ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი თბილისში მსუყე საჩუქრებით ჩამოდის

AutoSharing Option
15 ნოემბერს თბილისს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, რუმინელი მარიუს ვიზერი.

ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება ორ მნიშვნელოვან პროექტს - თბილისში ძიუდოისტთა ერთ-ერთი უპრესტიჟულესი ტურნირის, "დიდი პრიზის" ჩატარებისა და საქართველოში საერთაშორისო ფედერაციის პროექტის დაწყების შესახებ, რომელიც რეგიონებში ძიუდოს განვითარებას ისახავს მიზნად.

"დიდი პრიზის" ჩასატარებლად საჭირო 100 000 დოლარის გამოყოფაზე გარანტიას სახელმწიფო იძლევა. ამიტომ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალი 15 ნოემბერსვე, 12 საათზე გაიმართება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, ხელს კი ქართული მხარიდან მინისტრი ლევან ყიფიანი მოაწერს.

სავარაუდოდ, ეს ტურნირი
მომავალშიც შეინარჩუნებს სტატუსს და ოლიმპიადის სალიცენზიო იქნება. მისი ჩატარების თარიღად მარტის შუა რიცხვებია მიჩნეული. 28-30 მარტს სამსუნი ანალოგიურ შეჯიბრებას მასპინძლობს და სურთ, ჩვენი მანამდე გაიმართოს, რასაც ერთკვირიანი სავალდებულო ერთობლივი წვრთნებიც მოჰყვება, მერე კი მსურველები თურქეთში გადაინაცვლებენ.

ეს ბევრად მომგებიანია გუნდებისთვის, რადგან ფინანსურ-საორგანიზაციო კუთხით, ერთ კომპლექტში გამოდიან. სამსუნამდე თუ ჩატარდება, ესე იგი, 22-23 მარტს უნდა გაიმართოს, მაგრამ იმავე პერიოდში არგენტინაშია "სამხრეთამერიკული ღია თასი" და ვნახოთ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ვიზერის სამწყსო.

რეგიონებში ძიუდოს განვითარების საერთაშორისო პროგრამა მსუყე ფინანსურ-მატერიალურ დახმარებას ითვალისწინებს. საერთაშორისო ფედერაცია გამოყოფს ტატამებს, კიმონოებს და სოლიდურ ფინანსურ დოტაციას მწვრთნელთა ხელფასებისთვის, ოღონდ მისი განაწილება უკვე ჩვენი ფედერაციის პრეროგატივაა - მისი უფლება, რამდენს გამოარჩევს ცალკეული რეგიონიდან და რამდენზე გადაანაწილებს ამ თანხას.

ბუნებრივია, მატერიალურ დახმარებას მხოლოდ ის რეგიონები მიიღებენ, სადაც სათანადო დარბაზია - ამ პრობლემის მოგვარებაც სახელმწიფომ ივალდებულა.

ამასთან, საერთაშორისო ფედერაცია დააფინანსებს 4 მწვრთნელის სწავლას ბუდაპეშტში, საერთაშორისო უნივერსიტეტში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული