ვალერი ლიპარტელიანი ტატამიდან ყავარჯნებზე გადავიდა

AutoSharing Option
არცთუ სახარბიელო ამბით დაბრუნდა იაპონიაში ჩატარებული ერთობლივი შეკრებიდან ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერი, მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (90) - მარცხენა ფეხის ნეკა თითი მოიტეხა.

პირველადი დახმარება მას იაპონიაშივე გაუწიეს, თბილისში ჩამოსულს კი შპს "ტრავმატოლოგში" ოპერაცია გაუკეთეს - თითში რკინა ჩაუდგეს, ოთხი ნაკერიც დაადეს და ჯერჯერობით ყავარჯნებით დადის.

ბედის ირონიით, ლიპარტელიანმა ტრავმა შეკრების ბოლო დღეს, ზედ სამშობლოში გამომგზავრების წინ მიიღო.

როგორც თავად გვითხრა, ეს ჩვეულებრივ სავარჯიშო ეპიზოდში მოხდა, რაშიც მეტოქეს ოდნავი ბრალიც არ მიუძღვის - ილეთის შესრულებისას თვითონ გამოჰკრა
მოწინააღმდეგეს ფეხი უხერხულად და თითის ღია მოტეხილობაც მიიღო.

მოგვიანებით რენტგენმა აჩვენა, რომ ძვლები იყო აცდენილი ერთმანეთს. ლიპარტელიანიც და ექიმებიც იმედოვნებენ, რომ თითიდან რკინას ორ კვირაში ამოუღებენ და მერე ფიზიკურ დატვირთვებს მიიღებს, თორემ ლეიბზე ასე უცებ ვერ შევა. თუმცა მოსამზადებელი გეგმიდან გამომდინარე, ჯერ ამის საჭიროება არც იქნება - სავარაუდოდ, 8 იანვრისთვის (ოღონდ ეს თარიღი ჯერ სავარაუდოა და იქნებ შეიცვალოს კიდეც) ნაკრები ბაკურიანში გაემგზავრება საერთო ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებაზე, სადაც რბენასა და ფიზიკურ დატვირთვებს შეძლებს.

ლეიბზე მზადება ამ შეკრების დასრულების შემდეგ გახდება აქტუალური, ანუ თებერვლის დასაწყისისთვის. ექიმები იმედოვნებენ, რომ იმ პერიოდისთვის ლიპარტელიანი სრულფასოვან ვარჯიშს შეძლებს და 8-9 თებერვალს პარიზში გასამართ "დიდ მუზარადზეც" დაუბრკოლებლად იჭიდავებს.

მანამდე მას მხოლოდ ორი ეტაპი გაუცდება - 21 დეკემბერს ვერ იჭიდავებს პარიზში, ევროპის საკლუბო ჩემპიონატში, სადაც თურქული "გალათასარაის" შემადგენლობაში უნდა გამოსულიყო და დააკლდება ნაკრების წინასაახალწლო მზადებას, რომელსაც გუნდი ბაკურიანში წასვლამდე თბილისში ატარებს ლეიბზე.

სამწუხაროდ, ლიპარტელიანი ჩვენი გუნდის ერთადერთი პრობლემა არაა - იაპონიაში გამგზავრებამდე ასევე ვარჯიშზე ხელი იტკინა ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ადამ ოქრუაშვილმა (+100). ამის მიუხედავად, ის მაინც წაიყვანეს იაპონიაში ერთობლივი ვარჯიშების გამო. ექიმები ასევე ვარაუდობენ, რომ პარიზის ტურნირისთვის მისი ჯანმრთელობაც დამაკმაყოფილებელი იქნება, თუმცა 21 დეკემბერს ვერც ის იჭიდავებს პარიზში.

ტრავმებთან დაკავშირებით, ნაკრებში სასიხარულო ამბებიცაა - იაპონიაში სრულად ივარჯიშეს ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა, ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ნუგზარ ტატალაშვილმა და ევროპის ბრინჯაოსმედალოსანმა ზებედა რეხვიაშვილმა (სამივე - 73).

ოლიმპიურ ჩემპიონს საზარდული აწუხებდა, ტატალაშვილს - აგვისტოში, მსოფლიოს პირველობაზე ლეიბზე დარტყმისას მიღებული კისრის ტრავმა, რეხვიაშვილმა კი ცხვირის ავბედითი ხრტილების ოპერაცია გაიკეთა და ამიტომ არიდებდნენ ჭიდაობას.

საბედნიეროდ, პრობლემები უკან დარჩა და 21 დეკემბერს პარიზში ტატალაშვილი "გალათასარაის", რეხვიაშვილი კი გერმანული "აბენსბერგის" შემადგენლობაში იქნება. ის უკვე გაემგზავრა გერმანიაში. აი, აჭიდავებენ თუ არა იქ ჩვენებურებს, ეს კლუბების მწვრთნელთა გადასაწყვეტია, თუმცა მთავარია, რომ სადღეისოდ ნაკრების საექიმო შტაბი შეჯიბრებაში მათ გამოსვლას დასაშვებად მიიჩნევს.

რაც შეეხება შავდათუაშვილს, ისიც "გალათასარაის" ფალავანია, მაგრამ აღნიშნულ შეჯიბრებაში უცხოელებზე დაწესებული ლიმიტის გამო თურქებს ამჯერად არ მიუწვევიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლიპო არაუშავს გაუძელი მაგარი კაცი ხარ
bero
10:50 17-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული