ძიუდო. ევროპის საკლუბო ჩემპიონატი: "საგარეჯომ" შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
15 დეკემბერს, სასტუმრო "მარიოტში" ძიუდოს კლუბ "საგარეჯოს" ხელმძღვანელობამ ის შემადგენლობა წარმოადგინა, რომელიც 19 დეკემბერს, თბილისში, ევროპის საკლუბო ჩემპიონატის პირველ ლიგაში იჭიდავებს.

პრესკონფერენცია კლუბის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა გახსნა, რომელმაც ევროტურნირში მონაწილე ყველა ქართულ კლუბს წარმატება უსურვა.

"მსგავსი ტურნირი საქართველოში პირველად ტარდება, ჩვენი კლუბი კი მასში ძირითადი შემადგენლობით იასპარეზებს. ბუნებრივია, შეჯიბრება რთული იქნება, რადგან საკმაოდ ძლიერი მეტოქეები ჩამოდიან.

პირველი ლიგის ჩემპიონატი გაიმართება ქალებშიც და ვაჟებშიც, ჯამში კი 22 კლუბი ჩამოვა საფრანგეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, ჰოლანდიიდან, თურქეთიდან, ლატვიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

მინდა, პირველ ლიგაში
მოასპარეზე მეორე ქართულ კლუბს - "შევარდენსაც" ვუსურვო წარმატება, თუმცა ყველანაირად ვეცდებით, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩეს. ამ შეჯიბრებაში შარშანაც გამოვდიოდით. სპორტსმენებს გამოცდილება არ აკლიათ, მაგრამ შინაური კედლებიც დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში.

უპირველეს ყოვლისა, ქომაგს, მაყურებელს მოვუწოდებ, მოვიდეს სპორტის სასახლეში და გვიქომაგოს. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაყურებელს საშუალება ექნება, ასეთ მნიშვნელოვან ტურნირს პირდაპირ ეთერში უყუროს".

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ფინალში გასასვლელად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მასშტაბის შეჯიბრება ჩვენთან ტარდება და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი" - განაცხადა კლუბის კაპიტანმა, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა.

ამის შემდეგ ნაცვლიშვილმა სპორტსმენებს კიმონოები დაურიგა, თუმცა ისინი კლუბის ახალი, საგანგებოდ დამზადებული და მეტად კომფორტული ეკიპირებითაც იწონებდნენ თავს.

პრესკონფერენციის დასასრულ, კლუბის პიარმენეჯერმა ქეთი ხატიაშვილმა "საგარეჯოს" შემადგენლობა გაგვაცნო, რომელშიც ახალგაზრდებიც ბლომად იქნებიან წარმოდგენილნი, თუმცა ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრიც გამოდის:
ლაშა შავდათუაშვილი (73), უშანგი მარგიანი (81), ბექა ღვინიაშვილი (90) და ლევან მატიაშვილი (+100).

კლუბს არც წლეულს ეყოლება უცხოელი ლეგიონერები და შარშანდელის მსგავსად, ჩვენები ამჯერადაც აზერბაიჯანელმა მსოფლიოს ორგზის პრიზიორმა ნიჯატ შიხალიზადემ (66) დააღალატა. შარშანდელივით მიზეზი წლეულსაც ტრავმაა.

ლეგიონერები არც მეორე ქართულ კლუბ "შევარდენს" ეყოლება, ჩვენებურთა სრულ სიას კი ქვემოთ შემოგთავაზებთ.

ევროპის საკლუბო ჩემპიონატს შაბათს ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს. ტურნირი 11 საათზე დაიწყება და დასწრება უფასო იქნება, ფინალური ბლოკი კი 17 საათიდან განახლდება. თუმცა მანამდე გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება, რომელსაც ლაშა ონიანი დადგამს, ვისაც ანალოგიური გამოცდილება ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე უკვე მიუღია.

აქვე გეტყვით, რომ "რუსთავი-2" ტურნირის პირდაპირ რეპორტაჟსაც შემოგთავაზებთ.

ქართული დუეტი ევროპაზე
ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში სამი ქართული კლუბი გამოვა. აქედან ერთი - შსს-ს "მებრძოლი" უმაღლეს დივიზიონში, "ოქროს ლიგაში" გამოვა და მასზე ხვალ ვისაუბრებთ, პირველ ლიგაში კი "საგარეჯო" და "შევარდენი" გამოვლენ.

"საგარეჯო" შარშანაც გამოდიოდა და ნახევარფინალამდეც წარმატებით მივიდა, მაგრამ შემდეგ დარჩენილი ორივე შეხვედრა წააგო და საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა. გადამწყვეტი პაექრობა მათ პორტუგალიურ კლუბთან დათმეს, რომლის შემადგენლობაშიც პრინციპული ორთაბრძოლა მოგვიგო პორტუგალიაში გადასულმა ქუთაისელმა ანრი ეგუტიძემ, რითაც პირდაპირ ლახვარი ჩაგვცა.

"შევარდენის" ძველი თაობა ამ შეჯიბრების წინამორბედ, სულ სხვა ფორმატის მქონე ტურნირში ადრეც მონაწილეობდა, თუმცა ეს სულ ახალი კლუბია, რომელიც გურამ მოდებაძემ ამ ტურნირისთვის შექმნა. "საგარეჯოში" თავის კოლეგა ირაკლი ცირეკიძისგან განსხვავებით, მას სულ ახალბედებით მოუწევს ბრძოლებში ჩაბმა.

შეჯიბრების ფორმატი წლეულსაც იგივე იქნება - ოთხივე მედალოსანი მიიღებს "ოქროს ლიგის" საგზურს.

22 კლუბი და რუსული კვარტეტი
პირველ ლიგაში 22 კლუბი გამოდის - 8 ქალებში და 14 ვაჟებში. გასაგები მიზეზების გამო თქვენს ყურადღებას მხოლოდ ვაჟებზე შევაჩერებთ, სადაც ყველაზე მეტი წარმომადგენელი - 4 კლუბი რუსეთს ჰყავს.

მომდევნო ადგილზე 3-ით საფრანგეთია, ჩვენ 2 გვყავს, პოლონეთი, ლატვია, ჰოლანდია, იტალია და სლოვაკეთი კი თითო კლუბით არიან წარმოდგენილნი.

რუსეთიდან გროზნოს "ედელვაისი", "გრეენ ჰილ კბრ ნალჩიკი", "ნიუ სტრიმ ტიუმენი" და "რატიბორეც ეკატერინბურგი" გამოდიან. საფრანგეთს "ლე კლუბ ოლიმპიკ დე სარტროვილი", "ნიცა ჯუდო" და "სუცი ჯუდო" წარმოადგენენ, დანარჩენი მონაწილეები კი რიგის კლუბი, იტალიური "ასდ კერაჩინი", ჰოლანდიური "ჯუდო ტოპსპორტ ნორდ-ოსტ ჰერენვენი", პოლონური "კატოვიცე" და სლოვაკური "ვრანოვ ნად ტოპლოუ" არიან.

ლეგიონერი ქართველი ქალები
ქალთა გუნდებიდან მხოლოდ ერთ სასიამოვნო ფაქტს აღვნიშნავთ: ბიჭებში ქართველი ლეგიონერები არ გვიკვირს, მაგრამ ისინი უკვე გოგოებშიც გამოჩნდნენ - თურქული "ტრაბზონსპორის" შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონები, მზია ბებოშვილი (52) და მარიამ ჯანაშვილი (52) იჭიდავებენ, ვინც ახალგაზრდებში მსოფლიოს წლევანდელი პირველობის ფინალისტიცაა.

საგარეჯო
66 კგ. გიორგი კაციაშვილი, ბექა შავდათუაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი კაციაშვილი
81 კგ. უშანგი მარგიანი, კობა მჭედლიშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი
+90 კგ. ლევან მატიაშვილი

შევარდენი
66 კგ. გელა კელიხაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი
73 კგ. ფრიდონ გიგანი, გიგა გიგაური
81 კგ. ლევან გუგავა, პაატა ბიბილაშვილი
90 კგ. ონისე სანებლიძე, გიორგი გველესიანი
+90 კგ. ონისე ბუღაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული