დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" ქართველების მეტოქეების ვინაობა გაირკვა

AutoSharing Option
გერმანულ დიუსელდორფში ამ უქმეებზე გაიმართება "დიდი პრიზის" მორიგი ტურნირი, რომელშიც ჩვენი ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: ლუხუმ ჩხვიმიანი (60), შალვა ქარდავა (66), ლაშა შავდათუაშვილი, უშანგი მარგიანი (81), ბექა ღვინიაშვილი, ზვიად გოგოჭური (ორივე - 90), იოსებ მსხალაძე, ნოდარ მეტრეველი (100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100).

წილისყრაზე ქართველ ძიუდოისტთა მეტოქეები გამოვლინდნენ.

ჩხვიმიანი პირველ წრეში ისვენებს, ტურნირს კი ყაზახ იელდოშ სმეტოვთან შეხვედრით დაიწყებს. სმეტოვი თავად ჩხვიმიანს ჯერ არ შეხვედრია, რადგან ჩვენებური ასაკით პატარაა და წლეულს პირველად გამოდის უფროსთა შორის. სამაგიეროდ, ყაზახი უხერხული მეტოქეა ამ წონაში
ჩვენს ლიდერ ამირან პაპინაშვილისთვის, ვისაც კარიერაში ორიდან ორივე პაექრობა მოუგო. მომდევნო პაექრობაში ჩვენებურის მეტოქე თურქ არიფ კაბას, ფრანგ ევროპის ჩემპიონ სოფიან მილუსა და უკრაინელ გევორგ ხევორხიანს შორის მოგებული იქნება.

შალვა ქარდავა პირველ წრეში ბელორუს დმიტრი შერშანს დაეჭიდება და იქ შეეცდება შემდეგ წრეში გასასვლელი საგზურის მოპოვებას, სადაც, წარმატების შემთხვევაში, ბრიტანელ კოლინ ოუტსსა და ებრაელ ტალ ფლიკერს შორის მოგებულთან მოუწევს პაექრობა.

ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი შავდათუაშვილი პირველად ჭიდაობს ახალ წონაში და, ამდენად, მისი ყოველი ნაბიჯი საყურადღებოა. პირველ პაექრობას ის ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოსთან გამართავს, მერე კი ვნახოთ, რას იზამს დანარჩენ პაექრობებში, სადაც ძლიერი კონკურენტები არ ელოდებიან.

უშანგი მარგიანი პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესის და გაბერძნებული ქართველის, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონ რომან მასტოპულოსის პაექრობაში გაირკვევა.

ბექა ღვინიაშვილი მეორე წრეში გერმანელ აარონ ჰილდებრანდს გაეჯიბრება, გოგოჭურის მოწინააღმდეგე კი უზბეკი კამოლოდდინ ხოლმამატოვის და მოლდოვიდან არაბულ საემიროებში გაქცეულ მიხაილ მარკიტანის პაექრობაში გამოვლინდება.

100 კილოგრამში, სადაც არც ისე დიდი ამბიციები გვამოძრავებს, მსხალაძე მეორე წრეში იაპონელ ტაცუკი მასუბუჩის ხვდება, მეტრეველი - გერმანელ დინო პფაიფერს. მატიაშვილის პირველი მეტოქე კუბელი ოლიმპიური პრიზიორი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ოსკარ ბრისონია.

ოქრუაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი გერმანელ პიერ ბორკოვსკისა და სლოვენიელ მატიას სერაის პაექრობაში გამოვლინდება.

გერმანიის შემდეგ ჩვენები ტურნირში აღარ გამოვლენ, ვიდრე 21-23 მარტს თბილისში "დიდ პრიზზე" არ იჭიდავებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული