ავთანდილ ჭრიკიშვილის გამარჯვება პარიზში

AutoSharing Option
ქართველმა ძიუდოისტებმა კვირას წარმატებით იჭიდავეს პარიზის "დიდ მუზარადზე" - თითო ოქრო-ვერცხლი მოიპოვეს.

ფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანი (90) გავიდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ლიპარტელიანმა ფეხის ტრავმის გამო ვერ იჭიდავა და ოქრო უბრძოლველად დაუთმო კორეელ მსოფლიოს ჩემპიონ კიუ-ვონ ლეეს, ჭრიკიშვილმა კი დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა მასპინძელ ლოის პიეტრისთან და ვაზარით აჯობა. ამით რევანშიც აუღო მსოფლიოს შარშანდელი პირველობის ფინალში მარცხისთვის.

წინასწარ შეხვედრებში ჭრიკიშვილმა თავიდან იპონებით იოლად დაამარცხა ჰოლანდიელი ნოელ ვან დე კამერი და ფრანგი ჟილიამ რიუ, იაპონელ ტაკანორი ნაგასეს გაფრთხილებებით გასცდა, ნახევარფინალში კი,
ალბათ, ყველაზე ღირსშესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა კორეელთა მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ კი-ჯაე ბუმთან - ბრუნით ორჯერ გაისროლა ვაზარზე.

ფინალში მონდომებით ეკვეთა პიეტრის და ყოველმხრივ დაჩაგრა, იმის მიუხედავად, რომ თავიდან შემთხვევით იუკოზე დაეცა. სამაგიეროდ, მერე ვაზარი აართვა კონტრილეთზე და შენგელი ფიცხელაურის, ამირან ტოტიკაშვილის, გიორგი რევაზიშვილის, გიორგი გუგავას, დავით ასუმბანისა და ლიპარტელიანის შემდეგ მეშვიდე ქართველი გახდა, ვინც ამ ტურნირზე გამარჯვება შეძლო.

ფინალამდე ლიპარტელიანი კიდევ უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ვაგლახ, ნახევარფინალში გერმანელ მარკ ოდენტალთან მიღებული ფეხის ტრავმა რომ არა... ფინალამდე ის მაქსიმალური შედეგით მივიდა და ოთხივე პაექრობა იპონით მოიგო - ფრანგ ვინსენტ მასიმინოსთან, ალჟირელ აბდერახმან ბენამადისთან, იაპონელ ჰიროტაკა კატოსთან და ოდენტალთან, რომელიც ამოსმულით ჯერ იუკოზე დააგდო, მერე კი შებოჭა.

ეს იმ დროს, როცა ლამის მთელი ორთაბრძოლა კოჭლობით ჩაატარა. არადა, პარიზში მასაც რომ გაემარჯვა, ვაჟებში გუნდურ შეჯიბრებასაც ვიგებდით. ახლა კი კორეამ გაგვისწრო სწორედ ლეეს იმ ოქროთი - მათ ორი გაუხდათ, ჩვენ კი ერთი ოქრო გვაქვს. საერთო გუნდურ ჩათვლაში, სადაც ვაჟების და ქალების მონაგარი ერთად დაითვლება, მეოთხე ადგილზე ვართ იაპონიის, საფრანგეთისა და კორეის შემდეგ. თან ლიპარტელიანი გახდებოდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, ვინც ამ შეჯიბრებას ორჯერ მოიგებდა.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან კვირას დამამშვიდებელში მხოლოდ იოსებ მსხალაძე (100) და ლევან მატიაშვილი (+100) გადავიდნენ, მაგრამ იქ პირველივე შეხვედრები წააგეს და მეშვიდეზე დარჩნენ. ორი შეხვედრა მოიგო უშანგი მარგიანმა (81), ერთი - ბექა ღვინიაშვილმა (90), ადამ ოქრუაშვილი (+100) კი პირველივე პაექრობაში დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული