არადა, პარიზის ტურნირთან ერთად კანოს მემორიალიც (რომელიც ბოლო წლებში "დიდი მუზარადის" სახელს ატარებს) ქართველებისთვის ძნელად მოსაგებად რჩებოდა, თუმცა, "ბოლოს ყველა ციხე ეცემას" პრინციპით, მათაც მოვუძებნეთ გასაღები - პარიზულ "მუზარადს" იმდენად მივეჩვიეთ, სხვებს თავი დავანებოთ და აგერ, ვალერი ლიპარტელიანმა უკვე ზედიზედ ორჯერ მოიგო, ახლა კი კანოსაც გავუშინაურდით, ძიუდოს
ჭრიკიშვილი ამ ტურნირის მომგები მეორე ქართველია, დამოუკიდებლობის ისტორიაში კი - პირველი. შორეულ 1981-82 წლებში კანოს მემორიალის ფინალში ზედიზედ ორჯერ გავიდა დავით ბოდაველი, თუმცა მხოლოდ მეორე ცდაზე მოიგო.
ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ფინალისტიც არ გვყოლია, ვიდრე შარშან ლევან მატიაშვილი (+100) არ მივიდა დასკვნით შეხვედრამდე, მაგრამ დამარცხდა და ჩემპიონობაზე ოცნება გადაგვედო. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ერთი წლით.
ტურნირში ჩვენგან მხოლოდ ვაჟები გამოდიოდნენ, რადგან ესტერ სტამმა (70) ტრავმა ვერ მოიშუშა. ვაჟებმა 2 მედალი მოიპოვეს - თითო ოქრო და ბრინჯაო. მესამე პრიზიორი ნუგზარ ტატალაშვილი (73) გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თანაგუნდელი და მეგობარი ლაშა შავდათუაშვილი დაამარცხა.
ბრინჯაოსთვის ჩვენმა კიდევ ორმა ფალავანმა იჭიდავა - 100 კილოგრამში პირველად მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილმა და მატიაშვილმა, მაგრამ წააგეს. მეშვიდეზე გავიდა უშანგი მარგიანი (81). გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მეორეზე გავიდა - საერთოშიც და ცალკე ვაჟებშიც მხოლოდ მასპინძლებს ჩამორჩნენ.
აღსანიშნავია, რომ ჭრიკიშვილი კანოს წლევანდელი ტურნირის ერთადერთი უცხოელი ჩემპიონია, თორემ ვაჟთა დანარჩენ 6 წონაში იაპონელებმა გაიმარჯვეს.
ჭრიკიშვილის გამოსვლა
ჩემპიონობის გარდა, ჭრიკიშვილმა ამ ტურნირზე სწორი, გამართული ჭიდაობითაც დაგვამახსოვრა თავი. ბუნებრივია, ის არ იყო ოპტიმალურ ფორმაში და ამ ეტაპზე არც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ილეთებსაც აკეთებდა და ტაქტიკურადაც სწორად ჭიდაობდა. თან, ამასთან ერთად, არც ფიზმომზადების პრობლემები ეტყობოდა. ტოკიოში მან კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი ფართო საჭიდაო დიაპაზონი - ირჯებოდა დაკვირვებით, ჭკვიანურად, სრულად ფლობდა ინიციატივას და ყველაფრით ეტყობოდა, რომ მეტოქეთა სუსტი თუ ძლიერი წერტილები კარგად იცოდა, მომზადებული იყო ყველა გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის. ბოლო ორი შეხვედრა კორეელებთან მან გაფრთხილებებით მოიგო, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ რომელიმესთან გაუჭირდა, შეხვედრის ბედი სასწორზე შეაგდო - პირიქით, მისი უპირატესობა საგრძნობი იყო, იგრძნობოდა, რომ თვითონ კარნახობდა შეხვედრის მიმდინარეობას. ასევე ეტყობოდა, რომ საგანგებოდ იყო მომზადებული მათი ჩახტომითი კისრულებისთვის და ჩავლებებით ამის შანსიც არ მისცა არც ერთს.
ნახევარფინალში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსან კი ჩუნ ვანს შანსიც არ მისცა, ისე მოუგო გაფრთხილებით.
ფინალში სეუნსუ ლეეც თავიდანვე ჩავლებებით ათრია და როცა გააფრთხილეს, მერე თითქოს ტაქტიკა შეცვალა - უკვე ისე აღარ უტევდა, აღარ ეტანებოდა თუნდაც ჩავლებებსა და გაფრთხილებებზე, ეკრანიდან ისე ჩანდა, თითქოს ახლოს მისვლის საშუალებასაც კი აძლევდა და აღარ იჭერდა დისტანციაზე, ოღონდ ინიციატივა მაინც მის ხელში იყო და ნებისმიერ დროს ცვლიდა ვითარებას ტატამზე, თან მაქსიმალურად მობილიზებული იცავდა თავს, რომ ილეთზე არ მოყოლილიყო.
ბუნებრივია, ეს საფრთხეც იყო და აკი ლეეს რამდენიმე მცდელობაც ჰქონდა, მაგრამ ჯერ ერთი, ჩვენებურმა თავი ყოველ ჯერზე კარგად დაიცვა და თან დიდ დროს იგებდა, მეტოქეს ლამის მთელი შეხვედრა ილეთის მცდელობაში გაატარებინა. ბუნებრივია, ფანდზე არც თვითონ იტყოდა უარს, მაგრამ ფინალში არ ეტყობოდა, რომ გდებებზე იყო მომართული - მის ჭიდაობაში იგრძნობოდა გარკვეული ხელწერა, რომლის მიხედვითაც, ძალების ნაკლები დანახარჯით მიჰყავდა შეხვედრა მოგებისკენ.
აკი შეხვედრის ბოლოს ისევ გადავიდა ჩავლებებზე და განეიტრალებული ლეე მეორედაც გააფრთხილებინა. არადა, ამ კორეელმა ნახევარფინალიდან ჩვენებურის ყველაზე საშიში მეტოქე და მთავარი კონკურენტი, იაპონელთა მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე გააგდო. მართალია, ნაგასე მოხსნეს ფეხში ხელის წავლებისთვის, მაგრამ ეს არ აკნინებს ლეეს გამოსვლას, რომელიც ჭრიკიშვილთან პატარა ბავშვივით უშანსოდ ჩანდა.
ჩვენებურის გამოსვლაში კიდევ ერთი კარგი მომენტი შეინიშნებოდა - ცდილობდა, თავიდანვე დაწინაურებულიყო, მერე კი ცვლიდა ჭიდაობის სტილს, თითქოს ცოტა უფრო "დაოკდებოდა" ხოლმე. ესეც სწორი მიდგომაა - როცა დაწინაურდები, უკვე მეტოქე ხდება იძულებული, ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად გადააწყოს თავისი გეგმები და შეტევაზე გადმოდის, რითაც შეცდომის დაშვების რისკსაც ზრდის და მისი გამოჭერა ბევრად იოლია. მოკლედ რომ ვთქვათ, დასაწყისშივე დაწინაურებით მეტოქეს გეგმებს უშლი, ჭრიკიშვილმა კი იპოვა შუალედი ტექნიკურსა და ტაქტიკურ ჭიდაობას შორის.
ქართველმა ფალავანმა პირველ შეხვედრაში იაპონელ კეიტა ნაგაშიმას ვაზარით მოუგო, ჰოლანდიელ ფრენკ დე უაიტს ჯერ იუკო აუღო, მერე კი იპონზე დააგდო, ხოლო მეოთხედფინალში ბერძენთა ქართველი რომან მასტოპულოსი დაამარცხა წმინდად. ეს მეტოქეებიც და კორეელებიც ანგარიშგასაწევნი არიან, თუმცა არ შედიან რეიტინგის განთესილებში, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ჭრიკიშვილს გაუმართლა - მას ვინც შეხვდა, ყველას დამაჯერებლად მოუგო და ნაგასემ ან ფრანგთა მსოფლიოს ჩემპიონმა ლოიკ პეიტრიმ ჩვენებურამდე თუ ვერ მიაღწიეს, ეს მათი პრობლემაა და არა ქართველის.
ამ ტურნირზე ხომ ძალზე მნიშვნელოვანი იყო, გვენახა, დაძლია თუ არა ჭრიკიშვილმა ბოლოდროინდელი ჩავარდნა, ჰქონდა თუ არა პროგრესი, იდგა თუ არა სწორ გზაზე... კიდევ ვიმეორებ - ტურნირმა ყველა ამ კითხვას დადებითი პასუხი გასცა, ხოლო როგორ იჭიდავებს მომავალში, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ მოემზადება კონკრეტული ტურნირისთვის.
ჭრიკიშვილი კანოს სახელობის "დიდ მუზარადს" ისედაც წონის ლიდერის რანგში შეხვდა, ხოლო ამ გამარჯვებით კიდევ უფრო განიმტკიცა მონაპოვარი.
ტატალაშვილი - შავდათუაშვილი
მას შემდეგ, რაც ღვინიაშვილის 100-ში გამოცდა გაცხადდა, ჩვენს ნაკრებში საოლიმპიადოდ ყველაზე დაძაბული კონკურენცია 73 კილოგრამში დარჩა, სადაც რიოს საგზურისთვის გორელი მეგობრები - ტატალაშვილი და შავდათუაშვილი იბრძვიან. ჯერჯერობით უპირატესობა ტატალაშვილის მხარესაა, რომელმაც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მეგობარს ვაზარით მოუგო.
ძირითად ბადეშიც უფრო შორს გამარჯვებული წავიდა - ქვეჯგუფი მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, ოლიმპიური ჩემპიონი კი მეოთხედფინალში დამარცხდა კორეელთა ტურნირის მომავალ ფინალისტთან, მსოფლიოს მესამეპრიზიორ ჩანგრიმ ანთან.
ტატალაშვილმა ჯგუფში პორტუგალიელი ჟორჟე ფერნანდესი და სლოვენიელი ევროპის ჩემპიონი როკ დრაკშიჩი დააიპონა, იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს კი იუკოთი მოუგო. ნახევარფინალში ის იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონ ჰიროიუკი აკიმოტოსთან ერთით მეტი გაფრთხილებით დამარცხდა.
შავდათუაშვილმა ჯგუფში ჯერ ესპანელთა იაპონური წარმოშობის ვეტერანი, ევროპის ჩემპიონი კიოში უემაცუ დაჯაბნა იუკოთი, ეგვიპტელ მოჰამედ მოჰილედინს კი წმინდად მოუგო, რასაც ანთან წაგება მოჰყვა. დამამშვიდებელში ჩვენებურმა კანადელი ანტონ მარგელიდონი დაამარცხა.
შავდათუაშვილის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ამჯერად მის ჭიდაობაშიც შეინიშნებოდა პროგრესი ხარისხობრივად. ვნახოთ, რამდენად გაგრძელდება ის გაისად.
ღვინიაშვილის მძიმე გამოცდა
ღვინიაშვილის დებიუტი ახალ წონაში ასეთი გამოდგა - საშუალო დონის ფალავნებს იოლად გაუსწორდა (შვედი მარტინ პაჩეკი და ხორვატი ზლატო კუმრიჩი დააიპონა), მაგრამ წონის ლიდერებთან გაუჭირდა - ჯერ იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონსა და მომავალ გამარჯვებულ რიუნოსუკე ჰაგასთან წააგო წმინდად, მერე კი ფრანგთა ევროპის სამგზის პრიზიორმა სირილ მარემაც მოუგო მტკივნეულით. ბარემ აქვე გეტყვით, რომ მარემ დასაწყისში ლაშა გურულსაც აჯობა, რომელმაც ნაკრებში დამკვიდრების მორიგი შანსი გაანიავა.
წაგებული ლიდერები
სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის სხვა ლიდერები ტოკიოში წარუმატებლად გამოვიდნენ. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი ლიპარტელიანის და ევროპული თამაშების ჩემპიონის, მსოფლიოს პრიზიორ ადამ ოქრუაშვილის (+100) წაგებებია პირველივე შეხვედრებში - ლიპარტელიანი იაპონელ იუია იოშიდას ვაზარით კი უგებდა, მაგრამ იპონით დამარცხდა, ოქრუაშვილს კი ასევე იაპონელმა, მსოფლიოს ჩემპიონმა დაიკი კამიკავამ აჯობა. ჩვენებმა თითო შეხვედრა მოიგეს 60 კილოგრამში - ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა ამირან პაპინაშვილმა ლიბანელი დამიენ ზიადე დააიპონა, მაგრამ წააგო იაპონელ დაი აოკისთან; ლუხუმ ჩხვიმიანი მექსიკელ ცეზარ რამოსთან წმინდა მოგების შემდეგ დამარცხდა კიდევ ერთ იაპონელთან, მსოფლიოს ჩემპიონსა და ამ ტურნირის მომავალ გამარჯვებულ ნაოჰისა ტაკატოსთან. ჩვენებურები დამამშვიდებელში ვერ გადავიდნენ.
გაცილებით უკეთ გამოვიდა, თუმცა მაინც უმედლოდ დარჩა უშანგი მარგიანი (81) - პირველ შეხვედრაში სერბთა ევროპის ვიცე-ჩემპიონი სრდჯან მრვალჯევიჩი ვაზარ-იუკოთი დაამარცხა, კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალეს ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში კი ზემოხსენებულ კორეელ ლეესთან წააგო, ხოლო დამამშვიდებელში არ უჭიდავია ამერიკელ ტრევის სტევენსთან.
ტოკიო. ძიგორო კანოს ტურნირი. 4-6 დეკემბერი
კვარცხლბეკი. ვაჟები
60 კგ
1. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)
2. ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)
3. ვონ ჯინ კიმი (კორეა)
ტორუ შიშიმე (იაპონია)
66 კგ
1. ტომოფუმი ტაკაჯო (იაპონია)
2. მასაში ებინუმა (იაპონია)
3. ტუმურკულეგ დავაადორჯი (მონღოლეთი)
კენგო ტაკაიჩი (იაპონია).
73 კგ
1. ჰიროიუკი აკიმოტო (იაპონია)
2. ჩანგრიმ ანი (კორეა)
3. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)
5. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
81 კგ
1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)
2. სეუნსუ ლეე (კორეა)
3. ტაკანორი ნაგასე (იაპონია)
კი-ჩუნ ვანი (კორეა)
90 კგ
1. მაშუ ბაკერი (იაპონია)
2. ეშლი გონსალესი (კუბა)
3. დონ ჰან გვაკი (კორეა)
დაიკი ნიშიამა (იაპონია)
100 კგ
1. რიუნოსუკე ჰაგა (იაპონია)
2. გუჰამ ჩო (კორეა)
3. ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)
სირილ მარე (საფრანგეთი)
5. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
+100 კგ
1. ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია)
2. რიუ სიჩინოე (იაპონია)
3. სტანისლავ ბონდარენკო (უკრაინა)
დაიკი კამიკავა (იაპონია)
5. ლევან მატიაშვილი (საქართველო)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"