კონცენტრაცია ბოლო წამამდე! - ინტერვიუ ირაკლი უზნაძესთან

AutoSharing Option
ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები უკვე დაბრუნდა იაპონიიდან, სადაც ჯერ ერთობლივი შეკრება გაიარა ორ უნივერსიტეტში, მერე წარმატებით იჭიდავა ძიგორო კანოს სახელობის "დიდ მუზარადზე", რასაც ისევ რამდენიმედღიანი ერთობლივი ვარჯიშები დააყოლა ტურნირის მონაწილე გუნდებთან ერთად.

კანოს წლევანდელი მემორიალი უჩვეულოდ წარმატებული გამოდგა ჩვენთვის, რადგან ისტორიაში მეორედ და 1982 წლის შემდეგ პირველად ისევ მოვიპოვეთ ოქროს მედალი, რაც ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) შეძლო, ნუგზარ ტატალაშვილმა (73) კი ბრინჯაო მოიპოვა.

ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს, ამ ისტორიული
გამოსვლის გარდა, შეჯიბრების სხვა საინტერესო დეტალებსა და გუნდის სამომავლო გეგმებზეც დავეკითხეთ.

- ჭრიკიშვილის შეფასებით დავიწყოთ, რომელმაც ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
- ძიგორო კანოს მემორიალი დღეისათვის ყველაზე რთულ ტურნირად მიიჩნევა და აქედან გამომდინარე, ორმაგად სასიხარულოა იქ ჭრიკიშვილის გამარჯვება. ისიც აღსანიშნავია, რომ 7 წონიდან 6-ში მასპინძლებმა გაიმარჯვეს, უცხოელებიდან კი ეს მხოლოდ ჩვენ შევძელით.

ჭრიკიშვილმა მთელი ტურნირი სტაბილურად იჭიდავა იმის მიუხედავად, რომ ოპტიმალურ ფორმაში არ იყო. ის ახალი გამოსულია იმ კოჭის ტრავმიდან და ჯანმრთელობის პრობლემებიდან, მაგრამ ტაქტიკურად სწორად მიჰყავდა შეხვედრები, შეტევებზეც გადადიოდა და ლამაზ გდებებსაც აკეთებდა.

როგორც ვთქვი, ფორმაში არაა, თუმცა სანახაობრივადაც და ტექნიკურ-ტაქტიკურადაც კარგად იჭიდავა და მის გამოსვლას დადებითად შევაფასებდი.

- შეხვედრებს მართლაც კარგად ალაგებდა, ნამუშევარი, გარკვეული ხელწერა იგრძნობოდა მის ჭიდაობაში.
- დაახლოებით 2 თვე შეკრებაზე ვიყავით, სადაც სრული დატვირთვით ვერ ივარჯიშა, მაგრამ გარკვეულ ნიუანსებზე იმუშავა, შეჯიბრებამ კი გვაჩვენა, რომ გაცდენილი პერიოდით გამოწვეული დანაკლისი დასძლია, ნელ-ნელა უმატებს და ოლიმპიადისთვის ოპტიმალურ ფორმაში შევა.

- თქვენი აზრით, რა შანსი ჰქონდა იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ტაკანორი ნაგასესთან, ის რომ არ მოეხსნათ, ან საგანგებოდ თუ ემზადებოდით მასთან საჭიდაოდ?
- ნაგასე მსოფლიოს ჩემპიონია და ანგარიშგასაწევია. მეტიც - ჭრიკიშვილისთვის ერთ-ერთ უხერხულ მეტოქედაც შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც - ფრანგი ლოიკ პიეტრი. ცხადია, მის საწინააღმდეგოდაც გვქონდა რაღაც ტაქტიკა დამუშავებული, თუმცა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მათი შეხვედრა არ შედგა. ამაში სასიხარულო ისაა, რომ შედარებით ადვილად მოვიგეთ ეს ტურნირი, თუმცა უკეთესი იქნებოდა, შემოწმების საშუალება თუ გვექნებოდა და დასახულ ტაქტიკას გამოვცდიდით. ასე არ მოხდა, რადგან ის ვერ მოვიდა ჩვენამდე, მაგრამ ეს მისი პრობლემაა და არა ჩვენი.

- ანუ საოლიმპიადოდ ჭრიკიშვილის მთავარ კონკურენტებად ნაგასეს და პიეტრის მიიჩნევთ?
- ოლიმპიადაზე ვერავის გამოჰყოფ, ის იმდენად განსხვავებული შეჯიბრებაა, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე რთულ მეტოქეებად ამათ მივიჩნევ.

- იაპონიაში გავლილი შეკრებით კმაყოფილი ხართ, რა გიჩვენათ მან?
- შეკრებამ მართლაც კარგად ჩაიარა. გეგმის მიხედვით, ორგან ვივარჯიშეთ, სადაც კარგი პირობები დაგვხვდა, ინტენსიური წვრთნებით და იაპონური სიბეჯითით ვმუშაობდით.

ფაქტობრივად, ყველამ კარგად ჩაატარა ეს შეკრება და ტრავმები არ ყოფილა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თავი არავის დაუზოგავს და ბიჭებთან სასაყვედურო ნაკლებად მაქვს. პატარა ტრავმა ისევ უშანგი მარგიანმა მიიღო, რაც შეჯიბრებაზეც გამოჩნდა, როცა დამამშვიდებელში ვერ იჭიდავა.

პაპინაშვილი საკმაოდ კარგ ფორმაში იყო, მისი მარცხი კი იმან გამოიწვია, რომ სრულიად უცნობ იაპონელს შეხვდა და ჭიდაობა ვერ აუწყო, ვერ გადატეხა და სათავისოდ ვერ წაიყვანა ეს შეხვედრა. ამაზე სამუშაოა, რადგან მეტოქეს იქვე წინასწარი მომზადების გარეშეც უნდა მოუძებნო გასაღები.

- 73 კილოგრამში სულ უფრო იძაბება კონკურენცია, ორივე უმატებს - ტატალაშვილიც და შავდათუაშვილიც.
- აქ ჯანსაღი კონკურენციაა. ისინი მეგობრებიც არიან, რაც ამ ყველაფერს ცოტა კი ართულებს, მაგრამ მათ იციან, რომ ჭიდაობა ჭიდაობაა. ისინი ტატამზე მოწინააღმდეგეები არიან, მაგრამ მის მიღმა ისევ მეგობრებად რჩებიან, რაც სასიხარულოა.

ორივე მზარდია და ორივემ ძალიან მოუმატა. ტატალაშვილმა წლეულს კარგი პროგრესი გვაჩვენა და სადაც იჭიდავა, მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა, ყველგან სამეულში შევიდა, თუმცა იქაც საეჭვოდ გააფრთხილეს. ტაქტიკურად კარგად ჭიდაობს.

შავდათუაშვილმა მომატება უფრო ამ ბოლო პერიოდში დაიწყო, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ. თუმცა იქაც ეტყობოდა პროგრესი და რომ არა ის სამწუხარო მოხსნა ფრანგ პიერ დუპრატთან, კარგად გამოვიდოდა. შემდეგ უკვე აბი დაბიში გვაჩვენა, რომ არც ფიზიკაში და არც ტექნიკა-ტაქტიკაში ჩამოუვარდებოდა არავის, არც წონის ცვალებადობა აღარ უშლიდა ხელს. მომატება ტოკიოშიც ეტყობოდა და კორეელ მსოფლიოს მედალოსან ჩანგრიმ ანს, ვისთანაც აბუ დაბიში დამარცხდა, ახლა ბევრად უკეთ ეჭიდავა, ბავშვივით ათამაშებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთი შეცდომა მაინც დაუშვა, რაც კორეელმა არ აპატია.

- ამ ტურნირიდან გამომდინარე, ბექა ღვინიაშვილის 100 კილოგრამში გადასვლის პერსპექტივას როგორ აფასებთ, ისევ აპირებთ აქ მის გამოცდას?
- იცით, ღვინიაშვილის 100-ში გამოცდა რამაც განაპირობა - 90-ში ვალერი ლიპარტელიანს განაღდებული აქვს ლიცენზია. მან წლეულს 6 ტურნირში იჭიდავა და ყველაში მედალი მოიპოვა, რაც უნიკალური ფაქტია. ლიპარტელიანი სტაბილური ლიდერია თავის წონაში, ღვინიაშვილის დონის სპორტსმენი კი იმსახურებს ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსს. ამიტომ გადავწყვიტეთ მისი 100-ში გამოსვლა, რაც მისი სურვილიც იყო.

ბექამ ჯერ შიდა კონკურენცია უნდა დაძლიოს, ისე კი აქვს იმის პოტენციალი, რომ ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვოს და არაა გამორიცხული, ოქროსთვისაც იბრძოლოს. ტოკიოში მისმა ჭიდაობამ დაგვაკმაყოფილა, რადგან ყველა ძლიერი შეხვედრა მოუხდა. შვედი მარტინ პაჩეკი ნებისმიერისთვის უხერხული მეტოქეა, მაგრამ ბექამ ვერც იგრძნო მისი უხერხულობა, ისე გაიარა. ხორვატ ზლატკო კუმრიჩსაც შეუძლია ლიდერებთან გამკლავება, მაგრამ მასაც ძალიან ლამაზად, ეფექტურად ეჭიდავა და შანსი არ დაუტოვა.

იაპონელ რიუნოსუკე ჰაგას რაც შეეხება, დაბლაჭიდში ოდნავი უყურადღებობა არ აპატია, თორემ ვარჯიშებზე საკონტროლო შეხვედრებისას საკმაოდ კარგად ეჭიდავებოდა. ფრანგ სირილ მარეს ტექნიკაშიც და ტაქტიკაშიც აჯობა, თუმცა შეხვედრა ვერ მოვიგეთ. არადა, მთავარი ესაა. თუმცა ჭიდაობის ხარისხით აჯობა, რაც გვაფიქრებინებს, ამ წონაში მისი გამოსვლა დადებითად ჩავთვალოთ.

იმედია, მომავალში კიდევ უფრო გაუშინაურდება ამ წონას.

- ეს ხომ არ ნიშნავს, რომ 100-ში გურამ თუშიშვილს აღარ განიხილავთ?
- არა, ის ისევ 100-ში განიხილება, როგორც ამ წონის სხვა ლიდერები. თუშიშვილს სამომავლოდაც ამ წონაში განვიხილავთ, მაგრამ ოლიმპიადის შემდეგ ამ საქმეს გადავხედავთ.

- ლიპარტელიანს და ადამ ოქრუაშვილს ძლიერი მეტოქეები კი შეხვდნენ, მაგრამ თავადაც ხომ არ აკლდათ მომზადება, რით ახსნით მათ წაგებებს?
- მომზადება არ აკლდათ, მაგრამ სპორტსმენმა თავისი უპირატესობა ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ლიპარტელიანი აშკარად ჯობდა იაპონელ იუია იოშიდას და ვაზარსაც უგებდა, მაგრამ კონცენტრაციის ოდნავი დაკარგვის და ზედმეტი თავდაჯერების გამო მაინც წააგო.

ოქრუაშვილმაც იმავე მიზეზით წააგო. იაპონელი დაიკი კამიკავა მსოფლიოს ჩემპიონია და ყველასთვის უხერხული მეტოქე, მაგრამ ადამს ტაქტიკურად სწორად მიჰყავდა შეხვედრა, კამიკავას დაღლაც დაეტყო, თუმცა დაბლაჭიდში ოდნავ მოადუნა ყურადღება, ვერ შეაფასა მეტოქე და ხელი ჩარჩა...

კიდევ გავიმეორებ - როცა უპირატესობას ფლობ, აუცილებელია კონცენტრაცია, ბოლო წამამდე მობილიზება, რომ საქმე მოგებამდე მივიყვანოთ.

- 66 და 100 კილოგრამებში რამე ახალს ხომ არ გეგმავთ, სადაც ჯერ არ გაგვინაღდებია საგზურები?
- ისევ გაფართოებულ კონტინგენტს გამოვცდით და შანსი ყველას მიეცემა, რადგან გამოკვეთილი ლიდერი არ ჩანს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინც სოფიაში შედეგს ვერ გვაჩვენებს, დამატებითი შანსი კიდევ მიეცეთ.

- ხომ არ აჯობებს, ისინი "დიდი პრიზისა" და "დიდი მუზარადის" ნაცვლად უფრო სუსტ "კონტინენტურ ღია თასებზე" გამოვცადოთ, სადაც ნაკლები ქულები კი გაიცემა, მაგრამ მათი მოპოვება ბევრად იოლია.
- ვერ ვიტყვით, რომ იოლია. მაგალითად, შარშან ბულგარეთის ტურნირი სულაც არ იყო სუსტი. თან დიდ ტურნირებზე ორი შეხვედრის მოგება ლამის იმდენივე ქულას გაძლევს, რასაც - იქაური ჩემპიონობა. თუმცა მსგავსი სტრატეგია იმის მიხედვით იგეგმება, ვის რამდენი ქულა სჭირდება და ვის როგორ ეყოფა ეს ქულები.

მაგალითად, 66-ში 100 ქულა იქნებ რაღაცას გვიწყვიტავდეს, მაგრამ 100-ში ბევრად არ წაგვადგეს. აქედან გამომდინარე, ეს სტრატეგია ყოველი ტურნირის შემდეგ დაიგეგმება.

- ბოლოს, საგაისო კალენდარზეც გვითხარით, რომელ უახლოეს შეჯიბრებებზე გამოვლენ ჩვენები.
- გადაწყვეტილია, რომ 30-31 იანვარს სოფიაში გამოვალთ "ევროპის ღია თასზე", ოღონდ მხოლოდ 66 და 100 კილოგრამებში, სადაც ქვეყნის პირველობის სამეულებში შესულები იჭიდავებენ. თუმცა მანამ ბაკურიანში გავივლით შეკრებას, ოღონდ იქ ბულგარეთში წამსვლელები არ წამოვლენ, მხოლოდ იმ ხუთი წონის ფალავნები იქნებიან, სადაც ლიცენზიები, პრაქტიკულად, განაღდებულია.

66-100-ის ხალხი სოფიამდე, 22-24 იანვარს ჰავანაშიც გამოვლენ "დიდ პრიზზე". შევხედავთ, შეძლებენ თუ არა ზედიზედ ორი ტურნირის გადაბმას და იქნებ ჰავანამდე ტუნისშიც გამოვიდეთ "აფრიკის ღია კონტინენტურ თასზე".

რაც შეეხებათ ლიდერებს, ისინი 6-7 თებერვალს პარიზში გამოვლენ "დიდ მუზარადზე". მომდევნო შეჯიბრებებს ამის შემდეგ დავგეგმავთ იმის მიხედვით, ვის როგორ დასჭირდება ქულები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული