ჭიდაობა

ძიუდო

ვარლამ ლიპარტელიანი: შედეგი ქართული წვრთნის სისტემამ მოგვიტანა

AutoSharing Option
დოსიე
ვარლამ ლიპარტელიანი
დაიბადა 1989 წლის 27 თებერვალს. ევროპის 2012 ჩემპიონი, სამგზის ვიცე-ჩემპიონი (2009, 2010, 2013) და ბრინჯაოს პრიზიორია (2011). 2008 წელს ახალგაზდებში ავიდა მსოფლიოს პირველობის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. კონტინენტის პირველობებზე ორჯერ (2007, 2008) მიაღწია მსგავს წარმატებას. ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილემ გუნდურში სამჯერ ევროპის (2010, 2012, 2013) ერთხელ (2008) მსოფლიოს ჩემპიონობა დაიმსახურა. 2012 წელს კი ბრინჯაოს მედალი ერგო. სხვადასხვა წლებში მსოფლიოს თასების, "დიდი პრიზისა" და "დიდი სლემის" მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორია.

ლენტეხში დაიბადა. ორი თვისაც არ იქნებოდა, სვანეთში მომხდარი სტიქიური
უბედურების შემდეგ მისი ოჯახი მცხეთის რაიონში რომ გადმოსახლდა.

10 წლისას უკვე ეტყობოდა, რომ კარგი სპორტსმენი დადგებოდა - ჯანმაგარი ყმაწვილი იოლად ჯაბნიდა თანატოლებს.

ატლანტის ოლიმპიადის პრიზიორმა სოსო ლიპარტელიანმა ურჩია ვალერის მშობლებს - მაგარი ბიჭი ჩანს, ჭიდაობაზე მიიყვანეთ და გვასახელებსო.

ერთი წელიწადი სამბოში ვარჯიშობდა გმირო ხაჩიძესთან, შემდეგ "შევარდენის" დარბაზში გადაინაცვლა გურამ მოდებაძესთან. ბევრი ტალანტი იყო მაშინ იმ დარბაზში თავმოყრილი. ვარლამ ლიპარტელიანიც მათს კვალზე გაიზარდა.

ქართველი ფალავნისთვის განსაკუთრებით წარმატებული 2008 წელი გამოდგა. ჯერ თბილისის საერთაშორისო ტურნირზე დაამახსოვრა თავი ქომაგებს - ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მთავარი კი ის იყო, რომ რუსთა ოლიმპიური იმედი ივან პერშინი შებოჭა. მერე ახალგაზრდებში შეინარჩუნა ევროპის ჩემპიონობა, რასაც რამდენიმე მსოფლიოს თასი და მოსკოვის სუპერთასიც მიაყოლა. სექტემბერში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა.

- რომ გავიგე ტოკიოში უნდა მეჭიდავა, სიხარულისგან ორი კვირის განმავლობაში საწვრთნელი შეკრებებისას, ნორმალურად არც მძინებია, - გვითხრა ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელიც 3 მაისს "ლელოში" გვესტუმრა. - ერთი სული მქონდა, როდის გავემგზავრებოდით.

რაც კიმონო ჩავიცვი, სულ ვოცნებობდი, ძიუდოს სამშობლო მენახა. თბილისის აეროპორტში შევიტყვე, 90 კილოში ვიჭიდავებდი, რადგან ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე წონის დაკლებას ვერ ახერხებდა და 100 კილოში იასპარეზებდა.

ტოკიოში ჩასვლისთანავე ძიუდოს ცენტრში მიგვიყვანეს. საოცარი რვასართულიანი სასახლეა. ყველა დარბაზი დავათვალიერე. ძიგორო კანოს მაგიდასთან სურათი გადავიღე. შეჯიბრებამდე ორი დღე იყო და ქალაქიც დავათვალიერე. გუნდურ ჩემპიონატზე კი სამი ნაკრები დავამარცხეთ. სამჯერ გავედი ტატამზე და ყველა მეტოქეს ვძლიე.

შარშან ჩელიაბინსკში ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში ქართველები და რუსები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მთელი დარბაზი, ცხადია, მასპინძლებს ქომაგობდა და ერთი სული ჰქონდათ, როდის იხილავდნენ საკუთარ გუნდს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

ჩვენი ნაკრები 2:1-ს იგებდა, როცა ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანსა და მის უხერხულ მეტოქე კირილ ვოპროსოვს უხმეს.

გამარჯვების მოლოდინში დარბაზი გუგუნებდა. წუთნახევარიც არ იყო გასული, რომ ლიპარტელიანმა ვაზარი აართვა მოწინააღმდეგეს.

წუთნახევრის შემდეგ კი წმინდა გამარჯვება მოიპოვა და, ბოლო ორთაბრძოლის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. ერთი დღით ადრე კი ლიპარტელიანმა კონტინენტის პირველობაზე მეოთხე ცდა ოქროთი დააგვირგვინა - იქაც ფინალში რუსი გრიგორი სულემინი დაჯაბნა, ისიც 3 წუთში...

და აი, ისტორია განმეორდა: 2013 წელს უნგრეთის დედაქალაქში გუნდური პირველობის ფინალში ისევ ქართველები და რუსები წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. აქაც სამი შეხვედრის შემდეგ ისევ 2:1 იყო ქართველების სასარგებლოდ. ტრავმის მიუხედავად, ტატამზე გუნდის კაპიტანი ლიპარტელიანი გავიდა, რომელსაც რუსებმა წინა დღის ჩემპიონი კირილ დენისოვი კი არა, 2012 წლის ვერცხლის პრიზიორი გრიგორი სულემინი დაუპირისპირეს.

- შარშან ჩელიაბინსკში ევროპის ჩემპიონატის ფინალში სულემინს ვძლიე და პირველად გავხდი კონტინენტის ჩემპიონი.

ამჯერად რუსი ფალავანი სარევანშოდ უნდა ყოფილიყო განწყობილი, მაგრამ რატომღაც ამგვარი სურვილი ვერ შევამჩნიე, - სულ გამირბოდა, ამიტომ მსაჯებმა პასიურობისთვის სამჯერ გააფრთხილეს, ბოლო წუთზე მაინც მოვიხელთე და იუკო ავართვი, რაც წარმატებისთვის საკმარისი აღმოჩნდა, ჩვენი გუნდი 3:1 დაწინაურდა, ეს უკვე ჩემპიონობის შენარჩუნებას ნიშნავდა.

თუმცა ადამ ოქრუაშვილი ბოლო პაექრობაში მაინც მოტივირებული გავიდა ტატამზე და საიდოვის დამარცხებით წერტილი დაუსვა მატჩის საბოლოო ანგარიშს - 4:1. საგულისხმოა, რომ ასეთივე ანგარიშით ვძლიეთ უნგრელებსა და ჰოლანდიელებსაც.

- პირად ვერცხლის მედალზე რას იტყვი?
- მარცხენა ხელის მტევნის ტრავმა მქონდა, ამიტომ ჩავლება ყველა შეხვედრაში გამიჭირდა. ამის მიუხედავად შვეიცარიელ ძიუდოისტს ორი ვაზარით მოვუგე, შემდეგ ჰოლანდიელ მსოფლიოს ჩემპიონ ელშონტს იპონით ვძლიე, მეოთხედფინალში ლატვიელ ბარლის ბაუზასთან იუკოს დავჯერდი, ნახევარფინალში რუს ვიტალი ვოპროსოვს სამი გაფრთხილებითა და იუკოთი ვაჯობე. ფინალში მის თანამემამულეს კირილ დენისოვთან თავიდან ვიგებდი ორი გაფრთხილებითა და იუკოთი.

სამწუხაროდ, ბოლო წუთზე ტაქტიკური შეცდომა დავუშვი - ზედიზედ ორი იუკო ამართვა მეტოქემ და ამით ორთაბრძოლის ბედიც გადაწყვიტა.

მართალია, ჩვენ შორის ანგარიშია 5:1 ჩრდილოელი მეზობლის სასარგებლოდ, მაგრამ ეს სრულებით არ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ შორის ძალთა თანაფარდობას ასე განსხვავებულია.

პირიქით, ბუდაპეშტში შეცდომა რომ არ დამეშვა, დღეს სხვაობა მინიმალური იქნებოდა. დენისოვი ჯერ 27 წლისაა, ამიტომ, მჯერა რომ ტატამს არ მიატოვებს და კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს.

რევანშის შანსი 25 მაისს ტიუმენში (რუსეთი) გასამართავ მასტერსზე მომეცემა და ამ შემთხვევას ხელიდან არ გავუშვებ.

- ქართველი ძიუდოისტები ბუდაპეშტს კარგი განწყობით დაემშვიდობეთ...
- არც იქ ჩავსულვართ ცუდი განწყობით. პირიქით, ყველანი შემართული ვიყავით. გუნდის ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ასპარეზობის დაწყებამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს უთხრა, იმდენი ოქრო-ვერცხლი უნდა მოვიხვეჭოთ, რომ პრესამ მთელ მსოფლიოს აუწყოს, ქართველებმა მადიარები გაძარცვესო.

მართლაც, დაიწყო თუ არა ჩემპიონატი, პირველსავე დღეს ამირან პაპინაშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ, მეორე დღეს მსგავს წარმატებას ავთანდილ ჭრიკიშვილმა მიაღწია, ხოლო ნუგზარ ტატალაშვილს ოქრომდე ცოტა დააკლდა.

თურმე ბუდაპეშტში უამრავი ქართველი ცხოვრობს. პირველ დღეს დარბაზში კანტიკუნტად თუ შეგვიმჩნევია ისინი, მეორე დღეს კი ხუთჯვრიანი დროშების ტყე იყო ტრიბუნებზე. ერთ-ერთი ქართველი მოვიდა ჩვენთან, დათო, სამწუხაროდ გვარი ვერ დავიმახსოვრე, მან გვითხრა, რომ თქვენი ამბავი გუშინ მეზობლისგან შევიტყვეო.

ქართველი მეკობრეები არიან ჩამოსული, რომლებმაც უნგრეთი ოქროსგან გაძარცვესო. ბუდაპეშტში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მართლაც დიდი სიხარული მივანიჭეთ. თუმცა ჩვენს წარმატებებში მათს აქტიურ ქომაგობასაც უდევს წილი.

- როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა საქართველოს ნაკრების ასეთი ტრიუმფი?
- ფედერაციის მესვეურებიდან დაწყებული მწვრთნელთა საბჭოთი დამთავრებული ახალი სიცოცხლე შემოვიდა.

ისინი ნაკრებისთვის მაქსიმუმს აკეთებენ. არავის კრიტიკას არ ვაპირებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ნაკრებში ისევ ქართული წვრთნის სისტემა დაინერგა, რამაც ფსიქოლოგიური წნეხი მოგვიხსნა, უფრო ლაღ ჭიდაობას დავუბრუნდით და შედეგმაც არ დააყოვნა.

ცხადია, მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ წარმატების განმეორება ძნელი იქნება, მაგრამ გამარჯვებისთვის არც იქ დავზოგავთ თავს.

- ეს შეჯიბრება 26 აგვისტოდან რიო დე ჟანეიროში გაიმართება. მანამდე?
- როგორც გითხარით, ტიუმენში 25 მაისიდან მასტერსზე ვიასპარეზებ. ჩემთან ერთად ნაკრების ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას.

იქაც წარმატებისთვის ვიბრძოლებთ. იმ შეჯიბრებიდან კორეაში გავემგზავრებით მასპინძლებთან ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად.

ივნისში მოსკოვი "დიდ სლემს" უმასპინძლებს. ცხადია, იქაც მოვსინჯავთ ძალებს. ბრაზილიაში გამგზავრებამდე სოჭში იქნება დიდი საერთაშორისო შეკრება, სადაც მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის ძიუდოისტები მოიყრიან თავს.

- ვარლამ, ჭიდაობა და მედლები კარგია. ოჯახზე რას გვეტყვი?
- ოლიმპიადის შემდეგ დავოჯახდი. ალბათ, იცით, რომ ჩემი მეუღლეა ცნობილი ქორეოგრაფის ჯემალ ჭკუასელის შვილიშვილი გიული ჭკუასელი, რომელსაც ბიზნესის სპეციალობით აქვს დამთავრებული უმაღლესი სასწავლებელი და ამჟამად ფინანსთა სამინისტროში მუშაობს. სექტემბრისთვის ოჯახში მატება გვექნება.

- ექვსი წელიწადია, უპირველეს ქომაგს - გურამ ლიპარტელიანს ქეიფისა და სადღეგრძელოების საბაბს აძლევ...
- დიახ, მამაჩემი პირველი დამკვალიანებელი და გულშემატკივარია, ცხადია, დედაჩემთან ერთად. ახლა მათ ჩემი მეუღლე დაემატა. მამაც შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, ჩემი თითოეული წარმატება ქეიფით რომ არ აღნიშნოს.

- შენ თუ გიყვარს სასმელები?
- ფაქტობრივად, არ ვეტანები. უბრალოდ, შეჯიბრების დამთავრების შემდეგ, შეიძლება, ლუდს გავუსინჯო გემო. ისედაც, დიდი მოყვარული არ ვარ.

- სამაგიეროდ, როგორც ვიცი, კარგად ჭამა გიყვარს, ამიტომ ბოლო დროს წონის პრობლემამაც იმატა...
- დიახ, რაც მართალია, ჭამა მიყვარს. უწინ ეს წონაზე არ მოქმედებდა, ახლა კი პრობლემებს მიქმნის.

- მაინც, რა გიყვარს?
- დედა მთიული მყავს, ამიტომ ხინკლით მანებივრებენ. როგორც ყველა სვანი, კუბდარზე უარს ვერ ვამბობ. კახელები მყავს დეიდაშვილები, თანაგუნდელებიც.

ასე რომ, ვერც ხაშლამასა და მწვადს ვუვლი გვერდს... ისე, არ მიიღოთ, რომ ყველაფერს ერთ დღეში მივირთმევ. ასე რომ იყოს, ადამ ოქრუაშვილს კიდევ ერთი კონკურენტი შეემატებოდა.

- სერიოზულად... წონის შეცვლას ხომ არ აპირებ?
- არა, ამაზე არც მიფიქრია.

- ძიუდოს გარდა, რა გიტაცებს?
- ფეხბურთი, სათხილამურო სპორტი, მიყვარს წიგნების კითხვა. განსაკუთრებით გალაკტიონი, ვაჟა-ფშაველა, ლადო ასათიანი...

- ფეხბურთში ვის ქომაგობ?
- ბრაზილიას და "ბარსელონას". სამწუხაროდ, "ბარსამ" ამჯერად მიღალატა, მაგრამ არა უშავს, ის კიდევ იტყვის თავის სათქმელს.

- რას ისურვებდი?
- შარშან ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ოცნება ვერ ავისრულე თუმცა, ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ და წინ არის 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები. მანამდე კი მსოფლიო ჩემპიონატის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე უნდა ავიდე.

და ერთიც: 5 მაისს მთელი მართლმადიდებლური სამყარო უდიდეს დღესასწაულს - აღდგომას აღნიშნავს. ვულოცავ სრულიად საქართველოს.

ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ძიუდოს ახალი საერთაშორისო რეიტინგი გამოქვეყნდა
ივანიშვილის დაპირება: სუპერთანამედროვე ბაზა ძიუდოისტებს... რამდენიმე!
ქართველი ძიუდოისტები ბაქოს ტურნირზე გამოვლენ
სამედიცინო გამოკვლევის დასკვნა: ლაშა შავდათუაშვილს დასვენება სჭირდება!