ავთანდილ ჭრიკიშვილი საკუთარ წონაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია

AutoSharing Option
ძიუდოისტებმა წლევანდელი სეზონი დაამთავრეს და უკვე შეიძლება ლაპარაკი მსოფლიოს რეიტინგის საბოლოო ვარიანტზე.

მით უფრო, რომ თებერვლამდე, როცა ჯერ სოფიაში ევროპის ღია თასი, მერე კი პარიზში "დიდი მუზარადის" ტურნირი ჩატარდება, მასში სერიოზული ცვლილებები ვეღარ შევა.

მართალია, სოფიამდე მაროკოულ კასაბლანკაში აფრიკის ღია თასიც ტარდება ასევე ქალებსა და ვაჟებში, მაგრამ იქ ევროპა-აზიიდან ან პან-ამერიკიდან ძლიერთაგან ვინმე ჩავიდეს, ფრიად საეჭვოა და არც სერიოზულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენი ძიუდოისტები უმეტეს წონებში მოწინავე პოზიციებზე იყვნენ.

ძირითადში ახლაც ასეა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების ნაკლებობამ
და იმის შემდეგ რიგ შეჯიბრებებში გამოუსვლელობამ მდგომარეობა ოდნავ გააუარესა, ოღონდ ცოტათი და არა იმდენად, ვითარება საგანგაშოდ მივიჩნიოთ.

დღეისათვის 7-დან 1 წონაში ვლიდერობთ, 2-ში მეორეზე ვართ, 1-ში - მესამეზე, თუმცა მაჩანჩალებად არც დანარჩენ წონებში ვრჩებით.

რეიტინგის ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილია (81), ამირან პაპინაშვილი (60) და ვალერი ლიპარტელიანი (90) მეორეზე რჩებიან, ადამ ოქრუაშვილი (+100) - მესამეზე...

ერთადერთი წონა, სადაც ისევ ჩავარდნა გვაქვს, 100 კილოგრამია - აქ დღემდე არ გამოგვიჩნდა რეალური ფალავანი...

60 კგ
ევროპის ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი მსოფლიოს პირველობაზე უმედლობამ (მეხუთე ადგილი) მეორე საფეხურზე დატოვა 1896 ქულით. მას სწორედ იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი ნაოჰისა ტაკატო უსწრებს (3030), კვალში კი მსოფლიოს მონღოლი ფინალისტი ამარტუვშინ დაშდავაა უდგას 1882 ქულით.

ხუთეულში შედიან კიდევ ერთი მონღოლი ბოლდბაატარ განბატი (1460) და მსოფლიოს წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი ვონ-ჯინ კიმი (1450), ვინც დამამშვიდებლის ფინალში სწორედ განბატს მოუგო.

სამწუხაროდ, პაპინაშვილის გარდა, ამ წონაში მოწინავეთა შორის სხვა არავინ გვყავს - ჩვენგან მეორე ბეთქილ შუკვანია, ვინც ჯერჯერობით არ ვარჯიშობს და ისიც 30-ეა 422 ქულით.

66 კგ
ტრავმებმა მნიშვნელოვნად აზარალა ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი - ამ მიზეზით მან წლეულს სულ რამდენიმე ტურნირში იასპარეზა და მსოფლიოც ჩააგდო. სადღეისოდ ის 1042 ქულით მეექვსე ადგილზეა, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ 73-ში გადადის და რეიტინგზე თავიდან მოუწევს ზრუნვა.

ამდენად, გაისად ბოლო ათწლეულში კოზირად ქცეულ ამ წონაშიც ფრიად გაგვიჭირდება. აქ ჩვენგან მეორე შედეგი შალვა ქარდავას აქვს, რომელიც 402 ქულით 33-ეა. ვნახოთ, იქნებ მას კონკურენცია ტრისტან ფეიქრიშვილმა, გელა კელიხაშვილმა ან რომელიმე სხვა ახალგაზრდამ გაუწიოს.

73 კგ

აქამდე ყველაზე მძაფრი კონკურენცია თუ 81-ში გვქონდა, ახლა ყველაზე დაძაბული მეტოქეობა ამ წონაში გაჩაღდება, რადგან აქ სამი ძლიერი ფალავანი იყრის თავს - შავდათუაშვილი, ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი და კონტინენტის ასევე მოქმედი ბრინჯაოსპრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი.

თუმცა ნუ გაგვიკვირდება, ამ დავაში ახალგაზრდებიდანაც რომ ჩაერიოს ვინმე. ჯერჯერობით უტოპია ჩანს, ლევან გუგავამ ან ფრიდონ გიგანმა ამ ტრიოდან ვინმე ამოაგდოს, მაგრამ რეიტინგის სერიოზულად გაუმჯობესება და სამომავლოდ კარგი პლაცდარმის შექმნა კი სავსებით რეალურია.

თუმცა გუგავა ჯერ ისევ ახალგაზრდული ნაკრების წევრად რჩება და, სავარაუდოდ, უფროსებში ნაკლებად დატვირთავენ.

რეიტინგში რეხვიაშვილი მე-12 ადგილზეა 854 ქულით, ტატალაშვილი - 22-ე (622). ლიდერობს მონღოლი ოლიმპიური პრიზიორი ნიამ-ოშირ საინჯარგალი - 2030, მეორეა ბელგიელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი დირკ ვან ტიხელტი - 1698, მესამე - მშობლიური უნივერსიტეტის კლუბში "დედოვშინისთვის" ჯერ კიდევ დისკვალიფიცირებული იაპონელი მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი შოჰეი ონო - 1384.

ხუთეულში შედიან მონღოლთა კიდევ ერთი ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონი ცაგანბაატარ ხაშბაატარი - 1374 და ჰოლანდიელი მსოფლიოსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი დექს ელმონტი - 1344.

81 კგ
ჯერჯერობით ეს წონა კვლავაც რჩება ჩვენთვის ყველაზე მძაფრ კატეგორიად, სადაც განთესვის ზონაში ორი კაცი გვყავს. როგორც გითხარით, ევროპის წლევანდელი ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი ჭრიკიშვილი პირველ ადგილზეა და მის ანგარიშზე 2192 ქულაა, ევროპის მესამე პრიზიორი ლევან წიკლაური კი 1022-ით მერვეა.

თუმცა წიკლაურის საგაისო ბედი გაურკვეველია - შესაძლოა, ოპერაციაც დასჭირდეს, რაც მის კარიერას უარყოფითად დაეტყობა. არ გამოვრიცხავთ, ამ კონკურენციაში უშანგი მარგიანიც ჩაერიოს, რომელიც ამჟამად 60 ქულით 125-ეა, თუმცა წლეულს მისთვის პრიორიტეტი მაინც ახალგაზრდული ნაკრები იქნება.

სამაგიეროდ, ახალი სეზონი ახალ სარბიელს უქადის ჭრიკიშვილს, რომელსაც რეიტინგში კვალში უდგას 1792-ქულიანი ფრანგი ლოის პიეტრი, ვისთანაც ჩვენებურმა მსოფლიოს ფინალი წააგო, თუმცა მერე გუნდურში ღირსეული რევანში აუღო. მესამე ბრაზილიელი პან-ამერიკის გამარჯვებული ვიქტორ პენალბერია - 1498, მეოთხე - მოლდოვიდან არაბულ საემიროებში გაქცეული ევროპისა და მსოფლიოს მედალოსანი სერგეი ტომა - 1386, მეხუთე - რუსთა ევროპისა და მსოფლიოს ექსჩემპიონი ივან ნიფონტოვი - 1160.

90 კგ
ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ფინალისტმა ვალერი ლიპარტელიანმა ამ სეზონში რუს კირილ დენისოვს კი ახსნა ჯადო და მსოფლიოზე ორჯერ მოუგო - პირადსა და გუნდურში, თუმცა რეიტინგში კუბელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ეშლი გონსალესმა გადაუსწრო - "თავისუფლების კუნძულის" გამარჯვებულ შვილს 2554 ქულა აქვს, ჩვენებურს - 2486. მსოფლიოს ფინალში ლიპარტელიანს რომ ემარჯვა კუბელთან, მაშინ პირველობასაც შეინარჩუნებდა.

რეიტინგში მესამე დენისოვია - 1796, მეოთხეზე ბერძენთა ყველაფრის ჩემპიონი, ქართველი ილიას ილიადისი - 1682, მეხუთე კი რუსი გრიგორი სულემინია - 1126. სავარაუდოდ, აქ წლეულს ბექა ღვინიაშვილიც მნიშვნელოვან ქულებს დააგროვებს და რეიტინგს გაიუმჯობესებს. სადღეისოდ ის 34 ქულით 156-ეა, ჩვენებურთაგან კი მას XX-ზე მყოფი 512-ქულიანი ზვიად გოგოჭური და 40-ქულიანი ლაშა ტაველურიც უსწრებენ (148-ე ადგილი).

100 კგ
სამწუხაროდ, ამ წონაში ძალიან ცუდი ვითარება გვაქვს. აბა, სხვა რა უნდა ვუწოდოთ, როცა აქ ჩვენგან საუკეთესონი სპორტიდან წასულები - ლომერ ჟორჟოლიანი და ირაკლი ცირეკიძე არიან, მოქმედთაგან საუკეთესო კი 61-ე ადგილზე მყოფი, 158-ქულიანი დავით ლორიაშვილია.

+100 კგ
ევროპის ვიცე-ჩემპიონ ადამ ოქრუაშვილს მსოფლიოზე ბრინჯაო რომც მოეპოვებინა, მესამე ადგილზე მაღლა მაინც ვერ ავიდოდა. მის ანგარიშზე 1742 ქულაა, პირველ-მეორე ადგილებს კი მსოფლიოს პირველობის ფინალისტები ინაწილებენ - ლიდერობს დამარცხებული ბრაზილიელი მასპინძელი, ოლიმპიური პრიზიორი რაფაელ სილვა - 2430, ფრანგთა ოლიმპიური, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი ტედი რინერი კი მეორეა - 2300.

ბრაზილიელმა ჯერ კიდევ მსოფლიომდე ჩამოართვა ფრანგს ლიდერობა, რადგან რინერი იშვიათად გამოდიოდა ტურნირებში. რეიტინგში მეოთხე კორეელი სუნ-მინ კიმია 1566 ქულით, ხუთეულს კი ის ტუნისელი ფაიცელ ჯაბალანი ხურავს - 1350, ვისთანაც ოქრუაშვილმა მსოფლიოზე ბრინჯაოსთვის პაექრობა წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული