"რომ გენახათ ჭრიკიშვილის ფეხი და როგორ განიცადა წაგება, არ დაწერდით, უსუსური იყოო"

AutoSharing Option
ფოტოზე: ირაკლი უზნაძე და ავთანდილ ჭრიკიშვილი

მოლოდინისამებრ, ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე არ გვეთანხმება ნაკრების გამოსვლის შეფასებაში და ძალიან ბევრ საკითხში განსხვავებული პოზიცია აქვს.

მის შეფასებებს წინამდებარე ინტერვიუში თავად წაიკითხავთ, ჩვენ კი შევეცადეთ, რამდენადაც ამის საშუალებას საგაზეთო ფორმატი იძლევა, აზრობრივად არ შეგვეზღუდა მისი ნაამბობი, იმის მიუხედავად, რომ ბევრ რამეში არ ვეთანხმებით, ზოგჯერ - კატეგორიულადაც.

არ შევზღუდეთ, რათა მკითხველს მივცეთ განსჯის, შეფასების, ანალიზის საშუალება.

თუმცა კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ასტანაში მომხდარს ღრმა ანალიზი სჭირდება, ვინძლო, რიოს ოლიმპიადაზეც იგივე
შედეგი არ მივიღოთ.

ამ ინტერვიუს მეორე ნაწილს "ლელოს" მომდევნო ნომერში იხილავთ, იქით კვირაში კი მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდის გამოსვლაზე საუბარს ისევ გავაგრძელებთ.

- რითი ხსნით ნაკრების ასეთ სუსტ გამოსვლას?
- პირველ რიგში, ვერ დაგეთანხმებით, რომ ნაკრები ფორმაში ვერ იყო და, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, კატასტროფული გამოსვლა იყო, ქვეყანა დაინგრა, მძიმე გამოსვლა, ჭრიკიშვილის უსუსურობა და ასე შემდეგო. ჭრიკიშვილზე უსუსურის თქმა არ მიმაჩნია გამართლებულად. ის ორჯერაა დასახელებული საუკეთესო ძიუდოისტად და მასზე ასე თუ ვიტყვით, მაშინ სხვა სპორტსმენზე როგორ უნდა დაიწეროს...

- თქვენ მოგეწონათ ჭრიკიშვილის გამოსვლა?
- არ მომეწონა და არც ვამბობ ამას, მაგრამ უსუსურის დაწერა გადამეტებულად მიმაჩნია სპორტსმენზე, ვისაც მთელი მსოფლიო ეთაყვანება. უბრალოდ, არ შემიძლია, ამაზე არ შევეკამათო, ვინც უნდა იყოს.

ასევე, ვერ დაგეთანხმებით, რომ გუნდს ფიზიკური მომზადება აკლდა. ცოტა ხარვეზები კი იყო, მაგრამ მთლიანობაში, ნორმალურად იყვნენ მომზადებულები. ფიზიკურ მომზადებას რას ჩააცივდით, ვინ მოიტანა ეს ცნება, ესენი შტანგისტები კი არ არიან (!).

- მაშ, ფიზმომზადების მწვრთნელები არ ჰყავთ გუნდებს, ან არ არსებობს სპორტში ასეთი ცნება?
- სპორტში არსებობს ასეთი ცნება, მაგრამ მე არ ვიცი, ვის ჰყავს. შეიძლება, კიდეც ჰყავთ ან არც ჰყავთ (!).

მხოლოდ მარგიანის გამოსვლით არ ვარ კმაყოფილი. ვადასტურებ - შეკრებებზე უკეთესად იყო, კორეაში მაგაზე ლამაზ ილეთებს ვერავინ აკეთებდა, მაგრამ იქ ვერ იჭიდავა. მთელი სამწვრთნელო შტაბი ველოდით, რომ კარგად გამოვიდოდა, თუმცა ვერ იჭიდავა. მე მგონი, უფრო განწყობა გაუჭირდა, მსოფლიოს ჩემპიონატის წნეხმა იმოქმედა.

ისევ გუნდის საერთო გამოსვლას დავუბრუნდები. ნაკრები ცუდად არ გამოიყურებოდა, თუმცა იყო რამდენიმე სპორტსმენის ჩავარდნა, რაც საერთო სურათზეც მოქმედებდა. ამასთან, მსაჯების არაობიექტურობამაც განაპირობა ის, რომ ბევრმა ვერ აჩვენა თავისი შესაძლებლობები. ბაქოშიც და აქაც საშინელი მსაჯობა იყო. აქ - კიდევ უფრო უარესი.

2013 წელს, როცა დავბრუნდი მსოფლიოდან, ვთქვი, რომ იქ ყველაფერი იყო ჩვენს მხარეს, სადაც მსაჯებმა რამდენჯერმე ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანეს, წლეულს კი სულ სხვაგვარადაა საქმე. მაგალითად, ტატალაშვილი ახლა უკეთ იყო მომზადებული, ვიდრე - ბაქოში, მაგრამ მსაჯებმა არ დააცალეს ჭიდაობა.

იმ დონეზეც არა ვართ, ყველა შეხვედრაში მსაჯსაც აჯობონ და მოწინააღმდეგესაც...

იმავე შავდათუაშვილს მიზანმიმართულად აშკარად არ გაუკეთებია ის ილეთი. სხვა ქვეყნის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, მაშინ ამას ჩვეულებრივ საჭიდაო ილეთად შეაფასებდნენ. მსგავსი ქმედება კი ისჯება, მაგრამ ამას სპეციალურად არ გაუკეთებია, საჭიდაო პროცესში მოუხვდა ისე. იქ 50/50-ზე შეიძლებოდა მოხსნაც და ჩვეულებრივად გაგრძელებაც.

ასევე ჭრიკიშვილზეც მთელი მწვრთნელები იმას ამბობდნენ, რომ ის მოქმედება მოხსნით არ ისჯება. მაშინ მთელი კორეა-იაპონია მოსახსნელია. შავდათუაშვილთან 50 პროცენტი თუ კიდევ იყო, ამასთან ერთი პროცენტიც არ იყო დარღვევა.

- მაშინ რატომ ვერ ვამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს?
- იმიტომ, რომ რაღაც კასტაა შექმნილი, რომელშიც ვერ შედიხარ და ვერ ედავები. მივედი შესადავებლად, დამიმტკიცეთ, რომ ჭრიკიშვილი მოსახსნელი იყო-მეთქი და მითხრეს, ორწლიან დისკვალიფიკაციას გაგიფორმებთო. არადა, დგომში ხელის ტკენა არ იყო და არც უნდა მოეხსნათ.

ჭრიკიშვილს შეკრებებზე რომ ვუყურებდით, ევროპულ თამაშებთან შედარებით უკეთესად იყო, მაგრამ კოჭის ტრავმა მიიღო. თან საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აქვს, რომელიც თითქოს კი მოირჩინა, მაგრამ ოდნავი დატვირთვის მერე მაინც შეახსენა თავი.

თქვენ რომ გენახათ მისი ფეხი და ისიც, რამდენად განიცადა ის წაგება, არ დაწერდით, რომ უსუსური იყო.

- თავისი ჭიდაობის ხარისხის გამო არ განიცადა ეგ წაგება? გინდ ნაგასესთან, გინდ - პენალბერთან ჭიდაობა და მარცხი?
- ნაგასეს თავიდან სჯობდა კიდეც. ერთადერთი შეცდომა დაუშვა, როცა ილეთზე შევიდა და დაატრიალა. ის ელოდებოდა ამას. თან მასთან რთულია ილეთის გაკეთება, პენალბერთან - პირიქით, იოლია ფანდის ჩატარება, მაგრამ მასთან საჭიდაოდ ცალი ფეხით გავიდა, ტრავმა აწუხებდა.

- ანუ ნაგასეს კარგად ჰყავდა ჭრიკიშვილი შესწავლილი, იცოდა, როდის რას გააკეთებდა და ელოდებოდა... თქვენ თუ გყავდათ ის ასე შესწავლილი, გქონდათ სიურპრიზი მისთვის?
- ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს, ავთო არ უნდა შესულიყო ილეთზე, მაგრამ ისე კარგად დამიდგა, ვეღარ მოვითმინეო. ჩვენი დავალება იყო, რომ ჩავლებით უნდა ეჭიდავა, არ უნდა წასულიყო გდებაზე, გაფრთხილებებით უნდა დაწინაურებულიყო. თავიდან ჩავლებებში სჯობდა, მერე კი - ვერა, რადგან ტრავმამ შეუშალა ხელი.

- ლიპარტელიანს რამ შეუშალა ხელი უკეთესი შედეგის მიღწევაში?
- კორეელი გვაკი სუსტი სპორტსმენი არაა, მზარდი და კარგი ფალავანია. ის შესვლა ზედმეტი იყო, ეს ოდნავი შეცდომა ძალიან ძვირად დაგვიჯდა. თუმცა, შეიძლებოდა, ისიც არ მიეცათ. არადა, ძალიან კარგად მიჰყავდა შეხვედრა და აკონტროლებდა მის მიმდინარეობას. აქაც იმან იქონია გავლენა, რომ მსაჯებს ვერ ენდობოდა და უნდოდა, ის გაფრთხილებით მიღებული უპირატესობა ილეთით გაემყარებინა. ჩვენი შეცდომაც ეს იყო - აჯობებდა, მოპოვებული უპირატესობა შეგვენარჩუნებინა.

- თუმცა, როგორც ლიპარტელიანმა განაცხადა, გვაკს არ მიიჩნევდით მთავარ კონკურენტად და მასზე ნამუშევარი არ გქონდათ...
- მასთან გვქონდა ნაჭიდავები და ვერ ვიტყვი, რომ ძალიან უხერხული მეტოქე იყო. ლიპარტელიანისგან ოქროს ველოდით, მაგრამ მეშვიდე სეზონია, ამ ბიჭს შედეგები აქვს, რაც ურთულესი რამეა ძიუდოში.

- ღვინიაშვილს სერიოზულად უჭირს ლიდერებთან. რა უნდა გააკეთოს, რას უნდა მოუმატოს, რომ მათთან ამ დონის შეჯიბრებებზე აღარ წააგოს?
- რატომ ამბობთ, რომ მას უჭირს ლიდერებთან? მას მოუგია ბაკერთან, ტოტთან, ილიადისთან, ლიპარტელიანთან და სხვებთან. ბაკერი ახლაც ლიდერთა ოთხეულში შედიოდა და მაინც მოუგო. 19 წლის ბიჭი ნახევარფინალში გავიდა და რატომ ამბობთ ასე?

- თუნდაც წლეულს პირველხარისხოვანი შეჯიბრებები წააგო ლიპარტელიანთან, დენისოვთან, ილიადისთან... საერთაშორისო ტურნირი სხვაა, ოფიციალური - სხვა.
- ლიპარტელიანთან, როგორც ქართველთან, ჭიდაობას სხვა მოტივაცია სჭირდება, დენისოვს კი, თუ გახსოვთ მასთან თბილისში შეხვედრა, ამჯერად ღვინიაშვილმა უფრო შესთავაზა სიახლე, მაგრამ ვერ გავიტანეთ. მასთან ჩავლებებზე ჭიდაობას აზრი არ ჰქონდა, ისევ მოგვიგებდა, უნდა წასულიყო გდებასა და ილეთებზე. შანსიც გვქონდა, მაგრამ ვერ გააკეთა.

- სამომავლოდ რას შესთავაზებთ, რომელიც გამოგივათ და აღარ წააგებთ დენისოვთან?
- ისევ იმავე ჭიდაობას, ოღონდ - უკეთესად. ისევ ისე გახსნილ, შემტევ ჭიდაობას შევთავაზებთ, მაგრამ დამამთავრებელი ეტაპი უნდა დაასრულოს უფრო უკეთ, რაც ახლა ვერ შეძლო.

- მძიმე წონასა და ადამ ოქრუაშვილის გამოსვლას როგორ აფასებთ?
- მატიაშვილის წაგებაც მსაჯის ბრალია, ზედმეტი გაფრთხილებები მისცეს. ასევე ოქრუაშვილსაც რატომ მისცეს გაფრთხილება ნახევარფინალში სიჩინოესთან, ვინმემ ამიხსნას! გადაახვიეთ ის შეხვედრა და მერე მთელი წუთ-ნახევარი სიჩინოეს ნაბიჯი არ გადმოუდგამს წინ, მაგრამ არ გააფრთხილეს.

ამ ვითარებაში რა უნდა ექნა ოქრუაშვილს? თქვენ კი ითხოვთ, რომ მოკლას მეტოქე და მაინც მოუგოს, მაგრამ არაა ასე ძიუდო. მასეთი მხოლოდ ერთი ლიდერია მსოფლიოში - რინერი, იმანაც იცის მსაჯის განწყობა გადამწყვეტ მომენტში და ამიტომაა ასე თავისუფლად.

კიდევ ვიმეორებ - ლიპარტელიანს არბიტრების შიში რომ არ ჰქონოდა, არ გარისკავდა და არ წააგებდა. მისი მხრიდან ზედმეტი მონდომება იმან გამოიწვია, რომ არ ჰქონდა მსაჯთა ობიექტურობის გარანტია. ოქრუაშვილმაც აჯობა სიჩინოეს, მაგრამ მაინც წაგებული დარჩა.

მისი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. ევროპის შემდეგ კიდევ დაიკლო წონა, კარგად გამოიყურებოდა და თუ ასე გააგრძელებს, ერთ-ერთ ლიდერად იქცევა. მან კიდევ უნდა დაიკლოს დაახლოებით 10 კილოგრამი. ამ ტემპს თუ შეინარჩუნებს, ნამდვილად მოგვევლინება მძიმე წონის გამორჩეულ ლიდერად - ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს.

დასასრული მომდევნო ნომერში

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს კაცი მემგონი მართლა ქეცბაიას ემსგავსება მემგონი. რა საჭიროა ეს აგრესია ვერ ვხვდები. ან რა მოეწონა პაპინაშვილის ჭიდაობაში, გინდა ტატალაშვილის. ჭრიკიშვილის კიდე თუ ფეხი სტკიოდა რაღას გაგყავს შე მამაცხონებულო, რა ცალი ფეხით გინდა ნაგასეს მოუგოს? დაასვენე რა, ზედმეტად რაღატო ტვირთავ. რავიცი რავიცი, მე ამ ინტერვიუში თავის მართლების გარდა ვერაფერი დავინახე და თავს ქეცბაიაც იმართლებდა მშვენივრად...
fraternity
10:39 07-09-2015
0
უზნაძე ამ ინტერვიუს შემდეგ სასწრაფოდაა გასანთავისუფლებელი....
status quo
12:18 06-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული