ძიუდო. რეიტინგი: 7 წონიდან 4-ში ლიდერთა შორის ვართ

AutoSharing Option
დღეს ჩინურ ქინგდაოში ძიუდოს "დიდი პრიზის" ტურნირი იწყება, 27-29 ნოემბერს კი ანალოგიურ შეჯიბრებას სამხრეთკორეული ჯეჯუ უმასპინძლებს. ოღონდ ეს მნიშვნელოვანი და სალიცენზიო ქულების თვალსაზრისით მიმზიდველი შეჯიბრებები ჩვენი ფალავნების გარეშე ჩაივლის.

სეზონის დარჩენილ ნაწილში ისინი მხოლოდ 5-7 დეკემბერს იჭიდავებენ ტოკიოში, ძიგორო კანოს მემორიალში.

უპრიანია, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი საერთაშორისო რეიტინგს, რომელიც ამ შეჯიბრებების შემდეგ ნამდვილად შეიცვლება, თუმცა ჩვენებურთა პოზიციების მკვეთრად გაუარესება არაა მოსალოდნელი.

განსაკუთრებით, იმ წონებში, სადაც ლიდერთა შორის ვართ, ასეთი კი 7-დან 4-ია. ორში - 81-სა და 90-ში კვლავაც ვლიდერობთ სიას,
60-სა და მძიმეში კი სამეულში ვართ.

60 კგ
მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ამირან პაპინაშვილის მდგომარეობა, ჩელიაბინსკში ბრინჯაოს მედლის მოპოვების მიუხედავად, ოდნავ გაუარესდა, რადგან იმ შეჯიბრების შემდეგ არსად უჭიდავია.

სადღეისოდ ის 2280 ქულით მესამეა, თუმცა ამაში დიდი როლი მსოფლიოს ჩემპიონატში მონღოლი ბოლდბაატარ განბატის წარმატებამაც ითამაშა - იქ გამარჯვებით მან 900 ქულა შეიმატა, 2676 გაუხდა და პირველ ადგილზეც გადაინაცვლა. ამით იაპონელთა შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონი და წლევანდელი მესამე პრიზიორი ნაოჰისა ტაკატო (2360) მეორეზე ჩაანაცვლა, ჩვენებურმა კი, შესაბამისად, მესამემდე დაიწია.

მას ევროპის წლევანდელი ჩემპიონი და მსოფლიოს ფინალისტი, რუსთა ყაბარდოელი ბესლან მუდრანოვი (1866) და აზერბაიჯანელი მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ორხან საფაროვი მოსდევენ (1821).

სამწუხაროდ, სხვა ჩვენებურები მოწინავეთა შორის არ არიან - ქართველთაგან მეორე შედეგის მქონე ლუხუმ ჩხვიმიანი 278 ქულით მხოლოდ 53-ეა.

66 კგ
ამ წონაში ჩვენი საკადრო კრიზისის დასრულებას არა და არ დაადგა საშველი. შედეგად, მოწინავეთა შორის არყოფნას ვინღა დაეძებს და ქართველები ცხრილის ქვედა ნაწილში საგულდაგულოდ უნდა მოძებნოთ.

ჩვენგან საუკეთესო შალვა ქარდავაა - 394 ქულა და ზუსტად მე-40 ადგილი, თუმცა მან გამოტოვა საქართველოს ჩემპიონატი და საეჭვოა, წლეულს ისევ გამოვიდეს საერთაშორისო ტურნირებში.

ამიტომ მისი რეიტინგის გაუარესებაა მოსალოდნელი. ჩვენგან მეორე 73-ში გადაბარგებული ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილია - 62-ე პოზიცია 266-ით, მესამე - ქვეყნის შარშანდელი გამარჯვებული ტრისტან ფეიქრიშვილი 237 ქულით და 67-ე პოზიციით, თუმცა წლეულს ის საქართველოს პირველობაზე მესამეზე გავიდა და უცხოეთში ჭიდაობის შანსი მასზე მეტად სხვებს მიეცემათ.

უპირველესად, ქვეყნის ჩემპიონ ვაჟა მარგველაშვილს, რომელიც 48 ქულით 157-ეა. მას რეიტინგში თორნიკე თათარაშვილი (91 ქ; 118) და ქვეყნის წლევანდელი ფინალისტი მინდია ლილუაშვილიც (72 ქ; 135) უსწრებენ. ცხადია, მარგველაშვილს დიდი ბრძოლა მოუწევს რეიტინგის შესაქმნელად.

წონის რეიტინგს 1978 ქულით ბრაზილიელი კარლეს ჩიბანა ლიდერობს. მეორეზე რუსთა ახალწამოჩიტული ლიდერი, 1971-იანი მიხაელ პულიაევია, ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსანი და მსოფლიოს ფინალისტი.

მსოფლიოს მოქმედი გამარჯვებული მასაში ებინუმა მესამეა 1800-ით, ხუთეულში მომდევნო ადგილებზე კი მონღოლი ტუმურკულეგ დავაადორჯი (1750) და უკრაინელთა ქართველი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია (1541) არიან.

73 კგ
ამ წონაში მთლად ისე საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს, თუმცა ჯერ ვერც განთესვისთვის საჭირო მოწინავე 8 კაცში შევდივართ. ჩვენგან საუკეთესო პოზიციაზე ნუგზარ ტატალაშვილია, ვინც 10 დღის წინ ქვეყნის ჩემპიონი გახდა - 1162 ქულა და მე-10 ადგილი. შავდათუაშვილი 576-ით 31-ეა, 572-იანი ზებედა რეხვიაშვილი კი მას ერთი ადგილით ჩამორჩება.

აქ რეიტინგს ჰოლანდიელი დექს ელმონტი ლიდერობს 1878 ქულით. მეორეზე მსოფლიოს წლევანდელი მესამე პრიზიორი, მოლდოვიდან არაბულ საემიროებში გაქცეული ვიქტორ სკვორტოვია 1732-ით, მესამეზე - მსოფლიოს წლევანდელი იაპონელი ჩემპიონი რიკი ნაკაია 1622-ით, მეოთხეზე - 1590-იანი სლოვენიელი როკ დრაკშიჩი, ხუთეულს კი ებრაელი საგი მუკი აბოლოებს 1528 ქულით.

81 კგ
ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი იმდენად დიდი უპირატესობით ლიდერობს, კარგა ხანს რომ არ იჭიდაოს, პირველ ადგილს მაინც ვერავინ წაართმევს.

თავად განსაჯეთ - მის ანგარიშზე 3510 ქულაა, მეორეზე მყოფმა კანადელმა ოლიმპიურმა პრიზიორმა ანტუან ვალოის-ფორტიემ კი, ვისაც ჩვენებურმა მსოფლიოს ფინალში მოუგო, 1936 მოაგროვა.

მესამეზე ფრანგთა მსოფლიოს შარშანდელი გამარჯვებული და წლევანდელი მესამე პრიზიორი ლოის პიეტრია 1898-ით, მეოთხეზე - ბრაზილიელი ვიქტორ პენალბერი 1794-ით, მეხუთეზე - ამერიკელი ტრევის სტევენსი 1416-ით.

უშანგი მარგიანი 612 ქულით 22-ეა, ლევან წიკლაური კი, ვინც ოპერაციის შემდეგ ვარჯიშს კი შეუდგა, მაგრამ მალევე ხელი იტკინა და მისი დაბრუნება ჯერჯერობით ვერ შედგა, 468-ით 32-ეა.

90 კგ
წლეულს ყველაზე დიდი ტიტულები 81 კილოგრამში მოვიგეთ, მაგრამ სარეიტინგო თვალსაზრისით, ყველაზე კარგი მდგომარეობა ამ წონაში გვაქვს - სალიცენზიო ზონაში ერთბაშად 3 კაცი გვყავს.

მეტიც - ისინი სულაც 16-ეულში შედიან. ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს წლევანდელი ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი 2490 ქულით რეიტინგის ლიდერია, ბექა ღვინიაშვილი 997-ით მე-10-ეა, ზვიად გოგოჭურის ანგარიშზე კი 845 ქულაა, რაც მე-16 პოზიციაა. არადა, მსოფლიოს პირველობის წინ ღვინიაშვილი და გოგოჭური მეშვიდე-მერვე ადგილებზე იყვნენ.

ლიპარტელიანს მსოფლიოს წლევანდელი უნგრელი ფინალისტი კრისტიან ტოტი მოსდევს 2007-ით.

გაბერძნებული ჯარჯი ზვიადაურის, ანუ ილიას ილიადისის ანგარიშზე 1971 ქულაა, მეოთხე 1478-იანი რუსი კირილ დენისოვია, მეხუთე - 1276-იანი ახალგაზრდა ჰოლანდიელი ნოელ ვან ტ ენდი.

100 კგ
ჩვენთვის მეორე ჩავარდნილი წონა ესაა, სადაც ქართველთაგან საუკეთესო 38-ე ადგილზე მყოფი 335-ქულიანი ალექსანდრე მსხალაძეა. 139-იანი დავით ლორიაშვილი 74-ეა, თუმცა მათ გაისად ნაკრებში მოხვედრის შანსი თითქმის არ დარჩათ, რადგან წლეულს ქვეყნის პირველობაზე პირველმა წააგო, მეორე კი საერთოდ არ გამოსულა.

გურამ თუშიშვილმა 125 ქულა დააგროვა და 82-მდე აინაცვლა. ქვეყნის წლევანდელი ჩემპიონი ლაშა გურული, სალიცენზიო შეჯიბრებებზე წასვლის მთავარი კანდიდატი, 31 ქულით 144-ეა.

ამ წონის ლიდერი ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი, ჩეხი ლუკაშ კრპალეკია - 2838 ქულა. მეორეა 2046-იანი ფრანგი სირილ მარე, მესამე - 1656-იანი ყაზახი მაქსიმ რაკოვი, მეოთხე - 1612-იანი აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი, მეხუთეზე კი გერმანელთა მსოფლიოს პრიზიორი კარლ-რიხარდ ფრეია 1568-ით.

+100 კგ
ეს წონა ერთადერთია, სადაც მსოფლიოს შემდეგ წინ წავიწიეთ - ევროპის ორგზის ფინალისტმა ადამ ოქრუაშვილმა (2021) მეოთხედან მესამეზე აინაცვლა და ადგილი გაუცვალა ტუნისელ მსოფლიოს პრიზიორ ფაიცელ ჯაბალას (1954).

ლევან მატიაშვილი 808 ქულით მე-15 ადგილზეა. რეიტინგს ბრაზილიელი მსოფლიოს მესამე პრიზიორი რაფაელ სილვა ლიდერობს 2540-ით, ფრანგი მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი ტედი რინერი კი მეორეა 2200-ით. ეს იმიტომ, რომ დაუმარცხებელი ფრანგი იშვიათად ჭიდაობს. მეხუთეზე ჩელიაბინსკში ფინალში მის მიერ ძლეული იაპონელი რიუ სიჩინოეა 1592-ით.

სამწუხაროდ, ქალთა რეიტინგში ჯერჯერობით ისევ ჰოლანდიიდან გადმოსული ესტერ სტამის (70) მონაგარს თუ ჩავხედავთ - სადღეისოდ ის 431 ქულით 34-ეა, დანარჩენებს კი დასათვლელი არაფერი აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
"გაბერძნებული ჯარჯი ზვიადაური" - ზვიადაურ(ებ)ი ქარველობას როგორ უნდა შეელიოს?! გვარი რატომ უნდა შეიცვალოს?! მის სიმამრის ნამუსიც რა ვთქვი და ... იჭიდავე საბერძნეთის სახელით, მაგრამ ქართველობას(!), ზ ვ ი ა დ ა უ რ ო ბ ა ს(!) როგორ უნდა შეელიო ადამიანი?! ისე, ამას რუსები(ც) აღარ აკეთებენ... და თავმოყვარე და სამშობლოს მოყვარე, სხვა ერის შვილებიც
სამწუხაროა!!!
12:36 20-11-2014
0
საბერძნეთში კანონი იყო ძმა სავალდებულოს ხდიდა გვარის გადაკეთებას მოქალაქეობის მიმღებებისათვის და მაგიტო მოხდა ესე. ისე კი რომ წამოიმართა ეკონომიურად შეეძლო თავის ქვეყანაშI დაბრუნება, მარა მოჭიდავეს ჭკუა იპონით ააქვს დახეთქებული. :)))
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული