ირაკლი უზნაძე: სამწუხაროდ, მსოფლიოსთვის დასვენებას ვერ ვახერხებთ

AutoSharing Option
ძიუდოისტთა ნაკრები დაბრუნდა ბაქოდან, სადაც წარმატებით გამოვიდა პირველ ევროპულ თამაშებში. ამ ტურნირისა და ნაკრების სამომავლო გეგმებზე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე გვესაუბრება.


- თქმაც არ უნდა, გუნდის გამოსვლით კმაყოფილი იქნებით, საინტერესოა, რას გეგმავდით ტურნირის წინ იმ გაუთავებელი ტრავმების ფონზე?
- მთლიანობაში, გუნდმა პირად პირველობაში ძალიან კარგად იჭიდავა და მის გამოსვლას დადებითად ვაფასებ. თავიდანვე ვამბობდით, რომ 9-ვე სპორტსმენს შეეძლო მედლის და უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლა, რაც ტურნირმაც დაადასტურა.

ცხადია, ხარვეზებიც იყო, მაგრამ ეს უფრო სპორტსმენთა
შეცდომის, წამიერი უყურადღებობის ბრალია და არა მომზადებისა. ბიჭებს არ ემჩნეოდათ არც დაღლა, არც ტექნიკური, ფიზიკური თუ ტაქტიკური ხარვეზი, რასაც წაგებას დავაბრალებ.

- ბოლო შეკრებაზე რამე განსაკუთრებული გეგმით იმუშავეთ, რამე სიახლეც შეიტანეთ სავარჯიშო პროცესში, რამაც ეს სტაბილურობა, სპორტსმენთა გათანაბრება მოიტანა?
- ბოლო შეკრებაც დაგეგმილის მიხედვით წარიმართა, მაგრამ უფრო მეტად იყო ინდივიდუალური მიდგომა თითოეულის მიმართ მათი ტრავმებიდან გამომდინარე - ვითვალისწინებდით მათ მდგომარეობას, ვის რა სჭირდებოდა. უბრალოდ, სხვა გზა არც გვქონდა. აქცენტი აღებული იყო იმ ყველაფრის სრულყოფა-შეჯამებაზე, რასაც მთელი წლის განმავლობაში ამ შეჯიბრებისთვის ვამზადებდით.

- თუმცა ტატალაშვილმა ტექნიკური სიახლეც გვაჩვენა, ხოლო მან და პაპინაშვილმა ბევრად უკეთესი ფსიქოლოგიაც გამოავლინეს. ამაზე სპეციალურად იმუშავეთ?
- ტენიკური სიახლე ფორმაში ყოფნითაა გამოწვეული - მაშინ ახდენს შესწავლილის რეალიზებას. ტატალაშვილი მთელი წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ უმატებდა. მაგალითად, მასტერსზე უკეთ ახლა გამოვიდა. შეიძლება, იქ კლასით ბევრად უკეთეს სპორტსმენს მოუგო - იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ რიკი ნაკაიას, მაგრამ ბაქოში ჭიდაობის უკეთესი ხარისხი აჩვენა. მან წინასწარი შეხვედრები დამაჯერებლად ჩაატარა და გონგამდე ვგრძნობდით, რომ გამარჯვება მას დარჩებოდა. ფინალშიც გამარჯვებისთვის გავიდა, ძალიან მობილიზებული იყო, რადგან ვგრძნობდით, რომ მსაჯები ჩვენს მხარეს არ გადმოიხრებოდნენ - ისრაელს ოქროს მედალი დიდი ხანია, არ ჰქონია. ტატალაშვილმა ეს კარგად იცოდა და მეტოქეს მოუგო კიდეც, მაგრამ მსაჯს ვერ აჯობა.

პაპინაშვილთან დაკავშირებით ის ძველი ტრავმა თავისას შვრებოდა, თორემ პროფესიონალი სპორტსმენია. რეაბილიტაციას შევუთავსეთ მზადება, თუმცა რთული იყო იმ ყველაფრის მალევე აღდგენა. ყველაზე კარგი ის იყო, რომ პაპინაშვილმა ბაქოში დასძლია ის ხარვეზი, რასაც მთელი წელიწადი ავლენდა ბრინჯაოსთვის ბრძოლისას. ფსიქოლოგიურად კარგად იყო მომზადებული, რასაც თვითონაც აღნიშნავდა შეხვედრებს შორის. ეს თვალებშიც ეტყობოდა, ძალიან იყო მობილიზებული. ის წაგებაც შემთხვევითობა იყო და არა მომზადების ბრალი.

- გამარჯვების მიუხედავად, ჩანდა, რომ ჭრიკიშვილი სრულყოფილ ფორმაში მაინც ვერ იყო. მსოფლიოსთვის რის გამოსწორებას გეგმავთ მასთან მიმართებაში?
- ჭრიკიშვილი ამოუწურავი შესაძლებლობების სპორტსმენია - გინდ ტექნიკურად, გინდ - ფიზიკური ზრდის თვალსაზრისით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გდება იპონით უნდა დაასრულოს. ამის მიუხედავად, ახლა ილეთებს აკეთებდა, ჭიდაობდა ტექნიკურად, ოღონდ ამჯერად ამას დაცვის კონტროლიც შეუთავსა. ეს დავალება კარგად შეასრულა.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო მთლად ჩვეულად ვერ დაიტვირთა, მაგრამ ბოლო შეკრებაზე კარგად ივარჯიშა და ის დონე აჩვენა, რასაც მისგან ყველა ელოდა.

მსოფლიოსთვის დასამატებელი არაფერი აქვს, რადგან ეს არც ტექნიკურად სჭირდება და არც - ტაქტიკურად, მაგრამ ამ ყველაფერს დახვეწა, მობილიზება და დამუშავება სჭირდება. მან, ფაქტობრივად დაიბრუნა ის ძველი ფორმა, რაც წინა წლებში ჰქონდა. მეტიც - ახლა ამას გამოცდილება და ზემოხსენებული დაცვის კონტროლიც დაუმატა. ორი წლის წინ, როცა შედეგების კეთება დაიწყო, ცოტა ზედმეტი მოსდიოდა შეტევა და ჟინი, ახლა კი ბევრად გაწონასწორებულია.

- ალბათ, იოლი არ იქნებოდა ადამ ოქრუაშვილის მკაცრ რეჟიმში ჩაყენება და წონის დაკლება...
- ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ წონას თუ დაიკლებდა, ყოველთვის ფავორიტი იქნებოდა. ის ადრეც გულიანად ვარჯიშობდა, მაგრამ წონა რჩებოდა პრობლემად. ახლა ძალიან სწორად მიუდგა საკითხს, ბოლო შეკრებას მობილიზებული შეხვდა და დაიკლო წონა.

სხვათა შორის, მას მალევე შეუძლია მობილიზება, რაც კარგი თვისებაა. ის მსოფლიოსთვის კიდევ უფრო დაიკლებს, თუმცა ჩვენ უკვე არა მხოლოდ მსოფლიოს, არამედ ოლიმპიადისკენ ვიხედებით. იქამდე მხოლოდ ერთი წელიწადი დარჩა და არ იქნება გამართლებული, მხოლოდ ამ ერთი ტურნირით ჩავიციკლოთ. მსოფლიოს პირველობა ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ ეტაპად უნდა განვიხილოთ.

- მეჩვენება, რომ ლიპარტელიანი ზედმეტად განიცდის რუს კირილ დენისოვთან შეხვედრას. ვერ ვიტყვი, რომ ეშინია, რადგან სულ ფლობს უპირატესობას, მაგრამ ყოველთვის უშვებს ერთ შეცდომას, რაც ნერვიულობის ბრალი მგონია.
- ვერ დაგეთანხმებით... ლიპარტელიანი ერთ-ერთი ყველაზე მოაზროვნე, ინტელექტუალი, პროფესიონალი და მობილიზებული სპორტსმენია, რომელიც ყოველთვის ალაგებს შეხვედრის მიმდინარეობას და სწორად მიჰყავს მისი მსვლელობა. დენისოვთან იმ მარცხს შემთხვევითობას დავაბრალებ - ათასჯერ რომ ჩაუვარდეს ის მომენტი, რუსი ერთხელაც ვერ დაიჭერს ლიპარტელიანს, მაგრამ მაშინ გაუმართლა. ვალერის ხელი ჩარჩა უხერხულად, თუმცა იმ ვითარებიდან გაქცევაც რთულია და ბევრი ვერ შეძლებდა ამას, ლიპარტელიანი კი გაექცა.

იმედია, რევანშს მსოფლიოს პირველობაზე ავიღებთ, ისევ თუ შეგვხვდა.

- ახალგაზრდები - ბექა ღვინიაშვილი და ლევან მატიაშვილი კარგად კი ჭიდაობდნენ, მაგრამ მაინც უმედლოდ დარჩნენ. ამ დონეზე ასპარეზობის გამოცდილება აკლიათ თუ რატომ მოხდა ასე?
- ისინი უფრო გვიან რომ შეხვედროდნენ თანაგუნდელებს, აჯობებდა. იქამდე ორივემ კარგად იჭიდავა, მაგრამ თანაგუნდელთან წაგების შემდეგ დამამშვიდებელში ჭიდაობა ფსიქოლოგიურად რთული იყო. ამის მიუხედავად, ორივემ გადალახა ეს მომენტი - ღვინიაშვილმა ცუდად არ იჭიდავა ილიადისთან, მატიაშვილმა კი გაანადგურა გერმანელი ბრაიტბარტი, მერე კი არც რუს საიდოვს მისცა შანსი.

მსაჯებზე საუბარი არ მიყვარს და ამას არც სპორტსმენებს ვურჩევ, მაგრამ საიდოვის გაფრთხილება შეიძლებოდა. ამის მიუხედავად, მატიაშვილს შეეძლო იმ პაექრობის მოგებამდე მიყვანა, მაგრამ ბოლო წამებზე უმტყუნა ნერვებმა და არასაჭირო შესვლა გააკეთა, რაც არაფერში არ სჭირდებოდა. ის ილეთი არ ზის მის ხასიათში, თორემ მოიგებდა.

ღვინიაშვილმა არაფერი დაუთმო ილიადისს, თუმცა მსაჯმა უადგილოდ გააფრთხილა. ამასთან, ილიადისს არ აფრთხილებდნენ, თორემ რამდენიმე მომენტში პასიურ დგომს ირჩევდა, თავი იმგვარად გაჰქონდა, სასჯელს იმსახურებდა.

- მატიაშვილმა საიდოვთან ვერ შეძლო კისრულებზე წამოღება, რაც მისებრ ტანმაღალ მეტოქეებთან ეფექტური ხერხია და რასაც წარმატებით იყენებს... ზოგადად რა ხერხით უნდა იბრძოლოს მასთან?
- მეტი უნდა იმოძრაოს, რა გაუჩერდეს ჩავლებაზე და მეტი შესვლა გააკეთოს. კისრული აუცილებელია, მაგრამ ხელის ტრავმა აწუხებდა, ილეთებისას ვერ იყენებდა მას.

- მარგიანის ტრავმა რამდენად სერიოზულია, ხელს ხომ არ შეუშლის მსოფლიოსთვის მომზადებაში?
- მარგიანის ტრავმა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულია გუნდში - დაზიანებულია მენისკი და მყესებიც ჩათრეულია. თან სხვებმა ბოლო შეკრებაზე მიიღეს ტრავმა, რამაც მათ ფორმაზე დიდად ვერ იმოქმედა, ეს კი ჯერ კიდევ ბაქოს "მუზარადზე" დაშავდა ანუ კარგად ვერც მოემზადა. ის დღეს გადაიღებს სურათს ფეხზე და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ მის ბედზე. ფაქტია, რომ სტკივა ფეხი.

- შავდათუაშვილის წაგება ისევ ყველაზე დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა, რასაც, ალბათ, არ ელოდით.
- პირველივე შეხვედრაში მართლაც არ ველოდით. დუპრატს ამ მოკლე პერიოდში კი მოუგო, მაგრამ ფრანგული სკოლა განსხვავდება მთელ ევროპაში. შავდათუაშვილმა მთელი შეხვედრა კარგად ჩაატარა, მაგრამ როცა ერთხელ უკვე გააფრთხილებინა და მეორედაც აქეთკენ უნდა წაეყვანა საქმე, რატომღაც გაჩერდა. არადა, მეტოქე უკვე პანიკაში იყო და ამას კიდევ უნდა შეეტია. ეს იყო მისი შეცდომა.

- გუნდურში ზოგს რატომღაც გაუჭირდა ფრანგებთან საჭიდაოდ განწყობა.
- ამაზე ცოტა საერთო ფონმაც იმოქმედა, რადგან ძიუდოსგან ყველა ელოდა ოქროს. ისინი ისედაც ამისთვის მიდიოდნენ იქ, მაგრამ ეს დამატებითი ტვირთი იყო. პირადში კარგად გამოვიდნენ, მაგრამ ამხელა დატვირთვის მერე ცოტა გაუჭირდათ... ფრანგებთან მოსაგებად გავედით, მაგრამ ბოლომდე მობილიზება ვერ შევძელით.

- მსოფლიოსთვის რის გამოსწორებას აპირებთ, იქნება სიახლეები?
- სამწუხაროდ, მსოფლიოსთვის დასვენებას ვერ ვახერხებთ - 4 ივლისს ბაკურიანში მივდივართ შეკრებაზე. იმედია, ასეთი ფორსირებული რეჟიმი მსოფლიოსთვის მზადებაზე არ იმოქმედებს.

გუნდს გლობალურად დამატება არფრის არ სჭირდება, უფრო ინდივიდუალურადაა მეტი სამუშაო ცალკეულ ფალავნებთან. ვიმუშავებთ ხარვეზების აღმოფხვრასა და პროფესიონალიზმის ამაღლებაზე, რათა ტონუსში იყვნენ, არ დაუშვან ისეთი მარტივი შეცდომები და დაიცვან თავი ტრავმებისგან, თორემ ახლა ყოველი დაზიანება ოლიმპიადის გამოტოვების საფრთხეს შეიცავს.

- სამუშაო იმაზეცაა, რომ ბოლო წამებზე შეინარჩუნონ ანგარიში, თან ისე, რომ არ იყვნენ პასიურები...
- კი, ამაზეც სამუშაოა, რასაც ნელ-ნელა გავდივართ. უბრალოდ, ქართველებს შემტევი ჭიდაობა გვიყვარს, რაც მართლაც დასარეგულირებელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მთავარია ფორტუნამ არ გვიმუხთლოს და ჯანმრთელები შეხვდნენ ბიჭები მსოფლიოს და შემდეგ ოლიმპიადას, ეს არის მთავარი!!! დანარჩენი მე მჯერა ჩვენი ბიჭების. დანისოვმა კი ჯობია ილოცოს, ან ადრეულად გავარდეს, ემანდ ლიპარტელიანს არსად გადაეყაროს!!!
fraternity
12:14 06-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული