხმდი. ეტყობა, იმ ერთი ღამის განმავლობაში მთავრობაში ისევ მიდიოდა განხილვა და დილით უარი მითხრეს. ახლა კი ამ ხალხის ხელში არ დავბრუნდები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სპეციალისტის კომენტარი ქართველი ძიუდოისტების გამოსვლაზე: ეს უდიდესი დანაშაულია!
ბეთქილ შუკვანი: ოლიმპიური სოფლიდან ნასვამ გია უდესიანს გამოვერიდე
ოლიმპიადა ქართველმა ძიუდოისტებმა წაგებით დაასრულეს
ლომერ ჟორჟოლიანი - არაფერი გამორჩეული
მწარე ალიყური - ეს არ იყო ვალერი ლიპარტელიანის ჭიდაობა
მორიგი უნიათო მარცხი: ავთანდილ ჭრიკიშვილის წაგება მხოლოდ ტრავმის ბრალია?
ნუგზარ ტატალაშვილმა ისტორია გააგრძელა
ლაშარელა - მეექვსე გაელვება
ბეთქილ შუკვანის 5-წამიანი დრამა
მკითხველის კომენტარები / 15 /
საინტერესოა, ბ-ნი შოთა რატომ არ თვლიდა 2008-ში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ირაკლი ცირეკიძეს უკონკურენციოდ, ფაქტობრივად ზედ პეკინში წასვლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, როდესაცმიხვდა, რომ მისი შვილობილი ზურაბ ზვიადაური არაფრის გამკეტებელი აღარ იყო...მერე სხვის შეცდომებზე რომ საუბრობს ჯარჯიზე გვითხრას რაიმე, ვისი წყალობით წავიდა ეს კაცი საბერძნეთში...მერე შეგვახსენოს, მის გაწვრთნილ ნაკრებს, როდის მოუგია ოლიმპიადაზე ერთ ოქროზე მეტი....
asurbanifali
16:42 06-08-2012
0
ანდრია რაო ნაცებმა მოგისყიდეს ხო.სპორტი კი არა მალე ცჰვენი სატაყვანებელი საქარტველო აგარ გვექნება და მიხვდებიან მერე ეს კაცუნები მაგრამ გვიან იქნება.მისჰა კი მილიარდებს წაიგებს და მოკვდება სიცილიტ.დაფიქრდიტ სანამ ჯერ კიდევ სჰეიდზლება გადარცჰენა საქარტველოსი
0

სიახლეები პოპულარული