ირაკლი უზნაძე: ლაშა შავდათუაშვილს სპარინგები სჭირდება

AutoSharing Option
ძიუდოისტთა ნაკრები დაბრუნდა ევროპიდან, სადაც ზედიზედ ორ ტურნირში იასპარეზა - დიუსელდორფში "დიდ პრიზზე" და ვარშავაში "ევროპის ღია თასზე".

საბედნიეროდ, ორივეგან წარმატებით გამოვიდნენ, თუმცა უფრო მეტად შედეგიანი გერმანული შეჯიბრება აღმოჩნდა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ იქ ძირითადი შემადგენლობა გამოსცადა, პოლონეთში კი უმეტესად სათადარიგოები წაიყვანა.

მთლიანობაში, ნაკრების თითქმის ყველა კანდიდატს მისცა შანსი და სამწვრთნელო შტაბმა გუნდის საერთო სურათიც იხილა.

წარმატება წარმატებად, მაგრამ საინტერესოა, რამდენად დააკმაყოფილა თავად უზნაძე ამ შეჯიბრებაზე ნანახმა.

მით უფრო, გერმანიაშიც და გაცილებით მეტად - ვარშავაში ნაკლოვანებებიც ბლომად გამოჩნდა.

ამ
ტურნირებზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილის (66) დაბრუნებაც შედგა ოპერაციით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ და მასზე მწვრთნელის აზრიც გვაინტერესებდა, თუმცა ნაკლებ ინტერესს არც სხვა ნიჭიერი ახალგაზრდები იწვევდნენ.

თან ევროპის ჩემპიონატიც კარს მოგვადგა და მზადების მიმდინარეობაც საინტერესოა... ერთი სიტყვით, წარმატების მიუხედავად, უზნაძესთან კითხვები ბლომად დაგვიგროვდა.

მით უფრო, წლეულს შემოღებული ახალი წესის მიხედვით, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე ერთი ქვეყნიდან მონაწილეთა რაოდენობა შეიზღუდა - შარშან თუ 14 სპორტსმენის მონაწილეობა იყო ნებადართული, ამჯერად მხოლოდ 9-ს თუ წაიყვან.

ესეც ახალი თავსატეხია მწვრთნელებისთვის.

- რამდენად გაგიმართლათ მოლოდინი ამ ორმა ტურნირმა, სადაც ნაკრების თითქმის ყველა კანდიდატი გამოსცადეთ?
- დიუსელდორფში თვალსაჩინოდ ჩანდა, რომ ნაკრები საკმაოდ მაღალ დონეზეა მომზადებული.

გუნდიც შეკრული იყო, ერთი მიზნისკენ მიმართული - ბიჭები გრძნობდნენ, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ ჭიდაობდნენ და მათ უკან იდგა ქვეყანა, ფედერაცია.

მათ გაითავისეს, რომ მოგება-წაგება მარტო სპორტსმენის საქმე აღარაა და მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ყველა შეჯიბრებას.

სასიხარულოა, რომ გერმანიაში სწორედ იმ წონებში გავიმარჯვეთ, რომლებიც უძლიერესები იყვნენ მთელ ტურნირზე - 81-სა და 90-ში.

ჭრიკიშვილმაც, წიკლაურმაც და ლიპარტელიანმაც ძლიერად იჭიდავეს, ასევე - გოგოჭურმაც და ოქრუაშვილმაც, თუმცა ამას ფინალში ცოტა დაღლა დაეტყო და ის შეცდომაც ამან გამოიწვია.

გოგოჭურს სამსუნშიც გამოვცდით და თუ იქაც წარმატებით გამოვა, შეიძლება, საევროპო ნაკრებშიც დაიმკვიდროს ადგილი.

პაპინაშვილიც სტაბილურ სპორტსმენად ჩამოყალიბდა, მაგრამ მონღოლ განბატთან ცოტა უჭირს სტილიდან გამომდინარე - ის ახლოდან ეჭიდავება, რაც ამისთვის არასასურველია.

66-ში ქარდავამაც და შავდათუაშვილმაც ნორმალურად იასპარეზეს. ლაშაზე სულაც ვფიქრობდით, რომ მხოლოდ ორი წრე ეჭიდავა, მაგრამ თვითონ ითხოვა, კარგად ვგრძნობ თავს და გავაგრძელებ ტურნირსო.

იაპონელ ებინუმასთანაც ცუდად არ უასპარეზია, მაგრამ ცოტა რეაქცია აკლდა - ამდენი ხნის გაცდენის შემდეგ ოდნავ მოდუნებულია, შედარებით სისწრაფეც აკლია და ოდნავ გახსნაც სჭირდება.

მთლიანობაში, ცუდად არ გამოსულა, ამ ეტაპზე ამდენსაც არ ველოდით. მოულოდნელი იყო შუკვანის მარცხი, რაც ზედმეტმა თავდაჯერებამ გამოიწვია.

პოლონეთში უფრო მეტს ვგეგმავდი, რადგან ეს არ იყო დიუსელდორფის დონის შეჯიბრება და მედლისთვის მაინც უნდა ებრძოლათ, ისე ნაადრევად არ უნდა გამოვარდნილიყვნენ.

მხოლოდ ქარდავას მარცხს თუ გაამართლებს ტრავმა, რომელიც შეჯიბრებისას მიიღო. ახალგაზრდები - ლაშა ტაველური და ბექა ღვინიაშვილი გერმანიაში შეკრებაზე უფრო თავისუფლად გამოიყურებოდნენ, ვიდრე - პოლონეთში.

ვერ გეტყვით, ფსიქოლოგიურად ვერ განეწყვნენ, თუ რა მოხდა. 100 კილოგრამშიც მეტს ველოდი როგორც ლორიაშვილისგან, ისე - ჟორჟოლიანისგან, თუმცა მას ახალი განახლებული აქვს ვარჯიში და მოლოდინის შესაბამისად იჭიდავა.

აპირებს, მომავალში მთელი სერიოზულობით ივარჯიშოს. სამსუნშიც გამოვცდით "დიდ პრიზზე" და ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

- შავდათუაშვილი მომავალში ჩვეულებრივი გრაფიკით გააგრძელებს მზადებას თუ დამატებითი ვარჯიშებიც დასჭირდება?
- არა, დამატებითი არაფერი უნდა, ჩვეულებრივად გააგრძელებს ვარჯიშს, მაგრამ სჭირდება მეტი სპარინგ-პარტნიორი, მეტი ორთაბრძოლა, რასაც საქართველოსა და გერმანიაში გასავლელ შეკრებებზე შეივსებს.

სხვა მხრივ, მისი რეაბილიტაცია გეგმაზომიერად მიდის. კიდევ ვიმეორებ - ამ ეტაპზე მისგან ამდენსაც არ ველოდი.

- ახალგაზრდებიდან ბექა ღვინიაშვილზეც მინდა გკითხოთ - თქვენი აზრით, რატომ დარჩა უმედლოდ და სამომავლოდ რას გეგმავთ მასთან დაკავშირებით?
- ის ძალიან პერსპექტიული და ქართულ ძიუდოში მართლაც ნათელი წერტილია, მაგრამ, ეტყობა, ჯერ ადრეა უფროსთა ნაკრებში გამოსვლა, მისი კარიერა ეტაპობრივად უნდა განვითარდეს.

ვფიქრობთ, რომ მისთვის ძირითადი სადღეისოდ ახალგაზრდული ნაკრები უნდა იყოს. თან წონაც ახლახან შეიცვალა, რასაც წესების ცვლილებაც დაერთო და გადართვა უწევს. საჩქარო არაფერია და ჯობია, ეტაპები თანდათან გაიაროს.

- ლიდერთა წარმატებები კარგია, მაგრამ პოლონეთში გამოჩნდა, რამდენად ჩამორჩებიან მათ სათადარიგოები, რამხელა პრობლემებია რეზერვის აღზრდის თვალსაზრისით... რით უნდა დაუახლოვდეს თაობების მომზადება ერთმანეთს და საერთოდ - რაში ხედავთ ნაკრების რეზერვს?
- მხოლოდ შრომაში და მეტ ვარჯიშში, სხვა გამოსავალი არაა. საბედნიეროდ, განწყობა ბიჭებში კარგია და მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ვარჯიშსაც, შეჯიბრებასაც.

ცხადია, სათადარიგოებთან მეტია სამუშაო, რადგან მათ სატურნირო გამოცდილებაც აკლიათ. იმედია, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეს ხარვეზიც შეივსება.

მთლიანობაში, ახალ წესებს კარგად ავუღეთ ალღო - მეშინოდა, რომ უფრო გაუჭირდებოდათ, მაგრამ ასე არ მოხდა. თუმცა უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ ჩავლებებზე.

დღევანდელი ჭიდაობით კონტრილეთები შეიზღუდა. ამიტომ ვინც პირველ ჩავლებას აიღებს, ინიციატივაც მის ხელშია.

- სამაგიეროდ, ასეთი წესების გამო ილეთებმა მოიკლო...
- ფეხში შესვლების აკრძალვით ილეთებმა მართლაც მოიკლო, თუმცა, სამაგიეროდ, გაიზარდა წელზემოთა ფანდების რაოდენობა. ალბათ, ამის დამსახურებაა, რომ ძიუდოს სანახაობა არ დაუკარგავს და უინტერესო არ გამხდარა...

- ევროპაზე წასაყვანი შემადგენლობაც უკვე გამოიკვეთებოდა...
- 80%-ით მართლაც გარკვეულია, მაგრამ ჯერ ადრეა მათი დასახელება. ერთს კი ვიტყვი, რომ ევროპის პირველობაზე ყველა წონაში გვეყოლება მონაწილე, ოღონდ რომლებში დავამატებთ კიდევ თითო მონაწილეს, ეს სამსუნში გამოსვლის შემდეგ გადაწყდება.

- ევროპის პირველობისთვის მზადების რა ეტაპებს გაივლით?
- დღეს ბაკურიანში მივდივართ შეკრებაზე, საიდანაც 23-ში დავბრუნდებით. ბიჭები რამდენიმე დღე დაისვენებენ და მერე გერმანიაში წავალთ ერთობლივ შეკრებაზე - ესაა საერთაშორისო ფედერაციის მიერ მოწყობილი 9-დღიანი საწვრთნელი კემპი, სადაც სპარინგებიც გვექნება, თუმცა მანამდე სამსუნის "დიდი პრიზია". იქ ნაჭიდავები გუნდის ნახევარი წავა გერმანიაში, დასკვნით შეკრებას კი საქართველოში გავივლით.

- სამსუნში რა შემადგენლობით იასპარეზებთ, უკვე გარკვეულია?
- ბოლომდე - არა. ბაკურიანში გადავხედავთ გუნდს და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ. ზოგიერთ წონაში, მაგალითად - 100-ში, ჯერ არაფერია გარკვეული, ზოგან კი მეორე ნომერია გამოსავლენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბექა ღვინიაშვილის ვაჟკაცურმა საქციელმა ძიუდოს ევროპის კავშირიც აღაფრთოვანა

ოქროთი დაწყებულ-დასრულებული ვარშავის ტურნირი [VIDEO]
ვალერი ლიპარტელიანი - ძიუდოისტის ცხოვრება ტატამზე და მის მიღმა [VIDEO]
ქართველთა დიუსელდორფული ტრიუმფი - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]

ქართველები ბოლომდე იბრძვიან! - დიუსელდორფის ტურნირის შუქჩრდილები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული