ძიუდო. საქართველოს ჩემპიონატი: საქართველო შიდა ქართლისაა

AutoSharing Option
8-9 ნოემბერს "არენამ" საკმაოდ მაღალ დონეზე უმასპინძლა ქვეყნის მორიგ პირველობას ძიუდოში, რომელმაც საინტერესო ვითარება გამოკვეთა.

საქართველოს წლევანდელი ჩემპიონები ლაშა გიუნაშვილი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), უშანგი მარგიანი (81), ბექა ღვინიაშვილი (90), ლაშა გურული (100) და ადამ ოქრუაშვილი (+100) გახდნენ, თუმცა ძალთა რეალურ გადანაწილებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.

განსაკუთრებით, იმ სამ წონაში, სადაც ლიდერები - ამირან პაპინაშვილი (60), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანი (90) არ ჭიდაობდნენ.

ტატალაშვილი
და ოქრუაშვილი თავიანთ წონებში ისედაც ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, ხოლო იქნება თუ არა მარგველაშვილისა და გურულის გამარჯვება ახალი ლიდერების გამოჩენა იმ ორ, ბოლო წლებში პრობლემად ქცეულ წონაში, ამას მომავალი საერთაშორისო ტურნირები გვიჩვენებს.

ახალგაზრდების პროგრესი
როგორც ჩემპიონთა სიიდან ჩანს, უმეტეს წონებში ძველმა ლიდერებმა გაიმარჯვეს, თუმცა ტურნირის მთავარ ღირსებად ახალი თაობის კარგი ჭიდაობა მიგვაჩნია.

მართალია, მათი უმეტესობა უმედლოდ დარჩა, მაგრამ მაინც დაამტკიცეს, რომ უახლოეს წლებში ნაკრებში სერიოზულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

ძალიან კარგად, დამაჯერებლად იჭიდავეს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა, რომლებიც ორიოდე კვირის წინ მაიამიში გამოვიდნენ თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

საერთოდ, ბოლო ორ თვეში მათ ორ დიდ ტურნირში იჭიდავეს - ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე. შესაბამისად, ამავე პერიოდში ჯერ პიკზე გავიდნენ და მერე ფორმაც შეინარჩუნეს, ასეთ დაძაბულ რეჟიმში ყოფნის გამო კი (რასაც ამერიკაში გადაფრენ-გადმოფრენაც ემატება) იყო მათი გადაღლის შიში, მაგრამ თურმე სულ ტყუილად...

მარგიანმა და ბექა ღვინიაშვილმა ბოლომდე გაამართლეს ფავორიტთა სტატუსი და დამაჯერებლად გაიმარჯვეს, თუმცა მარგიანი ცოტა გადაღლილი ჩანს, უკეთაც შეუძლია ჭიდაობა.

ბექა ფიზიკურად კვლავ შეუდარებელი იყო და ბევრი ილეთიც გვაჩვენა - გიორგი ვარდოსანიძე ამოსმულით დასცა იპონზე, გიორგი გიორგაძე პირველი წუთის მიწურულს ვაზარზე გამოცერა, მალე კი იუკოზე დააგდო და იქვე შებოჭა.

ნახევარფინალში ბექა რატიანსაც წმინდად მოუგო, ფინალში კი მოგვარე გორელი პაატა ღვინიაშვილი გაფრთხილებებით მოახსნევინა. შეგახსენებთ, რომ შარშან ბექა არ ეჭიდავა მოგვარეს, ისე დაუთმო გამარჯვება.

ახალგაზრდული ნაკრების წევრთა გარდა, უმედლოდ დარჩენის მიუხედავად, კარგი ჭიდაობით ახალი თაობის მოზრდილმა ჯგუფმა მიიქცია ყურადღება: ევროპის წლევანდელი ფინალისტი თორნიკე ნაგლიაშვილი, ვინც ამჯერად ზედა წონაში - 60 კილოგრამში გამოვიდა, თორნიკე თათარაშვილი და ოლიმპიური ჩემპიონის უმცროსი ძმა ბექა შავდათუაშვილი (ორივე - 66), გიორგი კაციაშვილი, ომარ ნიაზაშვილი (73), ბექა დონღვანი (81), გიორგი ზაქარიაძე (+100)...

საკმაოდ დამაჯერებლად გამოვიდნენ ზემოხსენებული გიორგი გიორგაძე და ბექა რატიანი 90-ში; ახალგაზრდებში მსოფლიოს წლევანდელმა მესამე პრიზიორმა კობა მჭედლიშვილმა, ვინც ამჯერად ზედა წონაში - 81-ში ვიხილეთ, მეორე პაექრობა დათმო, თუმცა დარბაზის ყურადღება მაინც მიიქცია.

მედალოსანთა შორისაც ბევრი ისეთი ახალგაზრდაა, რომლებსაც აქამდეც კარგად ვიცნობდით - იგივე გიუნაშვილი, მარგველაშვილი, გიორგი ბროლაშვილი (60), მინდია ლილუაშვილი, გიორგი გუგულაშვილი (ორივე - 66), ფრიდონ გიგანი (73), გიორგი პაპუნაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი (81), რევაზ წულუკიძე (100), მაგრამ იყვნენ სრულიად ახალი სახეები: ბეთქილ გულბიანი (60), ნოდარ ბერიანი (90), იასონ ნემსაძე, ალექსანდრე ზაალიშვილი (100) და გიორგი ბოლოთაშვილი (+100).

ალბათ, პაპუნაშვილისგანაც ნაკლებად ელოდნენ ამ დონის მიღწევას.

გორელთა დომინაცია
ჩემპიონატი, მეტადრე კი მისი პირველი დღე გორელთა დომინაციით წარიმართა - შაბათს სამივე წონაში მათ გაიმარჯვეს, ორში კი სულაც იქაურთა ფინალი გაიმართა.

მართალია, 60 კილოგრამში პაატა მერებაშვილი ამჯერად აჭარის სახელით გამოვიდა, მაგრამ ისიც გორელია. თუმცა შიდაქართლელთა ჩაუქობა მხოლოდ ამით არ ამოწურულა და მეორე დღეს 90-შიც გაიმართა გორელთა ფინალი.

საერთო ჯამში, მათ 7-დან 4 ოქრო მოიპოვეს და 6 ფინალში ჰყავდათ მონაწილე (მხოლოდ მძიმეში ვერ გავიდნენ დასკვნით ეტაპზე). ვინ იცის, ზაალიშვილს გურულთან შეხვედრის დასაწყისშივე თითი რომ არ ეტკინა და პაექრობა არ შეჩერებულიყო, იქნებ უკეთესი შედეგიც ჰქონოდათ; აი, პაპუნაშვილი კი მარგიანმა ვარდნაში ვაზარზე გადაიყოლა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

ამავე წონაში - 81-ში შევნიშნავთ ამბაკო ავალიანის დაბრუნებას, რომელმაც მთელ რიგ შეხვედრებში ძალიან კარგად იჭიდავა და ბრინჯაოც მოიპოვა.

ხმაურიანი სენსაციები
მოულოდნელი შედეგები უფრო კვირას ვიხილეთ, როცა პირველივე პაექრობები წააგეს თავიანთი წონების ლიდერებმა - იოსებ მსხალაძემ (100) და ლევან მატიაშვილმა (+100).

პირველი ნემსაძესთან დამარცხდა ორი ვაზარით, მეორე - ბოლოთაშვილთან. თან, მსხალაძის წაგებას ვერაფრით დავარქმევთ შემთხვევითს, მატიაშვილი კი სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება - წამიერი მოდუნების გამო მეტოქემ გამოცერა, თუმცა გდება ნამდვილად იყო დ მსაჯებს ვერაფერში მივედავებით.

ბოლოთაშვილმა ამის შემდეგ ახალგაზრდებში მსოფლიოს წლევანდელი ფინალისტი გუგა კიბორძალიძეც შებოჭა.

არადა, ქუთაისელი ვაზარის იგებდა და იქვე შებოჭვაც შეეძლო. მის ნაცვლად რევანში მეორე იმერელმა - ონისე ბუღაძემ აიღო, როცა ბოლოთაშვილი დააიპონა, წაგებულმა კი დამამშვიდებლის ფინალში მანამდე საკმაოდ ნორმალურად მოჭიდავე ზაქარიაძეს იუკოთი აჯობა.

ნემსაძე მხოლოდ მსხალაძის ძლევას არ დასჯერდა და შემდეგ კიდევ ორი პაექრობა მოიგო, ხოლო დამამშვიდებელში გურამ თუშიშვილს ჯერ ვაზარი აართვა, მერე კი დააიპონა. მან ერთადერთი შეხვედრა ჩააგდო - ნახევარფინალი ზაალიშვილთან, სადაც მეტოქემ ფიზიკურად აჯობა და ცხარე ბრძოლაში დამარცხდა.

ზაალიშვილმა მანამდეც ომახიანად იომა და გიორგი ქავთარაძის გარდა, მიხეილ ნარიმანიძეს და წულუკიძესაც აჯობა, ნემსაძე კი ფიზიკურად დაჯაბნა, რამდენიმე დაუსრულებელი გდების შემდეგ საბოლოოდ შებოჭა.

ხმაურიან სენსაციებს მიეკუთვნება თავად თუშიშვილის უმედლოდ დარჩენაც, რომელსაც თავიდან ბოლომდე მედგარი ბრძოლა მოუხდა. პირველ წრეშიც გიორგი სეტიელთან ცოტა დააკლდა წაგებასა და ტრავმამდე - ორივეს თითო ვაზარი ჰქონდა, როცა ამან საიპონედ ამოუსვა. თუმცა მანამ სეტიელმა მატე ვერ გაიგონა და მტკივნეულზე იჭერდა, რის გამოც თუშიშვილს ექიმთა დახმარება დასჭირდა.

საერთოდ, ეს საკმაოდ უხეში შეხვედრა გამოდგა, თუმცა მშვიდობიანად დასრულდა. მანამდე თუშიშვილს ერთი პაექრობა მოგებული ჰქონდა, იმის შემდეგ კი გურულთან დამარცხდა ორი ვაზარით.

გურული ბოლო წლებში ქვეყნის პირველობაზე მუდამ წარმატებით გამოდის, თუმცა გუშინდელის დარ ფორმაში არ გვინახავს. მისთვის საფირმო კისრულები მანამდეც ხომ გამოიყენა, თუშიშვილსაც ამით აართვა პირველი ვაზარი, მეორედ - გამოცერა, ნახევარფინალში კი ლაშა ტაველურიც კისრულით გადმოიღო ბეჭებზე.

ძმების წარმატება
მატიაშვილის წაგებამ თითქოს ფინალისკენ გზა აზერბაიჯანიდან დაბრუნებულ ადამ ოქრუაშვილის უმცროს ძმას - ვახტანგ ოქრუაშვილს გაუხსნა, თუმცა მას ბუღაძე გადაეღობა... აი, ადამმა კი გაიმარჯვა, მაგრამ ჯერ ისევ შორსაა სასურველი ფორმისგან. მისი კოზირი ფიზიკური ძალა და გაფრთხილებებზე ჭიდაობა იყო. იასონ კარიბოვი და ფინალში ბუღაძე გაფრთხილებებით მოახსნევინა, თუმცა ზაქარიაძეს და ამბროსი კონკროშვილსაც ძალისმიერ სტილში მოუგო. მან წონაში თუ არ დაიკლო, უცხოეთში გაუჭირდება წარმატების მოპოვება.

73-ის ინტრიგა
ამ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა 73 კილოგრამს უკავშირდებოდა, სადაც ერთბაშად სამი ტიტულოვანი ფალავანი გვყავს, მაგრამ წლეულს... მაინც ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი წონა იყო.

ალბათ, ქომაგს ყველაზე მეტად აინტერესებდა, რამდენად კარგად წარმოაჩენდა თავს, დაძლევდა თუ ვერა ჩავარდნას ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი... ის და ევროპის პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ, ევროპის ვიცე-ჩემპიონ ნუგზარ ტატალაშვილს კი შედარებით გაუმართლა ბადის მეორე მხარეს მოხვედრით, თუმცა არანაირად არ შეიძლება იმის თქმა, რომ ფინალამდე იოლად მივიდა - ახალგაზრდებმა, მეტადრე კი ფრიდონ გიგანმა, გვარიანი ბრძოლა გაუმართეს.

მთლიანობაში, სამივე ლიდერი ავიდა კვარცხლბეკზე, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მათ რაღაც განსაკუთრებული სიახლე გვაჩვენეს.

პირიქით, შავდათუაშვილი და რეხვიაშვილი ჯერ შორს არიან ფორმისგან, ტატალაშვილმა კი მისთვის ჩვეულ სტილში იჭიდავა, რასაც ბოლო წლებში შიდა არენაზე მიგვაჩვია.

ცხადია, ჯერ არც ისაა ფორმაში, მაგრამ ტაქტიკისა და ტექნიკის ნაზავით მაინც აღემატებოდა სხვებს.

შავდათუაშვილის ჭიდაობაში უფრო მეტი თავდაჯერება შეინიშნებოდა, თითქოს უფრო მყარად იდგა ტატამზე. ფსიქოლოგიურად ახლა ბევრად უფრო მომზადებული გვეჩვენა, თუმცა მის გამოსვლას "ლაქად" დარჩება ახალგაზრდა ვალერიან იაშვილთან (კახეთი) შეხვედრა, როცა მეტოქეს გდება გაუუქმეს (მოგვიანებით მსაჯებმა განმარტეს, რომ იქ არ იყო ფიქსირების მომენტი).

კიდევ კარგი, ოლიმპიურ ჩემპიონს სხვა შეხვედრები არ გახდომია ასე საჭოჭმანო. ფრიად დაძაბული გამოდგა მისი ნახევარფინალი რეხვიაშვილთან. როგორც მოსალოდნელი იყო, ოლიმპიურმა ჩემპიონმა უფრო ტაქტიკურად, გამოცდილებით თუ არა, ჭკვიანური სტრატეგიით დაჯაბნა კონკურენტი. შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა და გაფრთხილებით შეწყდა, რომელიც რეხვიაშვილმა მერვე წუთზე მიიღო. ამან ისე გაანაწყენა, ჯერ იქვე გამოხატა პროტესტი, მერე კი ბრინჯაოსთვის საჭიდაოდ გასვლა არ უნდოდა, ვიდრე საქმეში ფედერაციისა და ნაკრების ხელმძღვანელობა არ ჩაერია.

თუმცა შავდათუაშვილი უფრო აქტიური იყო და ვერ ვიტყვით, რომ დაუმსახურებლად მოიგო.

მართალია, ვარსკვლავები არც მას ჩამოუკრეფია ციდან, მაგრამ ინიციატივას ფლობდა. სამაგიეროდ, ფინალში არ გავიდა ტატალაშვილთან საჭიდაოდ.

კვარცხლბეკი
60 კგ
1. ლაშა გიუნაშვილი (შიდა ქართლი)
2. პაატა მერებაშვილი (აჭარა)
3. ბეთქილ გულბიანი (იმერეთი), გიორგი ბროლაშვილი (თბილისი).

66 კგ
1. ვაჟა მარგველაშვილი (შიდა ქართლი)
2. მინდია ლილუაშვილი (იმერეთი)
3. გიორგი გუგულაშვილი (გურია), ტრისტან ფეიქრიშვილი (აჭარა).

73 კგ
1. ნუგზარ ტატალაშვილი (შიდა ქართლი)
2 ლაშა შავდათუაშვილი (შიდა ქართლი)
3. ზებედა რეხვიაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე - ქვემო ქართლი).

81 კგ
1. უშანგი მარგიანი (იმერეთი)
2. გიორგი პაპუნაშვილი (შიდა ქართლი)
3. თამაზ კირაკოზაშვილი (კახეთი), ამბაკო ავალიანი (ქვემო ქართლი).

90 კგ
1. ბექა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი)
2. პაატა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი)
3. ზვიად გოგოჭური (კახეთი), ნოდარ ბერიანი (ქვემო ქართლი).

100 კგ
1. ლაშა გურული (იმერეთი)
2. ალექსანდრე ზაალიშვილი (შიდა ქართლი)
3. იასონ ნემსაძე (იმერეთი), რევაზ წულუკიძე (აჭარა).

+100 კგ
1. ადამ ოქრუაშვილი (მცხეთა-მთიანეთი)
2. ონისე ბუღაძე (იმერეთი)
3. გიორგი ბოლოთაშვილი (შიდა ქართლი), ვახტანგ ოქრუაშვილი (მცხეთა-მთიანეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი გურული მიაწექი ძმაო დადებ მალე უმაღლეს შედეგს...
bneli
13:51 10-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული