წარუმატებელ ძიუდოისტთა ნაკრების გაურკვეველი ბედი

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ერთი მედლით დაამთავრა გამოსვლა ლონდონის ოლიმპიადაზე, თუმცა მედალსაც გააჩნია - ეს ერთადერთი ჯილდოც ოქროა, რომელსაც 20 წლის კარალეთელი ლაშა შავდათუაშვილი (66) დაეუფლა.

ოლიმპიადაზე სულ 7 ოქრო თამაშდება, რომელიც ამჯერად 4-მა ქვეყანამ გაინაწილა და უთუოდ საამაყოა, რომ ამ კვარტეტში პატარა საქართველოცაა საფრანგეთის, სამხრეთ კორეისა და რუსეთის გვერდით. ეს მით უფრო სასიამოვნოა იმ ფონზე, რომ იაპონია, გერმანია, ჰოლანდია, იტალია, ბრაზილია და სხვა ძლიერი გუნდები ოქროს გარეშე დარჩნენ.

და მაინც, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ნაკრების ოლიმპიადაზე გამოსვლას ვერაფრით ვუწოდებთ წარმატებულს.

არადა, ლონდონიდან ქართული დელეგაციის მესვეურთაგან უკვე გაისმის ასეთი შეფასებები. ქებათა ქება შავდათუაშვილს - დარწმუნებული ვარ, მან ჯერ კარგად არც იცის თავისი გამარჯვების ფასი და სინამდვილეში რა გააკეთა. ამას სამშობლოში დაბრუნების მერე გაისიგრძეგანებს. ამ პატარა ბიჭის მიმართ მადლობისა და მუხლის მოდრეკის მეტი არაფერი დაგვრჩენია, მაგრამ ოლიმპიადაზე ის ცალკე გუნდი იყო, განყენებული და გამონაკლისი.

შავდათუაშვილი და დანარჩენი გუნდი - ასეც შეიძლება ითქვას, რადგან ამ ნაკრებში მხოლოდ ის ჩანდა, სხვები კი ვერ დავინახეთ.

როცა გუნდის შვიდი წევრიდან ექვსი მეორე წრეს ვერ გასცდება და თან ხეირიანად ერთ ილეთს ვერ გააკეთებს (თან, ვიღაც დაბალი დონის მეტოქეებთან, თუმცა ამ მხრივ ბეთქილ შუკვანი ფრანგ ევროპის ჩემპიონ სოფიან მილუსთან არჩათვლილი ბრწყინვალე გდებებით გამონაკლისია), რაღა წარმატებაზეა ლაპარაკი! გუნდში მედლის მოპოვების პოტენციალი რომ დაგვენახა, კიდევ არაფერი, მაგრამ ამის ნატამალიც ვერ შევნიშნეთ.

ამიტომაც ვამბობთ - ოქრო ოქროდ, მაგრამ მისმა ბრწყინვალებამ ნაკლოვანებები არ უნდა გადაფაროს.

"გაპრავების" სინდრომი ძიუდოში
არადა, ამის სიმპტომები უკვე არის! ლონდონიდან ხშირად არა, მაგრამ მაინც ისმის საუბარი გუნდის წარმატებულ გამოსვლაზე, ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი პრობლემის გლობალურად განხილვის ნაცვლად ისევ ცალკეულ შეხვედრებზე ამახვილებს ყურადღებას.

მაგალითად, ლომერ ჟორჟოლიანის (100) აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვთან მარცხი ასე ახსნა, თავიდან ინერტულად ჭიდაობდა და მერე ვეღარ ამოქაჩაო... ეს კიდევ არაფერი, ჭრიკიშვილ-ლიპარტელიანის ჭიდაობების მერე ისიც მოვისმინეთ, გუნდი ფიზიკურად კარგადაა მომზადებული, ამ მიზეზით არავის წაუგიაო!

ერთი სიტყვით, ახლაც იგივე მდგომარეობაა, რაც ერთხელ უკვე ვნახეთ მსოფლიოს შარშანდელი პირველობის შემდეგ - ის იმხელა კრახი მაშინაც ასე დაიყვანეს ცალკეულ ფალავანთა შეცდომებამდე - იმან ჩავლება ვერ აიღო, ამან თავი მიაბრუნა და მეტოქე ამ დროს შევიდა ილეთზეო და მსგავსნი...

ორთაბრძოლების ქრონოლოგია ჩვენც კარგად ვიცით, ანუ ვინ იყო აქტიური ან - პირიქით. უფრო ის გვაინტერესებს, რატომ იყო ინერტული, რატომ ვერ ჭიდაობდა, რატომ ვერ აკეთებდა ილეთებს უმეტესობა? თუმცა კიდევ ბევრი "რატომ" გვრჩება პასუხგაუცემელი.

სამწუხაროდ, ნაკრების ავსტრიელმა მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა "მოახერხა" და გუნდი ახლაც გადაღლილი შეახვედრა სეზონის კი არა და, ოთხწლიანი ციკლის უპირველეს შეჯიბრებას. შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ გვეგონა, მწვრთნელი შეძლებდა მდგომარეობის გამოსწორებას.

მით უფრო, ფედერაციიდან თუ ოლიმპიური კომიტეტიდანაც გვესმოდა, რომ ფიზიკური დატვირთვები შეამცირა და ცოტა ზეაწეული ცხვირის იქითაც გაიხედაო, ანუ თავი დაიმდაბლა და ბიჭებს ადამიანურად ელაპარაკებაო. ქართველი მწვრთნელებიც მიუჩინეს ძიძასავით, მაგრამ თურმე სულ ტყუილად ვიმედოვნებდით.

ეტყობა, აქაც "არა შეჯდა მწყერი ხესა" პრინციპია - არაა ეგ კაცი მწვრთნელი, რაც აქამდე უნდა დაეჯერებინათ სპორტის მაღალჩინოსნებს, მაგრამ ვეჭვობთ, ისინი არც ახლა დაგვეთანხმებიან. იქნებ ვინმემ გვიპასუხოს, რატომ მოხდა, ზედიზედ ორ სეზონში რომ გუნდი წლის პირველ ნახევარს, ანუ ევროპის პირველობას კარგ ფორმაში ხვდება, ხოლო მეორე ნახევარში (შარშან -მსოფლიოს პირველობაზე, წლეულს - ოლიმპიადაზე) საკუთარ თავს არ ჰგავდა? რატომ ჰყოფნის ზაიზენბახერის მზადება გუნდს მხოლოდ პირველი 4 თვე და არა სეზონის ბოლომდე? შევადაროთ თუნდაც ლიპარტელიანის გამოსვლა ევროპის წლევანდელ პირველობაზე და ოლიმპიადაზე. რატომ იყო ასე კატასტროფული სხვაობა და რისი ან ვისი ბრალია ეს, ნუთუ მხოლოდ სპორტსმენის მოუნდომებლობისა? ვერ დავიჯერებთ, რომ ლიპარტელიანს არ სურდა მოგება, მაგრამ "გახევებულს" მეტი არ შეეძლო, მოძრაობა უჭირდა, როგორც გუნდის უმეტესობას.

ცხადია, წაგებაში სპორტსმენებსაც მიუძღვით წვლილი, თუმცა მთავარი მიზეზი მაინც ისაა, რომ სათანადოდ უნდა ყოფილიყვნენ მომზადებულები - წინააღმდეგ შემთხვევაში არც მონდომება გექნება და რაც უნდა ეცადო, ვერაფერს გამორჩები.

სპორტსმენებს, ძირითადად, არაპროფესიულ მიდგომაში უნდა ვუსაყვედუროთ - ბოლო შეკრებაზე ბორჯომში მომხდარი ნამდვილად არ მეტყველებს მათ სასარგებლოდ. ამან დიდი დაღი დაასვა მათ ჭიდაობას.

ასეთი მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ, უპირველესად, თვითონ უნდა უვლიდნენ საკუთარ თავს, თორემ მწვრთნელი მუდმივად თავზე ვერ დაადგება. თუმცა დისციპლინის განსამტკიცებლად მწვრთნელიც და ფედერაციაც უფრო მკაცრ ღონისძიებებს უნდა ატარებდნენ.

რატომ იყო შავდათუაშვილი გამონაკლისი
ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა - თუ მწვრთნელმა გუნდი ვერ მოამზადა, მაშინ შავდათუაშვილმა როგორ იჭიდავა ისე ძლიერადო. ოლიმპიური ჩემპიონი რომ გამონაკლისია, ზევითაც გითხარით. მისმა შემთხვევამ 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე მოჭიდავეთა გუნდების გამოსვლა გამახსენა - ორივე ნაკრები იქაც გადაღლილი ჩავიდა და მათაც ზუსტად ასევე უჭირდათ მოძრაობა.

ახლანდელივით მაშინაც ერთმა გაუძლო - სხვებზე ახალგაზრდამ და ფიზიკურად ძალიან კარგად მომზადებულმა რამაზ ნოზაძემ (96). იმ გუნდში რამდენიმე ფალავანს არ დაეწუნებოდა ფიზმომზადება, მაგრამ ნოზაძე მათზე ახალგაზრდა იყო და გადაიტანა.

დაახლოებით ასევეა შავდათუაშვილის მდგომარეობაც, თუმცა მასზე საუბრისას ნუ დაგვავიწყდება რამდენიმე გარემოება. მთავარი მაინც ის გვგონია, რომ გორელ ფალავანს ზაიზენბახერის ვარჯიშები სხვათა დოზით არ გაუვლია და მისი გადაღლა ვერ მოესწრო. თუმცა ფინალში ფიზიკურად მასაც გაუჭირდა, ოღონდ არა იმდენად, როგორც - სხვებს.

ეს ბიჭი წინა წლებშიც გამოირჩეოდა კარგი ფიზიკური მომზადებით და თუნდაც ევროპის ახალგაზრდული პირველობის შარშანდელი ფინალი გავიხსენოთ, როცა სლოვენიელი მეტოქე რიყეზე გარიყული თევზივით აღებდა პირს, ლაშას კი სუნთქვაც არ აჩქარებია.

მეორედ რომ შეგეშვა ტატამზე, შეუსვენებლად მოიგებდა კიდევ ერთ შეხვედრას, იმდენად კარგად გამოიყურებოდა ორთაბრძოლის მიწურულს.

გვესმის, რომ ახალგაზრდულისა და ეროვნულის დატვირთვა მკვეთრად განსხვავებულია, მაგრამ შავდათუაშვილმა ახალგაზრდულ ნაკრებშივე გაიარა კარგი ფიზიკური წვრთნა გია გუგავას ხელმძღვანელობით. ეროვნულში გადმოსვლისას, ამ მხრივ, მას ძალიან დიდი ბაზისი ჰქონდა, როგორც - ტექნიკურ არსენალში.

ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა და ლაშას წარმატების ერთ-ერთი ქვაკუთხედი.

ის გორელია, სადაც ქართული ჭიდაობის ყადრის მცოდნე მწვრთნელები - გია და ანზორ თენაძეები და ნიკო ბიბილაშვილი ავარჯიშებენ.

ვფიქრობთ, შავდათუაშვილს შარშანა რომ ეჭიდავა ზაიზენბახერის ხელმძღვანელობით, თავის სტილს - ქართულ მანერას დაკარგავდა, როგორც ეს ჭრიკიშვილს და სხვებს უქნეს.

ავსტრიელი ქართული ძიუდოს ევროპულ-აზიურ თარგზე გადაწყობას შეეცადა და შარშან სპორტსმენებს ქართულ ილეთებს კატეგორიულად უკრძალავდა არათუ შეჯიბრებებზე, ვარჯიშებზეც კი. ჭრიკიშვილმა პირდაპირ თქვა, რაც ვიცი, იმის გაკეთებაც მეშინია, არ მიყვიროსო.

ახალს და საჭიროს თუ ვისწავლით რამეს, კარგია და ამის წინააღმდეგი არც არავინაა. დასამალი არც ისაა, რომ თანამედროვე სტილში მართლაც მოვიკოჭლებთ - ჩავლებებიც გამოსასწორებელია, ხოლო ჩოქბჯენში ჭიდაობას, რაც ტაქტიკური ჭიდაობის აუცილებელი ნაწილია, ლამის გადავეჩვიეთ.

ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს საბაზისო სტილის უგულებელყოფის ხარჯზე, რადგან გენეტიკაში ჩადებული კოდი ასე იოლად არც იშლება და არც რეფორმას ექვემდებარება. შედეგად, ქართველს ქართულ ილეთებს ვერ დაავიწყებ და მით უფრო, ვერ გადააწყობ სხვა სტილზე 20-25 წლის ჩამოყალიბებულ სპორტსმენებს.

ზაიზენბახერმა ეს არ გაითვალისწინა და ჯიუტად ცდილობდა ველოსიპედის შექმნას ქართველების ხარჯზე, რომლებსაც წარმატებისთვის ყოველთვის "ადგილის მწევარი" სჭირდებოდათ - აქ შედეგს მხოლოდ ის უცხოელი მწვრთნელები აღწევდნენ, რომლებიც ქართულ მენტალიტეტთან მორგებას ცდილობდნენ. "ჯორჯიან მენტალიტეტზე" მჩხავანები კი უშედეგოდ მიდიოდნენ.

თუმცა ქართველები ამ მხრივ გამონაკლისები არ ვართ - ტყვიის სროლაში აწგარდაცვლილ თემურ მატოიანის სიტყვები მახსენდება, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მოიარა, არა მარტო განსხვავებული ეროვნების, არამედ რასის და სარწმუნოებისა, მაგრამ ყველგან წარმატებას მიაღწია, რადგან იმათ ხასიათზე ცდილობდა მორგებას და არა მათ შეცვლას.

ამიტომ მგონია, შავდათუაშვილს გაუმართლა, შარშან ავსტრიელთან რომ არ ვარჯიშობდა და პირადისა თუ ახალგაზრდულის მწვრთნელთა კარგ კოლექტივს გარჯა წყალში არ ჩაუყარა. ცხადია, გორელის წარმატება იმანაც განაპირობა, რომ ახალი იყო და კარგად არც იცნობდნენ, გაშიფრული არ იყო.

რა ელის ნაკრებს?
ბუნებრივია, დღეს ყველაზე აქტუალურია კითხვა - შეიცვლება თუ არა ზაიზენბახერი და ვინ იქნება მისი მემკვიდრე? ავსტრიელი ჯერ მსოფლიოს შარშანდელ პირველობამდე დატოვეს, მერე ყოვლად გაუმართლებლად ოლიმპიადამდეც გაუგრძელეს ხელშეკრულება, თუმცა ამაზე ამტყდარი ხმაურისას რამდენჯერმე ითქვა, რომ ლონდონური თამაშების შემდეგ ის პოსტს დატოვებდა.

ყველა ლოგიკით, ასეც უნდა მოხდეს, მაგრამ ამ ვითარებაში ვერაფერს გამორიცხავ კაცი და არც ის გამიკვირდება, კვლავაც რომ მოინდომონ მისი დატოვება. ეს თუ გაკეთდა, ოლიმპიური კომიტეტი კიდევ უფრო დაიმძიმებს პასუხისმგებლობას, როგორც მისი ჩამოყვანის ინიციატორი.

ვფიქრობთ, კმარა ნაკრებისა და მისი წევრების ბედით ასე თამაში და მორიგი ოლიმპიადა აღარ უნდა შევწიროთ ზაიზენბახერს. სხვა თუ არაფერი, ის ბიჭებიც ცოდვანი არიან, რომლებმაც მის ხელში შანსი დაკარგეს.

აქ შუკვანზეც უნდა ვთქვათ - ინტერნეტში უკვე გაჩნდა მისი და ფრანგი სოფიან მილუს შეხვედრის ვიდეომასალა. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ და პოლიტიკასაც ვემიჯნებით, მაგრამ ვფიქრობთ, მსაჯებმა ორჯერ არასწორად შეუცვალეს ქულა (მეორე შემთხვევაში საერთოდ გაუუქმეს).

ზაიზენბახერის ჩამოყვანის ერთ-ერთი იდეა ისიც იყო, რომ უცხოეთში მსაჯები ვერ დაგვჩაგრავდნენ, მაგრამ ეს იმედიც თურმე - ამაოდ!

ამასობაში, ვიდრე ავსტრიელის ბედი ბოლომდე არ გარკვეულა, უკვე გაჩნდა კულუარული ხმები მის შემცვლელზე.

მსურველი ბევრია, მაგრამ, ძირითადად, სამი კანდიდატურა გამოიკვეთა. ერთ-ერთი ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილია, რაც არც გაგვკვირვებია - ჭაბუკთა ნაკრებიდან წამოყვანის დროს უკვე ჩაფიქრებული იყო ასეთი სვლა, თუ ვაზაგაშვილი გაამართლებდა.

მეორე კანდიდატურა მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძეა, რაც ასევე გასაგებია - წარმატებული ათლეტები ხშირად იწყებენ სამწვრთნელო კარიერას მთავარი მწვრთნელობით. აი, მესამე მსურველი კი იმდენად მოულოდნელია, ცოტა კიდეც გვიჭირს დაწერა - რაც უნდა იყოს, მაინც ჭორია.

ლაპარაკია ილია ილიადისზე (ჯარჯი ზვიადაური)! ვიმეორებთ - ეს დაუზუსტებელი ამბავია, თუმცა, თუ გავიხსენებთ ილიადისის ბოლოდროინდელ დაახლოებას ხელისუფლებასთან, რის გამოც საკუთარ ბიძაშვილ ზურაბ ზვიადაურთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა, იქნებ არც იყოს გასაკვირი.

მთავარია, ახლა მაინც შევარჩიოთ დაკვირვებით მწვრთნელის კანდიდატურა და გადაწყვეტილება კვლავაც მარიუს ვიზერთან კონსულტაციებით არ მივიღოთ, თორემ რიოშიც იმავე შედეგს მივიღებთ 2016-ში - წლეულს ეროვნულ ნაკრებზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯა. არა მგონია, პეკინში და მით უფრო - ათენში ამდენიც გვქონოდა, შედეგი კი უკეთესი იყო. მათ შორის - ჩინეთშიც, სადაც ერთი ოქროს გარდა, ორმა ბრინჯაოსთვისაც იჭიდავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შოთა ხაბარელი: მალე სპორტი აღარ გვექნება საქართველოში!
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯარჯის ბუქსირი რო ჩააბა არაა საბერძნეთიდან ჩამომსვლელი არამგონია... ყველაზე მაგარი ვარიანტი ვაზაგაშვილია!!!
kaxageo
15:53 13-08-2012
0
vin tu ara cirekidzeeeee gamocdili da yvelaze titulovaniaaaa icis da icnobs gunds,shedegsac shesanishnavs anaxebss...
busa
23:16 10-08-2012
0

სიახლეები პოპულარული