ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: შავდათუაშვილისა და ტატალაშვილის გზა

AutoSharing Option
დღეს, 26 აგვისტოს, ასტანაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 73 კილოგრამის ფალავნები იასპარეზებენ და ამიერიდან, ჩვენთვის ნამდვილი საქომაგო დღეები იწყება, რადგან უკვე ოთხივე მომდევნო დღის განმავლობაში მედლების რეალური კანდიდატები გვეყოლებიან.

დღეს ტურნირზე ორი წარმომადგენელი გვეყოლება: ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აგვისტოს, ვაჟთაგან მხოლოდ 66 კილოგრამის ფალავნები ჭიდაობდნენ, სადაც ჩვენს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავს, ხოლო ტურნირის პირველ დღეს - 24 აგვისტოს, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარუმატებლად ამირან პაპინაშვილმა იასპარეზა.


აშკარად უფრო ძნელი ბადე ოლიმპიურ ჩემპიონს ერგო. მართალია, არ გამოდის მისთვის უხერხული მეტოქე რუსტამ ორუჯოვი აზერბაიჯანიდან (ვერ მოირჩინა ბაქოში, ევროპულ თამაშებზე მიღებული ხელის ტრავმა), მაგრამ პირველივე შეხვედრას ისევ ფრანგ ევროპის პრიზიორ პიერ დუპრატთან ჩაატარებს, ვისთანაც ბაქოში დამარცხდა პირველივე წრეში.

ეს ჩვენებურის პირველი მარცხი იყო მასთან ორი მოგების წილ და, ვიმედოვნებთ, ბალანსი მის სასარგებლოდ კიდევ უფრო გაიზრდება.

ტატალაშვილს ისეთი ბადე ერგო, მინიმუმ, მერვედფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს - პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი უკრაინელ დმიტრი კანივეცს ხვდება. მესამე წრეში გასვლის შემთხვევაში მისი მეტოქე ჩინელი შუაი სუნის, მონაკოელი ცედრიკ ბესის და ლატვიელი მიხაილს სტეინბუკსის სამეულში გამოვლინდება.

ჩვენებურს დაუძლეველი მოწინააღმდეგე ვერც მერვედფინალში ეყოლება, თუმცა იქ ამათზე უფრო ძლიერი მაინც ელოდება - რუსი მსოფლიოს ორგზის მესამეპრიზიორი მუსა მოგუშკოვი. მის გარდა, სავარაუდო მეტოქეები არიან მავანი გაბონელი, არგენტინელი ალეხანდრიო კლარა, ბელგიელი სამი ჩოუჩი და მონღოლი ოდბაიარ განბაატარი.

ჯგუფის ეს მონაკვეთი უფრო ძლიერი მგონია, ვიდრე ის მხარე, საიდანაც მეოთხედფინალის მეტოქე გამოდის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული