ირაკლი უზნაძემ დიუსელდორფის ტურნირისთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ წუხანდელ ვარჯიშზე დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 21-23 თებერვალს დიუსელდორფში გამოვა "დიდ პრიზზე".

ლუხუმ ჩხვიმიანი (60), შალვა ქარდავა (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), უშანგი მარგიანი (81), ბექა ღვინიაშვილი, ზვიად გოგოჭური (ორივე - 90), ნოდარ მეტრეველი, იოსებ მსხალაძე (100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100) - მწვრთნელის გადაწყვეტილებით, აი, ესენი იჭიდავებენ გერმანიაში. ამათგან ქარდავას, შავდათუაშვილის, მსხალაძის, მეტრეველის, ოქრუაშვილისა და მატიაშვილის წასვლა ადრევე იყო ცნობილი. ვფიქრობთ, ყველაზე საინტერესო ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ შავდათუაშვილის ფაქტორია, რომელიც პირველად იჭიდავებს
ახალ წონაში.

როგორც ვხედავთ, მწვრთნელს მჩატე წონებში მხოლოდ თითო კაცი მიჰყავს, სადაც ძირითადად ახალგაზრდებს ეყრდნობა და მარტო მძიმეებს აორებს. უზნაძე ამჯერად ასვენებს გუნდის ლიდერებს - ევროპის ჩემპიონ ამირან პაპინაშვილს (60), ამავე ტიტულის მფლობელებსა და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსნებს, ავთანდილ ჭრიკიშვილსა (81) და ვალერი ლიპარტელიანს (90) - მათ ერთი თვის შემდეგ თბილისში გასამართი "დიდი პრიზისთვის" ინახავს, რომელიც საევროპოდ მთავარი შესარჩევი შეჯიბრება იქნება. იმავე ტურნირზე იასპარეზებენ ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილიც (ორივე - 73).

როგორც ვხედავთ, მწვრთნელი ბოლომდე ენდო ნაკრების დებიუტანტებს - ჩხვიმიანსა და მარგიანს, რომლებსაც პარიზში ურიგოდ არ უჭიდავიათ, ორ-ორი შეხვედრა მოიგეს. იმედია, მათთვის ეს შეჯიბრება მორიგი დიდი სკოლა იქნება.

დიუსელდორფის ტურნირი სამ დღეზეა გადანაწილებული და სტარტს 21 თებერვალს აიღებს, როცა ვაჟებიდან 60-66, ქალებიდან კი 48, 52 და 57-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ. შაბათს საჭიდაოდ 73 და 81-კილოგრამიანი ვაჟები, ქალებიდან კი 63-70-იანები გავლენ, კვირას კი დანარჩენები იბრძოლებენ მედლებისთვის.

ჩვენი ნაკრები ოთხშაბათ საღამოს გაფრინდება გერმანიაში, სადაც ტურნირის შემდეგ იქვე ერთობლივ ვარჯიშებშიც მიიღებს მონაწილეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული