ძიუდოს ახალი მსოფლიოს რეიტინგის სიახლეები - სასიკეთო ცვლილებები გვაქვს

AutoSharing Option
კორეული "დიდი პრიზის" შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც ჩვენთვის სასიკეთო ცვლილებებია - ზოგან ლიდერობა დავიბრუნეთ, ზოგან - ხუთეულში დავბრუნდით, ზოგან - რამდენიმე ადგილით წავიწიეთ წინ. თუმცა არსებითი სურათი არ შეცვლილა - ვაჟებში 5 წონაში, ფაქტობრივად, განაღდებულია საგზური, ორში - 66-100-ში კი კვლავაც მძიმე საკადრო ვითარებაა. თუმცა 66-ში სასაგზურე ზონაში შევდივართ, მაგრამ ეს არამყარი იმედია, რომელიც ნებისმიერი ტურნირის შემდეგ შეიძლება შეიცვალოს.

ზოგადად, სარეიტინგო ქულები კანოს დამთავრებამდე აღარ შეიცვლება, ჩვენ კი ჯერ იმ 5 წონაზე ვთქვათ, სადაც უკეთესი მდგომარეობა
გვაქვს.

პაპინაშვილი ლიდერებში დაბრუნდა
ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა ამირან პაპინაშვილმა (60) აბუ დაბის "დიდ მუზარადზე" გამარჯვებით ისევ დაიბრუნა ადგილი განთესილთა შორის. მეტიც - მოწინავე ხუთეულშიც შევიდა. ის 1788 ქულით მეხუთე ადგილზეა. იცით, რომ ტრავმის გამო მან შარშანდელი შემოდგომა ჩააგდო, რამაც მის რეიტინგზეც მოახდინა გავლენა და ცოტა ხნის წინათ განთესილთა ოქტეტიდანაც გავარდა, მაგრამ არაბულ საემიროებში წარმატებამ ისევ დააბრუნა ძველ პოზიციებზე.

ეგ კი არა, ჩვენებურს შანსი აქვს, სეზონი სულაც ლიდერად დაამთავროს, ოღონდ ეს კანოს ტურნირზე მოვლენათა განვითარებაზეცაა დამოკიდებული - პაპინაშვილი თუ იმ შეჯიბრებასაც მოიგებს, მაშინ ბევრი გამოთვლა არც იქნება საჭირო, თუმცა შეიძლება ფინალისტობაც ეყოს, ოღონდ გააჩნია, ვინ მოიგებს იმ შეჯიბრებას. ოღონდ ეს უკვე მკითხაობა გამოგვდის, მით უფრო, ამ ტურნირის ჩემპიონი სულ ერთხელ გვყავდა - შორეულ 1981 წელს დავით ბოდაველმა მოიგო, ფინალში კი 1982 წელს იმავე ბოდაველმა და შარშან ლევან მატიაშვილმა იჭიდავეს.

სამაგიეროდ, ცნობილია, რომ პაპინაშვილი უახლოეს პერიოდში არაფერს დაკარგავს, აი, წონის ლიდერს, მსოფლიოს ორგზის მედალოსან კორეელ ვონ-ჯინ კიმს კი სულ მალე კორეის შარშანწინდელი ტურნირის ქულები გაუნულდება, ხოლო კანოს შარშანდელ მემორიალზე გამარჯვებისთვის მოპოვებული განახევრდება.

ამ წონის რეიტინგში ლუხუმ ჩხვიმიანიც ნელ-ნელა უახლოვდება სალიცენზიო 22-კაციან ზონას - ამჟამად 618 ქულით 29-ეა. თუმცა 22 კაცში მისი მოხვედრა მხოლოდ იმითაა საყურადღებო (ოლიმპიადაზე წონაში ქვეყნიდან მხოლოდ ერთი მონაწილე დაიშვება), რომ ღმერთმა დაიფაროს და, პაპინაშვილმა ტრავმა თუ მიიღო, საგზურს არ დავკარგავთ - ქვეყანას თუნდაც ტრავმირებული სპორტსმენის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ის სათადარიგოც შედის 22 კაცში.

1. ვონ-ჯინ კიმი (კორეა) - 2210
2. ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი) - 1948
3. ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი) - 1862
4. იელდოშ სმეტოვი (ყაზახეთი) - 1814
5. ამირან პაპინაშვილი (საქართველო) - 1788
29. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო) - 618

მეგობართა დუელი დაუსწრებლად
73 კილოგრამში დაუსწრებელი ბრძოლაა გაჩაღებული მეგობრებს შორის, რადგან ლიდერობისთვის გორელები - ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი და ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი იბრძვიან.

ცხადია, ტიტულებით ლიდერი შავდათუაშვილია, თუმცა რეიტინგში დიამეტრულად განსხვავებული ვითარებაა - ტატალაშვილი 1602 ქულით მეოთხეა, შავდათუაშვილი კი 1070-ით მე-12-ზეა. ქულათა სხვაობა არაა დიდი - ერთი "მუზარადის" მოგება მინიმუმამდე დაიყვანს ამ სხვაობას, მაგრამ ამხელა ტურნირის მოგებას ასე ჰაიჰარად ვერავინ დაგეგმავს.

ტატალაშვილისთვის კარგი ისაა, რომ მის წინ მდგომ სამივე კონკურენტს - აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვს, კორეელ მსოფლიოს პრიზიორ ჩანგრიმ ანს და ებრაელ ევროპული თამაშების გამარჯვებულ საგი მუკის გაუნახევრდებათ შარშანდელ კანოზე მოპოვებული ქულები, თავად კი არაფერს კარგავს.

მართალია, ქულათა ამ გადაჯგუფებით იმათ ვერ გადაუსწრებს, მაგრამ სხვაობას კი შეამცირებს. თან ქულებს დაკარგავს მისი მომდევნო სამეულიც - კანოს ტურნირის შარშანდელი იაპონელი ფინალისტები, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი შოჰეი ონო, მსოფლიოს ჩემპიონი ჰიროიუკი აკიმოტო და უნგრელთა მესამე პრიზიორი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი მიკლოშ უნგვარი.

ეს ნიშნავს, რომ ტატალაშვილი გაზრდის მათთან სხვაობას, ანუ კარგა ხნით შეინარჩუნებს მეოთხე პოზიციას და მშვიდად ეცდება უფრო წინ წაწევას. შავდათუაშვილი მცირეოდენ ქულას დაკარგავს, რაც არ დაეტყობა მის რეიტინგს.

1. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი) - 2322
2. ჩანგრიმ ანი (კორეა) - 2048
3. საგი მუკი (ისრაელი) - 1878
4. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო) - 1602
5. შოჰეი ონო (იაპონია) - 1554
12. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) - 1070

ჭრიკიშვილი სათავეში დაბრუნდა
81 კილოგრამში ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა ისევ დაიბრუნა რეიტინგის ლიდერობა - 2440 ქულა. მან კენწეროდან იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე ჩამოაბრძანა, რომელიც მეორეა. ეს ნიშნავს, რომ ისინი კანოს მემორიალზე ფინალამდე ვერ შეხვდებიან ერთმანეთს, ანუ ჩვენებურს აქვს შანსი, სამომავლოდაც შეინარჩუნოს ლიდერობა.

6 დეკემბრიდან ორივეს დააკლდება კანოზე შარშან მოპოვებული ქულები, მაგრამ უფრო მეტს ნაგასე დაკარგავს. ჭრიკიშვილი წლეულს ამ ტურნირის ფინალშიც რომ გავიდეს და თუნდაც იქ წააგოს ნაგასესთან, პირველობას მაინც შეინარჩუნებს.

ამ წონაში სალიცენზიო ზონაში ისევ ორი მონაწილე გვყავს - უშანგი მარგიანი 1086 ქულით მე-12 ადგილზეა. ასეულში კიდევ ორი ქართველი შედის - 186-იანი ზებედა რეხვიაშვილი 76-ეა, 130-იანი გიორგი პაპუნაშვილი - 93-ე.

1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო) - 2440
2. ტაკანორი ნაგასე (იაპონია) - 2292
3. ანტოინ ვალუა-ფორტიე (კანადა) - 2140
4. ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია) - 1578
5. ლოიკ პიეტრი (საფრანგეთი) - 1570
12. უშანგი მარგიანი (საქართველო) - 1086
76. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო) - 186
93. გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო) - 130

ორნი ოთხეულში
90 კილოგრამი ის წონითი კატეგორიაა მძიმესთან ერთად, სადაც განთესილთა შორის ორ-ორი ფალავანი გვყავს. 90-ში ევროპის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი ისევ მეორეა 2340 ქულით, ბექა ღვინიაშვილი კი მეოთხე - 1930-ით. აქ ისევ კორეელთა მსოფლიოს ჩემპიონი დონ ჰან გვაკი ლიდერობს, რომელმაც პირველობა მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის მოგებით ჩაიგდო ხელთ, ხოლო მშობლიური ჩეჯუს "დიდი პრიზის" მოგებით კიდევ უფრო გაიმყარა - 2690 ქულა. თუმცა აქ მალე შეიცვლება სურათი - გვაკი სრულად დაკარგავს კორეის შარშანწინდელი ტურნირიდან შემორჩენილ 150 ქულას, ხოლო კანოს შარშანდელი 500 გაუნახევრდება. ჯამში ის 400 ქულას დაკარგავს, ლიპარტელიანს კი ბევრი არაფერი აკლდება - მხოლოდ კანოს შარშანდელი 80 ქულა გაუნახევრდება. თუ ის კვირის ბოლოს ტოკიოში შედეგით აჯობებს კორეელს, პირველობასაც დაიბრუნებს.

რაც შეეხება ღვინიაშვილს, ის ამიერიდან სალიცენზიო ტურნირებში 100-ში გამოვა და აქაური რეიტინგი ინტერესს კარგავს. პარასპორტში გადართვის შემდეგ განთესვის ზონიდანაც და სალიცენზიოდანაც გავარდა ზვიად გოგოჭური, მაგრამ ასეულში კვლავაც რჩება - 331 ქულით 53-ეა.

1. დონ-ჰან გვაკი (კორეა) - 2690
2. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო) - 2340
3. ნოელ ვან ტ ენდი (ჰოლანდია) - 1972
4. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო) - 1930
5. კრისტიან ტოტი (უნგრეთი) - 1834
53. ზვიად გოგოჭური (საქართველო) - 331

როგორც გითხარით, 100-შიც ორი მონაწილე გვყავს განთესილებში - ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ადამ ოქრუაშვილი ისევ მეოთხეა 1666 ქულით, ლევან მატიაშვილი კი ისევ დაბრუნდა განთესილებში: 1440-ით ზუსტად მერვეა. ონისე ბუღაძე 168 ქულით მე-60 ადგილზეა. აქ ისეთი მდგომარეობაა, რომ დაწინაურებული ოთხეული უახლოეს პერიოდში ქულებს არ კარგავს, ანუ ცვლილება არაა მოსალოდნელი.

სამაგიეროდ, ამ წონის ლიდერი, ფრანგთა ოლიმპიური და მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი ტედი რინერი ყველა წონის საუკეთესო რეიტინგის მქონე ძიუდოისტია.

1. ტედი რინერი (საფრანგეთი) - 3000
2. ფაიცელ ჯაბალა (ტუნისი) - 1894
3. რიუ სიჩინოე (იაპონია) - 1790
4. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო) - 1666
5. ბარნა ბორი (უნგრეთი) - 1655
8. ლევან მატიაშვილი (საქართველო) - 1440
60. ონისე ბუღაძე (საქართველო) - 168

ჩამორჩენილი წონები
აუტსაიდერი წონებიდან 66-ში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა: ვაჟა მარგველაშვილი 394 ქულით საერთაშორისო რეიტინგში 41-ე ადგილზე კია, მაგრამ გამოთიშვის პრინციპით, ანუ როცა ცხრილში ერთი ქვეყნიდან მხოლოდ ერთი ფალავანი რჩება, ასევე აკლდებიან ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლები - ბრაზილიელები, სარეიტინგო სიაში ზუსტად 22-ეა ანუ სადღეისოდ იღებს ლიცენზიას, მაგრამ ოლიმპიადამდე დიდი დროა, ამ პოზიციის შესანარჩუნებლად მთავარი ბრძოლა წინ ელოდება. 209 ქულით 68-ეა თორნიკე თათარაშვილი, შალვა ქარდავა 140-ით - 97-ე, ხოლო ტრისტან ფეიქრიშვილი 131-ით 101-ე ადგილზეა.

66-ის რეიტინგს ქართველი კი ლიდერობს - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია 2280 ქულა, თუმცა ეს უკრაინას ეთვლება აქტივში და არა საქართველოს. არადა, ოლიმპიადის შემდეგ ზანთარაიამ თვითონ გამოთქვა დაბრუნების სურვილი...

100-ში ჩვენგან საუკეთესო ალექსანდრე მსხალაძეა - 37 ადგილი 435 ქულით, თუმცა ის ვერც სალიცენზიო ზონაში შედის და ვერც რეგიონულ კვოტაში ხვდება.

ალექსანდრე ზაალიშვილის ანგარიშზე 142 ქულაა, რაც 72-ე შედეგია. გურამ თუშიშვილი ჩინეთ-კორეაში მოპოვებულმა მეჩხერმა ქულებმა 78-ე ადგილამდე მაინც ასწია - 100, ასეულში კი მეტი არავინ გვყავს.

ახლა აქ მთელი იმედები საგაისო სეზონს უკავშირდება - რამდენად ჩადგება ჩვეულ ფორმაში თუშიშვილი, როგორ ჩაებმება ახალ წონაში ბექა ღვინიაშვილი, შეძლებენ თუ ვერა დანარჩენები სასურველი ჭიდაობის ჩვენებას.

ქალების რეიტინგები
ქალთაგან მხოლოდ ორზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, რადგან სხვები სალიცენზიო შეჯიბრებებში არც გამოდიან. ქალებში ჩვენი ლიდერი ისევ ესტერ სტამია (70), რომლის ანგარიშზეც 718 ქულაა - 25-ე ადგილი. ჩვენებური რეგიონულ კვოტაში ხვდება, მაგრამ მასაც დიდი ბრძოლები ელოდება წინ.

ჯერ მხოლოდ ერთ სალიცენზიო ტურნირში გამოვიდა ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტი მარიამ ჯანაშვილი (52). მის ანგარიშზე ჯერ მხოლოდ 2 ქულაა და 167-ე ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ საიტზე ისე მოსწონთ *დიდი მუზარადის* ხსენება, რომ არა მგონია შეცდომა გამოასწორონ, მაგრამ მაინც, იქნება წაიკითხოს ავტორმა და შემდეგ გადაამოწმოს გუგლში მაინც. მუზარადი არაფერ შუაშია ამ შეჯიბრებებთან (არც სხვასთან). დიდი სლემი ბრიჯის ტერმინია. გრანდ სლემ. ასევე უნდა ითარგმნოს. როგორც კარეა პოკერში 4 ერთნაირი კარტი, ისევეა ეგეც. პირველად ერთმა ინგლისელმა ჟურნალისტმა გამოიყენა, როდესაც რომელიღაც ჩოგბურთელმა 4 დიდი ტურნირი მოიგო. დაანებეთ თავი მუზარადებს, აბჯრებს და მსგავს სიტყვებს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული