თუმცა რამდენიმე ლიდერს მაინც მოისაკლისებს, ერთ წონაში კი საერთოდ არ გვეყოლება მონაწილე.
უცნაურია, მაგრამ ეს ყველაზე ძლიერი და სტაბილური წონითი კატეგორია - 90 კილოგრამი იქნება. ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს არაბეთში შემდეგი ფალავნები მიჰყავს: ევროპის ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ევროპისა და ევროპული თამაშების
ზემოთ ლიდერთა დანაკლისი ვახსენეთ და, შესაძლოა, არც ეს სია აღმოჩნდეს საბოლოო, მასაც გამოაკლდეს მთავარი ფავორიტი - არაა გამორიცხული, ჯანმრთელობის პრობლემების გამო აბუ დაბიში ჭრიკიშვილი არ წავიდეს. მას კუჭ-ნაწლავის პრობლემები ისეც აწუხებდა, ახლა კი მასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე ნატკენ კოჭსაც იშუშებს. მისი საკითხი ბოლო დღეებში გაირკვევა - კოჭის მდგომარეობა ჭიდაობის საშუალებას თუ მისცემს, წაიყვანენ, თუ არადა, არანაირი საჭიროება არაა, ასპარეზობა დაავალონ. შედეგად, სახლში დარჩება და ფეხის მკურნალობას გააგრძელებს.
როგორც ვხედავთ, სიაში არაა ნაკრების ორი ლიდერი - ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი და ევროპული თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორი ადამ ოქრუაშვილი (+100).
ოქრუაშვილი წონას იკლებს და პატარ-პატარა პრობლემებსაც მკურნალობს. ლიპარტელიანმა აგვისტოში ასტანაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გერმანულ ბუნდესლიგაშიც იჭიდავა, აბუ დაბიმდე კი დიდწილად მისივე თხოვნით (ცხადია, ეს ვითარება მწვრთნელთა საბჭომაც გააანალიზა და დაეთანხმა) 17-18 ოქტომბერს პარიზში გამოვა "დიდ მუზარადზე".
შესაძლოა, იქ ჩვენგან ქალებში ესტერ სტამიც (70) გამოვიდეს, თუმცა ჰოლანდიაში მოვარჯიშე ამ გოგონას შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოპოვება იმდენად გვიჭირს, თავს ვერაფერზე დავდებთ. უბრალოდ, ლოგიკურია, პარიზშიც იასპარეზოს (თავდაპირველად ასეც იგეგმებოდა), რადგან ჰოლანდიასთან ახლოსაა, იქ ჩასვლა არც კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული და არც აკლიმატიზაციის პრობლემა შეაწუხებს. თან წინა კვირას ტაშკენტში მოპოვებული ვერცხლის მედლისა და 180 სარეიტინგო ქულის მოპოვების შემდეგ სალიცენზიო მარაგის შევსება სჭირდება.
პარიზში ჩვენი ვაჟთა გუნდის გამოსვლა თავიდანვე გამოირიცხა. მართალია, ეს ძალიან პრესტიჟული შეჯიბრებაა და სალიცენზიო ქულებსაც გულუხვად იძლევა, მაგრამ გაისად კვლავ ჩვეულ ვადებში - თებერვალში ჩატარდება და ჩვენებს ისევ მოუწევთ იქ ჩასვლა (წლეულს შემოდგომისთვის გადმოიტანეს). თან ამ ეტაპზე გუნდი არცაა სათანადო ფორმაში, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ცოტა დაისვენა და პირველად 14 სექტემბერს შეიკრიბა, სრული დატვირთვით ვარჯიშს კი ერთი კვირის შემდეგ შეუდგა.
აბუ დაბის ზემოთ წარმოდგენილ სიაში ასევე თვალშისაცემია ახალგაზრდული ნაკრების ლიდერთა არყოფნაც. არადა, ისინი ოქტომბრის ბოლოს სწორედ აბუ დაბიში იქნებიან - 23-27 ოქტომბერს თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატში იჭიდავებენ, თუმცა უზნაძე თავის გუნდში არც 21-წლამდელებში ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონ ბექა ღვინიაშვილს (90) დაიხმარებს და არც - ამავე ასაკში ევროპის ორგზის გამარჯვებულ გურამ თუშიშვილს, ორივეს დასვენების შანსს აძლევს.
ღვინიაშვილმა უფროსებში ისეც ბევრი იჭიდავა და, ვფიქრობთ, უფროსებში მსოფლიოს პირველობაზე ცოტა გადაღლილიც იყო. თან ამ წონაში სალიცენზიო ქულების დეფიციტი არ გვაქვს და არაა საჭიროება, ახალგაზრდა ფალავანი დავტვირთოთ.
რაც შეეხება თუშიშვილს, მას წონა არც ახალგაზრდული მსოფლიოსთვის დააკლებინეს და ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, კვლავაც მძიმეში აჭიდავებენ. მათ ტურნირსა და "დიდ მუზარადს" შორის სხვაობა სულ სამი დღეა და თუშიშვილმა ისეთი რა უნდა გააკეთოს, 100-მდე დაიკლოს. სადღეისოდ ის დაახლოებით 110 კილოა.
თან გასათვალისწინებელია მისი ნაოპერაციები ხელის ამბავიც - როგორც ევროპის პირველობაზე გამოჩნდა, სარეაბილიტაციო პროცესი ჯერ კიდევ არაა დასრულებული და დატვირთვისას მაჯა მაინც აწუხებს, ვერც თვითონ რისკავს ძალის დატანებას. სხვანაირად რომ ვთქვათ, ხელი ჯერ კიდევ ვერაა მოსული სამუშაო კონდიციაში და უფროსებთან გარისკვა არ ღირს, რადგან მათთან ჭიდაობა ბევრად მეტი საფრთხეა.
აბუ დაბის ტურნირის შემდეგ ნაკრები ასე ერთობლივად, ორგანიზებულად უცხოეთში მხოლოდ ერთ შეჯიბრებაში გამოვა - 5-6 დეკემბერს ტოკიოში ძიგორო კანოს სახელობის "დიდ მუზარადზე" იჭიდავებს, თუმცა მანამ - 12-13 ნოემბერს მისი წევრები საქართველოს ჩემპიონატშიც გამოვლენ. მისი დამთავრებისთანავე ნაკრები იაპონიაში გაფრინდება დაახლოებით 12-კაციანი შემადგენლობით, სადაც ტოკიოში ორკვირიან შეკრებას გაივლიან. ამას კანოს ტურნირი მოჰყვება, მერე კი იქვე ტრადიციულ 4-დღიან ერთობლივ ვარჯიშს გაივლიან შეჯიბრების მონაწილე სხვა ქვეყნების ფალავნებთან ერთად და 10 დეკემბერს საქართველოში დაბრუნდებიან.
კანოს მემორიალის გარდა, ნოემბერში უმაღლესი რანგის კიდევ ორი შეჯიბრებაა - 20-22 ნოემბერს ჩინურ ქინგდაოში, ზუსტად ერთ კვირაში კი მის მეზობელ სამხრეთკორეულ ჯეჯუში "დიდი პრიზის" შეჯიბრებები ტარდება. მათში ჩვენგან ნაკრები არ გამოვა, მხოლოდ 66-სა და 100-ში გვეყოლებიან მონაწილენი, რადგან ამ ორ წონაში გვჭირდება სალიცენზიო ქულები.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"